shimonah iosif vatopedskiy

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეორე: მონაზვნური მოწოდება სტავროვუნის მონასტერში

თავის ბრალობა, შრომა, მორჩილება

პირველი მნიშვნელოვანი, დიდი და მაცხოვნებელი სულიერი გაკვეთილი, რომელიც მორჩილმა სოკრატემ იქაური სათნოებამოსილი მამების დარიგებებისა და წმინდა მემების წიგნების კითხვის შედეგად აითვისა, იყო თავის ბრალობა. იგია სინანულისა და თავმდაბლური აზროვნების დასაწყისი და დასასრული, რომელსაც ბოლო არ აქვს. ბერი გვასწავლიდა: “არასოდეს დაივიწყოთ თავის ბრალობა. განუწყვეტლად მომარჯვებული გქონდეთ. საკუთარი თავის ყვედრება ყველა ვნების პანაცეაა, [1]რამეთუ ამ დროს ადამიანი ხედავს რეალობას. ნელ-ნელა თავმდაბლური აზროვნება მისი მეორე ბუნება, მეორე “მე” ხდება, ეს კი, წმინდა მამების თანახმად, უვნებობის ტოლფასია. ადამიანები გარედან მხოლოდ ჩვენს თითო-ოროლა ნაკლს ხედავენ, ხოლო დანარჩენი მათი თვალთაგან დაფარულია. ხოლო ჩვენ კი, რადგან ყველა ჩვენი შეცდომა და ნაკლი კარგად მოგვეხსენება, ყველაფერში უნდა ვაყვედრიდით საკუთარ თავს. ამრიგად, როდესაც ვინმე შეურაცხგვყოფს იმ ერთი-ორი სისუსტისთვის, რომლებსაც ხედავს, ჩვენ აღარ შევძრწუნდებით, რადგან თავად უფრო მეტად და კიდევ უფრო უარესი სიტყვებით შევურაცხვყოფთ საკუთარ თავს.” კი მაგრამ, ის, რასაც მაბრალებს, არ გამიკეთებია” – იტყვის ვინმე.  კონკრეტულად ეს რაღაცა, შეიძლება, მართლაც არ დაგვიშავებია, მაგრამ სხვა დანარჩენს რას უშვრები? “რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და ცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოველსავე თანამდებ”[2]; ხოლო ჩვენ “ერთითა” კი არა, უმრავლესით ვცდებით. მაშასადამე, არ ვართ ყვედრების ღირსნი? თამამად შემიძლია გითხრათ, რომ თუ ახლა აქ ვზივარ და მონაზონი ვარ, ეს იმის დამსახურებითაა, რომ ბავშვობიდან ვისწავლე თავის ბრალობა. როდესაც მონაზვნურ გზას შევუდექი, თხუთმეტიოდე წლისა ვიყავი და სწორედ მაშინ ჩამივარდა ხელში წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის “უხილავი ბრძოლა” და “სულიერი სავარჯიშოები”, სადაც თავის ბრალობაზეა ლაპარაკი. დავიწყე ამ სათნოებებზე მუშაობა. ძალიან დამეხმარა. ერთხელ ზღვარსაც კი გადავედი: თავის ბრალობა იმდენად შევისისხლხორცე, რომ სასოწარკვეთილებასა და უმოქმედობაში ჩავვარდი, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად აქტიური ადამიანი ვიყავი. ჩემი თავი დავაჯერე იმაში, რომ წყლის დალევის ღირსიც კი არ ვიყავი… ფეხქვეშ ნიადაგი გამომეცალა. მაშინ მივხდი, რომ ნამეტანი მომივიდა და თავისთვის ცოტა უნდა შემემსუბუქებინა. უკან დავიხიე და ფეხზე წამოვდექი”[3].

თავის ბრალობა ბერისთვის პოზიტიური მდგომარეობა იყო. ის იმ სიყვარულის შედეგი იყო,  რომელსაც ადამიანი საკუთარი თავის “წმინდა სიძულვილამდე” მიჰყავს. მას ისე უყვარდა ქრისტე, რომ სურდა თავისი თავი “დაეპატარავებინა”, შეურაცხეყო, არაფრად ჩაეგდო. მოგვიანებით, უკვე ვატოპედში, როდესაც ერთმა მონაზონმა ჰკითხა: მამაო, თავის ბრალობის რა სიღრმემდე შეიძლება დავეშვათო, მიუგო: “შვილო, რა სიღრმემდეც არ უნდა დაეშვა, სიმართლე იქნება”[4]. საოცარია ბერის სიტყვა: არც ზღვარი და არც საზღვარი! ფაქტობრივად, თავის ბრალობა ღმერთის მიერ ბოძებული ნიჭია, არაა ადამიანური მიღწევა. საღმრთო მადლის გარეშე შეუძლებელია ვინმემ მიაღწიოს ამ მდგომარეობას,სიმდაბლის ამ უფსკრულს; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასოწარკვეთილებაში ჩაიძირება. გონება ჯოჯოხეთში გქონდეს და სასო არ წარიკვეთოო, – უთხრა უფალმა წმონდა სილუანე ათონელს. ეს სიტყვები ბერმა იოსებმა ცხოვრებაში განახორციელა და ამას ასწავლიდა თავის მოწაფეებს საკუთარი, პირადი გამოცდილებითა და მეთოდით.

joseph1
ბერის ფოტოსურათი პასპორტიდან (1946)

ჩვენს გასამხნევებლად ბერი თავისი მონასტრული ცხოვრების პირველ წლებს იხსენენდა ხოლმე: “დასაწყისში ბევრი რამ არ ვიცოდით. ერთხელ (არ მახსოვა, ანაფორის ლოცვა უკვე წამიკითხეს თუ არა), ერთი ასეთი ამბავი შემემთხვა: მონასტრის საძმოში ერთი ძმა გვყავდა, ჩემზე ალბათ ერთი წლით ადრე მისული, რომელსაც ეგონა, რომ “ჭკუა ყურებიდან გადმოსდიოდა”, თავისი თავდაჯერებულობის გამო სერიოზული ზიანი მიაყენა მონასტრის ქონებას – რაღაც დანადგარები აურ-დაურია და ბოლოს და ბოლოს, გააფუჭა. ვერც კი მიხვდა რა გააკეთა. მე კი გარედან შევამჩნიე და დავუძახე: ძმაო, ყურადღება მიაქციე დანადგარს, გაფუჭდა-მეთქი. მან კი, იმის მაგივრად, რომ შეცდომა გამოესწორებინა, ლანძღვა დამიწყო… ესღა მაკლდა – მაშინ ოცდაორი წლის ვაჟკაცი ვიყავი. შინაგანად გავბრაზდი: ერთს მოვცხებ-მეთქი, ვიფიქრე. მაგრამ მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს: “მოიცა! მამები ამას გვასწავლიან? იმხანად წმინდა ნიკოდიმეს “უხილავ ბრძოლას” ვკითხულობდი (მაშინ მხოლოდ ეს შემეძლო წამეკითხა). და აი, ჩავუვარდი ფეხებში და ვეუბნები: მაპატიე, ძმაო, შენდობას გთხოვ-მეთქი. ისიც გონს მოვიდა და ტირილი დაიწყო. ჰოდა, მე რომ იმავეთი მეპასუხა, წავკინკლავდებოდით და ხალხის წინაშეც თავს შევირცხვენდით. ხედავთ? იმიტომ კი არ გიყვებით ამას, რომ თავი მოვიწონო, არამედ რათა თქვენც ისწავლოთ, თუ რას ნიშნავს: “თავს-იდებდით ურთიერთას სიყუარულითა”[5], რათა “ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ რჯული იგი ქრისტესი”[6]. ასე, ჩემო მამებო და ძმებო. ვთხოვ თქვენს სიყუარულს, ყურადღებით დაიცავით მონასტრის განაწესი. ნუ, გიმეორებთ, ნუ დაივიწყებთ: მორჩებით თუ არა საქმეს, იმწუთასვე იმას მოჰკიდეთ ხელი, რასაც პროგრამა ითვალისწინებს. ნუ დაარღვევთ პროგრამას: ანუ რის გაკეთებასაც დაგეგმავთ, ზედმიწევნით შეასრულეთ”[7].

სტავროვუნელი მამები თავიანთი ასკეტურობით გამოირჩეოდნენ. დიდმარხვის პირველი სამი დღე აბსოლუტური მარხვა იყო: არც პური და არც წყალი, თანაც დღედაღამ ღმრთისმსახურება. ამ დღეებში მონასტრის მამები არ მუშაობნენ. მაგრამ იყო ისეთი საქმეებიც, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იყო, მათ შორის – პირუტყვის მოვლა, რაც სოკრატეს ევალებოდა. ერთ წელიწადს, ამ სამდღიანი მკაცრი მარხვის დროს, ეკლესიაში ღონეგამოცლილს გული წაუვიდა. მიუხედავად ამისა, მარხვა არ შეუმსუბუქებია და მონასტრის მკაცრი განრიგით მოღვაწეობას განაგრძობდა ყველასთან ერთად.

ახალგაზრდა მორჩილმა სოკრატემ, თავისი გულმოდგინებითა და შემართებით, და უპირველეს ყოვლისა, სრული მორჩილებით და დაქვემდებარებით, მიიზიდა საღმრთო მადლი და, მასთან ერთად, უფროსი ბერების სიყვარულიც. თავისი მუდმივი მზადყოფნის შესახებ ერთ ასეთ შემთხვევას მოგვიყვა: ერთხელ, მთელი დღის ძალაგამომცლელი მუშაობის შემდეგ, მწუხრის მსახურებაზე წმინდა ბარბარეს მეტოქში წავიდა, სადაც, იმხანად, როგორც უკვე ვთქვით, მორჩილები ცხოვრობნენ. ერთ-ერთმა ბერმა, მამა თეოდოსიმ თქვა: “საკმეველი გაგვითავდა. ვინმე მონასტერში უნდა წავიდეს და მოიტანოს.”. მონასტრამდე გზა ჯერ კიდევ არ იყო გაყვანილი და მხოლოდ ფეხით შეიძლებოდა იქ ასვლა. სოკრატე გულში ნატრობდა, ნეტავ მე დამამავალონო. ბუნებრივია, არავის ენდომებოდა მთელი დღის შრომის შემდეგ ნახევარი საათი აღმართზე ევლო და შემდეგ უკან დაბრუნებულიყო. მაგრამ მადლი უფლისა, რომელიც თავის მოყვარულებს მოშურნეობას უღვივებს და მოწამეებს მოწამეობის სურვილს აძლევს, ახალგაზრდა მოღვაწესაც შრომისმოყვარეობისა და სიყვარულისკენ უბიძგებდა, რათა სიხარული და სულიერი შვება მიენიჭებინა მამებისა და ძმებისთვის. მაშინ მ. თეოდოსიმ, თითქოს გაიგოო სოკრატეს გულისწადილი, ჰკითხა, შენ ხომ არ წახვიდოდიო. მანაც არაფრად ჩააგდო დაღლა, აირბინა მონასტერში და უმალვე უკან გამოიქცა, რათა საკმეველი დროულად ჩამოეტანა და მწუხრი შეყოვნების გარეშე დაწყებულიყო.

სხვა დროს ბერს უთქვამს, რომ, თუმცა მონასტრის განრიგის თანახმად ძილისთვის ოთხი საათი იყო განკუთვნილი, მას სინამდვილეში უფრო ნაკლები ეძინა. მიზეზი კი აი რა ყოფილა: ერთხელ ტიპიკარმა ბერმა მაკარიმ დაღლა დაიჩივლა (მას მამების გაღვიძება ევალა და ამიტომ სხვებზე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე მაინც დგებოდა). ეს რომ გაიგო, ახალგაზრდული საღმერთო მოშურნეობით აღსავსე სოკრატე ბერ მაკარის ჩააცივდა და მანამ არ მოეშვა, სანამ ეს მორჩილება არ გადაიბარა. ასე რომ, დაასვენა უფროსი ძმა და თვითონ დაიწყო მამების გაღვიძება. ეს კი საკმაოდ რთული იყო, რადგან ის დასვენების იმ მწირ დროსაც იკლებდა, რაც მთელი დღის შრომისა და ლოცვის შემდეგ რჩებოდა. თანაც, თვით საქმეც არ იყო ადვილი: დაღლილ-დაქანცული მამები სენაკიდან რომ პასუხობნენ, შემდეგ ისევ ჩაეძინებოდათ ხოლმე და ამიტომ ის მერეც ყურადღებით უნდა ყოფილიყო, რომ, თუ ვინმე არ გაიღვიძებდა, ხელახლა მიეკაკუნებინა.

ბერი გვიამბობდა: “ერთხელ, დიდი დაღლილობის გამო, მე თვითონაც ჩამეძინა და მამებიც ოდნავ გვიან გავაღვიძე. მაშინ მ. მაკარიმ მკაცრად მაყვედრა დაუდევრობა, თუმცა ადიანურად ამას გამართლება ჰქონდა”[8]. ბერმა შენიშვნა თავის ბრალობით მიიღო, არც კი უფიქრია თავი ემართლებინა, რადგან იცოდა, თუ რა სარგებელი მოაქვს შეურაცხყოფას, თუ კაცი ამას გონიერად მიიღებს – როგორ ეხმარება ეს ადამიანს, რომ შეიძინო სიმშვიდე და სიმდაბლე.

სტავროვუნოში ცხოვრების პერიოდიდან ბერი კიდევ ერთ ასეთ შემთხვევას იხსენებდა, რომლის მეშვეობითაც სურდა ჩვენვის ესწავლებინა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს: ერთხელ რამდენიმე ძმამ ტვირთის გადასატანად ურემში უღელი ხარი შეაბა. ერთ ადგილას ქვის ფილები კარგად არ იყო დალაგებული და ვინმე რომ გადაუვლიდა, ხმაური წარმოიქმნებოდა. პირუტყვიც, იგრძნო რა ეს საფრთხე, ადგილზე დადგა და აღარ მიდიოდა. ძმამ, რომელიც მათ მიუძღვოდა, სხვას დაუძახა მოსახმარებლად. ამ უკანასკნელმა ხარებს ყვირილი დაუწყო, ხოლო თავისი ნერვული მოძრაობებით ცხოველები კიდევ მეტად ააფორიაქა. ცოტაც და, უღელსაც კი გატეხდნენ. ჩვენმა ბერმა იცოდა, რამდენად საშიშია, როცა პირუტყვი აიწყვეტს, განსაკუთრებით კი ხარი, რომელიც ძნელად ბრაზდება, მაგრამ თუ გაბრაზდა, ძალიან სახიფათო ხდება. “მაშინ მე ჩავერიე. პირუტყვს წინ დავუდექი, მოვეფერე, მშვიდობიანად დაველაპარაკე, დავამშვიდე. შემდეგ კი თოკს ხელი მოვკიდე და წინ გავუძეხი, მათაც წყნარად და სიყვარულით მოვუწოდებდი გამომყოლოდნენ. ამგვარად, საშიში ადგილი უპრობლემოდ გადავლახეთ”[9].

მონაზვნად აღკვეცა სოფრონის სახელით

შვიდწლიანი გამოცდის შემდეგ, 1945 წელს, მონასტრის მამებმა გადაწყვიტეს სოკრატე მონაზვნად აღეკვეცათ. სახელად სოფრონი დაარქვეს. ყველას უყვარდა იგი და თითოეულმა მათგანმა თავისი გზითა და თავისი მაგალითით ხელი შეუწყო ახალგარდა მოღვაწის სულიერ წინსვლას. მასზე განსაკუთრებით ზრუნავდნენ წინამძღვარი ბარნაბა და სულიერი მოძღვარი – მღვდელმონაზონი კვიპრიანე. ეს უკანასკნელი ყველანაირად ცდილობდა სოფრონის სულიერი  მოშურნეობა გაეღვივებინა. მოუთხრობდა იმ მამებზე, რომლებიც ათონის მთაზე გაიცნო. ბევრს უყვებოდა კატუნაკელ ბერ კალინიკე დაყუდებულზე. მამა კვიპრიანე მას მოუთხრობდა მათ ასკეტურ მიღწევებზე, ხალხის თვალთაგან დაფარულ შინაგან მუშაობაზე, გონებისმიერ ღვაწლზე. ამ ყველაფრით ახალგაზრდა მონაზონი მიხვდა, რომ არსებობდა უფრო ამაღლებული სულიერი ცხოვრება და ამიტომაც, მ.კვიპრიანეს მთაწმინდაზე მოღვაწეობის სურვილი გაუმხილა.

1924 წელს ეკლესიაში კალენდრის შეცვლის გამო დაწყებულმა უთანხმოებებმა,[10] როგორც მოსალოდნელი იყო,მონასტრებამდეც მიაღწია. ისევე, როგორც ათონის წმინდა მთაზე სტავროვუნის მონასტერშიც დადგა საკითხი ამის შესახებ, თუ რომელი კალენდრით უნდა ემსახურათ: ოფიციალური, კანონერი ეკლესიის მიერ მიღებული ე.წ. „ახლით“, თუ ტრადიციული „ძველი სტილით“. მონასტერმა რჩევისთვის წარმომადგენლები ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებში გააგზავნა. ეს ორი ეკლესია ძველ კალენდარს იცავდა.[11] მათი პასუხი გონივრული იყო: სჯობს იმ წესს მიჰყვეთ, რომელიც თქვენმა, კვიპროსის ეკლესიამ მიიღო. სამწუხაროდ, მამების ნაწილი არ დასჯერდა ამ პაასუხს და ძველი კალენდრით მსახურება გააგრძელა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ კალენდრის თემა ახალი იყო და განხეთქილებად არ იყო ჩამოყალიბებული. უბრალოდ, ვინც არ ეთანხმებოდა რეფორმას, ღვთისმსახურებას ძველი კალენდრით აგრძელებდა. ასეთები მრავლად იყვნენ ათონზეც და სტავროვუნიშიც. ამგვარად, მონასტერში ბერების ერთი ნაწილი ძველით ზეიმობდა, მეორე კი- ახლით. ჩვენ მოძღვარს სავანეში ამგვარი მდგომარეობა დაუხვდა . სიტუაცია დღითი დღე უფრო მწვავდებოდა: ირღვეოდა ერთობა, ერთსულოვნება და მთელი კინობიური სისტემა. მაშინ, ზოგიერთმა მამამ მონასტერი დატოვა, რათა სხვაგან მშვიდობიანად ეცხოვრა.

როდესაც ახალგაზრდა მამა სოფრონმა ეს არეულობა შეამჩნია, თავის მოძღვარ მ. კვიპრიანეს ჰკითხა: „როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მდგომარეობა, რა გვეშველება?“. მაშინ ამ წმინდა კაცმა მიუგო:“გახსოვს, მეუბნებოდი ათონზე წასვლა მინდო? აქ თუ დარჩები, ასეთი მდგომარეობა სულიერად დაგაზარალებს. წადი ათონზე, მაგრამ ფრთხილად იყავი: აუცილებლად იპოვე მოძღვარი. მოძღვარს რომ გეუბნები, ნამდვილად სულიერ, გამოცდილ, პრაქტიკულ და თეორიულ ცხოვრებაში გამოწვრთნილ ადამიანს ვგულისხმობ. მას სრულად დაემორჩილე. ნურც პირელ შემხვედრს დაემოწაფები, ნურც მარტო დარჩები – ორივე შემთხვევაში წარუმატებლობა გელის.“ მამა სოფრონმა მოძღვრის სიტყვა ღმრთის წყალობად მიიღო, ხედავდა რა, რომ მის წინაშე ახალი ჰორიზონტი იშლებოდა. იმედოვნებდა, რომ ათონზე ისეთ სულიერ მოღვაწეებს შეხვდებოდა, რომელთა შესახებაც მას მ. კვიპრიანე უამბობდა.  ამ უკანასკნელმა თავის მოწაფეს ათონზე გამგზავრების აბსოლუტური თანხომობისა და ლოცვა-კურთხევის ნიშნად და ასევე მომავალ სულიერ სარბიელზე განსამტკიცებლად საკუთარი ანაფორა აჩუქა. ახალგაზრდა მონაზონი შეეპასუხა: „მამაო, თქვენ ხომ სხვა ანაფორა არ გაქვთ?“ საბოლოოდ, მოძღვარს სანაცვლოდ თავისი ანაფორა დაუტოვა.

ამგვარად, მ. კვიპრიანეს კურთხევით მ. სოფრონი მგზავრობისთვის მომზადებას შეუდგა. ბერი გვიყვებოდა, რომ როდესაც ეს ამბავი წინამძღვარმა ბარნაბამ შეიტყო, ცრემლებით ევედრებოდა მონასტრეში დარჩენილიყო. ეუბნებოდა: „ღმერთის  მადლი, რომელიც ასე გწყურია, აქაც შეგიძლია იპოვო“. მამა ბარნაბას მონაზონი სოფრონი ძალიან უყვარდა, რადგან ეს უკანასკნელი გამგონე, მორჩილი და თავმდაბალი იყო. მარხვით, მღვიძარებით, ლოცვაში მოშურნეობითა და შემართებით გამოირჩეოდა. საქმეში სიმარჯვე და მოხერხებულობა ახასიათებდა – ერთი სიტყვით, ყველა წინაპირობა ჰქონდა იმისთვის, რომ  დიდი სულიერი წარმატებებისთვის მიეღწია. მომავალში კი –  მონასტრის ბურჯიც გამხდარიყო. მამა სოფრონმა წინამძღვარს მიუგო : „მამაო, მე ბავშვობის ასაკში მშობლებიც კი მივატოვე რათა ღმერთი მეპოვა- მინდა ამ მიზანს მივაღწიო. ამიტომ, გთხოვ, დამილოცო ეს სურვილი.“

ღმრთისმოშიშმა ბერმა ბარნაბამ აკურთხა მამა სოფრონი მომავალ სულიერ სარბიელზე, რომელიც მას მთაწმინდაზე ელოდა. ჩვენი მოძღვრის შემდგომმა სულიერმა ცხოვრებამ დაადასტურა ის ფაქტი რომ მისი კვიპროსიდან მართლმადიდებლობის კიდობანში- ათონის წმინდა მთაზე გადასახლება ღმერთის ნებით მოხდა. სტავროვუნელი სათნოებამოსილი ბერები ნამდვილად სულიერი ადამიანები იყვნენ. მათ ასეთ დიდ მონასტერში შეეძლოთ მდუმარებით ეცხოვრათ. თითოეული მათგანი თავისი ფარული, ქრისტესმიერი შინაგანი ცხოვრებით იყო დაკავებული. გარკვეულწილად გამონაკლისს მამა კვიპრიანე წარმოადგენდა, რომელსაც ჰქონდა მორჩილება, რომ ყოფილიყო მოძღვარი და ამიტომ მასწავლებლობაც უწევდა. დანარჩენები კი სხვებს არაფერს აწავლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ასკეზაში, ცრემლებსა და სინანულში საკმაოდ გაწაფულები იყვნენ. ჩვენი ბერი ამას ხვდებოდა, რადგან სიყრმიდანვე მათ გვერდით იზრდებოდა და მათ არა მარტო პატივს სცემდა, არამედ ძალიან უყვარდა. მათ შესახებ ყოველთვის შთაგონებითა და მოწიწებით ლაპარაკობდა. სწორედ მათ გაუწიეს მას სულიერ მამობა. ბერი კვიპრიანე მას ქრისტეს „მაგიერად და სახედ“ ჰყავდა, წინამძღვარ ბარნაბასადმი კი განსაკუთრებული მოკრძალება და პატივისცემა ჰქონდა.


[1] პანაცეა (ბერძ.) – აქ: ყველა სნეულების უებარი წამალი

[2] იაკ. 2,10

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1986 წ.

[4] როგორც არ უნდა აყვედროს ადამიანმა საკუთარ თავს, მაინც ვერ გადაწონის თავისი დანაშაულის სიმძიმეს, რადგან იმ სულიერ და მატერიალურ სიკეთეებთან შედარებით, რომლებსაც ღმერთისგან იღებს და იგნორირებას უწევს, ეს უფრო ცოტაა.

[5] ეფ. 4,2

[6] იხ. გალ. 6,2 (ბერს მეორე პირიდან პირველ პირში გადააქვს გამონათქვამი)

[7] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 2000 წ.

[8] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1986 წ.

[9] მონასტრის ერთ-ერთი ძმის ჩანაწერებიდან.

[10] საუბარია იულიანური კალენდრის გამოცვლაზე ე.წ. „გასწორებულ იულიანურ კალენდარზე“

[11] იერუსალიმის ეკლესია დღემდე იულიანურ კალენდარს მისდევს.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •