UTA 3337

ღირს თუ არა მცდარი შეხედულების მქონესთვის აზრის შეცვლა? – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

ადამიანებთან საუბრის წამოწყების მიზეზად, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მიერ მათი გამოსწორების სურვილი გვევლინება ხოლმე, მაშინ, როდესაც არც კი უნდა ვადევნებდეთ მათ ცხოვრებას თვალყურს. აბბა ისაია მოგვიწოდებს, რომ არ ვეცადოთ სხვა ადამიანის გამოსწორება, ვინაიდან მოყვასზე დაკვირვებით, მეტწილად ნაკლოვანებებს აღმოვაჩენთ ხოლმე. ადამიანი შეიძლება იყოს ცოდვილი, ზარმაცი, ურწმუნო, უწესო და არ მოისურვოს არაფრის გაგონება, მაშინ ჩვენ საღვთო შურით ვივსებით და გვსურს დავეხმაროთ მას. ვიხსენებთ ყველა სახარებისეულ გამონათქვამს ძმათა ხსნის შესახებ და გვავიწყდება თქმული საკუთარ თავთა მიმართ. მოყვასის გამოსწორების მცდელობის მომენტიდან, ჩვენ ვკარგავთ საკუთარ სამყაროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოვისურვებთ მედავითნის ან მგალობლის გამოსწორებას, ანუ მათი, ვისაც ეკლესიის კანონებთან და საგალობლებთან აქვს კავშირი. საეკლესიო წესებისა და საგალობლების შესახებ მუდამ განსხვავებული შეხედულებები არსებობდა: ადამიანთაგან ერთნი თავისუფლების მოყვარენი, მეორენი კი კონსერვატიულნი არიან, ასე რომ, დაანებე მათ თავი, დაე, ისე მოიქცნენ, როგორც სურთ, თუნდაც რომ მათ ყველაფერი გააფუჭონ, შენ ეს არ უნდა გაინტერესებდეს. თუკი ისინი აზრის გამოხატვას გთხოვენ, საკუთარის გამოთქმის გარეშე, გამოთქვი ის. მაგრამ, თუკი ისინი საკუთარ თვალთახედვას გამოთქვამენ, შენი მისია დასრულებულია[1, 67–68].

ღირსეულად გვეჭიროს თავი და ნურასოდეს გამოვთქვამთ საკუთარ მოსაზრებას სხვა ადამიანების შესახებ. მოყვასი ხელშეუხებლად მივიჩნიოთ. ქერუბიმთა და სერაფიმთა მსგავსად, რომლებიც  ფრთებით იფარავენ თვალებს, რადგან უფლის დიდებულებას  ვერ უსწორებენ თვალს, ჩვენც დავიფაროთ  თვალნი ჩვენნი და თვალნი სხვა ადამიანთა, რათა უფლის ხატებზე ლაქების დანახვა ვეღარ შევძლოთ. მარად მივაგოთ  პატივი უფლის ხატებას ადამიანში[2, 127].

ვხედავ, როგორ კამათობ, გიახლოვდები და გსაყვედურობ იმ აზრით, რომ ამ დროს შენს გვერდით მყოფ ქრისტეს წინაშე ვიმყოფები, ვიმედოვნებ, რომ მომისმენ და შევძლებ შენს შველას. მაგრამ, დიდი ალბათობით, ვინაიდან შენ განრისხებული ხარ და ბრაზობ, მეც გამკიცხავ და ამგვარად, მე გავხდები დამნაშავე იმაში, რომ შენ შესცოდავ ორგზის. მაშინ, მე ალბათ ვიტყვი: და ესენი გამო-ღა-იცადნენ პირველად, და მაშინღა დიაკონებდედ, უბრალომცა არიან(ტიმ. 3,10), მაგრამ სინამდვილეში, არა შენ, არამედ მე მტოვებს უფალი, ვინაიდან მე არ გამოვიჩინე კეთილგონიერება და გიბიძგე ცოდვისაკენ, სწორედ რომ მე ვარ დამნაშავე უფლის წინაშე. ამგავარად, ჩვენ წინასწარ უნდა განვჭვრიტოთ ჩვენს ქმედებათა და სიყვათა შედეგები[1, 215].

თუკი ჩვენ გვსურს მოყვასის განსწავლა, მისთვის რჩევების მიცემა, მისი გამოსწორება, ეს ყოველთვის გამოიწვევს შეტაკებას მასთან,  ჩემში კი გააღვივებს უკიდურეს ეგოიზმს. ამასთანავე, სხვისი განსწავლის სურვილი – უფლის თვისების მისაკუთრებაა, ვინაიდან, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვასწავლოთ: მოყვასი არ წარმოადგენს ჩვენს საკუთრებას, რომ ჩვენ მას რამე ვასწავლოთ [1, 249].

მაშინ, როდესაც წმინდა წერილი ღმრთის მცნებათა აღსრულებისაკენ თავად მოგვიწოდებს, ჩვენ  მის აღსრულებას მოყვასისგან მოვითხოვთ და ამგვარად არსობის წესრიგში ქაოსი შეგვაქვს. შემიძლია კი, დარწმუნებული ვიყო იმაში, რომ ჩემი ცხოვრება სათნოა ღმრთისათვის და მოყვასის ცხოვრებაზე დაკვირვებით ვუკარნახო მას, თუ როგორ მოიქცეს? მე ხომ სინანულში უნდა ვიყო საკუთარ ცოდვათა გამო. თუკი რაიმე შემიძლია აღვასულო ღმრთისა და მოყვასის წინაშე, ეს სხვა არაფერია, თუ არა სინანული [1, 285–286].

ჩვენს ირგვლივ ყველა ცდება და ცოდავს. განა არსებობს უცოდველი ადამიანი? ერთი დღეც რომ ვიცოცხლოთ, ჩვენ მაინც შევცოდავთ. ამიტომაც, ჩვენ ზედმიწევნით უნდა ვაკვირდებოდეთ, რომ ძმის დამამცირებელი სიტყვა არ აგმოგვხვდეს ბაგეთაგან. თუკი ერთ უხეშ სიტყვას მაინც მიცვემთ წარმოთქმის საშუალებას, ამით უფალს ვაიძულებთ ჩვენი მოწინააღმდეგე გახდეს. ეს სიტყვა ნათელჰყოფს ჩვენს სისასტიკეს, უგრძნობელობას, და სრულიად უღმერთო მდგომარეობას ჩვენი გულისა. რამე მოხდა? ჩვენ ცოდვილის მხარეს უნდა დავდგეთ, ვილოცოთ მისთვის უფლის წინაშე, ვუჩვენოთ სიყვარული და პატივისცემა, რომ მან იგრძნოს თავისი  ადამიანური ღირსება. დაბოლოს, ჩვენი ვალია – ვიპოვოთ შესაფერისი ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ ადამიანის სწორ გზაზე დაყენებას. ნუ მოიძულებ ძმას და ნუ იტყვი: “ აი, ის გამუდმებით განიკითხავს და სცოდავს”. თავად შენ ნუ განიკითხავ და ნუ აჰყვები მას, როდესაც განკითხვაში სურს შენი აყოლიება. პატივი ეცი მას, და დაე შენი ცხოვრება ნუ იქნება მის ცხოვრებაზე დამოკიდებული. ნურც კი იფიქრებ, რომ ზემოდან უყურო მას, თორემ შენი მტრების ხელში აღმოჩნდები. ადამიანზე, რომელიც არ  სცემს პატივს ცოდვილს და განიკითხავს მას, უფლის დაშვებით მოიწევა განსაცდელი და შესაძლოა საშინელ ცოდვაშიც ჩავარდეს იგი, რათა თავისი გამოცდილებით გაიგოს, თუ რა არის სიმდაბლე და სიწმინდე. უჯობესია მოყვასთან ერთად ჩაეფლო ცოდვის ჭაობში, ვიდრე განსაჯო, გააკრიტიკო და დაადანაშაულო იგი [2, 152–153].

“კარგი – იტყვის ვიღაც – აღარ ვეცდები ვასწავლო მოყვასს. მაგრამ როდესაც ის თავად მოდის და ცდუნებაში მაგდებს, თანაც როგორი ძლიერი ცდუნებაა, – მთხოვს განვსწავლო იგი, ვუთხრა ის, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მან თავის გადასარჩენად, განა შემიძლია გულგრილი დავრჩე? განა ეს უსიყვარულობის ნიშანი არ იქნება?” – საშინელი საცდურია.

ნებისმიერი საცდური, ყველაზე სერიოზული და ყველაზე ძლიერი, – სინამდვილეში, ჩვენში არსებულ ვნებათა ჩხვლეტაა. მაგრამ თავად საცდური აღძრავს უფრო უარეს ვნებას, ლომს, რომლის შეკვრაც არავის ძალუძს, ხარს, რომლის მოთვინეიერებაც არავის შეუძლია, – ეს გახლავთ ეგოიზმი, რომელიც ადამიანს აიძულებს დაიჯეროს, რომ ის რაიმეს წარმოადგენს. თუმცაღა, იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანი გაიფიქრებს, რომ ის რაღაცას წარმოადგენს, ის უკვე დაცემულია. ამიტომაც ამბობს იაკობი, ძმა უფლისა: “ნუ მრავალნი ჰმოძღურით” (იაკობ. 3,1). ერთია, როდესაც უფალი დაჟინებით და საჭიროებისამებრ მოგიწოდებს გახდე მასწავლებელი და მეორე, როდესაც თვითნებურად ხდები მოყვასის მასწავლებელი, თითქოსდა რაიმე მითითებით, აუცილებლობითა და უპირატესობით სარგებლობდე[1, 291–292].

თუკი ვინმე რჩევას გკითხავს, მოერიდე სირთულეს და მარტივად და გასაგებად უპასუხე. ფრთხილად იყავი  და ნუ დაიწყებ მის განსწავლას იმის იმედით, რომ შეძლებ მის დახმარებას. უპასუხე მას რაიმე, რადგან დაჟინებით გთხოვს და ამაზე შეჩედი. თუკი ის ზედმეტის მომთხოვნი ადამიანი არ არის აღიარებს, რომ: შენ საკუთარი მოვალეობა აღასრულე [1, 292].

როდესაც ადამიანი რჩევას გკითხავს, უთხარი შენი აზრი, მაგრამ დაუტოვე თავისუფლება, რადგან ადამიანი მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავად სურს. ცდები, თუკი ფიქრობ, რომ დამოძღვრით შენ შეგიძლია მისი შეცვლა. ადამიანი – უდიდესი რევოლუციონერია და ის უდიდესი მეამბოხე ხდება, როდესაც რაიმე სურს და შენ კი უარს ეუბნები[1, 292–293].

რაც არ უნდა გააკეთო მოყვასის გადასარჩენად, სანამ ის თავად არ მოისურვებს, შენ არაფერი გამოგივა, რამეთუ უფალმაც კი ვერ შეძლო მისი განსწავლა. სულს უნდა მოუნდეს გათავისუფლება ცოდვისაგან, რომელიც იმონებს მის ნებას. უნდა განვეწყოთ იმისაკენ, რომ ძირფესვიანად შევცვალოთ საკუთარი თავი და მოვიშოროთ ის თავისუფლება, რომელსაც ჩვენი აზრით ვფლობთ [1, 298–299].

თითოეული ჩვენგანი ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთესია და შეუძლია იმ ნაკლოვანებათა და უარყოფით თვსებათა დეტალური ჩამონათვალი გააკეთოს, რომელსაც მოყვასში ხედავს. საკუთარი თავის გასამართლებელ მიზეზებს, ჩვენ სხვათა სისუსტეებში ვხედავთ ხოლმე: მე აქ სიწმინდის მისაღწევად მოვედი, მაგრამ ამის საშუალებბას არ მაძლევენ: ეს ასეთია, მეორე კი ისეთი. მათ არ შეუძლიათ არ დამაზიანონ, რადგან მრისხანე ძმა ჩემზეც განრისხდება, ზარმაცი მეც მეტყვის “არას”, ამაყი ჩემთანაც ქედმაღლურად მოიქცევა, – და მაშინ მე დავიწყებ ძმების დადანაშაულებას.

განკითხვის მანკიერება, სამწუხაროდ, მუდამ არსებობდა ადამიანებში და იარსებებს კიდევაც. მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი. რაღაცის გაკეთება მსურს და დახმარებას ვთხოვ ძმას, ის, ჩემი მოსაზრებით უსაშინლესი ფორმით მეუბნება უარს, მე მივდივარ სხვა ძმასთან და მომხდარს ვუამბობ, შემდეგ მივდივარ მეორესთან, მესამესთან…და ეს ამბავი უკვე მთელი მონასტრისთვის ხდება ცნობილი იმგვარად, როგორც ჩემი გულის მდგომარეობიდან, ჩემი ეგოიზმიდან გამომდინარე იქნა ჩემ მიერ ნაამბობი და არა ძმის განზრახვის შესაბამისად. რადგან მე არ ვიცი როგორი გადაღლილი შეიძლებოდა ყოფილიყო ძმა და რა სირთულეებს განიცდიდა იგი. ამგვარად, მე ვხდები სიმართლის დამმახინჯებელი და მატყუარა მონასტერში. და მე პასუხი უნდა ვაგო ჩემი საქციელის გამო. ძმა კი თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან, რამეთუ ის, სავარაუდოდ იყო დაღლილი, განაწყენებული და არ შეეძლო ჩემთან საუბარი. შესაძლოა, მას პირადად ჩემთან უჭირს ურთიერთობა, ან ასეთი ხასიათი აქვს და ყველას ასე ესაუბრება. მე არ შემიძლია ვიცოდე მისი უარის მიზეზი. ის შეიძლება უდანაშაულო იყოს, მე კი, მაშინვე ცოდვაში ვვარდები. თუნდაც რომ  ძმა იმ მომენტში დამნაშავე ყოფილიყო, უფალი მას გაამართლებბს, მე კი ორივეს ნაცვლად მომიწევს პასუხისმგებლობის ტვირთვა.

მაგალითად, ვიღაც, ძალიან ნელია – ნუ ეტყვი: “მიდი იჩქარე, გაინძერი!” სხვა ცოტა მოუხერხებელი და არაწინდახედულია – ნურასოდეს მისცემ მას საბაბს, რომ ჩაფიქრდეს თავის ნაკლოვანებაზე, რადგან  ამით მას გულს ატკენ, ფეხქვეშ საძირკველს გამოაცლი. ის, მართალია, უნდა გათავისუფლდეს თავის ნაკლოვანებათაგან, მაგრამ შენ  მისთვის ამის შეხსენების უფლება არ გაქვს. ან, მაგალითად, იღუმენი სტუმრებთან შესახვედრად გგზავნის და შენ მათთან საუბრისას რაღაც წამოგცდება. შემდეგ ერთი ძმა გეუბნება: “ როგორ შეგეძლო ეს გეთქვა, თუმცა, შენ ხომ მედამ ასეთი ხარ”, უჯობესია ენა გადაყლაპო, ვიდრე რაიმე მსგავსი უთხრა ძმას. ნურასოდეს ვაწყენინებთ ან დავამწუხრებთ ნურავის, დაჩაგრულად და დამცირებულად ნუ ვაგრძნობინებთ თავს, ნურც სხვებზე უარესად, რადგან ასე, ჩვენ მოვკლავთ  მის სულს. ამგვარად, ადამიანი მიიღებს ტრავმას და ვერ წარემატება ცხოვრებაში. შენ ნიშნავს ვინმეს, რომ იგალობოს კლიროსზე და ის არასწორი ხმით გალობს, შენ აძლევ შენიშვნას: “ისევ არასწორად იგალობე ტროპარი”. ყოველ ჯერზე, როდესაც ის სგალობლად მოვა, გაახსენდება ეს და იფიქრებს: “ ისევ შეცდომა არ დავუშვა”. და, რა თმა უნდა შეეშლება. ვინ არის დამნაშავე? ის, ვინც შენიშვნა მისცა.

არასოდეს  მივაპყროთ მოყვასის ყურადღებას მის უძლურებებსა და პრობლემებზე. არ შევახსენოთ მისი მანკიერებანი და ცოდვანი. ვეცადოთ მხოლოდ შევაქოთ, მხოლოდ კეთილშობილური და არა უგუნური  შექებით. რადგან ადამიანი, არასოდეს გამოსწორდება საყვედურით, მითითებებითა და შენიშვნებით. ის რომ წმინდანი ყოფილიყო, მას არ ექნებოდა ის ნაკლოვანებები, რომელთა გამოც შენ მისთვის შენიშვნის მიცემა მოგიწია. მაგრამ, რაკი მას ეს ნაკლოვანებები აქვს, ერთადერთი, რაც საჭიროა, – შენი უკიდურესი პატივისცემაა, რომ მან შეძლოს ოდესმე დამდაბლდეს და გამოსწორდეს, ნახავს რა შენს მშვიდ განწყობას, მორჩილებას, სიმდაბლეს, სიყვარულს, სულგრძელებას, გულკეთილობას, გულისხმიერებას, სიმსუბუქეს…მხოლოდ ის, ვინც ამ სათნოებებს ფლობს, შეძლებს გამოასწოროს სხვა ადამიანი.

ამიტომაც, ნუ ვსაყვედურობთ მოყვასს და ნუ შევახსენებთ მის ნაკლოვანებებს! ჩვენ არ უნდა დავარღვიოთ ეს მოთხოვნა, თუკი გვსურს მოვიქცეთ ღირსეულად, კეთილშობილურად და გამოვავლინოთ თუნდაც ელემენტარული ძმათმოყვარეობა. უკიდურესი დელიკატურობაა საჭირო. თუკი უყურადღებონი ვართ მათ მიმართ, ვინც ჩვენს გვერდითაა, არ ვართ სათუთნი და მადლიერნი, ჩვენ ვერასოდეს გავხდებით ღვთის შვილები. უფალმა ზეცადაც რომ აგვიყვანოს – ჩვენ იქაც ვერ შევძლებთ ვინმესთან კეთილად თანაცხოვრებას. არანაირი მიზეზით არ გამოიძიო, არის თუ არა დამნაშავე შენი ძმა, რადგან შეცდომას დაუშვებ: მის ნაკლოვანენებზე შენ იმსჯელებ შენი პირადი შეხედულებებისამებრ და არა შეაბამისად მისი გულის ჭეშმარიტი მდგომარეობისა. ამასთანავე, შენ უნდა გაინტერესებდეს არა მოყვასის,არამედ საკუთარი სული [2, 81–84].

წმინდა ანტონის  კანონები, ჩვენი სულიერი პრობლემებისა და ჩვენი უფალთან და მოყვასთან ურთიერთობის შესახებ გვამცნობენ. ისინი ყოველივეს მოიცავენ, რადგან ყოველივე უწყვეტ კავშირშია ერთმანეთთან. როდესაც ჩვენს სულში დარღვეულია წონასწორობა, ჩვენი ლოცვა უფლამდე ვერ აღწევს. ამ დროს ჩვენ მთვრალი ადამიანივით ვბარბაცებთ, ვბორძიკობთ, ვეცემით და ვროშავთ, რომ  ისეთი მოყვასი არა გვყავს, როგორიც ჩვენ გვსურს. თუკი ჩვენ არა გვაქვს სწორი კავშირი უფალთან, ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ ადამიანებთან. და პირიქით, თუკი მოყვასისადმი სიყვარულს არ განვიცდი, მე შორს ვარ უფლისაგან და არ მაქვს შინაგანი სიმშვიდე. ამიტომაც, ნურასოდეს უსაყვედურებ ვინმეს უძლურების გამო, ნუ დაამძიმებ და დაამცირებ ნურავის, რაიმე უძლურების მქონეს. ნუ შეახსენებ მათ. იმავე სიფაქიზით, რომლითაც ქრისტე დაიხარა და  ჭრილობა გადაუხვია დაჭრილ ცხვარს თავისი სიტყვიერი ფარისა, ამგვარადვე უნდა მოვეპყრათ ჩვენ თითოეულ უძლურ ადამიანს.

ერთი – უიღბლოა, მეორე ძალიან ჭკვიანი, მესამეს რაღაც არ გამოსდის, მეოთხეს სურს თქვას: “ წადი იღუმენთან”, და ამბობს: “ წადი საკანცელარიოში”. ნუ შეარცხვენ ასეთ ადამიანს. ნუ აიძულებ მას საკუთარი შინაგანი უძლურება, პრობლემა დაინახოს. ეს ეხება სხეულებრივ უძლურებებსაც. მაგრამ ჩვენ გვჩვევია ახლობლის დამცირება და დაცინვა, ხშირ შემთხვევაში სხვისი თანდასწრებითაც, განსაკუთრებით კი გვწადია მისთვის ისეთი რამის თქმა, რითაც მას თავის ადგილს მივუჩენთ.

მაგალითად, ვიღაც ეგოისტურად იქცევა და მე მას ვაშოშმინებ, ვეუბნები, რომ ის ეგოისტია. ან მე ვესაუბრები ძმას, ამ დროს კი ვიღაც მოდის და გვაწყვეტინებსს საუბარს. მე მას შენიშვნას ვაძლევ: “ რატომ იჭრები ჩვენს საუბარში? “ სწორი კი ის იქნებოდა, რომ გამომეჩინა ინტერესი მოსული ძმის მიმართ და შეწყვეტილი საუბარი  გამეგრძელებინა შემდეგ, როდესაც ამის საშუალება მოგვეცემოდა.

უფალი არასოდეს გვარცხვენს და  სააშკრაოზე არ გამოაქვს ჩვენი ნაკლოვანებები. მოდით, ჩვენც ნუღარ გამოვააშკარავებთ ჩვენს ძმათა ნაკლოვანებებს, ნუ შევარცხვენთ მათ ნურც ანგელოზთა და ნურც კაცთა წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფალი ჩვენც შეგვარცხვენს. არავის არ უნდა ვუამბოთ ძმის მიერ ჩადენილი შეცდომის შესახებ, თავად მასაც კი. თუნდაც მთელმა მსოფლიომ იცოდეს, ჩვენ ნუ ვაჩვენებთ ძმას, რომ ვიცით ამის შესახებ. მარტივად და ბუნებრივად დავიჭიროთ მასთან თავი, რომ მან თავი იგრძნოს მეფედ და ადამიანური ბუნების კეთილშობილებით გაიხაროს. არადელიკატური და არაკეთილშობილი ადამიანი, საკუთარი სისხლიც რომ დაღვაროს, სამოთხეში ვერ შევა. და თუკი შევა, სამოთხესაც თავდაყირა დააყენებს. ადამიანი, რომელიც  ეწინააღმდეგება ძმას, კიცხავს და  არ ეპყრობა პატივისცემით, ვერც წმინდანებსა და ღმერთს მიაგებს პატივს. ნაკლოვანებები, რომლებიც აქ, მიწაზე არის მახასიათებელი ჩვენთვის, თან წაგვყვება იმქვეყნადაც[2, 135–136].


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©    

X