svyatoj altar v chasovne v peshherah svyatoj anny malyj

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მესამე: მთაწმინდა – წმინდა ანას მცირე სკიტში

ღამისთევა, მღვიძარება

ჩვენი მოძღვარი სტავროვუნის მონასტერშიცა და წმინდა ანას სკიტშიც მღვიძარებაში იღვწოდა. მღვიძარება, ანუ ძილის  ნებაყოფლობითი შეზღუდვა, ხორციელი გულისთქმების მოთოკვის უმთავრეს ასკეტურ საშუალებად ითვლება, და ამასთან ერთად, ლოცვაში გაწაფვის აუცილებელი იარაღიცაა. თავის მხრივ კი, სწორედ ლოცვაზეა  უმთავრესად დამოკიდებული მონაზვნის სულიერი წარმატება, სულიერების რა საფეხურზეც არ უნდა იყოს იგი, რამეთუ მონაზონი, ჩვენი ბერის თქმით, არის მლოცველი არსება.

მოძღვარი გვიყვებოდა, თუ როგორ ებრძოდა მათ ეშმაკი წმინდა ანას სკიტში, როდესაც მღვიძარებაში მოღვაწეობდნენ. მაშინ ისინი საღმრთო მოშურნეობით ანთებული ახალგაზრდა მონაზვნები იყვნენ, რომელთაც წმინდა ბერების ცოცხალი მაგალითები ამ ცეცხლს უფრო მეტად უღვივებდა. ღირსი იოსები, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ავად იყო, მღვიძარებაში არასდროს იხევდა უკან. ამიტომ, მისი შემხედვარენი, მოწაფეებიც მთელი სულითა და სხეულით მთელი მონდომებით ეძლეოდნენ მღვიძარებასა და ლოცვას.

ახალგაზრდებს ძილი განსაკუთრებულად ებრძოდა, რადგან, განაწესის თანახმად, გარიჟრაჟამდე ყოველდღიურად ღამისთევები ჰქონდათ, ხოლო ახალგაზრდა ორგანიზმს ძილი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე საჭმელი. ამას ეშმაკის მოქმედებაც ემატება, რომელიც ფიზიკურ დაღლას აბუქებს და ამრავლებს. ყველა სულიერმა მოღვაწემ კარგად უწყის, რომ ბრძოლა მძიმე და აუტანელი სწორად ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხდება ხოლმე.

როდესაც ჩვენმა მოძღვარმა ყველა ღონე იხმარა ძილის დასამარცხებლად, მაგრამ შვება ვერ ნახა, დიდ ბერს ჰკითხა, თვითონ რამდენ ხანს ებრძოდა ძილს და რა გზით. ბერმა მიუგო: „ძილი ძლიერად და შეუწყვეტლად მებრძოდა მთელი  ჩემი ახალგაზრდობის მანძილზე. მ. არსენის გაცნობამდე, წმინდა ათანასე ათონელის გამოქვაბულში ცხოვრების პერიოდში, თავს ვაძალებდი, არ დამეძინა. ერთი კვირა გავძელი. ღამეებს ფეხზე დგომით ვატარებდი ან დავდიოდი, რომ მაქსიმალურად შევწინააღმდეგებოდი ბუნებრივ მოთხოვნილებას. ერთხელ, როცა ფეხზე ვიდექი, უცბად ისე მძლია ძილმა, რომ იქვე წავიქეცი და, როგორც ჩანს, თავიც დავარტყი. თუმცა დაღმართი და უსწორმასწორო ადგილი იყო, თანაც მსხვილი ქვებით სავსე, ვერაფერი ვიგრძენი, რადგან ძილი ძალიან მაკლდა. სადაც დავეცი, იქვე დამეძინა. მხოლოდ გაღვიძებისას მივხვდი, რაც მომხდარიყო. მოგვიანებით, როცა უკვე მოღვაწეობის სტაბილური პროგრამა გვქონდა,  ძილმა ისევ შემაწუხა, რადგან ასკეზის ამ სახეობაში განსაკუთრებით ვირჯებოდი, მაგრამ ამასთანავე ეს ბრძოლა ძალიან მღლიდა, უფრო მეტად ზამთარში, როდესაც გარეთ გასვლა აღარ შემეძლო. ბუნებრივია, რომ ადამიანი თვლემს მაშინ, როცა ძილი აკლია, მაგრამ ამას ხშირად ეშმაკიც უწყობს ხელს. ამ ვნებასთან ბრძოლის ყველაზე საშინელი ფაზა ის არის, როცა საღმრთო მადლი თვალს ეფარება და მოღვაწეს უდებება და გონების დაბნელება ეუფლება, ხოლო ნუგეშის ნათელი არსაიდან ჩანს. ამ მომენტებში ის მკაცრად გამოიცდება და მართლაც, „არა თუმცა უფალი იყო ჩუენ თანა, არამცა ვინ ჩვენგანი შემძლებელ-იყო მტერისა ბრძოლათა თავს-დებად“ და ჭეშმარიტად, „რომელნი იგი  მძლე-ექმნებიან, მის მიერ მოეცემის ძალი”.[1] ერთხელ, როდესაც სხეული ძალიან მომიუძლურდა, სულიერადაც ძალიან გამიჭირდა. მართალია, ვცდილობდი, უკან არ დამეხია, მაგრამ მოთმინების უკიდურეს ზღვარს მივაღწიე. მაშინ გავჩერდი და მწუხარებით სავსემ, ტირილი დავიწყე. „უფალო“, ვთქვი, „ნუთუ შემართება უნდა დავკარგო?!“ იმწუთასვე ტკბილი ხმა ჩამესმა: „ჩემი სიყვარულისთვის ვერ მოითმენ?”. ამის თქმა იყო, და ბნელი, მძიმე ღრუბელი მომშორდა და პატარა ბავშვივით გავხდი. დავიჩოქე. ცრემლებითა და სულიერი სიხარულით ვთქვი: „კი, უფალო, შენი გულისთვის მოვითმენ, ოღონდ შეეწიე ჩემს უძლურებას“.[2]

ჩვენი მოძღვარი მღვიძარების შესახებ სწავლებას ღმრთისმეტყველურად და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით აყალიბებდა: „განწმენდის პირველ საფეხურზე მონაზონი პრაქტიკული ღვაწლის ყველა ფორმას იყენებს, ხოლო სხეულებრივი შრომის ყველაზე ეფექტური სახე მღვიძარებაა.  ეს არის საუკეთესო საშუალება, რათა მოუძლურდეს ვნებები და აღიკვეთოს გარეგნული ცოდვა. ის ეხმარება მონაზონს, რომ ბუნების საწინააღმდეგო გრძნობები ალაგმოს. ასეთი მოთხოვნილების მიზეზი შეიძლება ზოგჯერ სხეულის აგებულებაც იყოს, რაც უმეტესად ფიზიკურად ძლიერ ადამიანებს უჩნდებათ. ასეთ შემთხვევაში მოღვაწეობის არცერთი სხვა მეთოდი არაა ისეთი ეფექტური, როგორიც ძილის მოკლება. ბერი გვეუბნებოდა, მღვიძარება პირდაპირ შემუსრავს, აუძლურებს სხეულსო. მღვიძარება ასევე აუცილებელია სულიერი ზრდის მეორე, განათლების. საფეხურზეც. ამ ეტაპზე, ღმერთის მადლითა და წყალობით, ვნებებისა და გულისთქმების ტირანია (ძალადობა) ითრგუნება და „საჭიროების კანონი“ მოქმედებს, ანუ ადამიანი გარე სამყაროდან მხოლოდ იმას იღებს, რაც და რამდენიც „სჭირდება“, და არა – რაც და რამდენსაც „გული უთქვამს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საგრძნობლები მოწესრიგებულია და გონებას ემორჩილება; მისი კონტროლის გარეშე აღარაფრისკენ მიიდრიკება. ადამიანი ცოდვილობას, ბუნების საწინააღმდეგო ცხოვრებას განეშორება და, როგორც წმინდა მამები ამბობენ, საკუთარ ბუნებას სძლევს. ამ ეტაპზე მღვიძარება აუცილებელია, რადგან სწორედ ღამისთევის დროს, ღრმა სიმდაბლის, ლოცვისა და ვედრების მეშვეობით, ღმრთისმოყვარე გონება ყოვლადწმინდა და ცხოველსმყოფელი სულის მადლისმიერ განათლებასა და ნუგეშს იღებს.

მღვიძარება სჭირდება მასაც, ვინც უფლისა და მისი კურთხეული დედის მადლითა და წყალობით, ეს მეორე საფეხურიც გადალახა და მესამე, „დაუსრულებელი დასასრულის “ სიმაღლეზე ასულმა, სრულყოფილების მდგომარეობას, ანუ სრულ სულიერ განსვენებასა და სიყვარულს მიაღწია (ასეთები კი ყოველთვის ცოტანი არიან). ოღონდ ღამისთევა მათ უშრომელად მიეცემათ, რადგან მათში ლოცვითი სული უკვე მუდმივად სუფევს“.[3]

ჩვენი მოძღვარი მღვიძარებასა და ლოცვას ერთმანეთს უკავშირებდა. თავის სწავლებას იგი ასე აგრძელებს: „ქრისტეშემოსილი სულის უმთავრესი ნიშანი არის ის, რომ არა მარტო ვნებებით აღძრული აღარ მოქმედებს, არამედ განუწყვეტლივაც ლოცულობს. ის ლოცულობს მოუკლებლად[4] და შეუძლია, საიდუმლოდ სხვებსაც დაეხმაროს, ამ უკანასკნელთა ძალისა და უნარის შესაბამისად, რაც მხოლოდ ღმერთმა იცის. ეს მოღვაწეები, ღმერთის განგებულებით, ზოგჯერ სხვათა მრჩევლები ან მონასტრული საძმოების მმართველები ხდებიან. ამგვარად, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, სხვებსაც მრავალმხრივ დაეხმარონ. ზოგჯერ კი, პირიქით, ძალიან უბრალოდ, უჩუმრად, ყველასათვის უჩინრად მოღვაწეობენ – ესეც იმიტომ, რომ თვითონ სურთ ასე ცხოვრება და ღმერთი გულის წადილს უსრულებს. ასეთი მოღვაწეები ყველა მორწმუნისა და მთელი ეკლესიისთვის ლოცულობენ, დღე და ღამე ზოგადსაკაცობრიო ტკივილს ტვირთულობენ, არიან სხვათა ჭირისა და მწუხარების თანამოზიარენი, რადგან სიყვარულის კანონი მათ სულებს ამას კარნახობს. ნეტარია ის საზოგადოება, რომელსაც თავის წიაღში ზეცასა და დედამიწას შორის მდგომი ასეთი ატლანტები[5] ჰყავს!“.[6]

პროგრამის მნიშვნელობა სულიერ ცხოვრებაში

მამა სოფრონმა თავისი მასწავლებლისგან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ ისწავლა, პროგრამის დაცვა და წესრიგი, რაც, ერთი შეხედვით, სულიერი ცხოვრების თითქოსდა უმნიშვნელო გარეგნული მხარეა. სინამდვილეში ის საღმრთო მადლის შეძენის, გაზრდისა და შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. პროგრამის ზედმიწევნითმა დაცვამ მამა სოფრონს დიდი სულიერი სარგებელი მოუტანა და ამიტომ მას ყველგან და ყველა პირობებშიც იცავდა და არასდროს არღვევდა. განაწესის ზუსტი დაცვის წყალობით, ლოცვა მას არასდროს ტოვებდა, განუწყვეტელი ლოცვის მეშვეობით კი მასში მაცოცხლებელი საღმრთო მადლი მოქმედებდა; თავის მხრივ, ეს სულიერ სითბოს და მოშურნეობას, სინანულის ცრემლებს, გონებრივ ნათელსა და სულიერ ჭვრეტას ბადებდა, რაც უფლის უღელს მსუბუქად სატარებელს ხდიდა. ამგვარი განცდა ბევრისთვის უცნობია. ბერი ამბობდა, რომ სწორედ ეს არის ცხოველსმყოფელი ჯვრის ცოცხალი საიდუმლო, რომელიც წმინდა მოწამეებს, ღირს ბერებსა და მართლებს ამხნევებდა და ძალას მატებდა.

ღმერთი გახდა კაცი, უსამართლო სიკვდილი დაითმინა იმისთვის, რომ სიკვდილს ძალაუფლება აღარ ჰქონდეს მათზე, ვისაც სწამს უფლისა და ვინც მას გოლგოთის გზაზე მიჰყვება; მას სურდა, საღმრთო მადლი მიეცა მათთვის, ვინც ზეცათა სასუფეველის მოხვეჭისთვის ყველაფერში თავს აიძულებს.                                                          

მოძღვარი გვეუბნებოდა: ,,თუ რაიმე მიზეზით ჭამის, დუმილის ან, ზოგადად, საგრძნობელთა დაცვის პროგრამას დავარღვევდით, მაშინ მოშლილ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ხოლმე და ჩვენი ცხოვრების ჩვეულ წესს დიდი შრომის ფასად ვინარჩუნებდით. იმ მწუხარებების წყალობით, რაც ამის გამო განვიცადეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგ გაკვეთილად იქცა. ერთ ზაფხულს მე და მამა ათანასე სამუშაოდ ესფიგმენის მონასტერში წავედით. იქაურმა მამებმა გასამრჯელოს მაგივრად ერთი დიდი თევზი მოგვცეს, რომელიც ცამეტ კილოგრამზე მეტს იწონიდა. დილაადრიანად გავუდექით გზას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიგვეღწია წმინდა ანას მცირე სკიტის ჩვენს გამოქვაბულებში. საღამოს ძალიან დაღლილები დავბრუნდით ჩვენს სენაკებში. მოძღვრისგან ლოცვა-კურთხევა ავიღეთ და ვუთხარით, რომ თევზზე დროულად უნდა გვეზრუნა: გაგვეწმინდა და კარგად დაგვემარილებინა, რომ შენახულიყო. იმ დროს დამარილება თევზის შენახვის ერთადერთი საშუალება იყო. მაგრამ ბერმა შეგვახსენა, რომ პროგრამა ითვალისწინებდა დასვენებას და შემდეგ ღამისთევას. თევზზე ხვალ ვიზრუნებთო, გვითხრა. ჩვენ ვიცოდით, რომ თევზი მეორე დღემდე ვერ გაძლებდა, რადგან სიცხეში დიდხანს ვიარეთ და არც ის ვიცოდით, იმ კეთილ მამებს თევზი როდის ჰყავდათ დაჭერილი. მიუხედავად ამისა, ბერის სიტყვას დავემორჩილეთ. საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, თევზი გაფუჭდა და გადავაგდეთ. პროგრამის დაცვის საქმეში ბერი ისეთი შეუვალი იყო, რომ ასეთ დროს არც შრომას დაგიდევდათ და არც იმას, რომ ასეთი გემრიელი საჭმელი უნდა გაფუჭებულიყო’’[7].

ამ მაგალითით ბერ იოსებს თავისი მოწაფეებისთვის სურდა ესწავლებინა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მონაზვნისთვის, განსაკუთრებით კი დაყუდებულისთვის, პროგრამის დაცვას. მოგვიანებით, უკვე ვატოპედის მონასტერში, ერთ-ერთმა ძმამ მოძღვარს ჰკითხა: ,,მამაო, შინაგანად არ გამწყრალხართ, როდესაც ბერის სიტყვა მოისმინეთ და მიხვდით, რომ თქვენი ამდენი შრომა წყალში იყრებოდა, ხოლო თევზს გადააგდებდით?’’. მოძღვარმა მიუგო: ,,სადაც სიმდაბლეა, იქ შეპასუხებისთვის                      ადგილი არ რჩება’’.

ერთხელ მამა სოფრონმა ასეთი კითხვა დაუსვა თავის მოძღვარს: ,,მამაო, ვიცი, რომ ბუნებით მკაცრი არ ხარ. პირიქით, ადამიანები ძალიან გებრალება. მაშინ რატომ იჩენ ასეთ სიმკაცრეს პროგრამის დაცვის საკითხში, ეს ხომ ბევრს აბრკოლებს?’’. მან გაიღიმა და მიუგო: ,,გამოცდილებამ მიჩვენა, რომ, თუ ასე არ მოვიქცევი, ვერ გავაგრძელებ იმას, რისკენაც ღმერთმა მომიწოდა. მოციქული პავლე ამბობს: ,,რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკეთუ უნებლიეთ, სამნოჲ  (მეურნეობა) რწმუნებულ არს ჩემდა’’[8]. ამას გვეუბნებოდა კურთხეული ბერი, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, თუ რას ნიშნავს შრომა და დაღლა. მას სწამდა, რომ მდუმარებისადმი მისი სწრაფვა იყო არა შემთხვევითი, არამედ საღმრთო მოწოდების საქმე’’[9].

წმინდა იოსებ ისიქასტი ამბობდა: ,,ადამიანების მოთხოვნა, რომ ყველას შეუზღუდავად გავუღოთ კარი, მამებისგან მოცემული და დადგენილი საზოგადო წესია. ამას, ღმერთის მადლით, წმინდა მთაზე მრავალი აღასრულებს, მსურველს ყველგან მიიღებენ, კარს გაუღებენ და უმასპინძლებენ. მაგრამ ჩვენ მსახურება და მოვალეობა გვეკისრება. ჩვენ ღმერთს მდუმარებით უნდა ვემსახუროთ. ეს არც ყველასთვის გასაგებია და არც ყველასთვის ხელმისაწვდომია. წმინდა გრიგოლ პალამა ათონზე ყოფნის დროს მდუმარებით ცხოვრობდა. ის ხალხს გაურბოდა, იმალებოდა, მღვიმეებს თხრიდა – განმარტოებას ყველანაირად ეძებდა. ვის იღებდა მაშინ და ვის ხვდებოდა?! აქედან აშკარად ჩანს, რომ პროგრამის დაცვა სულიერი წინსვლის უმთავრესი ფაქტორია. ეს იყო მიზანი იმ კანონებისა და მცნებებისა, რომლებიც უძველესი დროიდან მოგვეცა ღმრთისგან და ადამიანებისგან. ადამიანის ბუნების რღვევა, რაც პირველმშობლების დაცემას მოჰყვა, დარღვეული ფსიქოსომატური ძალების[10] გასაწონასწორებლად მოითხოვდა კანონის დაწესებას’’[11] .

მ. სოფრონმა უთხრა მოძღვარს: ,,მამაო, მნახველებს კარს, რომ არ ვუღებთ, ბრკოლდებიან”. ბერმა მიუგო: ,,ასე თუ არ მოვიქცევით, მდუმარებას ვერასდროს შევძლებთ. ადამიანების მოთხოვნებს ბოლო არ ექნება. წავიდა ის დრო, როდესაც მონაზვნების განმარტოებას პატივს სცემდნენ. ახლა ჩვენ თვითონ თუ ცოტა სიმკაცრე არ გამოვიჩინეთ, არც მშვიდობა, არც მდუმარება და არც მათგან გამომდინარე ნაყოფები გვექმნება ოდესმე. სტუმრებმა ის დრო იკმარონ, რომელიც ხალხის მიღებისთვის არის გამოყოფილი. ვისაც ნამდვილად სჭირდება, იმ საათებში მოვა”.            მ. სოფრონი შეეპასუხა: ,,ამის გამო აუგად მოგვიხსენებენ”. ბერმა მიუგო: ,,ნუ გეშინია. ვინც ასე იქცევა, მისთვის განკითხვა ჩვეულებრივი საქმეა. ასეთ კაცს ვერაფრით ასიამოვნებ: რაღაც მიზეზს მაინც გიპოვის. ჯერ ერთი, ვინ მისცა ადამიანს უფლება, სხვა განიკითხოს? მაშასადამე, განკითხვას გარეგნული მიზეზი კი არა, ცუდი შინაგანი განწყობა ბადებს. ნუთუ შესაძლებელია ყველა ადამიანის სურვილი დავაკმაყოფილოთ? სამაგიეროდ, შეგვიძლია, სათნოვეყოთ ღმერთს და ის ოდესმე აუწყებს ადამიანებს, თუ რა არის ჩვენი საქციელის ნამდვილი მოტივი’’[12].

დიდი ბერი განაგრძობდა: ,,გარდა იმისა, რომ წმინდა მამებმა მდუმარების შესახებ ბევრი რამ დაწერეს, ჩემი მცირე გამოცდილებიდან ვხედავ, რომ ის არის უცოდველობის ძირი და საკუთარი თავის შემეცნების საშუალება. საკუთარი მაგალითით იმსჯელეთ: სანამ აქ მოხვიდოდით, ადამიანთა შორის ცხოვრობდით და ერში მოღვაწეობით უფლისთვის სათნოყოფას ცდილობდით. მაგრამ, ნახეთ რა იმ ცხოვრების შედეგი, ამჯობინეთ, აქ მოსულიყავით და ეს ცხოვრება გამოგეცადათ’’[13].

მ. სოფრონმა სტავროვუნის მონასტერში შრომისმოყვარეობა და მორჩილება ისწავლა, წმინდა იოსებთან ცხოვრებისას კი უფრო ღრმად ჩასწვდა სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს: ლოცვას, გონებისა და მკაცრი ასკეტური  პროგრამის დაცვას ვიდრე სიკვდილამდე. მოძღვარი გვეუბნებოდა: ,,ბერ იოსებს შეცდომილს, ექსცენტრულსა და კიდევ სხვა მსგავსს უწოდებდნენ ისინი, ვისაც სწორი სულიერი ხედვა არ გააჩნდა’’.     

პროგრამის დაცვის კიდევ ერთი, უფრო ღრმა მიზეზი ის იყო, რომ ღირს იოსებს სურდა, მას და მის ძმებს მოუკლებლად ელოცათ. ,,ამ საქმისთვის ყველანაირად აღგვძრავდა. სურდა, ჩვენს ცნობიერებაში დამკვიდრებულიყო აზრი, რომ ყველა ჩვენი ფიქრი და საქმიანობა ღმერთის ხსოვნას უნდა დავუკავშიროთ’’. ამას გვასწავლიდა და დასძენდა, რომ ღმერთის ნამდვილ მონებს არასდროს აქვთ საკუთარი ნება-სურვილი ან აზრი, არამედ ყველა მათი მოქმედება ღმერთის ნებაზეა დამოკიდებული. ,,ხშირად ბერს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის გარკვეულ მომენტებს ვუხსნიდით და როცა არჩევანის წინაშე ვდგებოდით, ვეკითხებოდით, როგორ მოვქცეულიყავით, ან ვეუბნებოდით, რომ ესა და ეს საქმე მხოლოდ ამა და ამ სახით შეიძლება გაკეთებულიყო. ბერი პასუხს ისე არ გვეტყოდა, თუ მანამდე არ ილოცებდა. გვპასუხობდა მხოლოდ ლოცვისა და შინაგანი უწყების შემდეგ’’[14]

ჩვენმა მოძღვარმა წმინდა იოსებ ისიქასტის მორჩილებაში თორმეტი წელი იცხოვრა. მთელი ეს წლები დუმილსა და საგრძნობლების დაცვას პრაქტიკული მაგალითებით სწავლობდა. მათ სამყოფელში ნებისმიერი საუბარი იკრძალებოდა, საქმეში ყველაზე აუცილებლის გარდა. ამგვარი მოღვაწეობა ზენიტს მარხვაში აღწევდა, განსაკუთრებით კი – დიდმარხვაში, როდესაც, შაბათ-კვირის გარდა, სრულიად დუმდნენ, ხოლო თუ რამის თქმა იყო საჭირო, ხელებით ანიშნებდნენ ერთმანეთს.

დიდი ბერი ძალიან მკაცრი იყო არა თავისი მორჩილების, არამედ მათი ვნებების მიმართ. როგორც ,,მწყემსი კეთილი’’, ყველანაირად ცდილობდა, ისინი ვნებებისგან განეკურნა. ზოგჯერ ისეთ მეთოდებსაც იყენებდა, რომლებიც დღესდღეობით კაცს უკიდურესობადაც შეიძლება მოეჩვენოს. მაგრამ ვნებები სახუმარო რამ არაა. წმინდა ბერი მათ ,,ურალის მთებს’’ უწოდებდა, ადამიანის ნებას კი – ადამიანსა და ღმერთს შორის აღმართულ ,,ფოლადის კედელს’’. ეს მთები და ეს კედელი ფერება-ფერებით არ ირღვევა, არამედ საჭიროა მკაცრი ასკეზა და ეპიტემიები. როდესაც დიდი ბერი ხვდებოდა, რომ მორჩილებს სულიერი წინსვლა და გაწვრთნა სურდათ, და მათში შესაფერის ძალასაც ხედავდა, ზოგჯერ სილასაც გააწნავდა ხოლმე.


[1] კვირადღის ცისკრის ანტიფონი, ხმა მეექვსე.

[2] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი“ (ბერძნული გამოცემა).

[3] იქვე.

[4] შეუჩერებლად.

[5] ატლანტი (ბერძ.ατλας) – მითოლოგიური გიგანტი, რომელსაც მხრებით ზეციური კამარა უჭირავს.

[6] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი“ ( ბერძნული გამოცემა).

[7]  იქვე

[8]  1 კორ. 9,17.

[9]  წიგნიდან ,,ბერი იოსებ ისიქასტი’’ (ბერძნული გამოცემა).

[10]   ბერძ. ψυχοσωματικές δυνάμεις - სულისა და სხეულის ძალები

[11]   წიგნიდან ,,ბერი იოსებ ისიქასტი’’ (ბერძნული გამოცემა).

[12]   წიგნიდან ,,საღმრთო მადლის გამოცდილება’’ (ბერძნული გამოცემა).

[13]   იქვე.

[14]  სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წ.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: საკურთხეველი წმინდა ანას მცირე სკიტის სამლოცველოში, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •