ioseb vatopedeli 4

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

ათონზე დაბრუნების ფიქრები

მეუფე ათანასე გვიამბობს წმინდა პაისისთან სტუმრობის შესახებ: „მახსოვს, ხუთშაბათი ან პარასკევი იყო, რომ მივედი. ზარი ჩამოვრეკე. ბერი აივანზე გამოვიდა და სანამ რამეს ვეტყოდი, გამომძახა: „დიაკო (დიაკვანი ვიყავი მაშინ), კვიპროსი ათონზე უნდა წამოვიდეს“. მე ჭიშკართან ვიდექი, ათიოდე მეტრის მოშორებით, ბერი კი აივანზე იდგა. მაშინ შესასვლელი მხოლოდ დაბლიდან იყო, ზემო მხრიდან ჯერ არ იყო გაკეთებული. ბერმა გამიმეორა: „კვიპროსი ათონზე უნდა წამოვიდეს. ათონზე წამოდით“. თავდაპირველად მომეჩვენა, რომ ხუმრობდა, მაგრამ როდესაც ყველაფერი ვუთხარი, თითქოს უკვე იცოდაო, დამაჯერებლად მითხრა: „ჯობს აქ მოხვიდეთ, ათონზე გადმოდით“. მასთან ორი დღე დავრჩი. შაბათ საღამოს ქსენოფონტში „ოდიგიტრიას“ ხატის ღამისთევაზე წავედი, ხოლო კვირას ათონს გარეთ გავედი და კვიპროსზე გავემგზავრე“[1].

როდესაც დიაკვანმა ათანასემ ბერ იოსებს წმინდა პაისისთან შემდგარი   საუბარი გადასცა, მოძღვარმა თქვა: „მორჩა! თუ ასე თქვა, მორჩა. უკან უნდა დავბრუნდეთ“. კამათსა და მსჯელობას აზრი აღარ ჰქონდა. წმინდა პაისიმ საუბრისას შესთავაზა, საძმო სიმონპეტრას ხარების კელიაში დაბინავებულიყო კაფსალას ტერიტორიაზე. ამიტომაც მ. ათანასე სიმონპეტრას წინამძღვარს, ბერ ემილიანეს ეწვია, რომელმაც დიდი სიხარულით მიიღო ახალგაზრდა მონაზონი და სხვათა შორის, ესეც უთხრა: „უთხარი შენს მოძღვარს, მოვიდეს. ჯერ აქ მოდით, დაისვენეთ. მონასტერში რამდენიმე დღით დიდი სიხარულით გიმასპინძლებთ, შემდეგ კი ერთად წავიდეთ, გავხსნათ კელია ვნახოთ რა მდგომარეობაშია; სამი-ოთხი წელია მიტოვებულია“. ბერმა იოსებმა ეს კელია იცოდა, თანაც, დიდ პატივს სცემდა და აფასებდა მ. ემილიანეს.

გადაწყდა, რომ სამოქალაქო კალენდრით 1981 წლის 26 ოქტომბერს გამგზავრებულიყვნენ ათონზე.

მთავარეპისკოპოსი პაფოსის მიტროპოლიტს არ დაეთანხმა. არ დაეთანხმა აგრეთვე კიტიონელი (ლარნაკას) მიტროპოლიტი ქრიზოსტომეც, ის ბერს მინთის მონასტერში ეწვია და სთხოვა სტავროვუნის მონასტერში დასახლებულიყო, რომელიც მის ეპარქიას ეკუთვნის. მე სწორედ მაშინ გავხდი საძმოს წევრი. ჩვენმა მოძღვარმა თავის დღიურში ჩაწერა: „კვირა, 19 ივლისი (1981). მეოთხე მსოფლიო კრების მამათა ხსენება… დღეს მორჩილ ვასილი კუცუს წინამძღვარმა ანაფორა ჩააცვა“.

მახსენდება ის დღეები და კიტიონელი მიტროპოლიტის სიტყვები: „მინდა, რომ აქ დარჩეთ, მამაო. განსაცდელია, გაივლის. მე ამ ცილისწამების არ მჯერა“. კიტიონელ ეპისკოპოსთან ერთად ბერის უმანკოებისა სხვა ეპისკოპოსებსაც სჯეროდათ. სტავროვუნის იმდროინდელი სულიერი მოძღვარი, ამჟამად კი წინამძღვარი, ბერი ათანასე მეუბნებოდა: „უთხარი მოძღვარს, რომ აქ დარჩეთ. ჩემი მხრიდან პრობლემები არ გექნებათ. მე და მ. იოსები საერთო ენას გამოვნახავთ. მე დავემორჩილები».

მაგრამ ჩვენს მოძღვარს ორი მიზეზის გამო არ სურდა დარჩენილიყო: პირველი იყო ბერ პაისის გამოცხადება, ხოლო მეორეს უფრო ფაქიზი სულიერი ხასიათი ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ მაშინდელი წინამძღვარი, ბერი გერმანე, თავის დროზე ჩვენი მოძღვრის თანამოღვაწე გახლდათ. ბერი იოსები ამბობდა: „მამა გერმანეს ხომ არ გადავაბიჯებ?! როცა სტავროვუნიში ვცხოვრობდი, მამა გერმანე მოძღვარივით მყავდა. მე რომ ჯერ კიდევ მორჩილი ვიყავი, ის უკვე დიაკვანი იყო.“ ბერი  გერმანე წმინდა ცხოვრების კაცი იყო. ჩვენი მოძღვარი მინთის მონასტერში ცხოვრების პერიოდში სწორედ მასთან ამბობდა აღსარებას.

მონაზონ ქრისტეფორას გადასვლა პაფოსიდან და ბერ იოსების ძვირუხსენებლობა 

იღუმენია ქრისტეფორა რამდენიმე ხანი კიდევ წმინდა უვეცხლოთა მონასტერში ცხოვრობდა. დაახლოებით ათი თვის შემდეგ მიტროპოლიტთან შესაბამისი შეთანხმების გარეშე დებთან ერთად კუნძულ კრეტაზე გადავიდა, მაგრამ ვერც იქ გაჩერდა და მოგვიანებით ქ. სერეს ღმრთისმშობლის ერთ-ერთ სავანეში დასახლდა. სამწუხაროდ, იქაური მიტროპოლიტის მიმართაც იმავე ცილისწამებას მიჰყო ხელი. საბოლოოდ საკითხი საბერძნეთის ეკლესიის სინოდის განხილვის ობიექტი გახდა, რომელმაც მონაზონ ქრისტეფორას მიმართ სასჯელის უკიდურესი ზომა, განკვეთა გამოიყენა.

მოგვიანებით, 1998 წელს, ჩვენი მოძღვრის ცილისწამემის კიდევ ერთი მცდელობა მოხდა და ზოგიერთმა კვიპროსის ამბებიც გაიხსენა. მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის საეკლესიო სასამართლომ ბერი გაამართლა და მდროინდელი და წარსული ცილისწამებები უსაფუძვლოდ ჩათვალა.

1990 წელს ვატოპედის მონასტრიდან სერეს რაიონში ღმრთისმშობლის წმინდა სარტყელი მიაბრძანეს. მონაზონი ქრისტეფორა მაშინ ჯერ კიდევ არ განეკვეთათ და ერთ-ერთი იქაური მონასტრის წინამძღვარი იყო. როდესაც მან სიწმინდე მოილოცა, მამა ათანასეს სთხოვა, მის მონასტერშიც მიებრძანებინა სიწმინდე. მამა ათანასემ ბერ იოსებს დაურეკა და ჰკითხა როგორ მოქცეულიყო. ბერმა უთხრა, არა უშავს, რადგან გთხოვს, წადიო. მოძღვარმა მას უკვე დიდი ხანია აპატია და ახლა მამა ათანასეს დააბარა, უთხარი ლოცვაში გიხსენებს-თქო, რასაც აკეთებდა გარდაცვალებამდე.

მეუფე ათანასე გვიამბობს: „როდესაც მასთან მივედი. ვუთხარი: „დედაო, ეს რა გააკეთე მაშინ? რა ილაპარაკე ბერზე და ჩვენ ყველანი ასე გაგვაწვალე? ზამთარსა და სიცივეში ქუჩაში გაგვყარე“. მან მომიგო: „მამაო, მე მხოლოდ ასანთი ავანთე, და რა ვიცოდი, რომ ტყე დაიწვებოდა. თანაც, ხომ იცით, რომ მოძღვარს ჩემი გაგდება უნდოდა და მეც ვითომ თავი დავიცავი, მაგრამ ვერ გავითვალისწინე, რომ ჩემს ქმედებას ასეთი შედეგები მოჰყვებოდა“. ერთი სიტყვით, დილით ვწირეთ და წამოვედი. მონაზონი ქრისტეფორა რამდენიმე თვეში იქიდანაც გამოაგდეს“[2]


[1] ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24 ივლისი.

[2] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან 11/24 ივლისი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ