joseph

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

განსაცდელი ფართო მასშტაბებს იღებს

იღუმენია ქრისტეფორას მიერ აგორებული განსაცდელი არათუ არ მცირდებოდა, არამედ უფრო და უფრო მწვავდებოდა. 1981 წლის ოქტომბერში წმინდა ეფრემ კატუნაკელი ავად გახდა. მოძღვარმა იგი ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოინახულა, რათა მხარდაჭერაც გამოეხატა და რჩევაც ეკითხა. „იოსებ, განსაცდელია“, მიუგო ბერმა, „თუ გეტყვიან წადიო, წადი. ერთი ქალაქიდან თუ გდევნიან, მეორეში წადითო“.

ჩვენი მოძღვარი თავის დღიურში წერდა:

«ოთხშაბათი, 30 სექტემბერი. წირვის შემდეგ პაფოსში გავემგზავრე დიაკვან ათანასეს თანხლებით. წინამძღვარმა (მ. იოსები ამას საკუთარ თავზე ამბობს) ეპისკოპოსისგან ნებართვა აიღო ბერი ეფრემ კატუნაკელი მოენახულებინა ათენში და ამიტომ დიაკვან ათანასესთან ერთად პასპორტების გამზადებას შეუდგა (უფრო სწორედ, საშვის). იძულებულები გახდნენ ნიქოზიაში გადასულიყვნენ. მონასტერში იმავე დღეს დაბრუნდნენ. საღამოს ბატონი ანდრეა ტამპურლასი და ანდრეა თემისტოკლეუსი გვესტუმრნენ ოჯახებით, ასევე, მამა ნეოფიტე ეკონომოსი, მამა ნიკოლოზი და სხვა ახალგაზრდები.

პარასკევი, 2 ოქტომბერი. წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ხსენება. წინამძღვარი დილაადრიან, ოთხ საათზე მონასტრიდან მანქანით ლარნაკაში გაემგზავრა, საიდანაც ათენში უნდა გადაფრენილიყო სნეული მამა ეფრემ კატუნაკელის მოსანახულებლად.

შაბათი, 3 ოქტომბერი. დღეს მონასტერს ესტუმრნენ ბატონი გიორგი, მეუღლესთან ერთად, ბატონი კოსტა კუმიდისი, ბატონი მიხალის სირივანოსი და კიდევ სხვა ლიმასოლელი ახალგაზრდები. ყველა დამწუხრებული წავიდა, რადგან წინამძღვარი ადგილზე არ დახვდათ.

ორშაბათი, 5 ოქტომბერი. დაახლოებით დილის 11 საათზე წინამძღვარი ათენიდან ლარნაკას გავლით სავანეში დაბრუნდა. დედაქალაქში სნეულ ბერს შეხვდა, რომელსაც აქტუალურ თემაზე, მონაზონ ქრისტეფორას მიერ შექმნილ  განსაცდელზე ესაუბრა (რაც, სამწუხაროდ, გრძელდება). წინამძღვარი ცოტა ხნით მეტეორასაც ეწვია: ფერისცვალების დიდ სავანესა და ყოველთა წმინდათა, ანუ ვარლაამისა და სტეფანეს მონასტერს.

ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი. წინამძღვრისა და ძმების მიერ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ათონზე დაბრუნდნენ. ამისთვის მმართველი ეკლესიისგან შესაბამისი საშვი ითხოვეს მიეცათ. საღამოს ერთ მეზობელ სახლში ტამპურლასებისა და ქალბატონ დესპინას ოჯახებთან და მ. ნეოფიტესთან გვქონდა შეხვედრა. ეს ადამიანები ჩვენ წინააღმდეგ ცილისწამებას აქტიურად აღუდგნენ წინ და ცრემლებით გვთხოვდნენ გადაწყვეტილება შეგვეცვალა.

ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი. ზემოხსენებულთა მცდელობას სტუდენტები- ნეოფიტე ცაპასი, გიორგი და პარასკევასი შეუერთდნენ, რომლებიც მონასტერში საღამოს მოვიდნენ, დღეს კი წინამძღვართან და დიაკვან ათანასესთან ერთად პაფოსში გაემგზავრნენ (ისინი შინ დაბრუნდნენ, ხოლო ჩვენ პასპორტების გასამზადებლად წავედით). ნიქოზიელმა ბატონმა ანდრეამ, მეუღლე რიტასთან და სხვებთან ერთად, მთავარეპისკოპოსთან შეხვედრის მზადება დაიწყო. აგრეთვე საბუთებს აგროვებენ ქრისტეფორას ცრუჩვენებების გასაბათილებლად. დიაკვანი ათანასე და მორჩილი ვასილი ლიმასოლში, ლარნაკასა და ნიქოზიაში გაემგზავრნენ, რათა პასპორტების საქმე მოაგვარონ და ქვეყნიდან გასვლის საშვი ყველასთვის აიღონ”[1].

პარასკევი, 9 ოქტომბერი. საღამოს წმინდა ნეოფიტეს მონასტრიდან არქიმანდრიტი ალექსი და დიაკვანი იოაკიმე გვესტუმრნენ. საკმაო ხანი დაჰყვეს ჩვენთან, უკანასკნელ მოვლენებზე მსჯელობდნენ და წინამძღვარს სთხოვდნენ, მონასტერი არ დაეტოვებინა. როდესაც ისინი წავიდნენ, მაშინ ჩვენი ძმებიც მობრუნდნენ მგზავრობიდან ლარნაკელ მ. იოაკიმესა და სტუდენტ გიორგისთან ერთად.

შაბათი, 10 ოქტომბერი. წირვის შემდეგ მ. იოაკიმე გაემგზავრა. აქ ყოფნის განმავლობაში წინამძღვარსა და ძმებს სთხოვდა კვიპროსიდან არ წასულიყვნენ, თანაც გადმოგვცა სოლომონიდისებისა და მიხაილიდისების ოჯახების მსგავსი თხოვნაც“[2].

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ხალხი სთხოვდა დარჩენილიყო, მოძღვარს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, რაც რამდენიმე დღეში განახორციელა. მანამდე კი დიაკვანი ათანასე რჩევის საკითხავად ათონზე, ბერ პაისისთან გააგზავნა, რადგან ჩვენი მოძღვარი მხოლოდ საკუთარ აზრს არასდროს სჯერდებოდა. თანაც, ამასთან ერთად, შესაფერისი კელიაც უნდა მოძებნილიყო იმ შემთხვევისთვის, თუ საძმო ათონზე დაბრუნდებოდა. 1981 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში საძმომ მინთის მონასტერი დატოვა და 7-8 დღით სტავროვუნის მონასტერში დაბინავდა. სანამ კვიპროსს საბოლოოდ დატოვებდნენ, დიაკვან ათანასეს დაბრუნებას ელოდნენ, რათა ბერ პაისისგან პასუხი ჩამოეტანა (იმის შესაძლებლობაც არსებობდა, რომ კუნძულზევე დარჩენილიყვნენ, ოღონდ სხვა ადგილას).


[1]  სპეციალური საშვი სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გამო იყო საჭირო, რისგანაც სასულიერო პირები თავისუფლდებოდნენ.

[2] ჩანაწერები 1981 წლის 30 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ