სათნოებების აღსრულებისას ამ უკანასკნელთ მრავალგზის ფარულად ვნებებიც ერევა. ვიცოდეთ: უცხოთა შეწყნარებას ხშირად თან ერთვის ნაყროვანება, სიყვარულს — სიძვა, ცოდნას — მზაკვრობა, სიბრძნეს — ცბიერება, სიმშვიდეს — სიზარმაცე, მცონარება და ურჩობა, დუმილს — სიამაყე, სიხარულს — ქედმაღლობა, სასოებას — უყურადღებობა, დაყუდებას — მოწყენილობა და სიზარმაცე, უმანკოების დაცვას — სიმკაცრე, თავმდაბლობას — კადნიერება; ხოლო ყოველივე ამათ ბორკილივით ადევს ამპარტავნება.
ბოროტი ვნებები ჩვენთვის ბუნებრივად დამახასიათებელი არ არის, რადგან ღმერთმა ვნებები კი არა, სათნოებები დაბადა ჩვენში. მაგალითად: მოწყალება ბუნებრივად გვაქვს მომადლებული. ამიტომ წარმართებიც იჩენენ მოწყალებას ადამიანების მიმართ. ბუნებრივია სიყვარულიც, რადგან პირუტყვებიც კი განიცდიან ერთმანეთისგან განშორებას. რწმენაც ბუნებრივია, რადგან რწმენას ჩვენგანვე ვიღებთ და ჩვენსავე სულში ვშობთ. იმედიც ბუნებრივია. ამიტომ ვიღებთ ნათელს სასოებით, ხორციელად გამდიდრების იმედით ვთესავთ, ვასესხებთ და ზღვაში ვმოგზაურობთ. რადგან ასეა და სიყვარული ბუნებრივად ყოფილა ჩვენში (სწორედ ესაა საკვირველი და სწორედ ეს არის სჯულისა და წინასწარმეტყველთა აღსრულება), მაშინ არც სათნოებები ყოფილა შორს ჩვენი ბუნებიდან, და დაე, ყველას რცხვენოდეს, ვინც ამბობს, რომ სათნოებათა აღსრულება შეუძლებელია.
ბუნებრივად არ გვახასიათებს: სრულყოფილი უმანკოება, ურისხველობა, თავმდაბლობა, ლოცვა, მღვიძარება, მარხვა და მუდმივი გლოვა-ტირილი. ზოგიერთ მათგანს იძლევიან და გვასწავლიან ან ადამიანები, ან ანგელოზები, ან თავად სიტყვა ღვთისა.
დამწყებნი მორჩილების გარეშე თავმდაბლობას ვერ მოიპოვებენ, რადგან ყოველი თვითნასწავლი ხელოვანი უთუოდ ამაყდება.
როგორც მამები ამბობენ, ყოველგვარი სათნოება ორ სათნოებაში ერთიანდება — მარხვასა და მორჩილებაში. პირველი გულისთქმებს ანადგურებს, მეორე — თავმდაბლობის საშუალებით სამუდამოდ იცავს ადამიანს ვნებებისგან. აი, ამიტომ გლოვა ორმხრივია: ცოდვას აღხოცავს და თავმდაბლობას შობს.
წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ