IMG 8169

შინაგანი სიმშვიდისა და სიხარულის შესახებ – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

ბუნებრივი მდგომარეობა, რომელშიც ადამიანი უნდა იმყოფებოდეს – შინაგანი მყუდროება, სულიერი სიხარული და სიმშვიდეა. ადამიანი მწუხარებისა და ტკივილისთვის არ შექმნილა. ისინი ჩვენს ცხოვრებაში იმისთვის არიან დაშვებულნი, რათა უფალმა ამ უღმერთო მდგომარეობიდან სულიერ სიმაღლეზე აღგვიყვანოს, გაგვათავისუფლოს ბრძოლისგან და სიხარული და სულიერი მხიარულება მოგვანიჭოს. ჩვენ კი როგორ ვხვდებით სირთულეებს? დავუშვათ უძლურება გვაქვს, ჩვენ გვსურს, რომ სიხარული გვქონდეს, მაგრამ ადვილად ვვარდებით მოწყენილობაში. ეს მდგომარეობა ძალიან გვამწუხრებს, გვინდა სიხარულს ვგრძნობდეთ მაგრამ არ შეგვიძლია. ეს ქრისტესთვის მწუხარება კი არ არის, არამედ ეგოისტური მდგომარეობაა. გახსოვთ, როგორ თხოვდა პავლე მოციქული უფალს, რათა სნეულებისგან გაეთავისუფლებინა? რა უპასუხა ღმერთმა? ,, კმა არს შენდა მადლი ჩემი’’(2.კორ.12:9). ღმერთმა თითქოს არ მიიღო პავლეს სათხოვარი და უთხრა: განა არ გესმის? თუკი ამ უძლურებას მოგაშორებ, შეიძლება დაიღუპო. მისი წყალობით პირდაპირ ზეცაში მოხვდები. ჩვენი უძლურებებიც, მწუხარებებიც და სირთულეებიც ქრისტესკენ სავალ გზაზე ყველაზე საუკეთესო გზამკვლევები არიან.

თუკი ისინი დაბრკოლებად გვექცევიან და გვთრგუნავენ, ამის მიზეზი ჩვენი ეგოიზმია. ჩვენ თავად ვაქცევთ ზურგს ქრისტეს და თითქოს არ გვჭირდება არც ის, არც მისი მადლი და მხოლოდ საკუთარი თავი გვიყვარს. შედეგად, ნაცვლად იმისა, რომ თაყვანი ვცეთ ქრისტეს, თაყვანს ვცემთ საკუთარ თავს. ადამიანმა შეიძლება საკუთარი სილამაზე ბოროტად გამოიყენოს და მეძავი გახდეს, ან ფიზიკური ძალა წარმართოს სხვა მიმართულებით და დამნაშავე გახდეს, ანდაც ფული და თაღლითად იქცეს; ასე შეიძლება დამახინჯდეს საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება და საკუთარი ,,მე’’ გავაღმერთოთ კიდეც. თუ ადამიანი ვერ გრძნობს სულიერ თავისუფლებას, სიხარულსა და მხიარულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ არ აქვს ცოცხალი კავშირი ქრისტესთან. ის, ვისაც  ჯერ კიდევ არ უყვარს ქრისტე მთელი გულით და არ ცხოვრობს მისთვის, ჯერაც ხრწნილებასა და უხრწნელებას შორის იმყოფება. სწორედ ამიტომაც ითრგუნება სირთულეებისა და პრობლემებისას და მძიმედ გადააქვს განსაცდელები. სულიერი ადამიანი ყოველთვის მშვიდია და მისი სულის მყუდროებას ვერაფერი არღვევს. მასში არანაირი ღრუბელი არ არის, მისი გულის ცაზე სიმართლის მზე  ბრწყინავს და ყოველგვარ შავ ღრუბელს განდევნის. მას შეიძლება გარეგნული მწუხარებები ჰქონდეს, მაგრამ ისინი ვერ აზიანებენ მის სულს და შინაგან ტკივილს არ იწვევენ. მაყვლის ბუჩქის მსგავსად, რომელიც ცეცხლით იყო მოცული, მაგრამ არ იწვოდა, რადგან მასში ღმერთი იყო. ასე ხდება წმინდანების შემთხვევაში. ისინიც იწვიან განსაცდელებისა და მწუხარებების ცეცხლში, მაგრამ რა ცეცხლია ეს? ეს ცეცხლი ცოცხალი ღმერთის მყოფობაა, რომელიც მისი ძიებისკენ აღძრავს მოღვაწეს. ამიტომ არ იწვიან ამ ცეცხლში. ისინი უკვე განღმრთობის მდგომარეობაში იმყოფებიან და საღმრთო ბუნების თანაზიარნი არიან(2.პეტ.1:4). მათ მხოლოდ ერთი ტკივილი აქვთ – ქრისტეს ვნებები. მათ მხოლოდ ერთი მისწრაფება აქვთ – სრულყოფილება, მხოლოდ ერთი წყურვილი – წყურვილი ცოცხალი ქრისტესი.

ქრისტესმიერი სიმშვიდე ადამიანის შინაგანი მთლიანობის სიღრმისეული შეგრძნებაა. ეს მდგომარეობა კი, პირველ რიგში, სულის სამივე ძალის(აზრობრივი, გულისთქმითი და გულისწყრომითი) სრულ ერთობასა და ჰარმონიას გულისხმობს. როდესაც სულის ძალები რყევას იწყებენ, ქრისტესმიერი სიმშვიდეც გვტოვებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა სწორი სულიერი ცხოვრების გზიდან გადაუხვია და აღარ აქვს ქრისტეს სიყვარულისა და მისი მყოფობის ცოცხალი შეგრძნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასში არ არის შინაგანი ჰარმონია და ქრისტესთან გულისმიერი ერთობა. ვინც შინაგანი სიმშვიდე დაკარგა, მან ქრისტეც დაკარგა. რადგანაც მას აღარ ძალუძს ქრისტეს შეწყნარება და საღმრთო მადლი უკვე ვეღარ შეეხება მის გულს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სული, რომელიც ადამიანის არსების საწყისია და ქრისტესთან ერთობისთვისაა შექმნილი, მის სხვა ძალებთან განხეთქილებაში იმყოფება. ის, ვისაც ადვილად ეუფლება შფოთი და არ აქვს სიმშვიდე, ჯერაც არ არის სულიერი ადამიანი. მისი სამშვინველი ჯერ კიდევ მიწიერი სიტკბოებითაა გატაცებული, ხოლო სული ხორციელ მდგომარეობაშია ჩაფლული. ადამიანი იმისთვისაა შექმნილი, რომ არწივის მსგავსად დიდ სიმაღლეებზე იფრინოს, თუმცა ის მიწაზე დაეცა და ჭიაყელასავით ცხოვრობს. წარმოიდგინეთ არწივი, რომელსაც აფრენა აღარ შეუძლია და მიწაზე დადის. განა მას არ მოენატრება ციური სივრცეები? განა შეძლებს ისე ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა?

სულიერი ცხოვრების პირველი საძირკველი – სიხარულია. ეკლესია მოგვიწოდებს, რომ მოუკლებელი სიხარული გვქონდეს, სახე არ ჩამოგვტიროდეს და ცრუ მწუხარებას არ მივეცეთ. ქრისტესმიერი მწუხარება კი სულიწმიდის ნაყოფია და არანაირი საერთო არ აქვს იმ მწუხარებასთან, რომელიც ღმრთისაგან განშორებისას მოგვიცავს ხოლმე. როდესაც სწორ გზაზე ვდგავართ და ქრისტეს ვუახლოვდებით, ჩვენში თანდათანობით შემოდის არამიწიერი სიხარული და სულიერი სიშვიდე. მხოლოდ სიხარულის ატმოსფეროში შეუძლია სულს, რომ წარემატოს, ქრისტე იხილოს და მისი მყოფობით დატკბეს. ამგვარი სულიერი სიხარული ადამიანისთვის ბუნებრივია, სულიწმიდა კი სრულყოფს მას და ქრისტეს ამოუწურავ და მოუკლებელ საჩუქრად აქცევს. სრულყოფილ სიხარულს კი წინ ცრელმები უძღვის. ცრემლი იმ სულის ღრმა ტკივილის გამომხატველია, რომელსაც ზეციურ სამშობლოში დაბრუნება სწყურია, მწუხარებს იმის გამო, რომ ასე მწარედ დაეცა და სამოთხიდან განიდევნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის მწუხარება, რომელსაც სული საკუთარი უძლურების შეგრძნებით განიცდის. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს სიხარულს კი არ გვართმევს, პირიქით, ის არის წყარო სულიერი მხიარულებისა და სამოთხისეული სიტკბოების გემოსხილვის საშუალებას გვაძლევს. როგორც მოწამლული ჰაერით სუნთქვაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელია სიხარულის გარეშე ცხოვრება. ქრისტესგან შორს ყოფნის მწუხარება და მხურვალე ცრემლები სიხარულს აძლიერებენ და მას უფრო ნამდვილად და მოუკლებლად აქცევენ.

ის, ვინც ვერ განიცდის ქრისტესმიერ სიხარულს, სწორი სულიერი ცხოვრების გზას ასცდა. როდესაც ტემპერატურა გიწევს, ეჭვი არ არის, რომ ავად ხარ. ზუსტად ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: თუ ადამიანი სიხარულს ვერ გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც წესრიგში ვერ აქვს და არ იფიქროს, რომ ამ მწუხარებით ქრისტესადმი მისი სიყვარული გამოიხატება, ან რომ მისი მოწყენილობა მოყვასის, რაღაც სირთულეების, ამინდის და ცუდი ჯანმრთელობის ბრალია…თავად ადამიანია დამნაშავე, რადგან სწორედ მან აქცია ზურგი ქრისტეს.

თუკი საკუთარი გულის ქრისტესკენ მოუკლებელ მიმართვაში სიმდაბლით ვივარჯიშებთ და ეს ჩვენს მუდმივ მდგომარეობად იქცევა, მაშინ სიხარულიც მოუკლებელი და უსაზღვრო გვექნება, ჩვენი ცხოვრება კი – ჭეშმარიტად სულიერი გახდება. იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია ჩვენი სიხარული, სრულია თუ არასრულყოფილი, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამდენად მტკიცე კავშირი გვაქვს ქრისტესთან. რამდენადაც დიდი სიხარული გვაქვს გულში, იმდენად მტკიცეა ქრისტესთან კავშირიც. არავითარ შემთხვევაში არ მოვიწყინოთ! სიხარული ხომ ჩვენს ცხოვრებას გაცილებით ამარტივებს და სიცოცხლის ძალას გვაძლევს!

როგორ ვკარგავთ შინაგან სიმშვიდეს? როდესაც მოყვასს არ ვუფრთხილდებით და მასთან დაპირისპირებაში ვართ. სწორედ მაშინ ვკარგავთ სიმშვიდეს. ამ დროს ჩვენ ქრისტეს სხეულს ვხლეჩთ და ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, რომელიც თავისთავად ბუნებრივი და უბრალო უნდა იყოს, რაღაც არაბუნებრივი მდგომარეობა – მოყვასისგან გაუცხოვება იჭრება. თუკი ერთობასა და ქრისტეს სხეულის ცოცხალ წევრობას ვერ განვიცდით, მაშინ ვერც ქრისტეს შევიგრძნობთ საკუთარ გულში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქრისტესგან  ან ნებისმიერი ადამიანისგან სულ მცირედი განშორება და გარესამყაროსადმი, ბუნებისადმი სულ მცირე უკმაყოფილებაც კი გვაშორებს ქრისტესმიერ სიმშვიდეს. მთელი ქმნილება კავშირშია თავის შემოქმედთან და მისთვის უცხოა ნებისმიერი სახის უწესრიგობა. ,, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა-კუნესის და თანა-ელმის მოაქამდე’’(რომ.8:22) ისიც დაცემულ ადამიანთან ერთად, მიელტვის შემოქმედთან შეერთებას, ხელახლა დაბადებას და ახალ ზეცად და ახალ მიწად ქცევას’’(2.პეტ.3:13). ამიტომაც, როგორც კი თუნდაც ამინდზე დაიწყებ წუწუნს და დრტვინვას: რატომაა ასეთი ძლიერი ქარი? ოხ ეს გაუთავებელი წვიმები! ან თუ იტყვი: ეს მწერები, ჭიები, ხვლიკები და გველები რატო არსებობენ საერთოდო, მყისვე დაკარგავ სიმშვიდეს. როდესაც ქმნილებასთან შეჯახებაში მოდიხარ, შენს ცხოვრებას ამ მშვენიერ სიმფონიაში დისონანსი შეაქვს და შორდები ბუნებასაც და შემოქმედსაც. ასევეა ადამიანებთან მიმართებაშიც: თუკი საკუთარ თავს უკანასკნელ ცოდვილად არ მიიჩნევ და არ აღიარებ, რომ ცოდვა შენი არსების ნაწილია, მაშინ ვერასდროს შეიგრძნობ ჭეშმარიტ სიმშვიდეს. ერთობა მხოლოდ ადამიანებთან კი არ უნდა იგრძნო, არამედ მთელ ქმნილ სამყაროსთან, სულ პატარა მწერთანაც კი. წმინდა სიმშვიდე რაღაც უფრო მეტად სიღრმისეული და მტკიცეა ვიდრე სიხარული. სიმშვიდე არამხოლოდ იმას მოწმობს, როგორი ვარ ახლა, არამედ იმასაც, თუ საითკენ მივდივარ და სწორია თუ არა ჩემი გზა. სულიერი ცხოვრების კრიტერიუმია სიხარული, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორია ჩვენი სულიერი მდგომარეობა და სიმშვიდე, რომელიც გვიდასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. თუ არ მაქვს სიმშვიდე, ესე იგი გზას ავცდი. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ცოდვაც კი არ არის იმდენად საშიში, რამდენადაც სიმშვიდის დაკარგვა. რა თქმა უნდა, ცოდვა საშინელებაა და ადამიანები მასში ეძებენ განსვენებას, მაგრამ მას ჯერ არასდროს არავისთვის მოუტანია სიმშვიდე. თუ ადამიანმა შესცოდა, მისთვის უმთავრესია, რომ მყისვე ზურგი აქციოს ცოდვას და ქრისტესკენ სწრაფვა განაგრძოს. სწორედ მაშინ მოიხვეჭს სიმშვიდეს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც ადამიანი მშვიდადაა, მაშინ მის სულშიც მყუდროებაა გამეფებული და ნუგეშინისცემულია. მხოლოდ ამ მდგომარეობაში აინთება მის გულში ის ცეცხლი, რომელიც მას ქრისტეს ახილვინებს!


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share