IMG 20200926 145446

იესუს ლოცვის შესახებ

არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

ლოცვის მეშვეობით ადამიანში ღვთის ხსოვნა აღიზრდება. ქრისტეს სახელის დაუღლელი მოხმობისათვის ბრძოლით “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” თანდათანობით ვსწავლობთ ღმერთთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ გვამცნებს წმინდა მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში სიტყვებით: “მოუკლებლად ილოცევდით”.

ლოცვითა და ღვთის ხსოვნით ადამიანში მისი ბუნების ჭეშმარიტი კეთილშობილება რეალიზდება. ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ზღვარია შექმნილსა და უქმნელ სამყაროებს შორის, ღმერთამდე აღიწევა და თავის თავში გრძნობს თავისუფლებას ყველაფერ იმისგან, რაც მას მიწისკენ ექაჩებოდა.

იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა ჭეშმარიტი იყოს, აუცილებელია, რომ მასში მთელი ჩვენი არსება იყოს ჩართული და არამხოლოდ ჩვენი ბაგეები, გონება ან თუნდაც გული. იდეალური ლოცვა გონიერ-გულისმიერია. რაც იმას გულისხმობს, რომ გონება გულის მიერ ლოცულობს. გული კი თავის მხრივ ადამიანის არსების ცენტრია.

ასეთ დროს ადამიანი მთელი არსებით, თავის არსების სიღრმიდან, ანუ გულიდან ლოცულობს და აღასრულებს მცნებას: “შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.” (მთ.22:37-40). ასეთი ლოცვა სრულად უხსნის გულის კარს სამყაროს შემოქმედს.

ასეთი ლოცვისთვის სრულიად საკმარისია სიტყვები: “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, რომლებიც თავისი სიმოკლით ყურადღების მოკრებასა და გონების გულში ჩაღრმავებაში გვეხმარება.

ΓΕΡΟΝΤΑΣ ΓΕΩΡΓΙΟΣ ΦΩΤΟ
არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

წმინდა მამებმა თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით მრავალი ნაშრომი დაგვიტოვეს, სადაც აღწერილია ამ ლოცვის საშუალებები და მეთოდები. არსებობს ერთერთი ასეთი წიგნი, რომელსაც “სათნოებათმოყვარეობა” ეწოდება (ბერძნ. Φιλοκαλία). გონიერ-გულისმიერი ლოცვის მეშვეობით, მორწმუნე ღმერთს უერთდება, ჭვრეტს მას, რომელიც არსებულთაგან ყველაზე და ყველაფერზე მშვენიერია, ანუ ხედავს სამყაროს შემოქმედის უსაზღვრო სიკეთესა და მშვენიერებას.

იმისათვის, რომ არ აგვერიოს გულისმიერი ლოცვა და აღმოსავლური რელიგიების პრაქტიკაში არსებული მედიტაციები და ლოცვითი მეთოდები, აუცილებელია შემდეგი ასპექტები გავიაზროთ:

1. არამხოლოდ იესუს ლოცვა – “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” უნდა იყოს გონიერ-გულისმიერი, არამედ ნებისმიერი საეკლესიო ლოცვა, მაგალითად როგორიცაა “მამაო ჩვენო” ჩვენი გულის სიღრმიდან უნდა აღევლინებოდეს.

2. მართლმადიდებლურ ტრადიციაში გონიერ-გულისმიერი ლოცვის მოხვეჭა არ არის დამოკიდებული გარკვეულ ტექნიკებსა და ფსიქო-სომატურ მეთოდებზე, რომლებიც თავის მხრივ მხოლოდ დამხმარე საშუალებებია გონების კონცენტრირებისა, არამედ მონანული გულის მდგომარეობა, რომელიც ხედავს და გლოვობს თავის ცოდვას და ამ ყველაფერის შედეგად მდაბლდება. ასეთი გულის მდგომარეობისა და თუნდაც მისკენ სწრაფვის გარეშე, ვერაირი სუნთქვითი ტექნიკებითა და მეთოდებით ვერ მოვიხვეჭთ ჭეშმარიტ ლოცვას.

3. გონიერ-გულისმიერი ლოცვა ჩვენი მხრიდან ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობას მოითხოვს, რაც თავის თავში გულისხმობს საეკლესიო საიდუმლოებებით ცხოვრებას, რომლის ცენტრიც ევქარისტიაა. ასევე მოითხოვს, ღვთის მცნენების აღსულებას და სულიერი მამისადმი მორჩილებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ ლოცვა რაღაც კერძო და მხოლოდ პირადი ინდივიდუალისტური შეხებაა ღმერთთან. ეკლესიის წიაღში მყოფი მდაბალი ქრისტიანი საღმრთო მადლს იღებს თავის გულში იმ საზომით, რა საზომითაც ის შრომობს ჭეშმარიტი ლოცვის მოხვეჭაში.

დღეს, თანამედროვე ადამიანს განსაკუთრებით ესაჭიროება ლოცვის სწავლა იმისთვის, რომ არ შთანთქას დღევანდელმა ღრმად მატერიალურმა ცხოვრების სტილმა, რომელიც მეორე პლანზე ანაცვლებს ადამიანის საღმრთო წარმომავლობასა და მისი ცხოვრების ჭეშმარიტ საზრისს.

ლოცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს შინაგანი მთლიანობა და ჰარმონია დღევანდელ სამყაროში, რომელიც გახლეჩილია და კონცენტრირებულია მხოლოდ გარეგნულზე და არა შინაგანზე. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ადამიანმა თანდათანობით იგრძნოს თავის გულში ქრისტეს მყოფობა, რომ არ დაკარგოს იმედი და მისი სიცოცხლე ამაო არ აღმოჩნდეს და აზრი დაკარგოს ყველაფერმა.

იესუს ლოცვაში შრომის მეშვეობით, ადამიანი ქრისტეს იგძნობს თავის გულში. მასში აღიზრდება ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარული, გაექცევა ცოდვას, მოიპოვებს ქრისტესმიერ, გონებისათვის მიუწვდომელ შინაგან სიმშვიდეს, რომელიც მის ახლობლებსა და მთელ გარე სამყაროს მოეფინება.

ათონის წმინდა მთის ძმური რჩევა ყოველთვის შემდეგში მდგომარეობს: “რაც მეტად ხშირად და დიდი რწმენით ვილოცებთ: “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, მით მეტად დავუახლოვდებით ქრისტეს და მით უფრო მეტ ძალას მივიღებთ მისგან ამ ცხოვრებისეული ტკივილებისა და განსაცდელების დასაძლევად”.

წყარო: http://pravoslavie.ru