peshhery ryadom so skitoj svyatoj anny malyj 2

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მესამე: მთაწმინდა – წმინდა ანას მცირე სკიტში

სატანის მოქმედება

მამა სოფრონის ძალისხმევით წმინდა ანას სკიტში საძმოს ყოფითი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობდა, ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლდათ. მოგვიანებით ის წერდა: ,, მოწყობაც ვერ მოვასწარით, რომ ჩვენი ჯანმრთელობა გაუარესდა. მოძღვარი ჩაწვა. ნებისმიერი მოძრაობა უჭირდა და ამიტომ მთელი მისი ცხოვრება ტკივილად იქცა. მაგრამ რადგან მას შრომა უყვარდა, იმ საათებში, რომლებიც ხელსაქმისთვის იყო განკუთვნილი, ისიც საქმიანობდა. მისი ხელსაქმე ხეზე ჭრა იყო. ჩვენ მასალას ვუმზადებდით, ის კი პატარა ჯვრებს ამზადებდა, თანაც ძალიან სხარტად და ოსტატურად. მაშინ მარტო ცხოვრობდა იმ კალივაში, რომელიც მოშორებით ავუშენეთ. შუადღისას მასთან მივდიოდით ხოლმე, შემდეგ კი თითოეული თავის სენაკში მიდიოდა.

ჩვენი საცხოვრებელი წყნარი და განმარტოებული იყო, მაგრამ, იმავდროულად, ცუდი ამინდისგან სრულიად დაუცველი. ხოლო რადგან უმეტესად ციოდა, მოძღვარი დავითანხმეთ, მისთვის პატარა ღუმელი დაგვედგა. ამგვარად მე, უბადრუკმა, ზომები ავიღე და მასალა მოვამზადე: შიგნიდან თიხა იქნებოდა, გარედან კი ფოლადის ფურცლები. საღამოს ყველაფერი გავამზადე, დილით კი მოძღვრის ლოცვა-კურთხევა ავიღე, საჭირო იარაღები შევაგროვე და იქვე მახლობლად დავიწყე მუშაობა. კარგი ამინდი იდგა და ამიტომ ღია ცის ქვეშ ვმუშაობდი. მაგრამ მოულოდნელად ამინდი გაფუჭდა, მოგვიანებით კი უამრავ წინააღმდეგობას წავაწყდი: რაღაც უცნაური და გაურკვეველი მიმართულებით ქარი უბერავდა, ყველაფერს სახეში მაყრიდა: ფოლადის ფურცლებს, ფიცრებს, ქაღალდს, ქვიშას; იარაღი ხელიდან უცნაურად მიცვიოდა და სადღაც მიგორავდა, თუმცა იქ დაღმართი არ იყო; ლურსმნები უმიზეზოდ იღუნებოდა, დრელი ტყდებოდა, ზომები აღარ ესადაგებოდა… თავიდან ამ სირთულეებს ყურადღებას არ ვაქცევდი და ვცდილობდი, ყველაფერი რიგრიგობით გამომესწორებინა. მაგრამ მალე ძალიან საგრძნობი გახდა, რომ არაჩვეულებრივი და უცნაური რამ ხდებოდა. ჩაქუჩი იმდენჯერ ჩავირტყი, რომ თითები მტკიოდა და ამიტომ იძულებული გავხდი ცოტა ხნით გავჩერებულიყავი. შინაგანად რისხვას, შფოთსა და მოუთმენლობას ვგრძნობდი. რაღაცა ხდება-მეთქი, ვუთხარი ჩემს თავს და რადგან ამინდიც გაფუჭდა, საქმე შევწყვიტე და მოძღვართან წავედი.

ჩვეულებრივ პირობებში ასეთ საქმეზე მაქსიმუმ ორი-სამი საათი თუ დამჭირდებოდა, ახლა კი ექვს საათზე მეტი გასულიყო და ჯერ არაფერი გამეკეთებინა. მაშინ გამახსენდა, რომ დილით ბერმა რაღაც მითხრა, სარაც სათანადო ყურადღება არ მივაქციე: ,,აბა, შენ იცი, ვნახოთ რა გამოგივა“. არ მივაქციე-მეთქი ყურადღება, ვთქვი, რადგან მეგონა, რომ მოძღვარს, უბრალოდ, ჩემი დამდაბლება უნდოდა. მე ხომ ეს საქმე კარგად ვიცოდი. ამის გარდა, მინდოდა უფრო მალე და მეტი წარმატებით დამემთავრებინა სამუშაო, რომ მისთვის მესიამოვნებინა. ფარული სიხარული ვიგრძენი, როდესაც უფლება მომცა, ღუმელი გამეკეთებინა, თანაც მარტო მე! ერთი სიტყვით, მივადექი მის სენაკს და დავუკაკუნე. კარი რომ გამიღო და შეშფოტებული დამინახა, გაეცინა. ,,მამაო, რა ხდება? რატომ მითხარი დილით, აბა რა გამოგივაო? ხომ იცი, რომ ასეთი საქმეები ჩემთვის სათამაშოა?“. შენ თვითონ რას ფიქრობო, მკითხა. განსაცდელია, სატანა მოქმედებს-მეთქი, მივუგე. ასეაო, მიპასუხა და დასძინა: ,,მომისმინე და აგიხსნი იმას, რაც უცნაურად გეჩვენება. საღამოს, როდესაც ლოცვა დავასრულე და მინდოდა დამესვენა, სატანა დავინახე. მემუქრებოდა, დავაბრკოლებ და არ გავაკეთებინებ იმას, რაც გადაწყვიტეო. მე კი ქრისტეს ვუთხარი: ,,უფალო, ხელს ნუ შეუშლი, რათა მას ვუჩვენო, რომ მიყვარხარ და შენი გულისთვის ისეთ სიცივეს მოვითმენ, რამდენსაც შენ დაუშვებ“. ამიტომ, შვილო, ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ჯერ არ მქონდეს გათბობა“.

როდესაც ეს არაჩვეულებრივი სიტყვები მოვისმინე და ღმერთის განგებულებისა და სულიერი კანონის ასეთი საიდუმლოს მოწმე გავხდი, გაკვირვებული დავრჩი და გონებით ვამბობდი: ,,დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და არ არსებობს სიტყვა, შესაფერისი დიდებისა შენისა!“. ეს შემთხვევა დამეხმარა გამეგო, თუ რა ძალა აქვს მოძღვრის სიტყვას. წმინდანები – ამბა პიმენი და ამბა დოროთე გვასწავლიან, რომ მოძღვრის სიტყვებში მადლის ძალა და მოქმედება იმალება, რაც მათი პიროვნული სულიერი მდგომარეობისა და გამოცდილების ნიშანია. ორივე ღირსი მამა, ისევე როგორც სხვა ბერები, თავიანთ აზრებსა და რჩევებს წმინდა მამების გამონათქვამებზე უფრო ამყარებდა, ვიდრე წმინდა წერილის ციტატებზე, რამეთუ მამების სწავლებაც, ფაქტობრივად, იგივე ბიბლიაა, ოღონდ წმინდა მამების სულით განმარტებული“.

ბერების მადლიანი სიტყვა ცხადყოფს კონკრეტული ადამიანის წყურვილს, გაიგოს ღმერთის ნება კონკრეტულ სიტუაციაში, როცა სვამს კითხვას: ,,მამაო, მითხარი სიტყვა,  როგორ ვცხონდე“. ამიტომ ერთსა და იმავე კითხვაზე ერთმა და იმავე მოძღვარმა შეიძლება სხვადასხვანაირად გასცეს პასუხი არა მარტო სხვადასხვა ადამიანებს, არამედ ერთსა და იმავე ადამიანსაც, ოღონდ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. ბერების ასეთი სიტყვა გამოცდილებისა და სულიერი გონიერების შედეგია, სულიწმინდით მოსილი და მაცხოვნებელი.

სულის კანონი ზედმიწევნითი სიზუსტით განსაკუთრებით მათთვის მჟღავნდება, ვინც მდუმარებით ცხოვრობს. თუმცა არა მარტო მათთვის, არამედ ყველასათვის, ვისაც ისეთი აზროვნების წესი აქვს და წვრილმანებშიც კი ცდილობს, ზედმიწევნით დაიცვას სინდისი. ჩვენი მოძღვარი ხაზგასმით გვასწავლიდა, რომ სულიერი კანონი აბსოლუტური მათემატიკური სიზუსტით მოქმედებს მაშინაც კი, როდესაც შეცდომებს უძლურების და უცოდინრობის გამო ვუშვებთ. ის ამბობდა: ,,არაფრის არ შემშინებია ცხოვრებაში, სულიერი კანონის გარდა. ჩემს მოძღვარს ყველაფრში ვემორჩილებოდი, ,,ვაღმერთებდი“ მას, მაგრამ თუ შეცდომით ისეთ რამეს გავაკეთებდი, რაც მას არ მოსწონდა, სულიერ კანონს თავს ვერ ვაღწევდი; შვიდგზის გადავიხდიდი! ერთხელ, მახსოვს, რაღაც მითხრა და მე სწორად ვერ გავიგე. ხოლო რადგანაც სადღაც გამაგზავნა და ახლოს არ იყო, ვერ ვიკითხე, რომ ნათქვამი დამეზუსტებინა. თურმე იმის საპირისპირო გავაკეთე, რაც უნდოდა. მაშინ ბერმა მითხრა: ,,იმისთვის, რომ სულიერი კანონი დავაკმაყოფილოთ რათა მან უფრო მკაცრად არ განგვსწავლოს, რაღაც შრომა ნებაყოფლობით უნდა იტვირთო“. ამიტომ წმინდა ანას სკიტიდან, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, ფეხით კარიესში გამაგზავნა, რათა იმ უნებლიე შეცდომის გამო ეპიტიმია შემესრულებინა. ამ მანძილის დაფარვას – წასვლას და უკან დაბრუნებას- წინ და უკან, ათი საათი სჭირდებოდა. ასეთი სიზუსტისა და ჭირთათმენის მოყვარენი იყვნენ ჩვენი მამები!

ღმერთის განგებისადმი ურყევი რწმენა

დიდი ბერის საძმო დიდი შეჭირვებით ცხოვრობდა-ეს მისივე არჩევანი იყო. ფულისა და მატერიალური საგნების მიმართ სრულიად ინდიფერენტულები იყვნენ.  გულში ღმერთის სიყვარულის ცეცხლი ენთოთ, რაც საღმრთო მადლის მოქმედების უფრო დიდი ნიშანია, ვიდრე შესავალი რწმენა. ღმრთის სიყვარულით მოქმედი საღმრთო განგებულება იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ იმედი არასდროს გასცრუებიათ. ნებსითი სიღარიბე მათთვის უზრუნველი ცხოვრების გარანტი იყო, რაც გონებას სულიერად ამაღლების შესაძლებლობას აძლევს. ამქვეყნიური საზრუნავებს დიდი ბერი ,,მონაზვნის დაღუპვად“ თვლიდა;  ,,ჭლექს“ უწოდებდა, ანუ ტუბერკულოზის დაავადებას ადარებდა, რაც იმხნად დიდ უბედურებას წარმოადგენდა. ამიტომ საძმო ადამიანებთან შეხვედრის განრიგსაც მკაცრად იცავდა, რათა შესძლებოდათ ლოცვითა და მდუმარებით დაკავებულიყვნენ.

მიუხედავად პროგრამის ასეთი მკაცრი დაცვისა, ჩვენს მამებში მოყვასისადმი ნამდვილი სიყვარული და თანაგრძნობა აშკარად იგრძნობოდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რამეთუ ლოცვისა და პროგრამის მკაცრი დაცვის მთავარი ნაყოფი სწორედ ეს სათნოებებია. ჩვენი მოძღვარი დიდი ბერის შესახებ ასე წერდა: ,,ის მოუკლებელ თანაგრძნობასა და სიყვარულს ამჟღავნებდა მოყვასისადმი, განსაკუთრებით, სუსტისა და ღარიბისადმი, მონაზონი იქნებოდა ის თუ ერისკაცი. მახსოვს, კარულიაში მცხოვრებ ზოგიერთ უძლურ ბერზე მუდმივად ზრუნავდა: საჭირო სანოვაგეს, ზოგჯერ კი მზა საჭმელსაც უგზავნიდა. თანაგრძნობა, როგორც ღმერთის მოყვარული სულის პირველი ნაყოფი, და რწმენა, როგორც შეურყეველი გოდოლი, იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ღარიბულ კალივებში არასდროს არაფერი რჩებოდა. ჩვენთვის ეს მაშინ რთული იყო, რადგან რწმენის ძალის გამოცდილება არ გვქონდა. თუ ვინმე რამეს სთხოვდა, რაც კი გაგვაჩნდა, ყველაფერს აძლევდა, ჩვენ კი მხოლოდ იმედის ამარა გვტოვებდა. მიუხედავად ამისა, სწორედ ეს დაგვეხმარა ღმერთის განგებისადმი რწმენის მოხვეჭაში, რაც მომავალ ცხოვრებაში უაღრესდ გამოგვადგა“[1] .

სინდისს ჩვენი მამები იცავდნენ არა მარტო ადამიანების მიმართ, არამედ ყველაზე უმნიშვნელო მატერიალური საგნებისადმიც, რადგან თითოეული მათგანი შრომით შექმნილი და ღმერთისადმი მიძღვნილია. ჩვენი მოძღვარი წერდა: ,,ბერი წმინდა წერილიდან და მამათა ნაშრომებიდან შესაბამისი ციტატების მოშველიებით გვასწავლიდა ნივთების გაფრთხილებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ღმერთის ლოცვა-კურთხევა იყოს ჩვენზე. ეს ჩვენც კარგად გვესმოდა. ჩვენი პატარა ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობისადმი იყო მიძღვნილი. 24 ივნისს / 7 ივლისს გვქონდა ტაძრის დღესასწაული, ხოლო ეს წმინდანი ჩვენი განსაკუთრებული მფარველი იყო. როდესაც რამე ძირს გვივარდებოდა, მაგალითად, ლობიოს მარცვალი, ბერი იხრებოდა და იღებდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაუძლურებული და ნახევრად პარალიზებული სხეულისთვის ეს დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამბობდა: ,,ნუ უგულებელყოფთ უმნიშვნლო საგნებსაც კი, რადგან მათი გაუფრთხილებლობა ფლანგვაში ჩაგვეთვლება და ღმერთის წყალობა ჩვენს სახლს დატოვებ. მე ბევრჯერ დამინახავს, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი ეზოში საჭირო სანოვაგეს გვიყრის, ეს კი სწორედ ჩვენი ყურადღების და დაზოგვა-ეკონომიის გამო ხდება“. სანამ რამე საგანს ავიღებდით, მასზე ჯვარი უნდა გადაგვესახა. ასევე მაშინაც, როცა დავდებდით. თუ დაგვავიწყდებოდა, ბერი შენიშვნას მოგვცემდა და შეცდომას გამოგვასწორებინებდა. მთელი ჩვენი მაშინდელი ცხოვრება სასწაული იყო: თავს რომ ვირჩენდით, ეს იყო მხოლოდ ღმერთის მზრუნველობის და არა ჩვენი შრომის შედეგი. მცირეს ვჯერდებოდით, თანაც ბერი იმდენ მოწყალებას გასცემდა, რომ, რაც გვრჩებოდა, არასდროს გვყოფნიდა. მრავალჯერ დავრწმუნდით, რომ ღმერთი გვზრდიდა, და ამიტომაც ჩვენში უფლისა და ღმრთისმშობლის მიმართ რწმენა იზრდებოდა, რამეთუ მათი მზრუნველობა ყველანაირ ადამიანურ ლოგიკას აღემატება“.

მამა სოფრონი მონაზვნური ცხოვრების ყველა წვრილმანს ბეჯითად სწავლობდა, ამიტომ, როცა გავიცანით, უკვე იმ სათნოებებით ბრწყინავდა, რომელთა მოსახვეჭადაც ამდენი შრომა გასწია. ის თავსი მოძღვარზე წრდა: ,,როგორი გულმოდგინებითაც იცავდა ეკონომიის პრინციპს , იმავე ძალისხმევით არიდებდა თავს ყოველივე ზედმეტს. გვქონდა მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი ნივთები, ისიც ყველაზე უბრალო და იაფასიანი. ცდილობდა, არაფერზე არ ვყოფილიყავით მიჯაჭვულები, ხოლო თუ სადმე გდასვლა დაგვჭირდებოდა, ეს ადვილი რომ ყოფილიყო და ბევრი რამ არ გვქონოდა გადასატნი. თვითონაც ასეთი ნებსითი სიღატაკით ცხოვრობდა. რომ აღვწეროთ, თუ რა საგნები ჰქონდა ყოფითი ცხოვრებისთვის, არავინ დაგვიჯერებს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, როდესაც გარდაიცვალა, მის სენაკში გამოსადეგი ვერაფერი ვიპოვეთ; მისადმი მოწიწებით თუ დაიტოვებდა იქიდან ვინმე რაიმე ნივთს, თორემ პრაქტიკულად ყველაფერი გამოუსადეგარი იყო. ბერისთვის უპოვარება არა მატო თავის უარყოფასა და სიღარიბეს ნიშნავდა,  არამედ იგი უზრუნველი ცხოვრების მისაღწევი საშუალებაც იყო, რაც ძალიან ეხმარება გონებას, რომ მიბრუნდეს შინაგანი ცხოვრებისა და ლოცვისკენ.

ჩვენმა მოძღვარმა თავისი ბერისაგან ისწავლა (და ჩვენც გვასწავლიდა), რომ მატერიალურ ნივთებზე სწორად და ყურადღებით ვიზრუნოთ, რათა ისინი არ გაფუჭდეს. ასეთ გულმოდგინებასა და ყურადღებას ის აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევდა იმისათვის, რომ ადამიანმა საღმრთო მადლი მოიხვეჭოს: ასე ვუჩვენებთ ჩვენს უფალს, რომ სინდისს ზედმიწევნით ვიცავთ, რომ განმტკიცებულები ვართ სათნოებებში და თუ ის მადლს მოგვცემს, მის შენარჩუნებასაც შევძლებთ. ხშირად გვიმეორებდა უფლის სიტყვებს: ,,უკუეთუ ქვეყანისაჲ გითხარ თქვენ და არა გრწამს, ვითარ უკვე ზეცისაჲ  გითხრა თქვენ და გრწმენეს?“[2]; ასევე გვახსენებდა პავლე მოციქულის გამონათქვამს: „ უკეთუ ვინმე თჳისთა და, უფროჲსღა, სახლეულთა არა მოღვაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარ-უყოფიეს და არს იგი ურწმუნოჲსა უძჳრეს“[3]. გვახსენებდა ღმერთის მიერ პირველმშობლებისთვის მიცემულ მცნებასაც: სამოთხის ,,საქმედ და დაცვად“[4], ანუ რომ ეშრომათ და დაეცვათ, საიდანაც ჩანს, თუ როგორ აფასებს უფალი ადამაინის განწყობას, რომ მისგან მოცემული მატერიალური სიკეთის სანდო მცველი იყოს და უდებებით მათი განადგურება არ დაუშვას. ნებისმიერი საგანი ხომ ღმერთის სახირებითაა შექმნილი და გვეძლევა, როგორც საღმრთო საჩუქარი, რათა გონივრულად მოვიხმაროთ. ,,ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი“[5]. ნებისმიერი სახის ფლანგვა, რომელიც სიამოვნების მიღების ვნებიდან ან ეგოიზმიდან მომდინარეობს (როცა ადამიანს სურს თავს განუსვენოს), ღმერთის მიმართ უმადურობად ითვლება. ფლანგვა მადლს განდევნის. პავლე მოციქული ხომ ამბობს: ,,რომელი-იგი იშუებდეს (ფლანგველი), ცოცხლივვე მკუდარ არს“; ის აქ გულისხმობს იმ სულიერ სიკვდილს, რომელსაც იწვევს მადლის განშორება, როგორც მფლანგველობის შედეგი. 


[1] წიგნიდან ,,ბერი იოსებ ისიქასტი“ (ბერძნული გამოცემა)

[2] I  ტიმ. 5,8.

[3] იოან. 3,12

[4] დაბ. 2,15

[5] მათ. 24,46

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გამოქვაბული წმინდა ანას მცირე სკიტის მახლობლად, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •