locva

წმინდა მამათა გზამკვლევი იესუს ლოცვის ღვაწლში

რა არის იესუს ლოცვის მიზანი?

,,ყოველი თესლები გარემომადგა მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ. გარემომადგეს მე და მომიცვეს მე, და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდე მათ’’(ფს.117:11).

წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი

,,თუკი ადამიანი ჯერ კიდევ ამქვეყნად არ შეუერთდა უფალ იესუ ქრისტეს, მაშინ ვერც ვერასდროს შეუერთდება’’.

წმინდა იოანე კრონშტადტელი

,,ღმრთის მადლით, ხშირად ადამიანის გულის სიღრმეში მოუკლებლად მოხმობილი ლოცვის ერთი სიტყვაც კი განამტკიცებს და ბოროტებისგან შეუვალად აქცევს მას. ამით კი ყოველგვარი შინაგანი სივიწროვისა და ტანჯვისგან ათავისუფლებს’’.

წმინდა თეოფანე დაყუდებული

,,სულიერ მეომართა ყველაზე ძლევამოსილი იარაღი იესუს ლოცვის ჩვევაა. ნებისმიერი ლოცვა იარაღია, თუმცა თუკი იესუს ლოცვას მივეჩვევით, ის იმ ძლიერ მახვილად იქცევა, რომელიც მოუკლებლად ბრუნავს და მტრებს შიშის ზარს სცემს. ხელთ გეპრათ ეს მახვილი და ივარჯიშეთ მისით მანამ, სანამ არ მიეჩვევით’’.

ეპისკოპოსი არსენი ჟადანოველი

,,იესუს ლოცვის განცდითა და მოუკლებელი მოხმობით ჩვენში მყუდრო და წმინდა შინაგანი მდგომარეობა ყალიბდება. ეს შინაგანი განწყობა ყველა ქრისტიანის მიზანი უნდა იყოს და ამიტომაც, იესუს ლოცვის ღვაწლი არამხოლოდ მონაზვნების საქმეა, არამედ ყველა იმ ქრისტიანისაც, ვინც სულის გადარჩენისთვის შრომობს’’.

იღუმენი იოანე ალექსეევი

,,მოუკლებელი გონიერ-გულისმიერი ლოცვისას აღმატებული სულიერი ნიჭებისა და მდგომარეობებისკენ ნუ მიისწრაფვი. ამ ნაყოფებს ათასში მხოლოდ ერთი თუ აღწევს ხოლმე, როგორც ეს წმინდა ისააკ ასურმა თქვა. ამ სულიერი საზომის მოხვეჭა მხოლოდ ღმრთის მადლის შეწევნითა და ღრმა სიმდაბლითაა შესაძლებელი’’.

მღვდელმონაზონი ბასილი ოპტინელი

,,მოუკლებელი იესუს ლოცვა – მოუკლებელი აღსარებაა’’

როგორ ვიშრომოთ იესუს ლოცვაში?

ღირსი მაკარი ოპტინელი

,,იესუს ლოცვისას ყველაზე მთავარი სიმდაბლე და მეზვერის შინაგანი განწყობაა’’.

ღირსი ამბროსი ოპტინელი

,,წმინდა მამათა სწავლების თანახმად, იესუს ლოცვის მოუკლებელი მოხმობა შეგვიძლია მაშინაც, როცა დავდივართ, ვზივართ, ვწევართ, ვსვამთ, ვჭამთ, ვსაუბრობთ თუ ხელსაქმით ვართ დაკავებულნი. ნებისმიერ მდგომარეობაში შეგვიძლია იესუს ლოცვის სიმდაბლით გამეორება. ყველანაირად ვეცადოთ, რომ ეს კურთხეული ლოცვა არ მივატოვოთ და თუ მაინც დაგვავიწყდა, მაშინ საკუთარ თავს ვაყვედროთ და სიმდაბლით შევინანოთ. ამ დროს, არ დავუშვათ ჩვენში შფოთი და გაღიზიანება, რადგან რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი სიამაყის ნიშანია და ადამიანის გამოუცდელობაზე მეტყველებს.

ასეთ ლოცვით ღვაწლს სჭირდება გამოცდილი მოძღვარი, ურისხველობა და ნებისმიერი შემთხვევისას საკუთარი თავის ყვედრება.

წმინდა მამები გვირჩევენ, რომ ლოცვისას ყურადღება საკუთარ გულში, მის ზედა ნაწილში გავამახვილოთ და არა გულს ქვემოთ, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში ადამიანში ხორციელი ვნება ღვივდება’’.

ღირსი ბარსანოფი ოპტინელი

,,ამ ღვაწლს აუცილებლად სჭირდება მოძღვარი. იესუს ლოცვის მიზანი ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნაა. პირველი საფეხური – ბაგისმიერი ლოცვაა, როდესაც გონება ხშირად გაგვირბის და ადამიანს კონცენტრირებისთვის დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ დროს საჭიროა შრომა, რომელიც ადამიანს სინანულის განწყობას აძლევს. მეორე საფეხური – გონიერ-გულისმიერი ლოცვაა, როდესაც გონება და გული ერთ მთლიანობადაა ქცეული და ადამიანი რასაც არ უნდა აკეთებდეს, იესუს ლოცვა ძალისხმევის გარეშეც მოუკლებლად მიედინება მასში…

დიდი ხანი ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავს გონების გულში ჩასვლა. არსობრივად ეს ნიშნავს ადამიანის სულის ყველა ძალის გაერთიანებას და ერთობით ქრისტესკენ სწრაფვას.

იესუს ლოცვის გზა არის სულის გადარჩენის ყველაზე უსაფრთხო და მოკლე გზა. არ იწუწუნო, რადგან ამ გზაზე შედგომილთ, ყველას მწუხარებების გადატანა უწევს’’.

ღირსი პაისი ველიჩკოვსკი

,,როგორც წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი ამბობს, ვინც გულმოდგინედ შრომობს იესუს ლოცვის საღმრთო საქმიანობაში, იმ ადამიანის წინაშე უნდა მოიკვეთოს ნება და მიენდოს სრულად, ვინც საღმრთო მცნებების დაუღლელი და გამოცდილი მუშაკია, ვინც თავის მორჩილებს უცდომელად მიუთითებს  წმინდა მამათა სწავლების თანახმად და გონებით გულში საიდუმლოდ აღსრულებული ლოცვის გზას ასწავლის’’.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

,,იესუს ლოცვაში ვარჯიშის საფუძველი კეთილგონივრული და ფრთხილი ცხოვრების წესია. პირველ რიგში, არ უნდა დაემონო არც ერთი სახის ხორციელ სიამოვნებას. უნდა დაკმაყოფილდე ზომიერი საკვებითა და ასევე ზომიერი, ჯანმრთელობისა და ძალების შესაბამისი ძილით. უნდა იკვებო იმდენად და გეძინოს იმდენი, რამდენიც შენს სხეულს არსებობისთვის სჭირდება. თავიდან უნდა ავირიდოთ ზედმეტობაც, რომელიც ჩვენში ვნებისმიერ მოძრაობებს აღძრავს და ასევე ისეთი დანაკლისიც, რომელიც ჩვენში გამოფიტულობას გამოიწვევს. ყველაფერში ქრისტეს უნდა ჰგავდე და მის სულს ატარებდე. შენი სამოსელიც, სახლიც და ნივთებიც უბრალოებით უნდა იყოს შემკული. მოციქულები და მათი ჭეშმარიტი მოწაფეები ამასოფლის სულთან არანაირ კომპრომისზე არ მიდიოდნენ და არანაირი კავშირი არ ჰქონდათ მასთან.  იესუს ლოცვის სწორი და მადლისმიერი მოქმედება მხოლოდ ქრისტეს სულის, მისი მსგავსების ნიადაგზე აღმოცენდება. მხედველობა, სმენა და ყველა სხვა გრძნობა მკაცრად უნდა იყოს დაცული, რათა მათ მიერ, როგორც ერთგვარი კარების მიერ, ჩვენს სულში მტრები არ შემოიჭრან.  ენა და ბაგეები უნდა განეშორონ მრავლისმეტველებას, ამაოდმეტყველებას, დაცინვას, განკითხვას და ჭორაობას. ეს ყველაფერი ლოცვის ყველაზე მძვინვარე მტრები არიან. ლოცვისას მოთმინებით იყავი შენს ოთახში და შემუსვრილი და ცოდვით მომკვდარი სულით მოუკლებლად მოუხმე უფალ იესუს, რათა შეგიწყალოს.

ვისაც სურს, რომ მოუკლებელი ლოცვით ქრისტესთან ურთიერთობა დაამყაროს, კარგად გამოიკვლიოს თავისი აზროვნების წესი: რაიმე ცრუ სწავლებით ხომ არ არის მოწამლული? მისდევს თუ არა ზედმიწევნით, ერთი, წმინდა, კათოლიკე, სამოციქულო და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას?

საკუთარი დაცემულობის, უძლურებისა და ცოდვილობის შეგრძნება აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ქრისტემ შენი ლოცვა შეიწყნაროს.
ამ გზაზე შედგომის მსურველო! პირველ რიგში, სანამ ამ ღვაწლს შეუდგებოდე, ეცადე ყველას აპატიო. ყველას ყველაფერი მიუტევე: ცილისწამება, დამცირება და ნებისმიერი ბოროტება.

აუცილებელია დრო და თანმიმდევრულობა, რათა მოღვაწე მომწიფდეს. ყვავილი და ნაყოფი იფურჩქნება ან ღეროზე, ან ხეზე, რომლიც ჯერ დარგეს, დაამუშავეს და შემდეგ გაიზარდა. ასევე, ლოცვაც სხვა სათნოებებზე შენდება. ადამიანი მალევე ვერ შეძლებს გონების კონტროლს და ლოცვის სიტყვებში მის ჩაკეტვას.

ღმერთისა და მასთან ურთიერთობის, ასევე ქრისტეს ყოვლადწმიდა სახელის შესახებ სწორი ცოდნიდან მომდინარეობს იესუს ლოცვაში სწორი მეცადინეობა’’.

ღირსი იოსებ ოპტინელი

,,არასდროს განეშორო იესუს ლოცვას, რადგან ქრისტეს სახელის მოხმობა წარმართებსაც კი ეხმარებოდათ.

იესუს ლოცვისას ზოგჯერ გონება გეფანტება ხოლმე. რთულია, არ გაგეფანტოს, რადგან ეს უკვე სრულყოფილთა საზომია; მე და შენ კი ცოდვილები ვართ. ამბობ, რომ ლოცვა მხოლოდ შენს ენაზეა და გონება შორსაა ქრისტესგან და ამიტომაც ფიქრობ, რომ ლოცვა მიატოვო. მე გეტყვი, რომ არ მიატოვო. ჯობია გამხმარი პური ჭამო, ვიდრე საერთოდ პურის გარეშე დარჩე’’.

წმინდა თეოფანე დაყუდებული

,,მცირედით დაიწყე: დილა-საღამოს ლოცვის შემდეგ, თუკი ხელს არაფერი გიშლის, დაიწყე: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!’’…

ყურადღებით გულში დადექი და იქ მოუხმე ქრისტეს: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!’’. მთავარი სიტყვები კი არ არის, არამედ ცოცხალი რწმენა, გულის შემუსვრილება და ქრისტეზე მინდობა. ამ შეგრძნებებითაც შეგვიძლია წარვსდგეთ ქრისტეს წინაშე ისე, რომ სიტყვები არ წარმოვთქვათ და ესეც ლოცვა იქნება…

იესუს ლოცვისას მთავარი ჩვენი სულიერი განწყობაა: ღმრთის შიში, კრძალვა, მასზე მინდობა და ჩვენი გონების ყურადღებით მიპყრობა მისკენ.

გონიერ ლოცვასთან დაკავშირებით ერთი რამ გაითვალისწინეთ: ქრისტეს მოუკლებელი ხსოვნის მცდელობისას, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენში კრძალვის მდგომარეობა გააღვივოთ. კრძალვის გარეშე ქრისტეს მოუკლებელი მოხმობა იესუს ლოცვას თავის მაცხოვნებელ მოქმედებას უკარგავს.

ეცადეთ იმდენად მიეჩვიოთ იესუს ლოცვას, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მოუკლებლად მიედინებიდეს თქვენში…

ეცადეთ სუნთქვას დაუკავშიროთ იესუს ლოცვა’’.

ღირსი ანატოლი ოპტინელი

,,ძალიან მანუგეშებელია ჩემთვის ის, რომ იესუს ლოცვის სწავლა გინდა. ამ ღვაწლს საძირკვლად მწუხარებების მოთმენა დაუდე. ამ გზით მას მალევე გაითავისებ გულისმიერად.

მოუკლებელი იესუს ლოცვის მიჩვევა თავდაპირველად გაგიჭირდება, თუმცა როდესაც გონება გაგეფანტება, ან ლოცვა დაგავიწყდება შეინანე და ეცადე ქრისტე არ დაგავიწყდეს.

გონიერი ლოცვა ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი: უძლურებისას, სნეულებისას, ხალხში ყოფნისას და მსახურებისასაც.

საკუთარ გულზე ქრისტეს უტკბესი სახელი და ნათელმოსილი ლოცვა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ ამოტვიფრე და როდესაც გულში იესუ დამკვიდრდება, მაშინ აღარც რომი მოგინდება, აღარც იერუსალიმი და აღარც არაფერი, რადგან თავად გამოუთქმელი მეფე იცხოვრებს შენში.

თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ხშირად გაგეფანტება გონება და მოუკლებელი ლოცვის მდგომარეობაში ვერ იქნები მანამ, სანამ შენი გული არ იგემებს, თუ რა ტკბილია იესუ. მაგრამ, რაც გვაქვს, იმისთვისაც დიდება უფალს! მთავარია არ მიატოვო ლოცვა. მუდამ აყვედრე თავს და საკუთარი თავი იმ სახელის მოხმობის უღირსად ჩათვალე, რომელიც მოუკლებლად განდიდებულია როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.

ლოცვას გვაკარგვინებს ზედმეტი საუბარი, განკითხვა და რაც მთავარია – სიამაყე’’.

ღირსი გრიგოლ სინელი

,,თუკი იესუს ლოცვისას შენში გულისსიტყვები ჩნდებიან, არ მიაქციო მათ ყურადღება, რაც არ უნდა უბრალოდ და კეთილად გეჩვენებოდნენ ისინი. საკუთარი გონების ყურადღება გულში მოაქციე და მოთმინებითა და მოუკლებლად მოუხმე უფალ იესუს. ქრისტეს საღმრთო სახელით ამგვარ გულისსიტყვებს მალევე შემუსრავ, ამოძირკვავ და განდევნი’’.

ეპისკოპოსი არსენი ჟადანოვსკი

,,როდესაც ლოცულობ: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’ – შეაჩერე ყოველგვარი ოცნება და გულისსიტყვა. საერთოდ არაფერზე არ იფიქრო და დაე შენი გონება მხოლოდ ლოცვის სიტყვებში იყოს მოქცეული, ეცადე განიცადო და გაიაზრო თითოეული სიტყვა: რას ნიშნავს ,,უფალო’’, რას ნიშნავს ,,იესუ ქრისტე’’; ,,შემიწყალე მე’’…

როდესაც ღმრთის მადლით შენი გონება გულში ჩავა, მაშინ შეიგრძნობ კიდეც რასაც წარმოთქვამ. მექანიკურად და ცივად კი აღარ მოუხმობ ქრისტეს, არამედ რწმენის, სიყვარულის, იმედისა და კრძალვის შეგრძნებებით აღივსები. როდესაც მოუხმობ: ,,იესუ ქრისტე’’ – შენ შეიგრძნობ მას, როგორც ჩვენს უტკბეს, გულმოწყალე და ყოვლადკეთილ მხსნელს და შენი გული მისდამი მადლიერებითა და ლმობიერებით აღივსება. ხოლო როდესაც იტყვი: ,,შემიწყალე მე’’, – საკუთარ სულიერ სიგლახაკესა და დაცემულობას შეიგრძნობ და მთელ შენს იმედს უფალ იესუ ქრისტეზე დაამყარებ.

უფალ იესუს სახელმა ჩვენში ლმობიერება, მყუდრო სიხარული და მხიარულება უნდა აღძრას. ეს ხომ თავად ჩვენი მხსნელის და მაცხოვრის სახელია. ჩვენ გულგრილად ვერ მოვექცევით მათ, ვისაც ვუყვარვართ და სიკეთეს გვიკეთებენ. მათი სახელის გახსენებაც კი გვახარებს და გვანუგეშებს. ასე რომ, უსასრულოდ აღმატებულად უნდა განვეწყოთ უფალ იესუ ქრისტეს უტკბესი სახელის მიმართ’’.

მღვდელმონაზონი დოროთე (XIX)

,,ბაგისმიერ ლოცვაში ხანგრძლივი შრომისგან მომდინარეობს გონიერი ლოცვა, ხოლო გონიერი ლოცვა შობს – გულისმიერს’’.

იღუმენი ნიკონ ვორობიოვი

,,ყველა, ვინც თაყვანს სცემს ღმერთს, თაყვანს სცემს მის სახელსაც. ადამიანს იესუ ქრისტეს სახელი კი არ აცხოვნებს, არამედ თავად ქრისტე. წმინდა მამებს რამდენადაც მეტად უყვარდათ უფალი, იმდენად ძვირფასი ხდებოდა მათთვის მისი სახელი. აქედან გამომდინარე, ზოგი გაურკვევლობაში ვარდება. ქრისტეს სახელში მყოფობს ქრისტე, მაგრამ მისი სახელი თავისთავად ღმერთი არ არის. სახელი კი არ მაცხოვნებს, არამედ სახელში მყოფი უფალი. როდესაც ღმერთის სახელს მოვუხმობთ, ჩვენ თავად ღმერთს მოვუხმობთ, მის მიერ გადავრჩებით და არა მისი სახელის ბგერათა წყობით.

წმინდა მამები ამბობენ, რომ იესუს ლოცვით ნებისმიერი ლოცვის ჩანაცვლება შეიძლება. ეს ლოცვითი ღვაწლი სწორი მიმართულებით მხოლოდ მაშინ მიდის, თუ ის სინანულით, გულის შემოსვრილებით, საკუთარი დაცემულობის შეგრძნებით და ქრისტეს მცნებების მოუკლებელი დარღვევის გაცნობიერებითაა განმსჭვალული.

ქრისტეს სახელის მიერ, რომლის წინაშეც ყოველი მუხლი მოდრეკება ზეცაშიც, მიწაზეც და ქვესკნელშიც, მტრის ყოველგვარი მოქმედება სუსტდება, გულში მყუდროება, სიმშვიდე, იმედი, რწმენა, ლმობიერება მკვიდრდება და ყოველგვარი საცდური განგვეშორება’’.

წმინდა თეოფანე დაყუდებული

,,იესუს ლოცვის ღვაწლი მხოლოდ მაშინ იწვევს ხიბლს, როდესაც ადამიანი ლოცვასთან ერთად არ ცდილობს, მძიმე ცოდვებისა და ცოდვისმიერი ჩვევებისგან განშორებას’’.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

,,ხიბლის მიზეზი არც ფსალმუნები, არც კანონები, არც დაუჯდომლები და არც იესუს ლოცვაა. არა! ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მკრეხელობისგან! სიამაყეა და სიცრუეა ხიბლის მიზეზები!დემონური ხიბლის წყაროა ის მდგომარეობა, როდესაც ლოცვით ღვაწლს საფუძვლად არ უდევს სინანული’’.

იღუმენი იოანე ალექსეევი

,,რისთვის ვშრომობთ იესუს ლოცვაში? იმისთვის, რათა მოუკლებლად გვახსოვდეს ქრისტე, შევიცვალოთ, შევინანოთ, გარდავიქმნათ, შინაგანი მყუდროება და მოყვასის სიყვარული მოვიხვეჭოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში დამკვიდრდება ჩვენში ცოცხალი ღმერთი, რომელიც სიყვარულია. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც იესუს ლოცვას მაგიად აღიქვამენ და თვლიან, რომ ის მათ სხვების აზრების კითხვის, სასწაულმოქმედებისა და კურნების ნიჭებს უბოძებს. ლოცვისადმი ამგვარი დამოკიდებულება უკიდურესად დიდი დანაშაულია და ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ეშმაკის ჭურჭელი ხდება’’.


სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share