image00001

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

ჯანმრთელობის გაუარესება

1979 წლის თებერვალში ბერ იოსების ცხოვრებაში, პირველად იჩინა თავი ტკივილმა გულის არეში. განუწყვეტელ შრომას, სულიერ მოღვაწეობას, მარხვებს, ღამისთევებს, ყველას მომსახურებას (რაც ფიზიკურად ყველაზე დამღლელი იყო) უკვალოდ არ ჩაუვლია: თავგანწირული მსახურება, რომელიც მან სტავროვუნიში მორჩილებისას დაიწყო, იმავე შემართებით გააგრძელა წმინდა ანას მცირე სკიტში, ნეა სკიტში, კუტლუმუშში და ბოლოს კვიპროსზე. მას ეგონა, რომ წყლულის ტკივილი განუახლდა. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ეს გულის დაავადების სიმპტომები იყო. ის წერდა: “…კუჭი არ მაქვს კარგად და მგონია, რომ ძველი წყლული განმიახლდა”[1]. “ძალიან მაწუხებს კუჭი, ხოლო დღეს ისე გამაწვალა, რომ მთელი ღამე უძილოდ გავატარე. საავადმყოფოში უნდა წავიდე და გავიგო, რა არის ის, რაც ამ ბოლო დროს ასე მტანჯავს”[2]. მიუხედავად ამისა, გასასინჯად მაინც არ წავიდა და პირველი დიაგნოზი მოგვიანებით, უკვე საბერძნეთში დაუდგინეს – ინფარქტი.

მ.იოსები საკუთარ სულიერ მოვალეობების და მონასტრის პროგრამის ზედმიწევნით დაცვას ცდილობდა. არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა იმას, რომ წინამძღვარი იყო. შრომობდა ბაღში, სამზარეულოში; აცხობდა პურს, ჭრიდა შეშას; არანაირ საქმეს არ თაკილობდა. ბერი წერდა: “თუ ხატებს შეიძენ, არ გამოაგზავნო, არამედ, როდესაც ჩამოხვალ, შენ თვითონ ჩამოიტანე, თორემ დაზიანდება. ყოველ შაბათს არის ფრენა თესალონიკიდან ლარნაკაში. თუ მეცოდნიება, როდის იქნები მზად და წამოხვალ, ბორტგამცილებელ პანაიოტისს ვეტყვი, რომ დაგეხმაროს. რა თქმა უნდა, თუ იმ დღეს სამსახურში იქნება. ძალიან მორწმუნე ახალგაზრდაა, აქ ჩემი ერთ-ერთი პირველი მოწაფეა.

აგრეთვე, რკინეულობის მაღაზიიდან ერთი ნაჯახი მომიტანე. იცი, რასაც ვგულისხმობ: შეშის დასაჩეხად. აქ ბაზრობაზე არ არის და მხოლოდ მჭედელი თუ გაგიკეთებს. საშუალო ზომის იყოს, არც ძალიან დიდი, მაგრამ არც პატარა. მოვიფიქრებ და მოგწერ თუ კიდევ რამე დამჭირდა. ხარლამპი და სილუანე მოგიკითხავენ. ვლოცულობ შენზე და მამობრივად გეხვევი. მდაბალი იოსები”[3].

ასევე წერდა: “ჩვენ აქ კარგად ვართ. ოღონდ ძალიან დამღალა საველე სამუშაოებმა, რომლებიც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. ახლა კი, თუ მოვასწარით, ეკლესიის სახურავი უნდა შევაკეთოთ, რადგან კრამიტი აკლია და წყალი ჩამოდის. ნიკოლოზი იყო ჩამოსული რამდენიმე დღით ნიქოზიიდან, მორჩილად დარჩენა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. კიდევ ერთმა მოიწერა ინგლისიდან, იქნებ ჩამოვიდეო, და ველოდები”[4]. “საზრუნავი გვეზრდება, მაგრამ საყვარელი ხალხი გვაკლდება. ზაფხული დგება, ბაღებსა და ყანებში უამრავი სამუშაოა, ჩვენ კი ცოტანი ვართ. ხვდები, ალბათ, რაც ხდება. ამის გარდა იმ ნაცნობებზეც უნდა ვიზრუნო, რომელთა ჩამოსვლა არ შეუძლიათ და წერილობით უნდა ვუპასუხო”[5].  

ზრდილობა და გონიერება

ახალბედა მცირე საძმოს ყოველდღიურად სურდა წირვა-ლოცვის ჩატარება. საკუთარი მღვდელი ჯერ არ ჰყავდა. ღმერთმა ამაზეც იზრუნა და ისე მოხდა, რომ წმინდა ნეოფიტეს მონასტრის ერთ-ერთი ღმრთისმოშიში მღვდელმონაზონი, მამა ბარნაბა, ყოველდღიურად წირავდა მონასტერში. მას მოსწონდა ბერთან ურთიერთობა. საჭმელს თავად მოძღვარი ამზადებდა ღმრთისმსახურების დროს, როგორც ეს დიდ კინობიებში ხდება.

ერთხელ, წირვაზე მამა ბარნაბამ შემთხვევით ორი ფურცელი ერთად გადაშალა კონდაკში[6] და ამგვარი წმინდა ძღვენი უკურთხებელი დარჩა. ახალგაზრდებს სურდათ, იმწუთასვე შენიშვნა მიეცათ, რითაც იგი, ალბათ, შეწუხდებოდა. ბერმა მოწაფეები შეაჩერა, საკურთხეველში თვითონ შევიდა და მღვდელს ზრდილობიანად უთხრა: “ჩემო მამაო, შემთხვევით ორი გვერდი ხომ არ გადაგეშალა?” მან კი მიუგო: “ა! მართლაც! აბა თავიდან ვთქვათ!” და გამოტოვებული წაიკითხა.

ბერის მქადაგებლური საქმიანობა გამუდმებით იზრდებოდა. მან ჩათვალა, რომ ეს საქმე უფრო სასარგებლო იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით წერდა: “ახლა საველე სამუშაოები დაიწყო, საზრუნავი მოგვემატა მაგრამ არც შემიძლია და სწორიც არ არის ამით დავკავდე. ვნახოთ რა იქნება”[7].

თავიდანვე გამოჩნდა, რომ კუნძულზე ხალხს ნამდვილი სულიერი სიტყვა სწყუროდა. მათ ბერის არა მწიგნობრობა თუ რიტორიკული ხელოვნება იზიდავდა (რაც მას არ ჰქონდა), არამედ მის სიტყვებში არსებული სულიწმინდის ძალა. თავის დროზეც ხომ უბრალო მეთევზურების სიტყვებმა მოინადირა მთელი მსოფლიო.

ერთხელ ლარნაკას წმინდა ლაზარეს ტაძარში ბერმა სამი მღვდელმთავრის დღესასწაულზე სიტყვა წარმოთქვა. მაშინ მე სამღვდელო სკოლის ლექტორი გახლდით და ამ ღონისძიებას დავესწარი. მახსოვს, როგორ გამოხატა თავისი აღტაცება ჩემ გვერდით მჯდომმა ლიცეუმის დირექტორმა, ბატონმა ანდრეა სოკრატუსმა: “არასადა ვინ იტყოდა ლარნაკასა შინა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი!”[8] ერთხელ ჩემი სასწავლევლის დირექტორთან, მღვდელმონაზონ დიონისესთან ერთად ბერი იოსები მივიწვიეთ მოწაფეებთამ სასაუბროდ. მოძღვრისთვის ეს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა, რადგან შეხვდებოდა ახალგაზრდებს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე ღვთისმსახური იყო, ზოგი კი – მომავალში გახდებოდა.

ბერი წერდა: “სამღვდელო სასწავლებლიდან ძალიან მთხოვეს, სულ ცოტა ხნით მაინც მივიდე და დაველაპარაკო. იქ კარგი ახალგაზრდები არიან. იქნებ მათ შორის ვინმე ყოჩაღი გამოჩნდეს”. და აგრძელებდა: “იძულებული ვარ გამოვჩნდე ხოლმე და დიდ ქალაქებში ვილაპარაკო, რათა ჩვენი სულიერი ტრადიციებისადმი კეთილგანწყობა გამოვაღვიძო. პაფოსში ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ მიტროპოლიტთან ერთად ამასაც ვგეგმავთ. შეიძლება სამი მღვდელმთავრის დღესასწაულზე სხვა ეპარქიებშიც ვისაუბრო. რაღაც დავწერე კიდეც, მაგრამ ძალიან მოკლედ. იქნებ მიტროპოლიის დაბლა რომ პოლიგრაფიაა, იქ დავბეჭდო”[9]. “ხორციელის კვირას ბევრი სტუმარი გვყავდა ლარნაკადან. 120 კაცზე მეტი იყო. მ.ნეოფიტემ სწირა. ეს კაცი ძალიან გვეხმარება. წმინდა ჯვრის ძალამ დაიფაროს. მარხვის მეხუთე შვიდეულის ირშაბათს ლიმასოლის ეპარქიაში ვარ მიწვეული სასაუბროდ. თავდაპირველად უარი ვთქვი, მაგრამ, რადგან დაჟინებით მთხოვდნენ, დავთანხმდი, უფრო იმისთვის, რომ ახალგაზრდობა გამოვაღვიძო.

სამღვდელო სასწავლებელში ჯერ ვერ წავედი, მიუხედავად მათი დაჟინებული თხოვნისა, რადგან დრო ვერ ვიხელთე. ზოგადად კი ვხედავ, რომ ქალები უფრო დაინტერესებულები არიან მონაზვნობით, ვიდრე კაცები. მიტროპოლიტთან ამაზეც ვლაპარაკობთ. სანამ რამე გაირკვევა, ვფიქრობთ იმაზე, თუ სად შეიძლება დროებითი თავშესაფარი მოვუძებნოთ.

მეუფე მზადაა დიდი მონასტერი ააშენოს იქ, სადაც მთავარეპისკოპოსი მიუთითებს. ეს ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, წარემატება მამათა მონაზვნობა თუ არა. იმედი მაქვს, რომ ამის შესახებ პირისპირაც დავილაპარაკებთ, როდესაც ღმერთის მადლით ჩვენთან ერთად იქნები”[10].

1979 წლის დიდმარხვის პირველ შაბათს წერდა: “აქ უკვე გაზაფხული დადგა. ვცდილობთ ჩვენს ბაღში რამე დავრგოთ, განსაკუთრებით, ნაყოფიერი ხეები. ზეგ, ორშაბათს, მონასტრის ტერიტორიის შემოღობვას დავიწყებთ, შორიდან დაწყებული – იქიდან, სადაც ჭიშკარი იქნება, რათა ქალების შემოსვლა შეუძლებელი გახდეს. ეს უკვე ყველამ იცის, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს ჩვენთან. ყველიერის კვირას აქ ვასილი კუცუ[11] იყო. კიდევ ერთი ახალგაზრდა ახლდა. შეიძლება ითქვას, რომ მონაზვნობის სურვილი იღვიძებს მათში. თქვეს, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ სხვა ახალგაზრდებთანაც, რომლებიც ასევე ჩვენთან დარჩენაზე ფიქრობენ, რაც მოვუწონე და მრწამს, რომ მადლი ნელ-ნელა მოიზიდავს. დაჟინებით მთხოვენ, მათ სამღვდელო სასწავლებლებს ვეწვიო. დამიყოლიეს და ბოლოს მეც შევპირდი.

ყველიერის შვიდეულის სამშაბათს, ცოტა ხნით გავემგზავრე წმინდა გიორგის მონასტერში. უკანა გზაზე ლიმასოლის მიტროპოლიტის რეზიდენციაში გაიგეს, რომ ახლოს ვიყავი და აღარ გამომიშვეს. თანაც ისე დაემთხვა, რომ მქადაგებელ-მასწავლებლებს შეხვედრა ჰქონდათ. სიტყვით ბატონი ტილირიდი გამოდიოდა[12]. მეც ძალით დამტოვეს. ისაუბრა ზოგადად რელიგიურ საკითხებზე. დრო შეზღუდული იყო. მაშინ მიტროპოლიტმა მითხრა ჩემი აზრი გამომეთქვა, თანაც მხოლოდ თხუთმეტ წუთში. რა თქმა უნდა, შევძარი იქაურობა. შედეგი კი ის იყო, რომ ჩემი გამოსვლა სხვა დღეს გადაიტანეს, უფრო ფართო დარბაზში, სადაც დასწრება ყველას შეეძლება.

ამიტომაც დავთანხმდი ამ მოწვევას მეექვსე შვიდეულის ორშაბათისთვის. იმ დღეებშივე წავალ სამღვდელო სასწავლებელში. მაგრამ ვერც ლარნაკას დავაღწევ თავს. იქაურები უკვე დაინტერესდნენ ჩემით. ახლა კი, იქნებ მეორე შვიდეულის პარასკევს საღამოს პაფოსის წმინდა მოციქულთა ეკლესიაში ვისაუბრო. ამას განსაკუთრებით ღმრთისმოშიში ქალბატონები მთხოვენ, მაგრამ დღემდე სურვილი ვერ ავუსრულე. რა ვქნა, შვილო? ხალხის საჭიროებისთვის ისე არ დავდივარ, როგორც იმისთვის, რომ ახალგაზრდების სინდისი გამოვაღვიძო და ჩვენი მიზნები ყველასთვის ცნობილი გახდეს “[13].


[1] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 1 თებერვალი.

[2] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 17თებერვალი.

[3] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 1 თებერვალი.

[4] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 30 ოქტომბერი.

[5] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის თომას კვირის ხუთშაბათი.

[6] აქ: საღმრთისმსახურო წიგნი, რომელშიც წირვის ლოცვები და აღსრულების წესი წერია.

[7] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 13 მაისი.

[8] იხ.იოან. 7,46

[9] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 21 იანვარი.

[10] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის ყველიერის კვირა [დღე].

[11] ანუ წიგნის ავტორი, მამა ეფრემი.

[12] ამჟამად ნაირობის მიტროპოლიტი მაკარი (ალექსანდრიის საპატრიარქო).

[13] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©