პორფირი კავსოკალიველი scaled

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – ყველა სიდიადეს ფლობ მაშინ, როდესაც ქრისტეა შენში

განუწყვეტლივ იყურეთ ზემოთ, ქრისტესკენ, რათა მიუახლოვდეთ მას, თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ ქრისტესთან ერთად, იცხოვროთ ქრისტესთან ერთად, ისუნთქოთ ქრისტესთან ერთად, გტკიოდეთ ქრისტესთან ერთად, გიხაროდეთ ქრისტესთან ერთად. იესო ქრისტე ყველაფერი უნდა იყოს თქვენთვის. თქვენი სული უნდა ითხოვდეს, უნდა მოუხმობდეს თავის სასიძოს: „შენდამი, მწყურის, სიძეო ჩემო…“ ქრისტე არის სიძე, იგია მამა, იგია ყველაფერი. ამქვეყნად არაფერია იმაზე დიდი, ვიდრე გიყვარდეს იესო ქრისტე. ყოველივე რაც ჩვენ გვსურს ქრისტეშია. ქრისტე ყველაფერია. იგია მთელი ჩვენი სიხარული, მთელი ჩვენი სიამე, მთელი ჩვენი სამოთხისეული ცხოვრება. ყველა სიდიადეს ფლობ მაშინ, როდესაც ქრისტეა შენში. ქრისტესადმი შეყვარებული სული მუდამ გახარებული და ბედნიერია, რამდენ ტანჯვად და მსხვერპლადაც არ უნდა უჯდებოდეს იგი.

ითხოვეთ: ‘უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!’ და მან იცის, როგორ შეგიწყალოთ თქვენ, რა საშუალებით. მაშინვე ამოქმედდება მისი მადლი“. ლოცვისას მთავარია არა მისი ხანგრძლივობა, არამედ მისი ძალა. ილოცეთ თუნდაც ხუთი წუთით, ოღონდ იგი უფლისადმი სიყვარულით აღავლინეთ. ზოგიერთ ადამიანს მთელი ღამე შეუძლია ლოცვა, ზოგს კი მხოლოდ ხუთი წუთი, და შესაძლებელია ეს ხუთწუთიანი ლოცვა უფრო მეტი იყოს. ეს, რა თქმა უნდა, საიდუმლოა, მაგრამ ასეა.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი