i

წმინდა სოფრონი (ინგლისელი) – ღმერთის შეცნობისაკენ მიმავალი ჩვენი გზა ქრისტეს სიტყვაზე გადის

ღმერთის შეცნობისაკენ მიმავალი ჩვენი გზა ქრისტეს სიტყვაზე გადის და არა წიგნზე; ამ რწმენას ჩვენი გონი ქრისტეს სიყვარულის ცეცხლით ალმოდებულ გულამდე მიჰყავს. ჩვენ ვეშვებით იმ უძირო ოკეანეში, რასაც ადამიანის გული ჰქვია. ჩვენ ვიცით ამ ჩაძირვასთან დაკავშირებული სიძნელეები: ეს ღვაწლი დიდი ტანჯვით არის დამძიმებული. მაგრამ იქ, ქვემოთ, ჩვენ ღმერთი შემოგვხვევს ხელს და ზეცად აგვიყვანს. თუ საკმარისად გაქვს ამისათვის საჭირო სიყვარულის ტკივილი, ზეცისკენ ზრდაც შესაძლებელი იქნება.

ძალიან ბევრია ვისაც თავისი გამოცდილებით ლოცვის კეთილი ნაყოფი არ უგემია და არ იცის, რომ სწორედ ლოცვა აძლევს ადამიანს აღუწერელად დიადი სამყაროს ხილვის უნარს: ჯოჯოხეთის პირქუში სიღრმეებიც ამ სამყაროშია და რწმენის გარეშე აღდგომის გასხივოსნებული ზეციური სფეროები და ყოველგვარი ტანჯვა სისულელეა: ყოველგვარ აზრს კარგავს ყველაფერი რწმენის გარეშე; ასეთ უგუნურებას შეუძლია ჭირვეული სული დააშოშმინოს, მაგრამ ადამიანი სულის სიღრმეში მოკალათებული ამპარტავნებისგან ვერ განიკურნება; ის გაიმდიდრებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მაგრამ უკვდავების გრძნობას რწმენით აღვსილი ლოცვის გარეშე ვერ გააღვივებს; სხეულსაც, გულსაც და გონებასაც ურწმუნოება ნელნელა ისე გაანადგურებს რომ ადამიანის სულს ღმერთს არ გააკარებს. ყველაფერი მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც სამშვინველი უმაღლესი ნათლით შეიმოსება: რინდს მიეცემა ყოველგვარი მიწიერი საცდუნებელი და სული მარადიულობის შესამეცნებლად გაიმართება. ამ კურთხევით შემკობილი მლოცველისათვის ყოველგვარი მიწიერი მდგომარეობა (სოციალური, მატერიალური და სამეცნიეროც კი) „დროებით შესამკობლად“ აღიქმება და ადამიანი მიწიერი მიღწევებისთვის აღარა ზრუნავს. და თუ ის შეძლებს დარჩეს თავის თავმდაბლობაში, უფრო მეტს ნახავს და მეტ არაამქვეყნიურ საიდუმლოს ეზიარება.

ქრისტეში ლოცვით მყოფ ადამიანს, შინაგანად, სულსა და გონში, უტყუარი ცოდნა ეძლევა იმის შესახებ, რომ ის მარადიულ, ღმერთკაცურ ყოფიერებაში ხელშეუვალი განძის მფლობელი ხდება. ამიტომ ყოველი კეთილი საქმე, ვის მიერაც არ უნდა იყოს გაკეთებული მისთვის საერთო გადარჩენის საქმედ აღიქმება და ეს მას ახარებს (შეად. ლუკ. 15: 31-32)

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ