Monastyr Svyatogo Iraklidiya. Kipr 2

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

ზრუნვა დედათა მონასტრის მოწყობაზე

ქრისტიანობის პირველ წლებში მამათა მონაზვნობას წინ უსწრებდა ქალწულებით მცხოვრებ დედათა დასის არსებობა, რომელთაც ღმრთისმსახურებას მიუძღვნეს თავი და ეპისკოპოსის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. მონაზვნობის ისტორიიდან ცნობილია, რომ უმეტესი მონაზონი დედები კინობიებში ცხოვრობდნენ. იმისათვის, რომ დედათა მონასტერი წარემატოს უნდა ჰყავდეს გამოცდილი სულიერი მოძღვარი. იღუმენიას გვერდით ყოველთვის იდგა მოძღვარი, რომელიც, როგორც გამოცდილი წინამძღოლი, იღუმენიასა და დებს სამონაზვნო ღვაწლში განამტკიცებდა.

მრავალი ახალგაზრდა გოგონას მონაზვნობისადმი ინტერესმა ბერი იოსები დააფიქრა. თანაც ინუსეს კუნძულზე მონასტრის მოწყობის გამოცდილებაც ჰქონდა. თავისი საფიქრალი მიტროპოლიტსა და მთავარეპისკოპოსს გაანდო, რომელთაც მის წამოწყებას მხარი დაუჭირეს. მოძღვარი წერდა: ,,გუშინ წერილი მივიღე, უფრო სწორად კი, პირველი წერილი ერთი გოგონასგან, რომელსაც მონაზვნობა სურს. იქნებ მამაკაცებზე მეტი მსურველი ქალებს შორის გამოჩნდეს. საბერძნეთშიც ხომ ასე ხდება.

ხვალ ერთ ჯგუფს ველი, რომელმაც ლარნაკაში ჩემი სიტყვა მოისმინა, შემდეგ კვირას კი ერთი ავტობუსი მოდის. ეს იმათ გარდა, ვინც გაუფრთხილებლად მოდის-ჩვენ ხომ ტელეფონი არ გვაქვს, რომ წინასწარ გაგვაფრთხილონ. ერთი იღუმენიაც იყო, დედების ნაწილი ახლდა თან; შემდეგში დანარჩენებსაც მოვიყვანო. აგრეთვე უმაღლესი სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებიდანაც მოდიან. ზოგადად, რაღაც მოძრაობა შეიმჩნევა, რომელიც, თუ ხელს შევუწყობთ, ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ ვნახოთ, რას გვიჩვენებს მომავალი“[1].

სხვა წერილში კი ამას წერდა: ,,გოგონები უკვე გამოჩნდნენ და მიტროპოლიტთან ერთად უკვე იმაზე ვფიქრობთ, დროებით სადმე თავშესაფარი მოვუძებნოთ, შემდეგ კი მიტროპოლიტის და მთავარეპისკოპოსის ნებართვით, ჩვენი მონასტერი მოვაწყოთ. ამ უკანასკნელის აზრით, აკამაში უნდა წავიდეთ და ათონურის მაგავსი ჯანსაღი მონაზვნობა დავაფუძნოთ. ყოველ შემთხვევაში, მიტროპოლიტი მზადყოფნაშია და უკვე საჭირო ფულსაც აგროვებს“[2].

ბერმა ამ ქალწულების მომავალზე დაიწყო ფიქრი. ყველაზე რთული საკითხი წინამძღვრის მოძიება იყო. მოძღვარი იცნობდა და სულიერად ეხმარებოდა მონაზონ ქრისტეფორას, რომელიც წარმოშობით საბერძნეთიდან იყო, მაგრამ ავსტრალიაში გაიზარდა. როდესაც მორჩილი გახდა, მისი მოძღვარი ჩვენი ბერის სულიერი ძმა, უმცროსი მამა ეფრემი (არიზონელი) იყო. სწორედ მან აღკვეცა იგი მონაზვნად ქალაქ ვოლოსის პორტარიას მონასტერში.

ქრისტეფორა სხვადასხვა მონასტერში ცხოვრობდა, მაგრამ ფეხი ვერსად მოიკიდა და ამიტომ სულიერი მფარველობის გარეშე დარჩა. როდესაც ჩვენს ბერს მოძღვრობა სთხოვა, მისმა მოწყალე გულმა უარი ვერ უთხრა და კუტლუმუშის მონასტრის ერთ-ერთ მეტოქში გაგზავნა. წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეს მეტოქი, რომელიც სერეს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს, იმხანად მიტოვებული იყო და იმის საშიშროებაც არსებობდა, რომ მონასტერი მას დაკარგავდა (ბერი კი მაშინ კუტლუმუშში ცხოვრობდა).

მართლაც, ერთი შეხედვით ისე ჩანდა, რომ ღმერთმა საუკეთესო გამოსავალი გამოაჩინა: ქრისტეფორასაც თავშესაფარი მოეძებნა და მონასტერსაც მეტოქის დაკარგვის აღარ ეშინოდა. თანაც, ქრისტეფორა უშიშარი მონაზონი აღმოჩნდა: პირველ ხანებში სოფლელებს მაინცდამაინც არ მოეწონათ მისი გამოჩენა და ამიტომ ღამღამობით მიდიოდნენ, აშინებდნენ, უყვიროდნენ და ა. შ., მაგრამ ვერ შეაშინეს.

ჩვენმა ბერმა ჰკითხა ქრისტეფორას შესახებ მის ყოფილ მოძღვარსა და თავის სულიერ ძმას, მამა ეფრემს. მან, რატომღაც არ განუცხადა ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ გააგდო იგი თავის დროზე მონასტრიდან. მხოლოდ ეს უთხრა, კარგი დიასახლისია, მარტოც გაართმევს თავსო. მაგრამ ის კი არ უთხრა, რომ ქრისტეფორას სხვადასხვა ნევროლოგიური ხასიათის დარღვევები ჰქონდა და ამის გამო სხვებთან ერთად ცხოვრება არ შეეძლო (სხვა მონაზვნებზე ბრალდებებს ადვილად თხზავა). მამა ეფრემს, ან უბრალოდ, ეცოდებოდა მონაზონი და უნდოდა, რომ მ. იოსებს იგი შეეფარებინა, ანდა თვლიდა რომ აღსარების საიდუმლოს დაარღვევდა.

ჩვენი ბერი სიზმრებს არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, მაგრამ როდესაც ქრისტეფორა გაიცნო, დიაკვან ათანასეს შემდეგი რამ გაანდო. თურმე დაესიზმრა, რომ ახალი, ლამაზი ჩანთა იყიდა, რომელსაც შესაკრავი ზემოდან ჰქონდა. როდესაც ჩანთა გახსნა, დაინახა, რომ შიგნით წყლით იყო სავსე. ამას გარდა, ჩანთაში გველი იჯდა, რომელიც ბერს ეცა და ძალიან შეაშინა. მიუხედავად ამისა, მოძღვარმა სიზმარს ყურადღება არ მიაქცია. იმის გამო, რომ ქრისტეფორა მარტო ცხოვრობდა, ბერი ზრუნავდა, რომ დიაკვან ათანასეს იგი საჭმლითა და სხვა საჭირო სანოვაგით მოემარაგებინა. ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა,სანამ ბერი კვიპროსზე გადასვლას გადაწყვეტდა. ხოლო როდესაც იგი მინთის პატიოსანი ჯვრის მონასტრის წინამძღვარი გახდა, მონაზონი ქრისტეფორა ხსენებულ სავანეში სრულიად მარტო დარჩა. იგი სულიერ უსაფრთხოებას ვეღარ გრძნობდა, რადგან კუტლუმუშს უკვე სხვა მმართველობა ჰყავდა, ხოლო ბერი იქ აღარ იყო.

კვიპროსზე მრავალმა ახალგაზრდა ქალმა გამოთქვა მონაზვნობის სურვილი. თუმცა ბერს თავიდან არ სურდა დედათა მონასტრის დაარსება, მოგვიანებით დათანხმდა. იმხანად კვიპროსზე დედათა მონაზვნობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ბერი დააფიქრა იმან, თუ ვისთვის მიეცა წინამძღვრობა.

1979 წლის თებერვალში მოძღვარი დიაკვან ათანასეს წერილით სთხოვდა, მონაზონ ქრისტეფორას დახმარებოდა. სანუგეშოდ იმასაც სწერდა, რომ მას კვიპროსზე უკვე სახელი გაუთქვა, როგორც დიდ მოღვაწეს: ,,რომ იცოდეს, რა წარმოდგენა შევუქმენი ხალხს მასზე, არ დაიჯერებს. როცა ლარნაკაში ჩამოვა, ისე შეხვდებიან, როგორც ახლად არჩეულ მღვდელმთავარს, ხოლო აქ არანაირი საზრუნავი არ ექნება, გარდა თავისი სულიერი მოვალეობებისა“[3].

მოგვიანებით რაღაც მოვლენის გამო ბერი დარწმუნდა, რომ დედა ქრისტეფორა სულიერად სუსტი იყო და წინამძღვრობას ვერ შეძლებდა. ის დიაკვან ათანასეს სწერდა: ,,რაც შეეხება იღუმენიას, სანამ ღმერთი რაიმეს არ მიგვანიშნებს, არაფერი მოიმოქმედო. სინამდვილეში [ქრისტეფორას] მორჩილებისა და თავგანწირვის ძალა არ აქვს, ხოლო თუ რამე განსაცდელი შეგვემთხვევა, თავს შარში გავყოფთ. არც ხელს ვკრავთ, არც მეტისმეტად დავიახლოებთ, უბრალოდ, ერთგვარ დისტანციას დავიჭერთ მანამ, სანამ ღმერთის ნებას შევიტყობთ… განსაცდელს რომ გადავეყაროთ, მერე რა იქნება?“[4]. რამდენიმე დღის შემდეგ კი აგრძელებდა: ,,ყოველ შემთხვევაში, აქ ჩამოსვლაზე ნუ წააქეზებთ. სჯობს ნელ-ნელა დაივიწყოს, რადგან უმჯობესია არ ჩამოვიდეს… დარჩეს იქ, სადაც არის და წმინდა იოანე ნათლისმცემელი დაიფარავს. ხოლო თუ ოდესმე ჩვენი დახმარება დასჭირდა, ვნახოთ რას ვიზამთ. რაც არ უნდა იყოს, წინამძღვრად არ გამოდგება. გამოცდა გაიარა და ნული მიიღო! სამწუხაროდ!“[5].


[1] წერილი დიაკვან ათანასეს,მინთი.

[2] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 17 თებერვალი

[3] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის დიდმარხვის პირველი შაბათი.

[4] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის დიდი ოთხშაბათი (18 აპრილი)

[5] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის თომას კვირის ხუთშაბათი (2 მაისი)


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ირაკლიდიოსის მონასტერი, ლიმასოლის ეპარქია, კვიპროსი; გადმოწერილია საიტიდან https://gidnakipre.ru