წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი იესუს ლოცვის საფეხურების შესახებ – მღვდელი ვალერი დუხანინი

ისიქაზმის შესახებ წმინდა ეგნატეს სწავლება გამორჩეულია მკაცრი ასკეტური რეალიზმით. ის არ ეხება ამაღლებულ მისტიკურ გამოცდილებებს, როგორიცაა უქმნელი ნათლის ხილვა, განღმრთობა და სულიერი ფერისცვალება. ის თვლიდა, რომ ვინც დროზე ადრე მოისურვა მადლისმიერი ნიჭებისა და ხილვების გემოსხილვა, ყველა ხიბლში აღმოჩნდა. წმინდა ეგნატეს ისიქაზმი – მოუკლებელ შინაგან შრომას და ზეციური ხილვების მოლოდინების გარეშე, საკუთარი გულის ნიადაგის დამუშავებას მოიცავს. ეს გზა გულისხმობს გონების კონცენტრირებას ლოცვის სიტყვებში და გულის მგლოვარებას. ყველაზე მეტი, რასაც შეიძლება რომ ველოდეთ არის ნუგეშინისცემა, როგორც ნიშანი იმისა, რომ ქრისტემ შენი სინანული შეიწირა.

გონიერი საქმიანობის ცენტრში წმინდა ეგნატე, ისევე როგორც უმრავლესი ასკეტი მამა იესუს ლოცვას აყენებს. ის იესუს ლოცვის ღვაწლში გარკვეულ ეტაპებს გამოყოფს, როგორც ქრისტესთან ლოცვითი აღმასვლის ერთგვარ საფეხურებს. წმინდა ეგნატეს ასკეტურ მემკვიდრეობაში შემდეგი საფეხურები გამოიყოფა:

  • ბაგისმიერი-სიტყვიერი ლოცვა
  • გონიერი ლოცვა
  • გულისმიერი ლოცვა
  • სულიერი ლოცვა

ლოცვითი ღვაწლის ამ საფეხურების სწორად გავლისთვის წმინდა ეგნატე ერთ მთავარ პრინციპს გვთავაზობს: გონების კონცენტრირება ლოცვის სიტყვებში და ყოველგვარი წარმოსახვის განდევნა. ის ამბობდა: ,,წმინდა იოანე სინელი გვირჩევს, რომ გონება ლოცვის სიტყვებში მოვაქციოთ და რამდენჯერაც არ უნდა გაგვეფანტოს, კვლავ სიტყვებში დავაბრუნოთ. როდესაც გონება ამგვარ ყურადღებას მიეჩვევა, მაშინ თანდათანობით გულიც თანაუგრძნობს ლმობიერებით და დადგება ეტაპი, როდესაც ლოცვა გონებითა და გულით აღესრულება’’.

თვალსაჩინოა ის, რომ წმინდა იოანემ თავის ,,კიბეში’’ ორჯერ ახსენა ეს პრინციპი. მეტნაკლებად უფრო მკაფიოდ კი მის სიტყვაში ლოცვის შესახებ: ,,ეცადე მუდამ უკან დააბრუნო შენი გაფანტული გონება. უკეთ რომ ვთქვათ, ჩაკეტე ის ლოცვის სიტყვებში. თუკი გონება შენი მოუმწიფებლობის გამო დაიღლება და აქეთ-იქით ხეტიალს მოისურვებს, კვლავ ლოცვის სიტყვებში მოაქციე. ჩვენი გონებისთვის მახასიათებელია ამგვარი ცვალებადობა. მაგრამ მას, ვისაც ყოველივეს განმტკივება ძალუძს(ქრისტე), ჩვენი გონების მოთვინიერებაც შეუძლია’’. ამ შეხედულებას ის მორჩილების შესახებ სიტყვაში გამოთქვამს: ,,მოუკლებლად ებრძოლე აზრთა მოზღვავებას. როდესაც გონება გაგეფანტება, კვლავ მოიკრიბე საკუთარ თავში, რადგან დამწყებ მორჩილებს ღმერთი არ მოსთხოვს სრულყოფილ ლოცვას. ამიტომაც  არ დამწუხრდე, როდესაც აზრები გაგიტაცებენ, არამედ სულგრძელობა გამოავლინე და მოუკლებლად აიძულე გონებას, რათა ყურადღებით იყოს’’. მეორე ციტატაში საუბარია გონების საკუთარ თავში დაბრუნებაზე, რათა მან მეოცნებეობა არ დაიწყოს. ორივე ციტატის გათვალისწინებით, ეს ყველაფერი რეალიზდება მაშინ, როდესაც გონებას ლოცვის სიტყვებში ყურადღებით მოვაქცევთ. წმინდა იოანეს ეს სიტყვები, წმინდა ეგნატესთვის ლოცვითი საქმიანობის უმთავრეს საფუძვლად იქცა. ის მუდამ იმეორებდა ამ შეგონებას, რადგანაც მან ძალიან სიღრმისეულად გამოიკვლია ძველ წმინდა მამათა ნაშრომები და მათგან ის ძირითადი პრინციპები გამოარჩია, რომლებიც თანამედროვე ქრისტიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ამ პრინციპზე დაყრდნობით, წმინდა ეგნატე წარმოადგენს იესუს ლოცვის საფეხურების თანდათანობითი გავლის ეტაპებს.

პირველი საფეხური გახლავთ იესუს ლოცვის სიტყვიერად, ბაგისმიერად და გასაგონად წარმოთქმა. ეს მდგომარეობს გონების ყურადღებასთან ერთად, იესუს ლოცვის სიტყვების ბაგისმიერ მოხმობაში. ეს ჯერ კიდევ სხეულებრივი, გარეგნული ღვაწლია, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ გონიერი ლოცვის შესწავლის გზაზე. ამასთან ერთად, ბაგისმიერი ლოცვა არის დასაწყისი გონიერი ლოცვისა. როდესაც გასაგონად წარმოთქმულ ლოცვის სიტყვას თან ახლავს გონების ყურადღება, ეს არის გონიერი ლოცვის აუცილებელი და უცვლელი მახასიათებელი და საკუთრება. ის ამბობს: ,,ბაგისმიერ ლოცვას, ისევე როგორც ყველა სხვას, აუცილებლად უნდა ახლდეს ყურადღება. ამ შემთხვევაში ბაგისმიერი ლოცვის სარგებელი აურაცხელია. სწორედ ამით უნდა დაიწყოს მოღვაწემ’’. ,,ყველასთვის არსობრივად სასარგებლოა იესუს ლოცვის ბაგისმიერი და ხმამაღალი წარმოთქმა, რომლის დროსაც გონება ლოცვის სიტყვებში უნდა იყოს კონცენტრირებული, რაც იესუს ლოცვის სიტყვებისადმი გონების უმკაცრეს ყურადღებას გულისხმობს. ამის გარეშე ლოცვა უსულო სხეულს ემსგავსება’’.

სწორედ ლოცვის სიტყვებისადმი გონების ყურადღებაში მდგომარეობს ბაგისმიერი ლოცვისა და გონიერი ლოცვის კავშირი. ყურადღების გარეშე ბაგისმიერი იესუს ლოცვა სულს სარგებელს ვერ მოუტანს. ამიტომაც, უმჯობესია ლოცვის აუჩქარებელი, მშვიდი, გულის ლმობიერებით წარმოთქმა ისე, რომ წარმოთქმული სიტყვები გვესმოდეს. ამ დროს, განვდევნოთ ყოველგვარი გულისსიტყვა და გონება წარმოთქმულ სიტყვებში მოვაქციოთ. წმინდა ეგნატე ამბობს: ,,ყურადღებიანი ბაგისმიერი ლოცვა არის დასაწყისი და მიზეზი გონიერი ლოცვისა. ყურადღებიანი ბაგისმიერი ლოცვა არის კიდეც გონიერი ლოცვა. მოდით ვისწავლოთ ბაგისმიერი ლოცვა ყურადღებით, შემდეგ კი მარტივად გადავალთ საკუთარი გულის მყუდროებაში გონებით აღსრულებული ლოცვის ეტაპზე’’.

ბაგისმიერ ლოცვაში ხშირი ვარჯიშის წყალობით ადამიანის ენა იკურთხება და ცოდვის მსახურების უნარს კარგავს. ამ მდგომარეობას შემდეგ სულიც თანაეზიარება. წმინდა ეგნატეს მოჰყავს წმინდა სერგი რადონეჟელის, ილარიონ სუზდალელის, სერაფიმე საროველისა და კიდევ სხვა მამების მაგალითი, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ბაგისმიერი ლოცვა არ მიატოვეს და სულიწმიდის მადლისმიერი ნიჭების ღირსნი გახდნენ. ამ წმინდანებს ,,ბაგეებთან და ხმასთან ჰქონდათ შეერთებული გონება, გული და მთელი სხეული; ისინი ქრისტეს მთელი სულით, სიმტკიცითა და არსებით მოუხმობდნენ’’. წმინდა ეგნატე ძალიან აფასებდა ბაგისმიერ ლოცვას და გამონაკლისის გარეშე ყველა ქრისტიანს ურჩევდა მასში მეცადინეობას ისე, როგორც ამას წმინდა იოანე სინელი ასწავლიდა. იესუს ლოცვისას არ უნდა ვეძებდეთ ლოცვის ამაღლებულ საფეხურებს, რადგან ბაგისმიერი ლოცვის გონიერ-გულისმიერ ლოცვად გარდაქმნა მხოლოდ ქრისტეს ძალუძს.

როდესაც ბაგისმიერი ლოცვისას ყურადღება გაუფანტავადაა კონცენტრირებული ლოცვის სიტყვებში, მაშინ ის თავისთავად გადადის გონიერ ლოცვაში, შემდეგ კი გულისმიერში.

,,როდესაც ლოცვა გონების ღრმა ყურადღებისა და გულის თანაგრძნობის თანხლებით წარმოითქმება, ამ მდგომარეობას გონიერი ლოცვა ეწოდება’’. წმინდა იოანე სინელის მიერ მითითებულ საშუალებას გამოაქვს ნაყოფი: გონება ლოცვის სიტყვებში კონცენტრირებას ეჩვევა, მისი ყურადღება უფრო და უფრო ღრმა ხდება, თანაც ამ დროს, გონებას გულიც თანაუგრძნობს. ლოცვაში გულის თანაგრძნობა გულისხმობს შემუსვრილების, სინანულის, მგლოვარებისა და ლმობიერების შეგრძნებებს. ამ დროს, ადამიანის ბუნება ჯერაც არ არის ახალ ქმნილებად გარდაქმნილი. გონების, გულისა და სხეულის გახლეჩილობა ლოცვაზე მოქმედებს და გონიერი ლოცვა ხან და ხან უცხო გულისსიტყვებითაც წარიტაცება ხოლმე. ამიტომაც, ამ საფეხურზე ჯერ კიდევ საჭიროა საკუთარი თავის მოუკლებელი იძულება, რათა იესუს ლოცვა სწორად აღსრულდეს. იმისათვის, რომ გონების მადლისმიერ ყურადღებას მივაღწიოთ, ამისთვის  ჩვენი სურვილის გულწრფელობის დამტკიცებაა საჭირო, რაც გულისხმობს შრომას და ძალიხმევას ლოცვის სიტყვებში გონების მოქცევის საქმეში.

ღვაწლისა და შრომის შემთხვევაში, როცა დრო მოვა და უფალი ინებებს, მადლისმიერი ყურადღების მდგომარეობას მოვიხვეჭთ. ,,თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ლოცვაა საჭირო. საღმრთო მადლი მლოცველს აუცილებლად შეეწევა, მაგრამ თავის მყოფობას ჯერ არ ავლენს შეგრძნებითად. ამ დროს, გულის სიღრმეში დაფარული ვნებები მოძრაობაში მოდიან და იესუს ლოცვაში მშრომელს მოწამეობრივ ღვაწლში ამყოფებენ, რომელშიც დამარცხება და გამარჯვება მოუკლებლად ცვლიან ერთმანეთს და რომელშიც მკვეთრად გამოიხატება ადამიანის უძლურება და მისი თავისუფალი არჩევანი’’. არც თუ ისე იშვიათად, გონიერ ლოცვაში საკუთარი თავის იძულება მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება. მანამ, სანამ ჩვენში ჯერ კიდევ ცხოვრობს ,,ძველი კაცი’’ ის ლოცვას აუცილებლად შეეწინააღმდეგება. გარდა ამისა, მას დემონებიც ხომ ეწინააღმდეგებიან და გონების გაფანტულობის აღძვრით ჩვენი ლოცვის შებილწვას ცდილობენ. თავს გვახვევენ უამრავ გულისსიტყვასა და ოცნებას და გვიბიძგებენ, რომ შევიწყნაროთ ისინი. ხშირად საკუთარ თავზე იძულება, ლოცვისას მადლისმიერი ნუგეშის შეგრძნებით გვირგვინდება და შემდგომი შრომისა და იძულებისთვის გვამხნევებს.

წმინდა ეგნატე ამბობს: ,,თუ უფალი ინებებს, საღმრთო მადლი შეგრძნებითად გამოავლენს თავის მყოფობას და მოქმედებას, გონებას გულთან შეაერთებს, მოგცემს შესაძლებლობას, რათა გონების გაფანტვის გარეშე ილოცო და ამას თან ახლდეს გულისმიერი მგლოვარება და სითბო. ამავდროულად ცოდვისმიერი გულისსიტყვები  გონებაზე თავის ძალადობრივ ბატონობას კარგავენ’’. წმინდა ეგნატეს თანახმად, ამგვარ ლოცვას ეწოდება გულისმიერი, ,,რომლის დროსაც გონება გულში მკვიდრდება და გულის სიღრმეში მოუკლებლად მოუხმობს ქრისტეს’’.

გულისმიერი ლოცვის მდგომარეობა ხასიათდება როგორც გულისსიტყვების ტყვეობისაგან სულის გათავისუფლება. ამ დროს, მოღვაწე საკუთარ გულში უხილავი ღმერთის წინაშე წარსადგომად დაიშვება. თუკი უწინ, ღმერთის შესახებ მისი ცოდნა მკვდარი იყო, ახლა ის ცოცხლად და გამოცდილებისეულად შეიცნობს მას. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ გულისმიერი ლოცვისას შეიცნობს ადამიანი ცოცხალ ღმერთს. ეს შეცნობა არავითარ შემთხვევაში არ არის განყენებული და თეორიული, არამედ შეგრძნებითი, რეალური, არსობრივი და გამოცდილებისეული. ,,ამ დროს, როდესაც ადამიანი გონების მზერას საკუთარ თავს აპყრობს, საკუთარ თავს თვითმყოფად არსებად კი არ აღიქვამს, არამედ ღმერთის ქმნილებად. შედეგად ის შემოქმედთან ურთიერთობის მცდელობას იწყებს და მისი ნების დამორჩილებისა და გულმოდგინედ აღსრულების მოვალეობას აცნობიერებს’’. გულისმიერ ლოცვას თან ახლავს მადლისმიერი სულიერი მგლოვარება, როგორც ღმერთის განსაკუთრებული საჩუქარი.

წმინდა ეგნატეს თანახმად, შემდეგ ლოცვა ხდება ,,სულიერი, როდესაც ის სულით, სხეულით და მთელი არსებით აღესრულება. ამ დროს, ადამიანის მთელი არსება ერთდება, ერთ ბაგედ იქცევა, რომელიც ქრისტეს ესაუბრება’’. სულიერ ლოცვას თან ახლავს ღმერთის შიშის, კრძალვისა და ლმობიერების მადლისმიერი შეგრძნებები, რომლებიც თანდათანობით მის სიყვარულში გადადის. მხოლოდ ამ საფეხურზე გრძნობს მოღვაწე ქრისტესთან შეხვედრისა და მასთან ერთობის სიტკბოებას. ლოცვა კი თვითმოქმედი და მოუკლებელი ხდება.

წმინდა ეგნატე ლოცვითი აღმასვლის ამ გზას სხვა წმინდა მამათა მსგავსად აღწერს: ,,როდესაც ღმერთის გამოუთქმელი მოწყალებით, გონება ლოცვასთან ერთად გულს უკავშირდება, მაშინ სული ჯერ ნელ-ნელა, შემდეგ კი მთლიანად ჩაიძირება ლოცვაში გონებასთან ერთად. ბოლოს, ჩვენი უძლური სხეულიც დაიწყებს ლოცვისკენ სწრაფვას. ის იმისთვის შეიქმნა, რათა სულთან ერთად შემოქმედისკენ ესწრაფა, მაგრამ დაცემის შემდეგ, პირუტყვული მიდრეკილებებით დაავადდა. სულიერი ლოცვისას ხორციელი გრძნობები უმოქმედობაში მოდის: თვალები თან ხედავენ თან ვერ ხედავენ, ყურებს თან ესმით, თან არა. მთელი ადამიანი მოცულია ლოცვით: მისი ხელებიც, ფეხებიც და სხეულის ყველა ნაწილიც შეგრძნებითად მონაწილეობენ ლოცვაში და სიტყვით გამოუთქმელი ძალით აღივსებიან’’.

იესუს ლოცვის გზაზე უმკაცრესად იკრძალება ლოცვითი აღტაცებებისა და მაღალ საფეხურებზე აღსვლის ძიებები, რაც ღმერთის განგებულებით, თავის დროზე ბუნებრივად აღესრულება.


წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©