სახაროვი scaled e1605724091900

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში

წმინდა იაკობ ცალიკისი და ღირსი სოფრონ ათონელი

1989 წლის ზაფხულში, სანამ ვატოპედი კინობიად გადაკეთდებოდა. მოძღვარმა დიდი ხნის წადილი აისრულა და ბერი იაკობი გაიცნო. ის ევბეას კუნძულის ღირს დავითის[1] მონასტერში მოღვაწეობდა და განჭვრეტის ნიჭის წყალობით სახელი გაეთქვა. ბერი იოსები და მამა ათანასე წმინდანს ესტუმრნენ და ვატოპედში არსებული მდგომარეობის შესახებ ესაუბრნენ. ბერმა იაკობმა ურჩია მოთმინება გამოეჩინათ, იმის იმედით, რომ, ღმერთი თავის საქმეს გააკეთებდა. ისიც ახსენა, რომ, როდესაც მისი მონასტერი ჯერ კიდევ იდიორითმული იყო, თვითონაც მსგავსი გასაჭირი გადაიტანი. შეჰპირდა ბერ იოსებს, რომ ღირსი დავითი ვატოპედის კინობად გადაკეთებაში მიეხმარებოდა. შეხვედრა სულიერი სიხარულისა და სიყვარულის ატმოსფეროში მიმდინარეობდა. წმინდა იაკობმა ღირსი დავითის გამოცხადებებისა და სასწაულების შესახებაც მოუთხრო და შემდეგ დიდი სიყვარულით გააცილა. ჩვენი მოძღვრის წამოსვლის შემდეგ ბერ იაკობს თავისი ერთ-ერთი მონაზვნისთვის უთქვამს: „ამ ბერს სულში დიდი სიყარული აქვს. ათონზეც კი ცოტანი არიან ისეთი მოძღვრები, რომელთაც ასე უყვართ თავისი სულიერი შვილები”.

1988 წლის ზამთარში ბერმა იოსებმა პირველად წაიკითხა ბერ სოფრონის წიგნი (ხელნაწერიდან, რადგან ჯერ კიდევ არ იყო გამოცემული) „ვიხილოთ ღმერთი როგორიც არის“. ჩვენი მოძღვარი მანამდეც პატივს სცემდა მამა სოფრონს იმის გამო, რომ წმინდა სილუანეს მოწაფე და ბიოგრაფი იყო. ხსენებული წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მიხვდა, რომ მოწაფე მასწავლებლის კვალს მიჰყვებოდა. ბერი სოფრონი მაშინ ღრმად მოხუცებული იყო. ამის გამო მამა იოსებმა გადაწყვიტა მოენახულებინა იგი და მისი წმინდა ლოცვა კურთხევა მიეღო. 1990/91 წლის შობის შემდეგ (ათონური კალენდრით) ინგლისში, ესექსის წმინდა იოანე ნათლისმცემელის მონასტერში გაემგზავრა.

მოძღვარს მ. ათანასე ახლდა, რომელიც გვიამბობს: „გვიან ჩავედით. ზამთარი იყო და ძალიან ციოდა. 27-28 დეკემბერი იყო ძველით. ბერი სოფრონი, მოქსოვილ საბანში გახვეული, ჩვენს შესახვედრად ორ-სამ მამასთან ერთად მონასტრის კარიბჭესთან გამოვიდა. საღამოს ათი საათი იქნებოდა. დაინახა თუ არა ჩვენი მოძღვარი მეტანიების კეთება დაიწყო, მიწამდე იხრებოდა. სანამ მანქანიდან იმ ადგილამდე მივედით, მეტანიებს გვიკეთებდა. ეამბორნენ და გადაეხვივნენ ერთმანეთს… ბერი სოფრონი ამბობს: “ეკლესიაში წავიდეთ, ლოცვა ვთქვათ”. ღამის ათ საათზე ეს 4-5 კაცი ეკლესიაში წავედით. წმინდა სილუანეს ტროპარი იგალობეს, ბერი სოფრონი ჩვენს ბერს მოუბრუნდა და უთხრა: „მამაო, სულიწმიდამ მოგიყვანათ დღეს ჩვენთან”. მეორე დღეს, მთელი დილა ჩვენთან ერთად იყო და ვსაუბრობდით. საღამოს კიდევ გვქონდა შეხვედრა, რომელიც ასევე დიდხანს გაგრძელდა. მონასტერში კიდევ ერთი ღამე გავათენეთ. დილით ისევ ვისაუბრეთ. შემდეგ ბერმა სოფრონმა მოძღვარს სახოვა მისი მონაზვნებისთვის ორიოდე სიტყვა ეთქვა. სადილის შემდეგ დავემშვიდობეთ და წამოვედით“[2].

ბერმა სოფრონმა თავის საუბარში წმინდა იოსებ ისიქასტი ახსენა, რომელსაც პირადად იცნობდა. როდესაც მას ვხვდებოდიო, თქვა, მისი, როგორც სულიერი მხედართმთავრის ლოცვა, ძლიერ ზემოქმედებას ახდენდა ჩემზეო. ლოცვასა და თავის ბრალობაზე განსაკუთრებულად ისაუბრეს. მაშინაც და მოგვიანებითაც. საძმოს კრებაზე, ბერი იოსები ცრემლებს ვერ იკავებდა.

ბერმა თავისი სიტყვა ასე დაიწყო: „სულის სიღრმემდე ვარ შეძრული იმ გულწრფელი სიყვარულით, რომლითაც მიგვიღეთ და გვიმასპინძლეთ. უფრო მეტად კი იმით, რომ თქვენი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა მივიღეთ, რომელიც დაუსწრებლად მრავალი წლის წინ გავიცანი ჩემი ცხონებული მოძღვრის მეშვეობით, არა პირადად, არამედ მისი წიგნებიდან და ჩემი ბერის მონათხრობიდან, რომელიც დიდად აფასებდა მის მაღალ სულიერებას. ყოველთვის ვოცნებობდი, სანამ ამ ქვეყნიდან წავიდოდი, მისი ლოცვა-კურთხევის ღირსი გავმხდარიყავი… რაც შეეხება იმას, რომ რამე გითხრათ, ცოტა არ იყოს, მერიდება, რადგან აქ მოსასმენად ჩამოვედით… ახალს ვერაფერს გეტყვით, ღმრთისმოყვარენო ძმანო. მხოლოდ იმას, რაც თქვენც იცით და რითიც თქვენ ცხოვრობთ. ჩვენც იმავეს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვიმყოფებით. მიზანი ორივეს აბსოლუტურად ერთი და იგივე გვაქვს. შემდეგ მოკლედ თავისი მოძღვრის შესახებ ილაპარაკა, ჩაუღრმავდა საღმრთო მადლის შეძენის გზასა და მეთოდებს, რაც ყოველი ქრისტიანის, განსაკუთრებით კი, მონაზვნის ცხოვრების მიზანია. ბოლოს კი კითხვებზე გასცა პასუხი, რომლებიც აგრეთვე სულის ცხონებასა და სიწმინდეს ეხებოდა.

თავის მოძღვარზე, წმინდა იოსებზე საუბრისას ხაზი გაუსვა მისი, როგორც დაყუდებულის, მოღვაწეობის თავისებურებებს. აღნიშნა, რომ სწორად ასეთი მოღვაწეობა წარმოაჩენს წმინდა მამათა სწავლების ჭეშმარიტებას. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღირსი იოსები ყველაზე უსაფრთხო გზად მიიჩნევდა ზოგადცხოვრებულთა მონასტერში მორჩილებით ცხოვრებას. „ჩვენმა მოძღვარმა ღმერთის შიში და მონაზვნობის ნამდვილი აზრი გვასწავლა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დაყუდებულიცა და მარტოდმცხოვრებიც იყო, მონაზვნობის ყველა ფორმას სცემდა პატივს, საკუთარი თავისთვის კი ისიქასტური მოღვაწეობის გზა აირჩია.

ის, რასაც ყოველთვის შთაგვაგონებდა, იყო საღმრთო შიშის შენარჩუნება. რამეთუ, როგორც თავადაც კარგად მოგეხსენებათ, ადამიანის ცხოვრება, ადამიანი, როგორც ინდივიდი, არარაობაა. როგორც უფალი ბრძანებს: „თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი““. ადამიანის არსება მართლაც არაფერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გარეშე მიზეზების გავლენის ქვეშაა. ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის მასში მადლის ყოფნა-არყოფნა. ჩვენი მოძღვარი ყოველთვის საღმრთო მადლზე გველაპარაკებოდა. მუდამ იმისკენ გვიბიძგებდა, რომ მთელი ჩვენი ძიება, მთელი ჩვენი მონდომება, მთელი ჩვენ საქმიანობა, საღმრთო მადლის შეძენისა და შენარჩუნებისაკენ მიგვემართა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მისი მეშვეობით მივაღწევთ იმას, რასაც ვესწრაფით. მის გარეშე არაფერი შეგვიძლია. ესაა ჩვენი მიზანი“.

ამის შემდეგ ბერმა თავისი მრავალმხრივი გამოცდილებით მორჩილებაზე ილაპარაკა. ისაუბრა აგრეთვე სიხარულთან შეზავებულ გლოვასა და მის მიერ გამოწვეულ საღმრთო განათლებაზე, გონების სიფხიზლეზე, ამპარტავნების მიერ გამოწვეულ უდებების საფრთხეზე, სიწმინდის მიღწევის გზაზე, დაუსრულებელ სრულყოფილბაზე.


[1] დავით ევბეელი, ღირსი – XVI საუკუნეში საბერძნეთის ტერიტორიაზე მოღვანე წმინდა ბერი, რომელმაც ხსენებული მონასტერი დააარსა.

[2] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24 ივლისი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

X