იოსებ ვატოპედელი 1 1

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი პირველი: ბავშვობისა და ყრმობის წლები

ოჯახი

ბერი იოსები 1921 წლის პირველ ივლისს დაიბადა. მისი მშობლები, გლეხები – პანტელეიმონ და ევგენია პანტელა, ღმრთისმოშიში, შრომას შეჩვეული და მრავალშვილიანი ადამიანები იყვნენ. რვა შვილი ჰყავდათ: საბა, მარიამი, ევრისთენი, სტავრულა, ნიკოლოზი, არგირი, სოკრატე და გიორგი. მეშვიდე ბიჭი, სოკრატე, ჩვენი მომავალი ბერი იოსები იყო. მათთან ერთად სახლში კიდევ ბებია-ბაბუა ცხოვრობდა. ერთი სიტყვით, მისი მშობლებიც უბრალო ადამიანები იყვნენ და დრუსიაც ,,წმინდანთა კუნძულის’’(კვიპროსი) ერთ-ერთი უჩინო სოფელი იყო.

ის, რაც მის მშობლებს ახასიათებდათ და რაც თავიანთ შვილებს უხვად გადასცეს, იყო ქრისტესადმი რწმენა, ქრისტიანული ტრადიციების ერთგულება, უბრალოება, უბიწო ზნეობა, გულწრფელობა, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა, გულმოწყალე განწყობა და წესრიგი, მეოჯახეობა. ოჯახის თითოეული წევრი თავგანწირვითა და სიყვარულით შრომობდა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრნი იყვნენ, დოვლათი არასდროს მოჰკლებიათ.

ბერის ბავშვობის შესახებ ბევრი რამ არც ვიცით. მაგრამ ორიოდე სიტყვას მის სანათესაოს შესახებ ვიტყვით, რათა მისი მომავალი ქრისტესმიერი ცხოვრების გზა უკეთ გავიგოთ.

ოჯახში ტრადიციული მართლმადიდებლური ასკეტური ცხოვრების წესი სუფევდა: რწმენა, მარხვა, ეკლესიურობა და ლოცვა. პაპამისი, დედის მამა, ღმრთისმოშიში და უკეთილესი სოფლის მღვდელი მამა არგირი იყო. მან, როგორც ქრისტეს მცნებების ერთგულმა დამცველმა, ეს სულიერი ტრადიცია თავის შვილებსაც გადასცა. ბერის დედა, მამა არგირის ასული, ჩუმი და მშრომელი ქალი იყო, არასდროს დაარღვევდა მარხვას, არ გამოტოვებდა ლოცვას, არ დაივიწყებდა მოწყალების გაცემას. ამიტომაც ღმერთმა იგი ღირსი გახადა ცხოვრების ბოლოს მონაზვნად აღკვეცილიყო. 1963 წელს თავად ბერი იოსები გახდა მისი მიმრქმელი ალამანის წმინდა გიორგის მონასტერში. აღკვეციდან რამდენიმე თვეში ის ღირსეულად მიიცვალა.

დედამისის უზომოდ კეთილი და მოწყალე გულის შესახებ ჩვენი მოძღვარი ამას გვიამბობდა: ,, თუ ოდესმე რთველი გვქონდა, ან ხილს დავკრეფდით, ან ბოსტნეულს მოვაგროვებდით და შინ სავსე კალათით მივდიოდით, დედა მკაცრ დაკითხვას მოგვიწყობდა ხოლმე: ,,არავინ შეგხვდათ გზაში, რომ ვინმესთვის რამე მიგეცათ? ‘’. ამგვარად ასწავლიდა ბავშვებს ბრძოლას საკუთარი თავის სიყვარულისა და მოწყალების გაცემის უყვარულობის წინააღმდეგ და ცდილობდა მათ გულებში სიყვარული და თანაგრძნობა გაეღვივებინა. იგივე ხდებოდა ხოლმე ქრისტეშობას. სოფელში წესად ჰქონდათ დღესასწაულზე ღორები დაეკლათ და მთელი წლის ხორცი გაემზადებინათ. ბერის ოჯახში კი არავინ გასინჯავდა გემრიელ კერძს მანამ, სანამ ბავშვები გაჭირვებულ თანასოფლელებს, ქვრივებს, ობლებს, მოხუცებს და სნეულებს, ხორცს თავიანთი ხელით არ დაურიგებდნენ.

მამამისი ძალიან მორწმუნე და ღმრთისმოშიში კაცი იყო. სტავროვუნის მონასტრის სულიერ მოძღვარს, მამა კვიპრიანეს უთქვამს, პანტელეიმონი გონებასა და საგრძნობლებს დიდი გულმოდგინებით იცავსო. ის გარდაიცვალა წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს – ეს იმის ნიშანია, რომ მისი ცხოვრება სათნოეყო ღმერთს. მფარველი წმინდანისადმი მას განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა. იმ დღეს ეკლესიაში წავიდა, ეზიარა, თავისი ბაღები და ყანა მოინახულა, პირუტყვს გადახედა, სახლში დაბრუნდა, შვილები და შვილიშვილები დაიბარა, ყველა ღმერთისმიერი კურთხევით დალოცა, ამერიკაში მყოფი შვილებისათვის უკანასკნელი წერილი დააწერინა – არ დაგავიწყდეთ, რომ ბერძნები და ქრისტიანები ხართო, და სანატრელი აღსასრულით მიიცვალა. ბერი ამბობდა ხოლმე, წმინდა პანტელეიმონი ჩვენი ოჯახის საფუძველი და ფესვებიაო.

ამ შრომისმოყვარე და გულმოდგინე ოჯახში აშკარა იყო სულიწმიდის თანამყოფობა: მშვიდობა, სიხარული და კეთილი განწყობა თითოეული წევრის გულში სუფევდა. თუმცა ამას თვითონ ვერ ხვდებოდნენ, რადგან მცირე ნაკითხი ან სრულიად უწიგნური ადამიანები იყვნენ. სამაგიეროდ, თავისმოყვარეობის, შურის, ჭორაობის და მზვაობრობისგან თავისუფალი, ნამდვილი სიყვარული ჰქონდათ, რაც შფოთს, რისხვასა და ძვირისხსენებას განაგდებს.

გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ცოდვის წარმავალი სიამოვნება სინამდვილეში უბედურების მიზეზია, რადგან მიუღებელია სულიწმიდისთვის. როდესაც ცოდვა საქმით აღესრულება, ადამიანს აცარიელებს და ეგოიზმისა და მარტოობის უკიდეგანო წყვდიადში ტოვებს. ხოლო ვისთვისაც ცოდვა ცხოვრების წესი ხდება, მათ ღმერთის მიმართ დიდი და პასუხგაუცემელი, მტანჯველი კითხვები ებადებათ: ,,ტკივილითაა სავსე ჩვენი ცხოვრება; ბოლოს და ბოლოს, რა გინდა ჩვენგან? შენ არ შექმენი სამყარო? რა შეცდომა დაუშვი შენ, ჩვენ რომასე ვიტანჯებით? ‘’. ამგვარი კითხვები არ ებადებათ იმათ, ვინც ღმერთის სიტყვას იმარხავს და მცნებების დაცვის წყალობით გრძნობს და იცის, რომ ღმერთი სიყვარულია.  სულიერი ტკივილი, სასოწარკვეთილება და ასეთი უპასუხო კითხვები ადამიანს ჩადენილი ცოდვის შედეგად ებადება. თანაც ცოდვა უმალავს ადამიანს იმას, რომ ამ ყველაფრის მიზეზი თვითონაა, ჩვენში არსებულ ამპარტავნებასთან ერთად.

ბერის დეიდები და მამიდები უბრალო, რწმენითა და ღმრთისმოშიშებით აღსავსე ქალები იყვნენ. საერო განათლება არ ჰქონიათ, მაგრამ რამდგანაც გულში დაბეჭდილ ღმერთის სჯულს იცავდნენ, სულიწმიდის მიერ ნათლდებოდნენ. მოძღვარი ხშირად გვიამბობდა ხოლმე თავისი დეიდა დესპინას შესახებ. მისი სიწმინდე და ღმერთისადმი შვილებრივი კადნიერება მართლაც გასაოცარი იყო, თანაც ისეთი უწიგნური იყო, რომ სამების სახელსაც კი ვერ წარმოთქვამდა სწორად: ნაცვლად ,,სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა’’, ამბობდა ,, სახელითა მისა და ძისა და სულისა წმიდისა’’. აი, როგორ მოგვითხრობს მის შესახებ თავად ბერი: ,,ჩვენი ოჯახის წევრი, დეიდაჩემი, წმინდანი იყო და სასწაულებს ახდენდა, ნამდვილ სასწაულებს. არც კი ლოცულობდა, რომ ეთქვა: ,,ღმერთო, დაეხმარე იმათ, ვინც დახმარებას მთხოვს’’. არამედ ისეთი კადნიერება ჰქონდა, ისეთი უბრალო, ისეთი უბიწო, ისეთი კეთილი ადამიანი იყო, რომ როდესაც სასოწარკვეთილ დედებს მომაკვდავი ბავშვები მოჰყავდათ მასთან (ასი წლის წინ კი ექიმები იშვიათობა იყო), ეტყოდა ხოლმე, მოიცა, გოგო, ნუ გეშინია, აბა მომიყვანე ბავშვი, ჩილს ჯვარს დასახავდა და იტყოდა: ,,სახელითა მისა და ძისა და სულისა წმიდისა. ამინ.’’ – ამის თქმა იყო, და სნეული გონს მოდიოდა და ტირილს იწყებდა. ქრისტე რომ ამბობს, ბავშვივით ვინც არ მიიღებს ცათა სასუფეველს, იმას არ მივიღებო – აი, ასეთი ადამიანი იყო დეიდაჩემი. თანაც, არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც კურნავდა. მოვიდოდა ვინმე და ეტყოდა:

– ქალბატონო დესპინა, ხარი მიკვდება: ცუდად დაეცა, აღარ ჭამს და მალე სული გასძვრება. სადღა ვიყიდი ხარს? როგორღა დავთესავ? ბავშვები შიმშილით დამეხოცებიან!

– ნუ გეშინია, შვილო, ნუ გეშინია. ღმერთი არ დაგვტოვებს. სადაა შენი ხარი? შორსაა?

– არა, აქვე მყავს.

წაიყვანდნენ ხოლმე პირუტყვთან, დასწერდა ჯვარს: ,,სახელითა მისა და ძისა და სულისა წმიდისა. ამინ.’’ და ისიც იმწუთასვე წამოდგებოდა, დაიფერთხებოდა და ძოვას იწყებდა. უწიგნური იყო, ქვრივი. ერთხელ ერთმა მატყუარამ მთელი მისი ქონება მიითვისა. თანასოფლელებმა ვერ აიტანეს ასეთი უსამართლობა და დეიდაჩემი სასამართლოში საჩივლელად ძალით წაიყვანეს. დაინახა თუ არა მოსამართლემ, უთხრა: ,,ქალბატონო დესპინა, არაფრის თქმა არაა საჭირო. მხოლოდ ხელი რომ დადოთ ამ ადგილას და დანარჩენს მე მივხედავ, ვიცი ვინცაა დამნაშავე’’. რატომ უნდა დავდო ხელიო, ჰკითხა. რატომ და, ეგ სახარებაა და ფიცი უნდა დადოთ, როგორც ამას კანონი ითხოვსო. თანაც დასძინა, თუ ჩვენ, მოსამართლეების წინაშე ფიცი არ დადო კაცმა, ხელ-ფეხი შეკრული გვაქვსო. აღშფოთდა დეიდაჩემი: ,,ქრისტიანმა ქალმა როგორ დავიფიცო?!’’ მოსამართლემ კი მიუგო: ,,მაშინ ვერაფერს გავხდებით’’. დეიდაჩემი კი თავისას არ იშლიდა: გამორიცხულია, რომ ფიცი დავდო… ქრისტიანმა და ფიცი?.. უფალმა ხომ თქვა არ დაიფიცოთო?!’’. მოსამართლე: ,,მაშინ ყველაფერს დაკარგავ!’’. მან კი, – დავკარგავ და დავკარგოო, და მართლაც ყველაფერი დაკარგა…

აი, ასე ზედმიწევნით ზრუნავდა სინდისის სისუფთავეზე ეს უწიგნური ქალი. ამგვარი წინაპრების შთამომავლები ვართ: ანუ არა მარტო წმინდა მამებისა, არამედ ხორცით ნათესავებისაც. ბაბუაჩემი ოთხმოცდახუთი წლისა იყო და ისე უყვარდა ბებიაჩემი, ისე ელაპარაკებოდა, რომ გეგონებოდა ქორწილის შემდეგ პირველი კვირააო. მაგრამ ეს არ იყო ემოციური სიყვარული – ის უკვე ასაკში იყო. მას საღმრთო სიყვარული ენთო გულში და ჩვენც იგივე გადმოგვცა. ბებია-ბაბუას ჩათვლით თორმეტი კაცი ვცხოვრობდით სახლში. ჩვენში მცირე უთანხმოებაც კი არასოდეს ყოფილა. ერთობა და სიყვარული გვქონდა. ბოდიში, რომ ამას გიყვებით – თავის ქებაში ნუ ჩამითვლით, უბრალოდ მინდა იცოდეთ, თუ ვისი შთამომავლები ვართ. ვალდებულები ვართ გადავცეთ მომავალ თაობებს: რანი ვართ, ვინ არიან ჩვენი წინაპრები და რა ისტორიის მემკვიდრეები ვართ’’.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ბერის ღრმა შემეცნება და შეგრძნება იმისა, რომ ცოდვა ღრმად ბილწავს არა მარტო ადამიანის სულს, არამედ გარემოსაც კი. ერთხელ ბერის ბაბუა ყანაში გავიდა, იქ შეამჩნია, რომ ერთი წყვილი სცოდავდა. რადგან ბუნებით მშვიდი, თავმდაბალი და წყნარი ადამიანი იყო, არც გაბრაზდა, არც ამხილა ისინი, არამედ გულისტკივილით სავსე დაბრუნდა შინ. რა თქმა უნდა, მეუღლეს არ გაუმხილა ვინ იყვნენ ყანაში, მაგრამ დიდი წუხილით თქვა: ,,ღმერთის კურთხევა დაგვტოვებს’’. მხოლოდ ის გული, რომელიც სულიწმიდითაა სავსე, მიხვდება რა დიდი მნიშნველობა აქვს ამ სიტყვებს. ამ უბრალო ადამიანებმა იცოდნენ, რომ ღმერთი ადამიანს უხვად მაშინ აძლევს მატერიალურ და სულიერ დოვლათს, როდესაც კაცის ცხოვრება სათნოა მისთვის. ესმოდათ, თუ რა აზრი აქვს ღმერთის ამ დიდებულ სიტყვებს, რომელიც ამ ქვეყნის ბრძენებს დღემდე ვერ გაუგიათ: ,, კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ’’.

მათ იცოდნენ, რომ გონებრივ და მარადიულ სიხარულს ადამიანი სიამოვნებებისგან თავშეკავება და მატერიალური სიკეთეებისა და სურვილების ზომიერი და რაციონალური გამოყენება ანიჭებს, რამეთუ ადამიანში სიხარული იბადება მაშინ, როცა მან იცის, როგორია ღმერთი, იცნობს მის თვისებებს და ცდილობს თავისი ცხოვრებით მიჰბაძოს, ხოლო ამგვარი შრომა შინაგან ადამიანს საიდუმლოდ ცვლის. ამაზეა საუბარი ფერისცვალების დღესასაულის საგალობლებში: ,,რათა აჩვენო განცადებულად მეორედ მოსვლა შენი, ვითარმედ შენ ხარ ღმერთი, მდგომარე ღმერთთა შორის’’. აჩვენო ახლა საიდუმლოდ, უხილავად; მეორედ მოსვლის დროს კი ,,ვიხილოთ გონიერად ღმრთეება მამისა და და სულისა, ძესა შინა მხოლოდშობილსა გამობრწყინვებული’’.

ბერი ამბობდა, რომ მისი დები ძალიან ლამაზები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს ძალიან მოკრძალებულები და შრომისმოყვარეები. ჩვენშიც რომ გაეღვივებინა ამ სათნოებისადმი სიყვარული, სამაგალითოდ შემდეგი შემთხვევა მოჰყავდა ხოლმე: როდესაც დები ვინმესთან სტუმრად უნდა წასულიყვნენ, მთავარ მოედანს არასდროს გადაკვეთდნენ ხოლმე(თუმცა ეს უფრო მოკლე გზა იყო), რადგან იქ კაფე-ბარები იყო, სადაც მამაკაცები ისხდნენ. ამის გამო სოფელს გვერდს უვლიდნენ. მშობლებიც კი უშლიდნენ, ზედმეტად ნუ ირჯებითო, თანაც იმავე კაფეში თქვენი ბიძებიც და ბიძაშვილ-დეიდაშვილებიც არიანო, მაგრამ ამაოდ. ბერმა ისიც გაგვანდო, რომ მის დებს ღვინის გემო ზიარების გარდა არასდროს გაესინჯათ.

1985 წელს, როდესაც უკვე ნეა სკიტში ვცხოვრობდით, ბერის უფროსი და – ევრისთენი – გარდაიცვალა. ეს უკანასკნელი დედასთან ერთად ზრდიდა მამა იოსებს. ბერს ახსოვდა, რომ და მას მხრებზე ისვამდა ხოლმე. ევრისთენის ცხოვრებიდან აგრეთვე ერთ ასეთ დეტალს იგონებდა, რომელიც ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის შეუმჩნეველი შეიძლება დარჩენილიყო. ოდესღაც მას ერთი შურიანი კაცი აწუხებდა. ახალგაზრდა ქალი ღმერთის მცნების დაცვის სურვილით ყოველნაირად ცდილობდა ბოროტებაზე ბოროტებით არ მიეგო. ერთხელაც, როდესაც მისგან ძალიან იყო გამწარებული, მინდორში იმ კაცის გუთანში შებმულ პირუტყვს წააწყდა. პატრონი ახლომახლო არ იყო, გოგომ ვერ მოითმინა და გუთანს ის პატარა ჯოხი შეხსნა, რომლითაც ხარი გუთანზე იყო მიბმული და გადააგდო. მას მერე ევრისთენი მთელი ცხოვრება ტიროდა და გლოვობდა იმას, რომ მაშინ შურისძიების გრძნობას  დაჰყვა. ამგვარი სინანულის გლოვა და ლმობიერების ცრემლები კი მისმა ძმამ, ბერმა იოსებმა, მომავალში თავის მეცნიერებად აქცია, რადგან სწორად მათი მეშვეობით მაღლდება ადამიანი დედამიწიდან ზეცად.

ბერი დიდი სითბოთი იხსენებდა იმას, თუ რა დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთში და-ძმებს, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა პანტელეიმონისა და ევგენიას სიყვარულის ანარეკლი ოჯახში.

ხუთი ვაჟიშვილი როცა წამოიზარდა, მათ ერთხმად უარი თქვეს საკუთარ მემკვიდრეობაზე სამი დის სასარგებლოდ, რათა დებს უკეთესი მზითვი ჰქონოდათ.

ბერმა კიდევ ერთი ამბავი მოგვითხრო: ერთხელ მინდორში თამაშის დროს ოქროს მონეტა იპოვა. წესიერად არც კი გაწმინდა, რომ ენახა ზუსტად რა იყო, არამედ იმწუთასვე თავის პატარა დას გაურბენინა, რათა სიხარული მისთვის მიენიჭებინა. ხოლო მერე კი, არა თუ არ მოუთხოვია დაბრუნება, არამედ აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ოდესმე ის მას ეკუთვნოდა.

მოძღვრისგან ისიც გავიგეთ, რომ მისი უფროსი ძმა – საბა – განსაკუთრებული ფიზიკური ძალის კაცი იყო, ძალიან ჭკვიანი, ენერგიული, ხელმარჯვე, და, ამავე დროს, კეთილი გულის პატრონი, უპატიოსნესი და ზნეობრივად ძალიან სუფთა. როდესაც წამოიზარდა, გადაწყვიტა უკეთესი მომავლის ძიებაში ამერიკაში გამგზავრებულიყო. გაფრენის წინა დღეს მას გახსენებია, რომ ერთ მოხუც ქალს მისთვის ხეების გასხვლა უთხოვია. საბა შეპირებია, მაგრამ შემდეგ დავიწყებია.  გაახსენდა თუ არა, მან იმწუთასვე მიატოვა ყველაფერი (თუმცა დიდი და შორი მგზავრობისთვის ემზადებოდა) და ფეხით წავიდა იმ ქალის სოფელში, სამი საათის სავალ გზაზე: შევპირდი და არ შემიძლია სიტყვა დავარღვიოო. მოგვიანებით ამერიკაში, კერძოდ, ფლორიდის შტატში, თავისი ენერგიულობისა და პატიოსნების წყალობით წარემატა და საკუთარი ინიციატივითა და სხვა კვიპროსელების დახმარებით პატარა სოფელიც კი დააარსა, სახელად Cyprus Village.

ხოლო უმცროსი ძმა – გიორგი – ისიც ამერიკაში ემიგრირებული, პენსიაზე გასვლის შემდეგ იმ ეკლესიაში მნათეობდა უსასყიდლოდ, რომელიც თავის ქალაქში სხვა თანამემამულეებთან ერთად ააშენა. 1990 წლის მიწურულს, 27 წლის შემდეგ, ვატოპედის მონასტერში შეხვდა თავის ძმას, მამა იოსებს, რომელიც უკანასკნელად 1963 წელს, დიდის მონაზვნად აღკვეცისას ნახა.

მთავარი ფოტო: ბერ იოსებ ვატოპედელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის ქ.14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •