ნეა სკიტი

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

თავგანწირვა

მიუხედავად ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისა, სხვებს საკუთარი სურვილით, სრული თავგანწირვით ემსახურებოდა. თავის ძვირფას დროს უშურველად გასცემდა და მადლიერებას არავისგან ელოდა. ის წერდა: „ერთი მოხუცი მონაზონი შევიკედლე. უკანასკნელ დღეებს ითვლის და არავინ ჰყავს, რომ მიხედოს. დიდ ყურადღებას ითხოვს, რადგან ხასიათითაც მომთხოვნია“[1]. გარდა ამისა, ბერი საათობით ცრემლით ლოცულობდა ავადმყოფების, გაჭირვებულების და სხვადასხვა განსაცდელში მყოფთათვის. მათთვისაც კი, ვინც მას ცილს სწამებდა და სდევნიდა ცხოვრების განმავლობაში. ყველას თანაუგრძნობდა, ყველა ეცოდებოდა.

მამა იოსები ცდილობდა ქრისტეს მცნებების აღსრულების შედეგად სიყვარულით იყო მოცული. თუ რომელიმე მოღვაწეს მომვლელი არ ჰყავდა, მსახურივით უვლიდა: საჭმელს უმზადებდა, ურეცხავდა, ულაგებდა, საჭირო სანოვაგესა და ნივთებს უზიდავდა. არ ტოვებდა მანამ, სანამ არ გამოჯანმრთელდებოდა. მისი თავგანწირვა მუდმივი იყო. მხოლოდ მარტოხელა, გაჭირვებული და უმწეო ბერების მოვლა-პატრონობით არ კმაყოფილდებოდა. ასეთივე მოშურნეობით ზრუნავდა სკიტის მამების საერთო საჭიროებებზეც: სკიტის კირიაკონის აღსადგენად საჭირო თანხის შეგროვებაზე, წისქვილისა და ზეთის გამოსახდელის მოწყობაზე, რათა მამებს ერში გასვლა არ დასჭირვებოდათ; სარწყავი სისტემის შექმნაზე, რათა ელემენტარული ხილ-ბოსტნეული მოეყვანათ; ნავსადგურზე მომლოცველებისათვის თავშესაფრის გაკეთებაზე, რომ მზისა და წვიმის  ქვეშ არ მდგარიყვნენ; დაქცევის პირას მყოფი სკიტის ძველი კოშკის გამყარებაზე და ა. შ. იქაური მამების მიერ უფლებამოსილი მრავალჯერ ჩავიდა ათენში, რათა შესაბამის სამინისტროებში დახმარება ეთხოვა. სამწუხაროდ, გული ძალიან დასწყვიტა მათმა გულგრილობამ.

განსაკუთრებული სიყვარულით ეპყრობოდა თავის სულიერ ძმებს. სანამ დიდი ბერი ცოცხალი იყო, სწორედ მას ავალებდა საძმოს ყოველგვარ სამუშაოს, რომელიც მონასტრიდან გასვლას მოითხოვდა. მამა იოსები ცდილობდა  ყველანაირად შეეწყო ხელი ძმებისთვის, რომ მათ კრებულებს უზრუნველად გაეგრძელებინათ მდუმარების ის პროგრამა, რაც ბერ იოსებისაგან ესწავლათ.

ათენის სულიერი გარემო

ოპერაციის გამო დედაქალაქში ყოფნისას ის თავისი სათნოებებით და სულიერი ცოდნით, ყველაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. ცხოვრობდა ბიზნესმენ პანაგი და კატინგო პატერას სახლში. მათი ქალიშვილი ირინე, როგორც ითქვა, მძიმედ იყო დაავადებული. სახლში სულიერი ატმოსფერო სუფევდა. ეს თვითონ წყვილისა და თანამედროვე ღმრთისმეტყველის, მ. იოანე რომანიდისის დამსახურება იყო, რომელმაც ქალბატონი კატინგო  1954-55 წლებში გაიცნო. იმხანად ის დროებით ნიუ იორკში ცხოვრობდა და როდესაც იქაურ მთავარეპისკოპოს მიქაელს სთხოვა, აღსარებისთვის სულიერი მოძღვარი მიეთითებინა, არქიეპისკოპოსმა დაუყონებლივ მ. იოანეზე მიუთითა, თანაც დასძინა: „მისმა პატარა ასაკმა არ მოგატყუოს. ძალიან კარგი და დიდად სულიერი ადამიანია“. 1956 წელს, როდესაც მამა იოანე ათენში იმყოფებოდა, კატინგოს სახლში ცხოვრობდა.

სწორედ მისი მეშვეობით გახდა პატერას ოჯახისათვის ცნობილი მ. პანტელეიმონი და წმინდა იოსებ ისიქასტის საძმოს სულიერება. თავის ერთ-ერთ წერილში მამა იოანე წერდა: „1958 წლის 27 დეკემბერი, მასაჩუსეტსი. ახლა მონაზონი პანტელეიმონი მყავს ნუგეშად. სულ იმაზე ვლაპარაკობთ, თუ როგორ შეიძლება ამერიკაში მონაზვნობა მოეწყოს. ათონელი გონებაგახსნილი ახალგაზრდაა. მისი მოძღვარი ვინმე ბერი იოსებია, რომელსაც საუკეთესო მორჩილები ჰყავს და ალბათ, გონებისმიერი ლოცვის საუკეთესო მოღვაწეცაა. მის წერილებს ერთად ვკითხულობთ. სიტყვები არ მყოფნის, რომ გადმოგცეთ… მისი მოწაფეებიც საუკეთესოები არიან. თუ აქ მონასტერი დაარსდა, ერთ-ერთი მათგანი შეიძლება ჩამოვიდეს და [სწორი სულიერი] საფუძველი ჩუყაროს“[2].

პატერას ოჯახი ძალიან მოხარული იყო მამა იოსების გაცნობისა, რომელთანაც ურთიერთობა მომავალშიც  შეინარჩუნეს. მაშინ მათ ერთი ფაქიზი, მაგრამ არსებითი ოჯახური პრობლემა ადარდებდათ, რომელიც ბერის გონივრული რჩევითა და ლოცვით გადაიჭრა. ქალბატონ კატინგოს მეუღლეს, შემდგომში მონაზონ ქსენოფონტეს, ჰოჯკინსის ლიმფომა ჰქონდა. მათი პატარა და ღმრთისმოშიში ასული ირინე, ხედავდა რა მამის ტანჯვას, ბავშვურად განიცდიდა. ცდილობდა, მისი ღელვა არავის შეემჩნია.  ამგვარად, ერთხელაც თანაგრძნობით სავსემ დაიჩოქა და მთელი  გულით ილოცა, რომ მამის ავადმყოფობა მას გადასცემოდა. ეს თავგანწირული და წრფელი ლოცვა ზეციერმა მამამ შეისმინა და  მართლაც, 15 დღეში მაღალი სიცხით ლოგინად ჩავარდა. ეს 1955 ან 1956 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა. პატარა ირინე დედას ეკითხებოდა: „მამიკოს სნეულება ხომ არ მჭირს?“ დედა უწყრებოდა: „რას ამბობ, არც კი იფიქრო ამაზე“. ეგონათ, მალე გაუვლიდა, რადგან მანამდე ჯანმრთელობის პრობლემა არასდროს ჰქონია.

ერთხელ ირინე საავადმყოფოში სკოლის დირექტორმა მოინახულა. მშობლებმა მას მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ თავისი მოსვლით პატივი დასდო, მან კი მიუგო: „ მე მივაგე პატივი ირინეს, თუ ირინემ მიაგო პატივი ჩვენს სკოლას?“ – იმდენად აშკარა იყო გოგონას სათნოებები. თავიდან საკმაოდ გაწვალდა, რადგან დიაგნოზი არასწორად დაუსვეს. საბოლოოდ, ორმოცი დღის შემდეგ, შვეიცარიაში გადაიყვანეს. იქაური ექიმი გაოცდა: მართლაც, მამამისის დაავადება, ჰოჯკინსი ჰქონდა; ეს ძალიან უჩვეულო რამ იყო. ირინეს გული დასწყდა, რომ ეს მაშინვე არ უთხრეს, რათა დროულად მომზადებულიყო. დედას არაფერი შესჩივლა. მხოლოდ დას გაანდო თავისი ფარული ლოცვის საიდუმლო. დიაგნოზი შეიტყო თუ არა, სიკვდილზე ისე ალაპარაკდა, თითქოს საქორწინო მოგზაურობა ელოდა.

სანამ ირინე სნეულებას ებრძოდა, მამამისს ტკივილები შეუჩერდა და საბოლოოდ მკურნალობა საერთოდ შეწყვიტა. ირინეს კი სულიერად უხაროდა, რომ ღმერთმა ღირსი გახადა სიყვარულის მცნებისთვის ეტანჯა. განკურნება შეუძლებელი იყო, ხოლო ტკივილები – აუტანელი. ოჯახის წევრებს, იცოდნენ რა, რომ მალე გავიდოდა წუთისოფლიდან, სურდათ მონაზვნად აღკვეცილიყო. ჩვენი მოძღვარი ბავშვის სულიერ მდგომარეობას თვალს ადევნებდა და მძიმე ჯვრის ტვირთვაში ეხმარებოდა. გოგონა ის-ის იყო 21 წლის გამხდარიყო. მონაზვნად აღკვეცა მხოლოდ იმიტომ არ უნდოდა, რომ ავადმყოფობის გამო მონაზვნური კანონის შესრულებას ვერ შეძლებდა. ბერმა აუხსნა, რომ ტკივილების მოთმენა კანონის შესრულებად ჩაეთვლებოდა, მაგრამ ქალიშვილი ვერ დაარწმუნა. მაშინ, ჩვეული თავგანწირვის სულით, ბერი შეჰპირდა, რომ მონაზვნურ კანონს თავად შეასრულებდა. თანაც დასძინა, ბერ არსენისა და სხვა სულიერ ძმებს ვთხოვ, ილოცონ შენთვისო. ამ პირობაზე ირინე დათანხმდა და, მშობლებისა და ყველას გასახარად, მონაზვნად აღიკვეცა, სახელით ირინე-მირტიდიოტისა”[3]. მონაზვნური აღკვეცის მსახურება ღირსმა ბერმა ფილოთე ზერვაკოსმა შეასრულა. ჩვენი მოძღვარი კი, თავის კანონთან ერთად, ირინეს მიცვალებამდე მის მონაზვნურ კანონსაც ასრულებდა.

გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩვენმა ბერმა მას წერილი მისწერა:  „ჩემო საყვარელო დაო, უფლის მადლი იყოს შენთან. აი, ღვთის შეწევნით მშვიდობიანად დავბრუნდი ჩემს სულიერ ძმებთან და უკვე აქედან გადმოგცემ დიდ მადლობასა და ქრისტესმიერ მოკითხვას. ჩემი საყვარელი დის მიმართ დადებულ პირობებს არ ვივიწყებ, და ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, ჩემს საყვარელ სულიერ ძმებს შენ შესახებ ვაუწყე. სულიერად ყველამ ერთად გავიხარეთ. მოისმინეს რა ძმებმა, ჯვარი დაუმძიმდაო, ჩემო საყვარელო დაო, დუმილითა და ლმობიერებით ილოცეს, და მუდამ გულის სიღრმიდან ლოცულობენ, რომ რაც შეიძლება მალე შეგიმსუბუქდეს მდგომარეობა და სულიერი სარგებელიც მიიღო. ხოლო შეიტყვეს რა შენი ქორწილის[4]  შესახებ შენს ეკალგვირგვინოსან და ჯვარცმულ სიძესთან, ყველამ სულიერად გაიხარა.

სხვა რა შეიძლებოდა გვეთქვა, თუ არა: „კურთხეულ არს უფალი სიონით, რომელი დამკვიდრებულ არს იერუსალიმს“[5], რამეთუ ყოველ დროში, ყველგან, ყველა თაობაში რჩეულ სულებს გამოირჩევს და მათ თავისი მხოლოდშობილი ძის ქორწილში მოუწოდებს! ეჰა, სიღრმე ჩვენი ქრისტე მაცხოვრის მადლის სიმდიდრისა და სიბრძნისა! აშკარად გვაუწყებს და გვანუგეშებს, რომ ჩვენთან ერთად არის და იქნება, რადგან წინასწარვე ასე გადაწყვიტა და გამოგვირჩია ჩვენ, უძლურნი და შეურაცხნი, და ბეჩავნი და სულელნი და ყოველი უბადრუკებით აღსავსენი, რათა  საკუთარი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ეჩვენებინა. მართლაც, ჭეშმარიტად მისია დიდება უკუნისამდე. ამინ. და თუმცა ჩვენ არ ვუწყით, თუ რამდენად მძიმეა სინამდვილეში შენი  ჯვარი და ამგვარად შვებით ვფილოსოფოსობთ, არც ის გვავიწყდება, რომ ცათა სასუფეველში შენ გაგვიძღვები წინ.

ჰო, ჩემო საყვარელო დაო, შურის გარეშე, სრულიად დარწმუნებულები, მრავალმხრივ უწყებულნი, თამამად ვამბობთ, რომ თქვენი გამოხსნა მოახლოვდა და ამიტომ მხნედ აღმართეთ თქვენი გონება და მიაპყარით მზერა იმას, რაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მოყვარულთათვისაა გამზადებული ჯერ კიდევ სამყაროს შექმნამდე. როდესაც დიდი პავლე აღიტაცა ზეცად და ეს ყველაფერი იხილა, სურდა ჩვენთვისაც გადმოეცა, თუ რა ნახა და რა გაიგონა, მაგრამ ვერ შეძლო. მხოლოდ ამის თქმას დასჯერდა: თვალს არ უხილავს, ყურს არ გაუგია და ადამიანის გულში არ გაუვლია იმას, რაც გაუმზადა უფალმა თავის მოყვარეებსო“[6]. წმინდა მამები ამბობენ, რომ, როგორც ღამეს დღე ენაცვლება და ზამთარს გაზაფხული, ხოლო ქარიშხალს სიწყნარე, ასევე ჭირს შვება მოსდევს.

ჩემო საყვარელო დაო, გაიხსენე ხოლმე ის, ვინც დედის მუცლიდან გამოგვირჩია და განწმენდილთა ხვედრი გვარგუნა; ის, ვინც წმინდანთა და თავის მეგობართა თანამკვიდრი გაგვხადა; ის, ვინც ჯვარითა და სიკვდილით გაგვიხსნა სამოთხის კარი. მაშინ ნუგეში მიეცემა შენს სულს და მძიმე ჯვრის ტვირთვაში შეგეწევა. ისიც გაიხსენე, რომ, ვიდრე გაისმება სიხარულის მაუწყებელი საგალობელი „აღდგომისა დღე არს”[7], ისმის სამგლოვიარო სიტყვები: „დღეს დამოეკიდების ძელსა, რომელმან დაჰკიდა ქუეყანა წყალთა ზედა“[8]. მაგრამ მალევე დავინახეთ, რომ, განიცადა რა ჯვარზე სიკვდილი ანგელოზებთან შედარებით დამცირებულმა იესომ”[9], როგორც დიდმა მღვდელმთავარმა, ზეცა განვლო[10] და მთელ სამყაროს განუცხადა, რომ მიეცა მას ყოველი ხელმწიფება ზეცასა და ქვეყანაზე[11].

საკმარისი არ იქნება, საყვარელო დაო, არც დრო და არც ჩემი არარაობა იმისთვის, რომ ჯვრის მიღმა დამალული დიდებულება აღიწეროს. მიუხედავად იმისა, რომ ახლა მხოლოდ ტკივილს ითმენ, როგორც ვთქვი, შენ გაგვიძღვები შენი საყვარელი სიძის, იესოს სასუფეველში. ამას ვნატრობთ და ამას გისურვებთ, ეს გაგვახარებს, ამით ვიამაყებთ – როდესაც შენს ქრისტესმიერ წინსვლას ვიხილავთ და გულდაჯერებულები ვიქნებით, რომ საწადელი აგვისრულდება.

ჩემს მოკრძალებულ წერილს თან თითოეული ჩვენი ძმის მოწიწებას, სიყვარულს, დალოცვასა და ყოველგვარ კურთხევას დავურთავ. სხეულით შორს, სულით კი ჩვენს საყვარელ დასთან ერთად ვიზეიმებთ იმ საჩინო დღესა და დღესასწაულს. ხოლო რაც შეეხება ჩემს უკანასკნელ დანაპირებს (რაც არც კაცთმოთნეობით, არც დროებითი ნუგეშის მიზნით მითქვამს), ძმები დამეთანხმნენ და ყველანი მზად ვართ, ჩვენი ჭეშმარიტი დის კანონი შევასრულოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის გამო არ ხარ ვალდებული გქონდეს ფორმალური კანონი. შენი სურვილისაებრ ამას საიდუმლოდ შევინახავთ. როგორც შენ გინდა, ისე გავაკეთებთ. მოგვიანებით კიდევ მოგწერ“[12].

13/26 ნოემბერს გამთენიისას მონაზონმა ირინე-მირტიდიოტისამ სხეულიდან გასვლისთვის მზადება დაიწყო. ამის  შესახებ მას წინასწარ ეუწყა. სახე ალაბასტრივით უბრწყინავდა. გეგონებოდა, შიგნიდან რაღაც ნათელი აშუქებდა. შაბათ დილით ქრისტეს სასძლო მშვიდობით მიიცვალა. მას სახეზე აღდგომის სიხარული აღბეჭდვოდა. როდესაც წესს უგებდნენ, ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა: „მიცვალებულის მსახურება იგალობება თუ სააღდგომო?” როდესაც მოგვიანებით მისი საფლავი გაიხსნა”[13], ყველამ ძლიერი კეთილსურნელება იგრძნო, ხოლო სხეული უხრწნელი აღმოჩნდა. ბერი ფილოთე ზერვაკოსი ერთ-ერთ გაზეთში წერდა: „ირინე-მირტიდიოტისას სხეული დაუსაფლავებელი არ დარჩენილა, არამედ ისევე, როგორც ყველა ნეშტი, ისიც მიწას მიაბარეს. მე, მღვდელმა და მისმა სულიერმა მოძღვარმა, დავფალი იგი მისი ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების თანდასწრებით… სამი წლის შემდეგ საფლავი გავხსენით და აი, ღმერთმა, რომელიც თავის წმინდანებს ადიდებს, მისი სხეული უხრწნელად დაიცვა“.

როდესაც ჩვენმა მოძღვარმა შეიტყო, რომ მონაზონი ირინე გარდაცვლილიყო, სოლომონის სიტყვები გაიმეორა: „აღესრულა მცირედთა დღეთა და აღავსნა ჟამნი მრავალნი გრძელნი“[14]. მოგვიანებით კი თავის ბრალობით ამას წერდა: „მრავალი შრომით შეიძინება, ჩემო ძმაო, ყოველი სიკეთე. რა მეშველება მე უბადრუკს, რომელიც ძილს ვარ მიცემული და მხოლოდ სხვების სწავლებით ვარ დაკავებული? ხედავ, რომ ირინემ სასუფეველი მოწამეობრივი ღვაწლით დაიმკვიდრა?!“[15].

ამ დროისთვის ჩვენი მოძღვარი სულიერ ადამიანთა წრეებში უკვე ცნობილი გახდა. ათენში ყოფნისას ხშირად ხვდებოდა ხოლმე სახელოვან და განათლებულ ხატმწერ ფოტი კონტოგლუს[16] , ღმრთისმეტყველ მ. იოანე რომანიდისს და სხვებს. პატერასების მორწმუნე და შეძლებული ოჯახი სულიერი სარგებლის მისაღებად სახლში ხშირად იწვევდა მთაწმინდელ მამებს და სხვა სულიერ მოძღვრებს, მამა იოანე წერდა: „მათი სახლი კინობიასავით იყო, კოლივადური[17] ოაზისი ამაო ფუფუნებისა და ფუჭი არისტოკრატიის შუაგულში“[18].

ჩვენი მოძღვარი 1963 წელს ათენიდან წერდა: „გუშინწინ, პარასკევს ნეა მაკრიში[19] ვიყავით, წმინდა პარასკევას დედათა მონასტერში. წირვის შემდეგ ბატონ კონტოგლუს სიძეს მირონი სცხეს, რადგან მანამდე ლათინთა სარწმუნოების მიმდევარი იყო[20]. დიდი სიხარულით მოვილოცეთ ახლად გამოჩინებული ღირსმოწამე ეფრემის[21] წმინდა ნაწილებიც. (კონტოგლუს საქმე ჯერ გაურკვეველია. თუმცა თავიდან ვერ შეძლეს, მაგრამ ახლა, ვფიქრობ, თავიდან მონათლავენ, რადგან მეც და მამა ფილოთე ზერვაკოსმაც ასე ვურჩიეთ)“[22].

აგრეთვე დიდი ინტერესით აკვირდებოდა ბერი იმ სათნოებებით შემკულ მამათა ცხოვრებას, რომლებიც მის მსგავსად ცდილობდნენ მამებისეული სულიერი გამოცდილების სხვებისთვის გადაცემას. იმ პერიოდში ათონური სულიერი ტრადიცია დავიწყებას მისცემოდა, ზოგიერთი მთაწმინდელის დამსახურებით კი თანდათან აღორძინებას იწყებდა. ასეთები იყვნენ წმინდა იოსებ ისიქასტი  და მისი მოწაფეები: ღირსი ეფრემ კატუნაკელი, უმცროსი ბერი ეფრემი(არიზონელი), ბერი ხარლამპი, ბერი სოფრონი(სახაროვი), ბერი თეოკლიტე დიონისელი და სხვანი. ბერი წერდა : „ბატონ პაპადიმიტრიუსგან წერილი მივიღე, სადაც იმასაც ახსენებს, რომ მ. თეოკლიტე ხალხთან საუბრობს და ყველა აღფრთოვანებულია მისით. განსაკუთრებით დიდმარხვის პირველ კვირას (მართლმადიდებლობის ზეიმზე)წარმოუთქვამს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მართლმადიდებლობის შესახებ. ახლა წმინდა გრიგოლ პალამას შესახებ აპირებს წიგნის გამოცემას და მგონია, ამიტომ შეყოვნდა ათენში“[23].

პატერას ოჯახმა, ჩვენი მოძღვრის შუამდგომლობით, ნეა სკიტის კირიაკონის შესაკეთებლად შესაწირი გაიღო. ბერმა ეს შესაძლებლობა იმისთვის გამოიყენა, რომ თავის სულიერ ძმებს დახმარებოდა. წერდა: „შევატყობინე რა სკიტის მამებს ეს სასიხარულო ამბავი, ვთხოვე, მადლობის მაგივრად ჩემი ძმებისთვის მუდმივი წყარო მიეცათ და თავისი სულიერი პროგრამის შესრულებაში ხელი არ შეეშალათ. პირობა მომცეს“[24]. საკუთარი თავისთვის არასდროს არაფერი უთხოვია. სიმდაბლით სულ ამას ამბობდა:  „როდესაც ღმერთმა მოგვიწოდა, რაც კი გაგვაჩნდა, მთელი ჩვენი შემართება და კეთილი განწყობა, მას მივუძღვენით. ეჰ, უმნიშვნელო ადამიანები ვართ, ვერანაირ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ღმერთმა იცის, რომ, რაც გვქონდა, ყველაფერი მივეცით. საწყალო იოსებ! არანაირი გარეგნული ღირსება არ გვაქვს. ვის რა ერგება ერთი ღარიბი მონაზვნისგან? მე მათი სიმდიდრიდან არაფერი მინდა… და აი, მოდის  მადლი და შინაგანად გვესმის: „ხედავ, რომ არაფერს არ ვივიწყებ?!“[25]. ხედავდა, რომ, მიუხედავად მისი უამრავი განსაცდელისა, ღმერთი მისდამი მუდმივ მზრუნველობას იჩენდა.

პირადი გარჯით, მთელი რიგი სირთულეების გადალახვის შემდეგ, სკიტის აკვედუკისთვის ფული შეაგროვა. წერდა: „სახელმწიფოს სამასი ათასი დრაქმის გრანტით ახლა სკიტის აკვედუკს ვაკეთებთ და ამგვარად წყალი გვექნება“[26]. სხვა წერილში იმავე თემაზე ამას წერს: „რადგან წყლის გასაყვანად სახელმწიფოს ფული საკმარისი არ იყო, იძულებულები გავხდით, ისევ გარეთ გავსულიყავით და სამინისტროებში გვეთხოვა, შუა გზაზე არ დავეტოვებინეთ. ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, ქალბატონი პატერაც უნდა მომენახულებინა, რადგან მიმოწერით ურთიერთობა უჭირდა. გავედით მე და მ. კირილე. ძალიან დავიღალეთ. ეს-ესაა დავბრუნდით, თოთხმეტდღიანი თავგადასავლების შემდეგ.

ოპერაცია ჯერ არ გამიკეთებია, რადგან დიეტა და რაღაც შინაურული წამლებით მდგომარეობა ცოტათი გამიუმჯობესდა. ექიმმა თქვა, ჯერჯერობით ოპერაცია  საჩქარო არ არისო. თუმცა მაინც დიდი ხარჯი გავწიეთ. სამინისტროებში სიარულში ცხრა დღე დავხარჯეთ და საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. მაგრამ სასიკეთო შედეგებს ველით. ქალბატონ პატერას ცოტა თვალები სტკიოდა და მითხრა, კარგია რომ მოხვედი და პირადად ვისაუბრეთ, რადგან ასეთი საკითხების გადაწყვეტა წერილებით უფრო ძნელიაო“[27].

ბერი საკუთარ თავზე და თავის სულიერ ნიჭებზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებდა. თუმცა ძმის სანუგეშოდ და სულიერად განსამტკიცებლად ამგვარ რამესაც წერს: „ის სირთულეები, რომლებსაც ამ საქმეში წააწყდი, ახლა კი არ დამინახავს – ჩვენს ძმებს ვეუბნებოდი, ტკივილსა და შრომას გამოივლის-მეთქი. ჩემი ეჭვები გამართლდა. მაგრამ რაც იყო, იყო, ახლა დახმარებაა საჭირო“[28]. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდა რა მოხდებოდა, თავდაჯერებული არასდროს ყოფილა. ამის გამო იყო, რომ იმავე წერილში წერდა: „ჩემთვის დაფარული არ არის, თუ რას და როგორ განიცდი – ყველაფერი წინასწარვე ვიხილე, მიუხედავად ჩემი უბადრუკებისა“[29]. მართალია, მისი ჯანმრთელობა სავალალო მდგომარეობაში იყო, მაგრამ წმინდა ეფრემ კატუნაკელთან მაინც წავიდა და მ. პანტელეიმონისთვის  ლოცვითი შემწეობა სთხოვა. ის წერდა:

„მამა ეფრემთან წერილის გადასაცემად მე თვითონ წავალ. ეს-ესაა ცოტა ფეხზე წამოვდექი მე საწყალობელი და შემიძლია იქამდე წავიდე. როდესაც ექიმისგან დავბრუნდი, ცუდად გავხდი. დიდმარხვა დაემთხვა და ამიტომ მდგომარეობა უფრო გამწვავდა. არ ვიცოდი აღდგომამდე გავძლებდი თუ არა. მაგრამ ახლა, ღმერთის მადლით, თითქოს უკეთ ვარ და შემიძლია მოვითმინო. მკაცრი დიეტა უნდა დავიცვა და სიფრთხილე გამოვიჩინო, რადგან მცირედითაც თუ დავარღვიე, შემდეგ ძალიან მაწუხებს ხოლმე. რა ვქნათ, ჩემო ძამიკო? ეს რომც მოგვშორდეს, განა სხვა არ მოვა? ამ წუთისოფელში სულ ასეთი განსაცდელები გველის. მთავარია ღმერთმა არ მიგვატოვოს“[30]

სხვაგან კი წერდა: „ჩემო დიდად საყვარელო ძამიკო, კვლავ სიყვარულით მოგიკითხავ. დღეს კატუნაკებში ვიყავი და ჩვენს ძმას, მამა ეფრემს შევხვდი. გადავეცი ის, რაც მას გამოუგზავნე. ჩემი იქ მისვლის მიზანი იყო, კარგად ამეხსნა შენი რთული მდგომარეობა, რათა ლოცვაში უფრო მეტად გაისარჯოს შენთვის, რადგან მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფები. ადრეც მითქვამს შენთვის, რომ მეც დიდად შემწევია მისი ლოცვები. ასეთი ძალა მხოლოდ ჩვენი კურთხეული მოძღვრის ლოცვებს ჰქონდა.

სხვა რითი დაგეხმარო? არაფრით შემიძლია გამოგადგე და ამიტომაც შევეცადე, ჯერ შენი თავი მისთვის გამეცნო. ახლა უკვე შემიძლია ვუამბო შენი თავგადასავლები. უკან დაწყნარებული და კმაყოფილი მოვბრუნდი, რადგან ვიცი, რომ ქრისტეს მიმართ შენთვის გულისტკივილითა და „საქებარი მოურიდებლობით“[31] ილოცებს. შენ ხომ ჩვენი საძმოს რჩეული და განუყოფელი ნაწილი ხარ. მგონია, ასეც უნდა მოვქცეულიყავი. შენმა სიყვარულმა მაიძულა… დაჟინებით ეძიე ღმერთის ნება, ნებისმიერი პირადი ინტერესი გვერდზე გადადე და ღმერთი არ მიგატოვებს. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ნელ-ნელა ვუძლურდები. ყველა ოპერაციისკენ მიბიძგებს, განსაკუთრებით – მამა ეფრემი. როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უნდა მივიღო“[32] .

თუმცა ბერს კეთილი განზრახვა  ჰქონდა, მაგრამ იმისთვის, რომ ოქროსავით გამობრძმედილიყო, სატანამ მის წინაღმდეგ შური აღძრა. ბერი წერდა:  „ცდილობენ საქმე ჩაგვიშალონ.  არ გვაცლიან, რომ აკვედუკი მოვაწყოთ, რათა მამებს წყალი ჰქონდეთ. ცხოვრებაში პირველად ვნახე შურის გამოვლინება  მთელი თავისი სიმძაფრით. კარგად უთქვამთ მამებს, შურმა უკეთესის არჩევა არ იცისო. დიდ სირთულეებს წავაწყდით. თუმცა შფოთი რამდენადმე ჩაწყნარდა და ფულიც შევთავაზეთ, რომ კირიაკონისთვის უძრავი ქონება იყიდონ, მაგრამ არ იღებენ, იმდენად გაასასტიკა ეშმაკმა… რა მექნა? წავედი და ისევ შევეხვეწე, მაგრამ უკან არ იხევენ“[33]. მაშინ სხვა მამებს დაელაპარაკნენ, რომელთაც საქმე ობიექტურად განსაჯეს და უძრავი ქონების შეძენა გადაწყდა: „ისევ გავალ[ათონს] გარეთ კირილესთან ერთად, ისიც დაამატებს თავის ფულს და ერთ ნაწილს ერთად ვიყიდით. ხოლო სანამ ის და მისი ძმა ცოცხლები არიან, შეძენილის ნახევარს ისინი აიღებენ და ნახევარს კირიაკონისთვის მოვიხმართ. ხოლო როდესაც გარდაიცვლებიან, მთელი ქონება კირიაკონს დარჩება… თუმცა ასეც მოხდა და საქმესაც შევუდექით, ძალიან დავიღალე და ხარჯებიც ბევრი მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი იმაზე არ ფიქრობენ, თუ რამდენი ვიწვალეთ. მართლაც, ჩემო ძმაო, საქმით ვიხილეთ, რომ როდესაც კაცი რამეს ღმერთისთვის აკეთებს და არა თავისი თავისთვის, განსაცდელს[34] პირისპირ შეეჩეხება. ამიტომაცაა რომ შენც განსაცდელები გაქვს, თანაც, უფრო დიდი, რადგან საქმე, რომელსაც აკეთებ, ბევრად უფრო დიდია. მოკლედ გწერ, რათა ყველაფრის თქმით იმედი არ გაგიცრუო“[35]

დიდი ბერი რომ გარდაიცვალა, ჩვენი მოძღვარი დაახლოებით ორმოცი წლის იყო, მათგან 25 წელი მონაზვნურად იღვაწა. თავისი სულიერი და ხორციელი სიწმინდის, გულმოდგინების, ასკეტური ღვაწლის და ფიზიკური შრომის წყალობით, ასეთი ღვთივსათნო ბერის გვერდით, თვითონაც ქრისტეს საიდუმლოთა მატარებელი გახდა. მხოლოდ სულიერი სიყვარულით სავსესა და ვნებებისგან თავისუფალ სულს შეეძლო ასეთი ღრმა სიმდაბლით ეთქვა შემდეგი სიტყვები: „იერემიამ, როდესაც ღმერთმა იგი ებრაელებთან საწინასწარმეტყველოდ გააგზავნა, ღმერთს უთხრა: შენი სახელით ამათ აღარასდროს დაველაპარაკებიო. ამის თქმა იყო, და თავის შიგნით შემწველი ცეცხლი იგრძნო. იძულებული გახდა, დამორჩილებოდა[36]. ასეთია სიყვარულისა და სულიერი ერთობის თვისება. ნუთუ ეს არ იცი და იძულებულს მხდი ეს მოგწერო? … მაგრამ ადამიანმა თავისით რომ ღმერთის ნება იპოვოს, ეს არა მარტო რთულია, არამედ, [წმინდა] მამების თანახმად, შეუძლებელიც. ხოლო მოყვასის რჩევითა და კითხვით ადამიანს ღმერთი გამოეცხადება(ნებას გამოუცხადებს)“[37].


[1] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1959 წლის 2/15 ნოემბერი.

[2] ცხონებული მ. იოანეს ეს აზრი და ოცნება საოცრად განხორციელდა: წმინდა იოსების მოწაფემ, ბერმა ეფრემმა აშშ-სა და კანადაში 19 მონასტერი ააშენა. ხოლო არიზონის შტატში არსებულ წმინდა ანტონის ცენტრალურ მონასტერში, სადაც იგი მიცვალებამდე მოღვაწეობდა, ღირსი იოსების წმინდა თავის ქალა ინახება.

[3] მირტიდიოტისა –  (ბერძ. Παναγία η Μυρτιδιώτισσα)  –  საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

[4] იგულისხმება მონაზვნად აღკვეცა.

[5] ფს. 134, 21.

[6] იხ. I კორ. 2,9.

[7] აღდგომის კანონის პირველი სიტყვები.

[8] დიდი პარასკევის დიდჟამნობის, მეცხრე ჟამის საგალობლის პირველი სიტყვები.

[9] იხ. ებრ.2,9.

[10] იხ. ებრ.4,14.

[11] იხ. მათ. 28,18.

[12] წერილი მონაზონ ირინე-მირტიდიოტისას, ნეა სკიტი, 1960 წლის 4/17 ოქტომბერი.

[13] საბერძნეთში საფლავების გახსნა მიღებულია. ჩვეულებრივ, გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ძვლებს წმენდენ და სპეციალურ საცავში გადააქვთ, ხოლო საფლავში სხვა ნეშტს ჩააბრძანებენ.

[14] სიბრძ. 4,13.

[15] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 20 იანვარი/2 თებერვალი.

[16] ფოტი კონტოგლუ-(1895-1965) ცნობილი ბერძენი ხელოვანი, მწერალი და ხატმწერი, ბიზანტიური ხატწერისაკენ დაბრუნების ერთ-ერთი მოთავე.

[17] კოლივადები – (Κολλυβάδες. Коллива́ды) – XVIII ს-ის საბერძნეთში წარჩინებული სულიერი მოღვაწეების (კორინთელი მიტროპოლიტი მაკარი, წმ. ნიკოდიმე მთაწმინდელი და სხვ.) მიერ წამოწყებული მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა წმინდა მამების ტრადიციის ზედმიწევნით აღდგენას საღმრთისმსახურო და ეკლესიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

[18] პატერას ოჯახის სახლი ათენის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რაიონში მდებარეობდა.

[19] დაბა სამხრეთ საბერძნეთში.

[20] ანუ კათოლიკე.

[21] ეწამა 1430 წელს. დროთა განმავლობაში მისი ხსენება დავიწყებას მიეცა. მეოცე საუკუნის შუა წლებში სასწაულებრივად  განაცხადა თავი. ძალიან ბევრ სასწაულს აღასრულებს. მის სასწაულებზე ოცზე მეტი წიგნია უკვე დაწერილი.

[22] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ათენი, 1963 წლის შობიდან ბრმის კვირა.

[23] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1963 წლის გრიგოლ პალამას კვირა.

[24] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 6/19 აპრილი.

[25] სიტყვა დროებით სატრაპეზოში, ვატოპედი, 1988 წლის 14/27 იანვარი

[26] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 6/19 აპრილი

[27] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 31 მაისი/13 ივნისი.

[28] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 13/26 აპრილი.

[29] იქვე.

[30] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 6/9 აპრილი

[31] ბერ იოსების გამოთქმა. „მოურიდებლობით“ – აქ: დაჟინებით, შეუპოვრად. „საქებარი“ – რადგან ღმერთისადმი ურყევ და ძლიერ რწმენას გულისხმობს.

[32] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 13/16 აპრილი.

[33] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 31 ივლისი/13 აგვისტო.

[34] განსაცდელი –  (ბერძ.Πειρασμός) აქ: ეშმაკი.

[35] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 4/17 ნოემბერი.

[36] იხ. იერ. 20,9.

[37] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1961 წლის 4/17 ნოემბერი


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com