წმ.სილოან ათონელი

წმინდა სილუანის გზა და ჩვენი სულიერი ცხოვრება – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

,,წმინდა სილუანის ცხოვრებაში სულიერი მდგომარეობები ერთი მეორეს ენაცვლებოდა: ზოგჯერ მადლი მოიხილავდა, ზოგჯერ ღმერთისგან მიტოვებულობის შეგრძნება მოიცავდა, ხოლო ზოგჯერაც სასტიკ დემონურ თავდასხმებს განიცდიდა. ეს ყველაფერი მის სულში ტკივილს იწვევდა და მისი ბრძოლა კიდევ უფრო მტკივნეული და რთული ხდებოდა. ყოვლისმომცველ სულიერ ბრძოლას კონკრეტული არსი და მიზანი გააჩნია: მისი საშუალებით ჩვენ ვიხვეჭთ გამოცდილებისეულ ცოდნას, თუ როგორ მოგვეპარებიან სხვადასხვა ვნებისმიერი გულისსიტყვები და თუ როგორ მოქმედებს მადლი. წმინდა სილუანი გონივრული ღვაწლის ეტაპზე აღვიდა და მისი სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი კითხვები შემდეგში მდგომარეობდა: როგორ მოიხვეჭება მადლი, როგორია მისი შენარჩუნების გზები და რა მიზეზით ტოვებს ის ადამიანის სულს’’.

ხშირად გვითქვამს, რომ ქრისტიანული სულიერი ცხოვრების მიზანი სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, ანუ საკუთარ გულში ცოცხალი ღმერთის დამკვიდრებაა. სამწუხაროდ, ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, რომ როდესაც ტაძარში სიარულს ვიწყებთ, სხვადასხვა სასულიერო ლიტერატურას ვეცნობით, გარკვეული სულიერი ღვაწლი გვაქვს, ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ უბრალოდ კარგი ადამიანები გავხდეთ. თუმცა, ამგვარი შეხედულება ქრისტეში ცხოვრების მართლმადიდებლური გამოცდილებისთვის სრულიად უცხოა, რადგანაც წმინდა მამებმა სულიერი ცხოვრების პრაქტიკა გადმოგვცეს არა როგორც ზნეობრივი ან ეთიკური სისტემა, არამედ როგორც სულიწმიდის მადლის ცოცხალი გამოცდილება.

ამიტომაც, ისინი არ საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რომელი საქმეა კარგი და რომელი ცუდი, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო კარგები გავხდეთ და რა ავირიდოთ თავიდან, ცუდები რომ არ ვიყოთ. ისინი ამ თემებს კი არ ეხებოდნენ, არამედ სულიერი ცხოვრების არსის წვდომით იყვნენ დაკავებულნი, რაც როგორც უკვე ვთქვით, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაში მდგომარეობს.

ეს არის ერთი დიდი მეცნიერება და გამოცდილება, რომლიც ეკლესიაში თაობიდან თაობას გადაეცემა. შეიძლება ითქვას, რომ ღმერთის ხილვისა და ადამიანში მისი რეალური დამკვიდრების გამოცდილბა პირველი ადამიანიდან – ადამიდან იწყება, გრძელდება ძველაღთქმისეულ პატრიარქებში, მოსეში, წინასწარმეტყველებში, მოციქულებში, წმინდა მამებში და დღემდე გადმოგვეცემა. ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის უდიდესი კურთხევაა, რომ ჩვენი ეკლესია სამოციქულოა და უცვლელად ინახავს სულიწმიდის გამოცდილებას.  ასე თანდათანობით მივიწევთ წინ სულიერი ბრძოლის კონკრეტული გზებით, კონკრეტული მიზნით, კონკრეტული მეთოდითა და კონკრეტული შედეგებით.

სულიერ ცხოვრებაში ნებისმირი აბსტრაქტული საქმე, რომელსაც აბსტრაქტული მიზანი და გაურკვეველი შედეგები აქვს სულიერად არაჯანსაღად ითვლება. რატომ? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი თავად ქრისტე, მასთან პიროვნული, ცოცხალი ურთიერთობა და ჩვენს გულში მისი დამკვიდრებაა.

იმისათვის, რომ ადამიანმა ამ მდგომარეობას მიაღწიოს და სულიწმიდის ცოცხალ ტაძრად იქცეს, დიდი გზა უნდა გაიაროს. ამ გზაზე სვლისას ადამიანი ძალიან ბევრ რამეს სწავლობს. სულიერი ცოდნა გნოსეულოგიური ხასიათის კი არ არის, ანუ მას წიგნებიდან და საუბრებიდან ვერ მივიღებთ, რაც თავის მხრივ მხოლოდ და მხოლოდ აღწერაა ამ გამოცდილებისა, არამედ ეს ცოდნა ცხოვრებისეული და გამოცდილებისეულია, რაც მრავალი სულიერი მდგომარეობის ცვლილებისა და სულიერი ღვაწლის შედეგად მოიხვეჭება.

მეუფე ათანასე
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი

უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ აუცილებლად გავივლით ამ შინაგან ცვლილებებს: მადლის განშორებას, მის მოხილვას და სულიერი დაღუპვის საშიშროებას, რაც ძალიან მძიმე გამოცდილებაა. ჩვენს ცხოვრებაში წარუმატებლობები აუცილებელია, რათა შინაგანი, სიღრმისეული და გულისმიერი სიმდაბლე ვისწავლოთ. სხვანაირად ადამიანი სიმდაბლეს ვერ ისწავლის. შინაგანად და აზრობრივად შეიძლება მდაბალ აზროვნებაში ვივარჯიშოთ, გავაცნობიეროთ, რომ უძლურნი ვართ, უამრავი ნაკლოვანება გაგვაჩნია და რომ სასიცოცხლოდ გვჭირდება ქრისტეს წყალობა, მაგრამ სიმდაბლის ის სიღრმე, როგორც გამოცდილბა, რომელიც ჩვენი არსების სიღრმეებს განმსჭვალავს, ვერც საკუთარ თავზე უბრალო დაკვირვებითა და ვერც სხვადასხვა თეორიებით მოიხვეჭება, არამედ მრავალი სახიფათო განსაცდლელის გადატანით. რაში მდგომარეობს ეს განსაცდელები? ეს არის შინაგანი მდგომარეობის ცვალებადობები, რომლებიც ჩვენს სულიერ გზაზე მრავალგზის იჩენენ თავს.

აი, ჩვენ ვხედავთ წმინდა სილუანის გზას: მიუხედავად იმისა, რომ სულიერი ცხოვრების დასაწყისშივე ქრისტე იხილა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისგან მოუკლებელი იესუს ლოცვის ნიჭი მიიღო, მას სულიერ მდგომარეობათა ცვლილებების მთელი ეს ლაბირინთი მაინც უნდა გაევლო.

რასაკვირველია, შინაგანი მდგომარეობის ცვალებადობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს რომელიღაც ცოდვის გამოვლინიბაა ან იმას, რომ ამ მდგომარეობამ სასოწარკვეთილებაში, უიმდობასა და შიშში ჩაგვაგდოს. ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად გავივლით ამ ყველაფერს და არ უნდა ვნერვიულობდეთ და გვეშინოდეს. მტკიცედ უნდა გვწამდს, რომ სულიერ ცხოვრებაში მარტო არასდროს ვართ. ადამიანი არასდროს არის მარტო. როდსაც ვინმე გადაწყვეტს, რომ სულიერ ბრძოლაში ჩაებას, ქრისტე იმ წუთიდანვე მასთან იქნება და განამტკიცებს მას. ამიტომაც, კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ქრისტეს მივანდოთ ყველაფერი და უკანდაუხევლად ვიაროთ წინ.

არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ დავმარცხდებით. ეს უკვე უკეთური გულისსიტყვაა. როგორც კი ვუშვებთ იმ აზრს, რომ მარცხს ვიწვნევთ, მყისვე მცირედმორწმუნეობა მოგვიცავს. ეს ძალიან ფაქიზი მომენტია.

ვიღაც იკითხავს: ,,მაშინ ზოგიერთები რატომ მარცხდებიან?’’ ისინი იმიტომ კი არ მარცხდებიან, რომ ღმერთის განგებულებაა უძლური, არამედ იმიტომ, რომ შეირყნენ და სიმტკიცე დაკარგეს. ამის მაგალითს სახარებაშიც ვხვდებით. როდესაც აღელვებულ ზღვაში გემზე მყოფმა მოციქულმა პეტრემ წყალზე მოსიარულე ქრისტე დაინახა და მოუხმო: ,, უფალო, უკეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა’’. უფალმა უპასუხა: ,,მოვედ!’’. ისიც მოზღვავებული რწმენისგან განმტკიცებული გემიდან გადახტა და მანაც წყალზე სიარული დაიწო. როდესაც მასში თავდაპირველი გულმხურვალების შემდეგ რწმენამ იკლო და ლოგიკამ იმძლავრა, რომლმაც უთხრა: ,,რას აკეთებ? შენ ხომ აზვირთებულ ტალღებზე დგახარ შუა ღამისას!’’, – იმ წუთასვე ჩაძირვა დაიწყო. ქრისტემ ჩასჭიდა ხელი და უთხრა: ,, მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?’’.

ამ შემთხვაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე ქრისტეს მცნებს უძლურებაში კი არა, არამედ მოციქულ პეტრეს ორჭოფობაშია.

ასე ხდება ჩვენს შემთხვევაშიც.  როდესაც სულიერი ბრძოლის ამ ოკეანეში შევცურავთ, ჩვენი კომპასი და შუქურა ქრისტეს მოწოდებაა, რადგან თავად მან გვითხრა: ,, ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა’’(ინ.6:44). ზეციური მამის მოწოდება თითოეული ადამიანისკენაა მიმართული. ეკლესიაში ჩვენ ჩვენი უძლურებებით, ნაკლოვანებებით, სნეულებებით და ტკივილებით მივდივართ. ეკლესია – სულიერი საავადმყოფოა.

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ღმერთი არასდროს ცდება და ამიტომაც, ის ფაქტი, რომ მან მოგვიწოდა, არ შეიძლება იყოს შეცდომა. ისიც ვიცით, რომ უფალი თავის საქმეებს არასდროს ტოვებს დაუსრულებლად. მისი საქმეები სრულყოფილია და ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს. ის არის უსასრულო სიბრძნე და სიყვარული. ამიტომაც შეუძლებელია, რომ მან თავისი საქმე შუა გზაზე მიატოვოს, შეუძლებელია ჩვენს სულში დაწყებული მოქმედება შეწყვიტოს.  მისი მხრიდან ყველაფერი აღსრულებულია, ახლა ჩვენი ჯერია, რომ ჩვენი მხრიდან გადავდგათ ნაბიჯი და ვუჩვენოთ ჩვენი ერთგულება, თუ არა და აზვირთებულ ტალღებში დავინთქმებით.

კიდევ ისიც ვიცით, რომ ადამიანი განღმრთობის გზას მაგიურად ვერ გაივლის. როგორც კი ღმერთმა მოგვიწოდა ჩვენ მყისვე ვერ გარდავიქმნებით. დღეს უამრავი რელიგიური სისტემა ამბობს:

– შენ უბრალოდ ირწმუნე! როგორც კი ირწმუნებ, რომ ქრისტეს უყვარხარ, ეგრევე შეიცვლები!

არათუ იცვლებიან, სამწუხაროდ, ისინი ძალიან დიდ სულიერ ტყუილში ცხოვრობენ. ამ რელიგიური სისტემების წყალობით ადამიანში იმდენად იზრდება ეგოიზმი, რომ უკვე სიამაყისა და ამპარტავნებისგან ნაკვებნი თითქოს მშვიდები, თავაზიანები, თავშეკავებულები ხდებიან და ფიქრობენ, რომ იმ წამიდანვე შეიცვალნენ, როგორც კი ირწმუნეს. ჰგონიათ, რომ მათში რაღაც მაგიური ცვლილება მოხდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ არც მოციქულთა, არც წინასწარმეტყველთა და არც წმინდა მამათა გზაზე ამგვარ მდგომარეობებს ადგილი არ ჰქონდათ. დიახ, მათ მიიღეს ქრისტეს მოწოდება, გაჰყვნენ მას, მაგრამ ისინი ძალიან დიდ სულიერ ბრძოლაში ჩაებნენ, რამაც ძალიან რთულ და სახიფათო გზებზე ატარა ისინი მანამ, სანამ გარკვეულ სულიერ მდგომარეობას არ მიაღწიეს. მაგრამ როდესაც ამ მდგომარეობამდე მივიდნენ, მიხვდნენ, რომ ეს მათი მონაპოვარი კი არ იყო, არამედ საღმრთო მადლისა. ამიტომაც გვამცნო ქრისტემ და გვითხრა, რომ როდესაც რაიმეს ზედმიწევნით კარგად აღვასრულებდით, გვეფიქრა, რომ ეს ჩვენი დამსახურება არ არის და რომ ჩვენ უბრალოდ უხმარი მონები ვართ. ჩვენ ჩვენით არაფერი გაგვიკეთებია, აბსოლუტურად არაფერი, ღმერთი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადავდგამდით.

დავუბრუნდეთ ტექსტს:

,,მადლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, ბერმა სილუანმა იმ საზომს მიაღწია, რომელიც ზოგს შეიძლება დაუშვებლად სასტიკი მოსჩვენებოდა და ეფიქრა, რომ საკუთარი თავისადმი ამგვარი დაუნდობლობა ქრისტიანობის დამახინჯებაა. რასაკვირველია, ეს არ არის მართებული. სული, რომელმაც ღმერთი შეიცნო, ზეციური ნათლის სამყაროს ჭვრეტამდე ამაღლდა და შემდეგ დაკარგა ეს მადლი, იმ მდგომარეობაში იმყოფება, რომელზეც წარმოდგენაც კი არ აქვს მას, ვისაც ეს პირადად არ განუცდია. გამოუთქმელია ასეთი სულის ტანჯვა და მწუხარება’’.

ღმერთის შეგრძნება იმდენად ძლიერია, რომ ნებისმიერ ამქვეყნიურ გამოცდილებას უსასრულოდ აღემატება. ადამიანი, რომელიც მადლის განშორების მდგომარეობაში იმყოფება, ხშირად ისეთ ღვაწლს მიმართავს, რომლიც ჩვენ ზედმეტად მკაცრი, გაუგებარი და გაუგონარი გვეჩვენება. როგორც წმინდა სოფრონიმ ახსენა, ქრისტიანობის დამახინჯებაც კი შეიძლება გვეგონოს ეს. ხშირად გვესმის ხოლმე ფილოსოფიურად მოაზროვნე ქრისტიანებისგან:

– რა საჭირო იყო ეხლა, მთელი ცხოვრება ერთ ოთახში გამოკეტვა და ასეთი რთული ღვაწლის აღსრულება? არაჯასაღი მდგომარეობაა ეს.

სინამდვილეში, ასე არ არის. ამ მამებს თავიანთი მიზეზი ჰქონდათ. ისინი ძალიან დიდ ტკივილს განიცდიდნენ იმისგან, რომ საკუთარ გულში ქრისტეს ვეღარ გრძნობდნენ და სხვანაირად აღარ შეეძლოთ. ეს ტკივილი აიძულებდა მათ, რომ მადლის დაბრუნებისთვის რაც შეეძლოთ ყველაფერი გაეკეთებინათ. როგორც მრავალგზის გვითქვამს, სწორედ ეს იყო მათი მიზანი. სხვა დანარჩენი აღარ აინტერესებდათ.

,,მადლის განშორებამ წმინდა სილუანის გულში ისეთი საშინელი ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია, რომ საკუთარი თავისადმი სიბრალული საერთოდ დაავიწყა. ის ადამიანები, ვინც ამ მდგომარეობაში იმყოფებიან, სულიერი ბრძოლის უკიდურეს ზღვარს აღწევენ, სასტიკად აღუდგებიან წინ ცოდვას და ვნებებს, რადგან ხედავენ, რომ ისინი ცოცხლად მოქმედებდნენ მათში. ქმარი, რომელმაც ყველაზე ძვირფასი ადამიანი, თავისი ცოლი დაკარგა, ან დედა, რომელმაც თავისი ერთადერთი შვილი დაკარგა, ნაწილობრივ გაუგებენ იმ ადამიანს, რომელსაც მადლი განშორდა’’.

ეს იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი ღმერთის შეგრძნება ჩვენში იმდენად რეალური და ძლიერია, რომ ამ მდგომარეობის დაკარგვისგან გამოწვეული ტკივილის აღწერა შეუძლებელი ხდება. ეს ტკივილი შვილმკვდარი დედის ტკივილზე უფრო დიდია. წარმოიდგინეთ, როგორი ტანჯვაა ეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და მზად ვიყოთ, რომ ჩვენს სულიერ გზაზე აუცილებლად გავივლით უამრავ მწუხარებასა და დიდ ტკივილს. აუცილებლად! ამიტომაც, მზად უნდა ვიყოთ და შოკისგან არ უნდა გავშეშდეთ, როდსაც ჩვენს ცხოვრებაში დიდ ტკივილებს შევეჩეხებით.

ხომ იცით იუდამ რატომ უარყო ქრისტე? მისთვის უკიდურესი იმედგაცრუება იყო ის, რომ ქრისტე მეფე არ გახდა და ამის მაგივრად იმაზე საუბარი დაიწყო, რომ ჯვარს აცვამდნენ. იუდა ეკლესიის წიაღში იმყოფებოდა, ქრისტეს მოწაფეებს შორის ცხოვრობდა, მაგრამ მას არასწორი წარმოდგენა ჰქონდა ქრისტეზე და ფიქრობდა, რომ ერთ დღესაც მასთან ერთად გამეფდებოდა და ისრაელის სამეფოც აღდგებოდა. როდესაც მიხვდა, რომ ქრისტეს ეს მიზანი არ ამოძრავებდა, არც მიწიერ ბედნიერებას უზრუნველყოფდა, არც მშვიდობის აღდგენას, არც სოციალური სამართლიანობის, არც წესრიგისა და არც ადამიანთა ჯანმრთელობის, არამედ საერთოდ სხვა რამეზე საუბრობდა, იუდას იმედი გაუცრუვდა და ქრისტეს ზურგი აქცია.

დაახლოებით ასეთი რამ ემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ეკლესიაში კი არიან, მაგრამ როდესაც მოდის ტკივილები, სნეულებები, ტრაგიკული მოვლენები, მატერიალური და სულიერი მწუხარებები, ამბობენ:

– რატომ აკეთებს ღმერთი ამას? ვინც საერთოდ არ დადის ეკლესიაში იმას რატომ აქვს ყველაფრი კარგად და მე ასეთ დღეში ვარ?

იწყებენ დრტვინვას, რადგან ელოდნენ, რომ როგორც კი ეკლესიაში შევიდოდნენ, ყველაფრი კარგად ექნებოდათ. ქრისტე ამას არ შეგვპირებია. პირიქით, მან გვითხრა, რომ მწუხარებები და სირთულეები გვექნებოდა და რომ ვიქნებოდით, როგორც კრავნი მრავალ მგელთა შორის. მანუგეშებელი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის საზღაური ქრისტეს სასუფეველია.


ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა ყრმა იესუ ტაძარში მიიყვანა, რათა წესისამებრ ღმრთის წინაშე წარედგინა. მართალმა სვიმეონმა, ამ დიდმა წმინდანმა და წინასწარმეტყველმა, რომელსაც სულიწმიდისგან ჰქონდა გულსავსება, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ ქრისტეს არ იხილავდა, როდესაც ის მიირქვა და მიხვდა, რომ ეს ის არის, ვისაც ელოდა, ღმრთისმშობელს შემაძრწუნებელი სიტყვები უთხრა. მას არ უთქვამს გილოცავ, ყველაზე ბედნიერი და დიდებული ქალი ხარ, რადგანაც ღმერთი დაბადეო. მას მსგავსი არაფერი უთქვამს:

,,აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაჱლსა შორის და სასწაულად სიტყჳს-საგებელად. და თჳთ შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი, რაჲთა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი’’ (ლკ. 2:34-35).

წარმოიდგინეთ გულში მახვილის გავლა. როგორი საშინელი ტკივილი უწინასწარმეტყველა მას!

ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისა და წმინდანების ტკივილი გამოუთქმელი იყო. ამ ტკივილს თითოეული ჩვენგანი ჩვენი საზომისაებრ განვიცდით. წმინდა სილუანიც პირადი ტკივილის ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა ღმერთისგან მიტოვებულობის საშინელი შეგრძნების გამო.

მინდა შეგახსენოთ, რომ რასაც მადლის განშორებას ვუწოდებთ, სინამდვილეში პირდაპირი მნიშვნელობით განშორებას არ ნიშნავს. ამ დროს საღმრთო მადლი იფარება, შეგრძნებადი აღარ არის, მაგრამ მაინც ჩვენთან არის და განგვამტკიცებს სულიერ ბრძოლაში. ამ დროს ჩვენ ვგრძნობთ, რომ მადლი ისე აღარ მოქმედებს, როგორც სულიერი ცხოვრების დასაწყისში, როდესაც სიხარულსა და სულიერ ეიფორიას ვგრძნობდით.

როდესაც განსაცდელების დრო დგება, ყველაფერი რთულად გვეჩვენება, ეკლესიაში ყოფნა გვიჭირს, სულიერი ბრძოლა გაუსაძლისი ხდება, ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგაა, ვერანაირ ნუგეშს ვერ ვიღებთ და არამხოლოდ შინაგანად, არამედ გარეგნულადაც ყველაფერი თავდაყირა დგება. ამ განსაცდელებისა და ბრძოლებისას, ზოგჯერ ახლობლებისგანაც ვერ ვიღებთ ნუგეშსა და მხარდაჭერას.

ქრისტეს განგებულებით ხდება ის, რომ ადამიანს ამ ყველაფერთან მარტო უწევს გამკლავება და სულიერი ბრძოლის ამ ქაოსში ყოფნა. ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ მადლი ჩვენში დაფარულად მკვიდრობს და სწორედ ტკივილს ელოდება, რათა ჩვენი არსების სიღრმეებში შეიჭრას, რათა ჩვენი გული უფრო და უფრო მეტად გაიხსნას ქრისტესთვის და ისიც შემოვიდეს ჩვენში, რათა იმ წამიდან ყველაფერს ქრისტეს თვალებით შევხედოთ და ჯანსაღი სულიერი მხედველობით ვიმზიროთ, რომლითაც სამყაროშიც და ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს შევაფასებთ.

,,სულიერი ბრძოლისას მოღვაწის სული საკუთარი ძალების ამოწურვის მდგომარეობაში მოდის და მაინც ვერ აღწევს სასურველს. მადლი მხოლოდ იშვიათად და ისიც ცოტა ხნით ავლენს თავს და აგრძნობინებს, რომ ახლოსაა და კვლავ ტოვებს მას. მოღვაწე საშინლად იტანჯება ღმერთისგან მიტოვებულობის წყვდიადში’’.

მესმის, რომ ეს ყველაფერი ალბათ უმეტესობისთვის უცხოა და არ გვესმის, მაგრამ მოდით ის გამოვიყენოთ, რაც ჩვენს სულიერ საზომს შეესაბამება.

ჩვენ ვკითხულობთ, რომ წმინდა სილუანმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, ყოველგვარი ძალისხმევა იხმარა, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა არანაირი შედეგი არ ჰქონია. რატომ არ ჰქონდა შედეგი? რათა გაეცნობიერებინა ის, რომ საბოლოო ჯამში მადლის მოსვლა არ არის ჩვენს ძალებზე დამოკიდებული, არამედ ქრისტეს მოწყალებაზე, რომელიც მხოლოდ მდაბალი ადამიანის გულში მკვიდრდება.

როდესაც გეტყვიან, ესა და ეს გააკეთე და მადლს მიიღებო, იცოდეთ, რომ ეს მდგომარეობა მადლის გზისთვის უცხოა. ასე არ არის ყველაფრი, არ გვაქვს ჩვენ მადლის მოხვეჭის არანაირი ტექნიკა, არამედ გზა. გზა სინანულისა, სიმდაბლისა და მრავალი განსაცდელის მოთმინებისა. ნებისმიერი მწუხარება, რაც ქრისტიანს ცხოვრებაში ხვდება, სულიერ ცხოვრებაში შეიძლება იქნას გამოყენებული.

მოთმინების წყალობით ნებისმიერი ტკივილი და პირადი განსაცდელი სულიერი ცხოვრების ნაწილად იქცევა. როდესაც ადამიანი ითმენს, ლოცულობს და ყველაფრისთვის ღმერთს მადლობს, მაშინ ეს განსაცდელი  სულიერი ასპარეზი ხდება. როგორ? ტკივილი ადამიანის გულს ამუშავებს. ამ დამუშავებისას კი მას ძალას ანიჭებს, რათა მატერიის ბორკილებიდან გათავისუფლდეს, ამ სამყაროს მიღმა გავიდეს, ლოგიკაზე ამაღლდეს და ქრისტეს შეხვდეს. ქრისტე ერთადერთია, ვინც არასდროს გაგვიცრუებს იმედს.

ბოლოს ყველასა და ყველაფერში გაგვიცრუვდება იმედი. როდის? ჩვენი გარდაცვალების ჟამს. იმ წამებში საკუთარი ,,მეს’’ ჩათვლით ყველაფერი იმედს გაგვიცრუებს, რადგანაც გავაცნობიერებთ, რომ მან თავისი მიწიერი მოგზაურობა დაასრულა. ჩვენი ახლობელი ადამიანებიც წავლენ და ყველაფერი, რაც ჩვენს ირგვლივ იყო და გვანუგეშებდა დაგვტოვებს. დარჩება მხოლოდ ერთი – ქრისტე. ამიტომაც, ქრისტესადმი ცოცხალი რწმენა ჩვენი სულიერი ცხოვრების საძირკველია.

იმ ადამიანს, ვისაც რწმენა აქვს, კლდეზე მდგარს ჰგავს. მოდის განსაცდელი, იმედგაცრუება და ის მაინც ქრისტესადმი რწმენის კლდეზე დგას და არ ირყევა. ის შეიძლება მწუხარებს კიდეც, მწარდება, მოუთმენლობასაც ავლენს, მაგრამ არ ეცემა და არ იღუპება. მაშინ როდესაც ის ადამიანი, რომელსაც არ აქვს რწმენა იმ საფუძველზე დგას, რომელიც თავისთავად განწირულია დანგრევისთვის. რატომ ხდება ასე?

როდესაც შენს ცხოვრებას ერთ პიროვნებაზე აგებ, მეუღლე იქნება ეს, შვილი, მეგობარი თუ ვინც არ უნდა იყოს, ან თუ შენი ცხოვრების შენობას ფულზე, დიდებაზე, ინტელექტზე, ჯანმრთელობაზე და საკუთარ თავზე ააგებ, მაშინ გარდაუვალად დადგება დრო, როდესაც ყველაფერი დაინგრევა და ადამიანი სრულ იმედგაცრუებაში აღმოჩნდება.

ადამიანმა უნდა იშრომოს, რათა საკუთარ ცხოვრებას საძირკვლად დაუდოს ქრისტე, რომელიც სიკვდილს დამამარცხებელია. სწორედ ქრისტესადმი რწმენა არის ის ძალა, რომლის წყალობითაც ადამიანი წინ მიიწევს და აკეთებს ყველაფერ იმას, რასაც წმინდა სილუანი აკეთებდა და ამ გზით სულიერი ცხოვრების მწვერვალებს მიაღწია.

ძალიან რთულია ღმრთის ნების შეცნობა, რადგანაც ის თავის ნებას მხოლოდ მას უცხადებს, ვინც მზადაა მის აღსასრულბლად. ასეთები კი ძალიან ცოტანი არიან. ამიტომაც უფალი თავისი სიყვარულის გამო არ გვიცხადებს თავის ნებას, რათა უფრო მეტად დამნაშავენი არ აღმოვჩნდეთ, როდესაც იმ რეალობის წინაშე დავდგებით, რომ არ გვინდა მისი აღსრულება. განა არ შეგვიძლია, არამედ არ გვინდა: ,,ყოველივე ძალმიძს განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ’’ – ამბობს პავლე მოციქული. ჩვენ შეგვიძლია ღმრთის ნების აღსრულება, მაგრამ არ გვინდა. ჩვენ არც ეხლა არ გვინდა ეს და ამიტომაც, ღმრთის ნება მისი მამობრივი სიყვარულით დაფარულია ჩვენთვის.

ყველაზე საიმედო გზა სულიერი მამის წინაშე გულის გახსნაა. მორჩილებით, რომლიც ეკლესიის საიდუმლოებაა და რომლიც ქრისტეს სახელით და მისი სიყვარულით აღესრულება, ადამიანი საკუთარი მოძღვრისგან იღებს პასუხს, რომელსაც ღმრთის ნებად თვლის და ქრისტეც აკურთხებს მის გზას. ეს არის ყველაზე საიმედო გზა. სხვა გზა ჩვენთვის არ არსებობს, გარდა მოთმინებისა. აქ ვლინდება ღმრთის ნება. ჩვენ არ შეგვიძლია წმინდანების მსგავსად პირდაპირ ქრისტესგან შევიტყოთ მისი ნება, რადგან ჩვენ ჯერაც არ მოვმკვდარვართ ცოდვისთვის, ჩვენს გულში მრავალი სურვილია და ჩვენი საკუთარი ნება ღმრთის ნებისგან განგვაშორებს.

ღმერთს სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს. მას ნებავს, რომ ყველა ადამიანი მასთან მივიდეს, ამიტომაც მოვიდა ქრისტე ამ სამყაროში და თქვა: ,, და მე ოდეს ავმაღლდე ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა’’(ინ. 12:32). მან ყველაფრი გააკეთა იმისთვის, რათა ჩვენი გული შეეძრა.

ერთი წმინდანი კითხულობს: ,,რაში სჭირდებოდა ქრისტეს, რომ ეცემათ, წყურვილი განეცადა და ყველაფერი ეს დაეთმინა? განა არ შეიძლებოდა, რომ უბრალოდ მოეკლათ და ასე არ ტანჯულიყო?’’ შემდეგ თავად სცემს პასუხს:  ,,რათა ჩვენი მკვდარი სული შეეძრა იმ საქმის წინაშე, რაც დედამიწაზე აღასრულა’’.

სულიერი გზა წმინდა მამათა სწავლებაში აღიწერება. ჩვენ დაახლოებით ვიცით, თუ როგორ უნდა ვიაროთ, მაგრამ ის სულიერი შემეცნება, რომელსაც ამ გზაზე სვლისას ვიღებთ, ჩვენს ინტელექტს კი არ ეხება, არამედ გულს და ეს იქცევა ჩვენს გულისმიერ გამოცდილებად. როდესაც ვიყენებთ სიტყვა ,,ცოდნას’’ ჩვენ ვგულისხმობთ გამოცდილბას და არა გარკვეულ ფილოსოფიურ განსაზღვრებებს.  ეკლესიაში ყველაფერი გამოცდილებას ეფუძნება და ამიტომაც ყველაზე გაუნათლებელი, უბრალო და სუსტი ადამიანიც კი არ არის მოკლებული ამ სულიერი გამოცდილის მიღების საშუალებას. ამიტომაც ვკითხულობთ სულთმოფენობის ტროპარში: ,, ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ’’. ღმერთმა ისინი ყოვლად ბრძენნი გახადა! რას ნიშნავს ,,ყოვლად ბრძენი’’? განა ისინი მათემატიკოსებად და ფიზიკოსებად აქცია? მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ამ ყველაფერზე, მაგრამ სულთმოფენობის შემდეგ ისინი ყოვლად ბრძენნი გახდნენ, რადგანაც მოიხვეჭეს საღმრთო სიბრძნე, როგორც სულიწმიდის გამოცდილბა.

ეს არის სწორედ გამოცდილებისეული ცოდნა!


წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა სილუან ათონელის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. ფანასკერტელის ქ.14)