kviprosi

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

კვიპროსზე გადასვლა

ბერმა იოსებმა და მამა ათანასემ კარულია გაიარეს, გემზე დასხდნენ და კუტლუმუშის მონასტერში მივიდნენ. ხსენებული სტუდენტი ხარლამპი უკვე იქ მისულიყო. მოძღვარმა კვიპროსზე გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. ყოველთვის თან ატარებდა თავისი მოძღვრის წმინდა ნეშთის ნაწილს. ამჯერად ეს ნაწილი მამა ათანასეს ეჭირა. დაფნიში მისგან კეთილსურნელებამ დაიწყო ფრქვევა. იქაურობა სურნელებით აივსო. ყველა კითხულობდა, თუ საიდან მოდიოდა ასეთი კეთილსურნელება. მაგრამ ვერ მიხვდნენ, რომ მისი წყარო წმინდა იოსების ნეშტის ნაწილი იყო.

მოძღვარი და ხარლამპი ათონიდან  ჯერ ათენში გაემგზავრნენ და ეკლესიის ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში დარჩნენ. იქ შევხვდი მას მეც  და მისი ლოცვა-კურთხევა ავიღე. მაშინ ათენის უნივერსიტეტის ღმრთისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი. მანამდე ზაფხულშიც შევხვდით ერთმანეთს კვიპროსზე, როდესაც მან თავისი სამშობლო პირველად მოინახულა.

სტუდენტებმა ბერს თხოვეს, ათონსა და იქაური მამების ცხოვრებაზე ეთქვა ორიოდე სიტყვა. მისმა საუბარმა ყველა დააინტერესა და აღაფრთოვანა. მეორე დღეს ბარგის გადაზიდვაში მივეხმარე და აეროპორტამდე გავაცილე. მოძღვარი იქ კვიპროსული ავიახაზების გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა გიორგი დიმიტრიუმ მიიღო, თავის კაბინეტში უმასპინძლა და შესაბამისი მითითებებიც გასცა, რათა ბერისთვის ფორმალური პროცედურების გავლა გაეადვილებინათ.

დიაკვანი ათანასე მონასტერში ოცი დღის შემდეგ მივიდა და დანარჩენი ბარგიც მიიტანა. ნათლისღებამდე იქ დარჩა, შემდეგ კი თესალონიკში ლექციებზე დასასწრებად დაბრუნდა. სურდა სწავლა შეეწყვიტა, მაგრამ წმინდა პაისიმ შემდეგი რჩევა მისცა: ,, თუ შეწყვეტ, მთავარეპისკოპოსს შენი მოძღვრის წინააღმდეგ განაწყობ, რადგან ეგონება, რომ ამ უკანასკნელმა შეგაწყვეტინა სწავლა და რომ საერთოდ სწავლის წინააღმდეგია და ა.შ. ამიტომ ჯობია ჯერ სასწავლებლად მონასტრიდან იარო, როცა იქნება, დაამთავრებ და მოსასტერშიც წახვალ“.

მამა იოსები წმინდა პაისისა და ბერ ეფრემ კატუნაკელს ხშირად წერდა წერილებს. ეს წერილები ათონზე მამა ათანასეს მიჰქონდა  და ადრესატებს პირადად გადასცემდა. როდესაც მოძღვარმა გაიგო, თუ რა ურჩია მას წმინდა პაისიმ სწავლის გაგრძელების შესახებ, წმინდა ადამიანებისადმი პატივისცემის გამო დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ იმხანად მონასტერს მ. ათანასეს დახმარება ძალიანს სჭირდებოდა. მოვითმენთ სანამ დაამთავრებო, უთხრა. ამგავრად, მ. ათანასე უმეტესად თესალონიკში ცხოვრობდა. მოძღვართან კავშირს, რა თქმა უნდა, არ წყვეტდა და რამდენადაც შეეძლო, ეხმარებოდა. მონასტერშიც ახერხებდა ჩასვლას. სურდა, სწავლა მალე დაემთავრებინდა და  სამუდამოდ მონაზვნად წასულიყო. მისი ეს სურვილი მოგვიანები ახდა.

ხოლო ბერი პირველი დღიდან, როგორც კი მონასტერში მივიდა, თავისი ჩვეული მონაზვნური პროგრამის განხორციელებას შეუდგა. როგორც კი ბარგი დააბინავეს, მწუხრი გადაიხადეს, არ უთქვამს: ,,არა უშავს დღეს მწუხრი გამოვტოვოთო. წაიკითხეს მწუხრი, შემდეგ სერობა და მხოლოდ ამის მერე თქვა ,,ახლა კი დასაძინებელი ადგილი მოვამზადოთ.  გამორიცხული იყო, რომ ღვთსმსახურების განრიგი, ღამისთევისა და მდუმარების საათები დაერღვია- რაც უნდა მომხდარიყო და როგორუი დაღლილიც არ უნდა ყოფილიყო.

1978 წლის 14 ოქტომბერს ბერმა პირველი წერილი მისწერა დიაკვან ათანასეს: ,, ჩემო დიაკო, ჩემო საყვარელო შვილო, ჩემო გლახაკი სულის სიხარულო და შვებავ! ვლოცულობ შენზე, მამობრივად მოგიკითხავ. ორშაბათს დილით ათონი დავტოვეთ, ნაშუადღევს კი თესალონიკიდან ათენში გადავფრინდით. ბარგი გემზე დავტვირთეთ, ხოლო ჩვენ ისევ თვითმფრინავით ვიმგზავრეთ. აეროპორტში მრავალი ქრისტიანი გველოდა, ხოლო როდესაც გაიგეს რა მიზნით ჩამოვედით, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბატონი ქრსიტაკის ოჯახში შუადღემდე დაგვაყოვნეს;  ღმრთისმშობელს მთელი გულით უგალობდნენ.

მეორე დღეს ისევ მრავალი ახალგაზრდა სული მოვიდა ჩვენს სანახავად. შუადღეს ლიმასოლში გადავედით. მიტროპოლიტ ქრიზანთესთან ვისადილეთ. ძალიან თავაზიანად მოგვეპყრო, თუმცა წუხილიც ეტყობოდა იმის გამო, რომ მისი ეპარქია არ ვარჩიეთ. გვიან საღამოს დიაკვანმა ანდრეამ თავისი მანქანით პაფოსის მიტროპოლიტის რეზიდენციაში წაგვიყვანა. იქაური ეპისკოპოსი დიდი სიხარულითა და აღფრთოვანებით დაგვხვდა. ტრაპეზზე კარგად ვისაუბრეთ. მამა ანდრიაც იქ იყო, შემდეგ კი უკან დაბრუნდა.

მეორე დღეს, გარიჟრაჟზე მეუფემ მონასტრამდე გაგვაცილა. სავანე ძალიან მომეწონა. იმწუთას საქმეს შევუდექით. ორშაბათს, მაზეგ დენის და წყლის მოგვარებას ვიწყებთ. მეუფის აღტაცებას საზღვარი არ აქვს, დაფრინავს კაცი. დღეს სინოდის სხდომა დასრულდა. მეუფე რომ მობრუნდა, გვახარა: ,,ერთ-ერთი კოოპერატივის თავმჯდომარემ 10 000 ლირა გვაჩუქა, როგორც პირველი შესაწირი მონასტრის აღდგენისთვის ( სენაკების გაფართოებას დავიწყებთ). არ შემიძლია გულგრილად ვადევნო თვალი იმას, რაც ჩვენს გარშემო ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ისტორიაშიც იშვიათად ყოფილა ასეთ შემწეობა. მხოლოდ დიდ მამებს თუ გაუწევდნენ ასეთ დახმარებას. ასეთ მზადყოგფნას და ხელის გამართვას პირველად ვხედავ.

ლარნაკაში სხვადასხვა ნივთები გვიყიდეს, თანაც გვეკითხებიან, კიდევ რა გვჭირდება. მე კი თავს უხერხულად ვგრძნობ იმის ფიქრით, რომ არ ვიცი ხალხის ასეთ იმედებსა და გულმოდგინებას რითი მივაგო. ხარლამპი სიხარულით დაფრინავს. ეპისკოპოსს ისიც ვუთხარი, თქვენ ჩემი პირველი საყრდენი ხართ-მეთქი. ძალიან ესიამოვნა. ილოცე, რომ  თავისი შურით ეშმაკმა ჩვენს შორის არ შემოაღწიოს. როგორც კი ჩვენს ბუდეში მივალთ, კიდევ მოგწერ. ხარლამპი მოგიკითხავს.

დროის მცირე პერიოდში  ყველამ, დიდმა თუ პატარამ,  გაიგო იმ სულიერი ცხოვრების წესის შესახებ, რომელსაც ბერი ასწავლიდა. მისი ბაგეებიდან გამოსული სიტყვების წყალობით ადამიანები სწავლობდნენ თუ რა არის სინანული, სათნოება, განწმენდა, გონების განათლება, სულის და სხეულის სიწმინდე. ასკეზა და მონაზვნობა ბევრისთვის გახდა ცნობილი და ამის გამო მრავალი ახალგაზრდა მონაზვნური ცხოვრებით დაინტერესდა. მალე ზოგიერთი მათგანი ბერის მოწაფე გახდა, ზოგიერთი ათონზე გაემგზავრა, ზოგიც კვიპროსის სხვადასხვა მონასტრებში წავიდა. ბერი წერდა: ,,ეკლესიის ინტერესი, ზოგადა, ისაა, რომ ისევ იხილო ცოცხალი მონაზვნობა.“

როდესაც რაიმე სულიერი საქმე უანგაროდ კეთდება, შეუძლებელია, ამან ეშმაკის შური არ აღძრას. როგორც ითქვა, თავისი სიტყვით და ცხოვრებით ბერმა ოსებმა კვიპროსზე ის  ასკეტური სწავლება გაავრცელა, რომელიც თვითონ ათონის მთაზე ისწავლა და გამოცადა. მოძღვარმა იცოდა, რომ ამას თავისი საზღაურიც ექნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, გრძნობდა, რომ მალე განსაცდელის ჯერიც მოვიდოდა და ამიტომ წერდა: ,,მთავარეპისკოპოსიც კარგადაა განწყობილი ჩვენ მომართ. განსაცდელს ჯერ არ შევხვედრივართ.

მრავალწლიანი მონაზვნური მოღვაწეობის წყალობით ბერმა იცოდა, რომ ამ წუთისოფელში ადამიანი მრავალ სულიერ ხიფათს გადეყრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობს სულიერად სხვებსაც დაეხმაროს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, როგორც სულიერი მამა, სხვების განსაცდელებს თავის თავზე იღებს. ამიტომაც მოძღვარი ღმერთის შიშით, თავის ბრალობითა და ცრემლით ლოცულობდა. მისი გული, განწყობა და სიყვარული ქრისტესადმი იყო მიმართული. რითაც არ უნდა ყოფილიყო დაკავებული, არაფერს შეეძლო მისი გონება ამქვეყნიური ფიქრით დაეტყვევებინა. სულიერ ცხოვრებაში საკმაოდ რთულია, კაცმა წუთისოფელი უარყოს და განწმენდილი, გონებაგაუფანტავი ლოცვა შეიძინოს. ბერი წერდა: ,,ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, რომ ღმერთის შიში და სიყვარული იზრდებოდეს ჩვენში; სხვა ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

გამგონე და თავმდაბალი აზროვნების წყალობით, ბერი ცხონების უცდომელ გზაზე იდგა, საკუთარი სურვილებისგან და თვითკმაყოფილებისგან სრულიად თავისუფალი იყო. ალბათ, მცირეა იმ მოღვაწეთა რიცხვი, ვისაც შეუძლია შეაფასოს იმ ასკეტური ცხოვრების სიდიადე, რომელიც სახარებისეულ სრულყოფილებას უახლოვდება: ,,აჰა, ესერა ჩვენ ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ“. სრულიად თავისუფალი მოქმედება, სრულიად უანგარო, ნებაყოფლობითი და რაიმე პირად გამორჩენას სრულიად მოკლებული – ეს ახასიათებდა ბერ იოსებს, რომელიც მალე მინთის წმინდა ჯვრის მონასტრის წინმაძღავრი უნდა გამხდარიყო.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •