სიმდაბლით უნდა მოვუხმოთ ქრისტეს სახელს. თავად ქრისტემ,განკაცებულმა სამყაროს შემოქმედმა, ჯვარზე სიკვდილამდე დაიმბდაბლა საკუთარი თავი. ამიტომაც, მისი სახელი ყველა სხვა სახელზე აღმატებულია მთელ სამყაროში.
ჩვენი სულიერი სიკვდილის გამო, დავკარგეთ საკუთარი ცოდვის განცდა. წმინდანები მუდამ განიცდიან საკუთარ უღირსებას ღვთის წინაშე. ისინი სულით დიდი უფსკრულის პირას დგანან და მძიმე სასოწარკვეთილების ჟამს აძლევენ საკუთარ თავს უფლებას დროებით მოშორდნენ ამ უფსკრულს, რათა სხეულს და სულს განტვირთვის საშუალება მისცენ და შემდეგ კვლავ დგებიან იქ და ჭვრეტენ საკუთარ დაცემულ ბუნებას, რომელიც მსგავსია უფსკრულისა. სიმშვიდის პერიოდშიც კი განიცდიან გულის სიღრმეში რაღაც ჭრილობას, რომელიც მლოცველს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნის საშუალებას არ აძლევს.
ამგვარი ასკეტური სიმდაბლე უფრო და უფრო იდგამს სულში ფესვს და მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. მწუხარებები და სნეულებები ჩვენი მიწიერი ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი, რომლის გარეშეც ვერც ერთი ადამის ძე ვერ მიაღწევს სიმდაბლეს. ვინც ბოლომდე მოითმენს ”ქრისტესმიერი სიმდაბლის”(მთ.11:29) ნიჭს მიიღებს, რომელზეც წმ. სილუან ათონელი წერს, რომ ის ”ენითგამოუთქმელია”, რადგანაც მას საწყისი ამ სამყაროში არ აქვს. ამ ნიჭის მიღება შესაძლებელია ქრისტეს მუდმივი ხსოვნით, ანუ მოუკლებელი იესუს ლოცვით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.
ასე რომ, მხოლოდ სინანულის ცეცხლით ხდება ჩვენი ბუნების გადადნობა, ცრემლიანი ლოცვით აღმოიფხვრებიან ჩვენში არსებული ვნებები, ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოხმობით კი განიწმინდება, განახლდება და განათლდება ჩვენი ბუნება: ”ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.. დაადგერით თქუენ ჩემთანა,”(ინ.15:3-4) როგორ დავადგრეთ მასთან? ამაზეც გვპასუხობს წმინდა სახარება: ”რაჲ-იგი სთხოოთ მამასა ჩემსა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ”(ინ.15:16) ამრიგად, იესუს ლოცვით შეიძლება გადაიფაროს ნებისმიერი შინაგანი ან გარეგნული მოვლენა, ასე ამგვარად, ეს ლოცვა ყოვლისმომცველი, უნივერსალური და კოსმიური ხდება.