ჯვრისმტვირთველობა, საკუთარი თავის უარყოფა და ქრისტეს მიმდევრობა – წმინდა ნიკოლოზ სერბი

ჭეშმარიტებას დიდი ძალა აქვს და სამყაროში არაფერს შეუძლია მისი დამარცხება. ჭეშმარიტებას უდიდესი მაკურნებელი თვისება აქვს და ამ სამყაროში არ არსებობს ისეთი ტკივილი და უძლურება, რომელსაც ჭეშმარიტება ვერ უმკურნალებს.

როცა ადამიანი სნეულებისგან იტანჯება და ტკივილები აწუხებს, ის მკურნალის ძიებას იწყებს. არავინ ეძებს ექიმს იმისთვის, რათა მისგან ტკბილი წამალი მიიღოს. ყველა ისეთს ეძებს, რომელმაც კურნების სწორი გზა იცის და საერთოდ არ ანიჭებს მნიშვნელობას, მწარე წამალს იღებს მისგან თუ ტკბილს. როგორც წესი, რამდენადაც უფრო მწარე წამალია საჭირო, იმდენად უფრო რთულია მკურნალობაც. ასეთი ექიმები ზოგადად უფრო დიდი ნდობით სარგებლობენ.

ადამიანები ღმერთისგან მხოლოდ სიტკბოებას რატომ ელიან? იმიტომ, რომ საკუთარი ცოდვის სნეულების სიმძიმეს ვერ შეიგრძნობენ და მიუჩნევიათ, რომ მხოლოდ ტკბილეულითაც შეიძლება მათი განკურნება.

ადამიანებს რომ საკუთარი თავისთვის ეკითხათ: რატომ არის ყველა წამალი ასეთი მწარე?

სულიწმიდა უპასუხებდა მათ:

– ეს არის მეტაფორა და გამოხატულება სულიერ წამალთა სიმწარისა.

რადგანაც ხორციელი სნეულებები სწორედაც რომ სულიერი სნეულებების სახეს წარმოდგენენ, ასევე ხორციელი წამალიც სულიერის სახე და მისი ერთგვარი მეტაფორაა.

განა სულიერი სნეულება უფრო მწარე არ არის ვიდრე ხორციელი? მაშინ სულის წამალიც უფრო მწარე არ უნდა იყოს?

ჩვენ ზედმეტად ბევრს ვზრუნავთ საკუთარ სხეულზე. როგორც კი რამე აგვტკივდება, არც ძალისხმევას, არც დროს და არც სიმდიდრეს არ ვიშურებთ, რათა როგორმე უწინდელი ჯანმრთელობა დავიბრუნოთ. ამ დროს, ჩვენთვის არაფერი ძვირი არ არის, არც ერთი კურორტი არ არის შორს და არც ერთი წამალი არ არის მწარე; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა სიკვდილის მოახლოებასა და საფრთხეს ვიგრძნობთ. ოჰ, ნეტავ ასე ვზრუნავდეთ საკუთარ სულზეც! ნეტავ ასე გულმოდგინედ ვეძებდეთ სულიერ მკურნალსაც!

რთულია ეკლებზე ფეხშიშველი დგომა, მაგრამ თუ ადამიანი წყურვილისაგან კვდება და ამ ეკლებს მიღმა წყალი ეგულება, მაშინ არც კი დაფიქრდება, ისე დააბიჯებს ამ ეკლებზე და ტერფებს დაისისხლიანებს, რათა როგორმე წყალთან მიაღწიოს. რა ურჩევნია, ნაზ ბალახზე იდგეს და წყურვილით მოკვდეს, თუ ეკლებზე გაიაროს და ცოცხალი გადარჩეს?

ზოგიერთი იტყვის, შეუძლებელია ამდენად მწარე წამლის მიღებაო! სწორედ ამიტომაც, ყოვლადკაცთმოყვარე ექიმმა, მიუხედავდ იმისა, რომ თავად სრულიად ჯანმრთელი იყო, სწორედ პირველმა მიიღო ეს უმწარესი წამალი, რათა ჩვენთვის, სნეულებისთვის ეჩვენებინა, რომ ეს შეუძლებელი არ არის. ჯანმრთელისთვის რაოდენ უფრო რთულია მწარე წამლის მიღება! თუმცა მან ეს გააკეთა, რათა მაგალითი მოეცა და მომაკვდავებსაც მიგვეღო წამალი.

კვლავ იტყვიან: როგორც არ უნდა გვწყუროდეს და როგორი ანკარა წყაროც არ უნდა გვეგულებოდეს, შეუძლებელია ჩვენთვის ეკლებზე ფეხშიშველი გავლა! სწორედ ამიტომაც, კაცთმოყვარე უფალმა თავად განვლო ეკლიან მდელოზე და მეორე მხრიდან მოუხმობს ყველას, ვისაც ცოცხალი წყლის წყარო სწყურია.

შემოგვღაღდებს: – თავად მე გავიარე უბასრეს ეკლებზე. ასე რომ, ეს თქვენც შეგიძლიათ. შემომიდექით!

ცოდვით სნეულნი ვამბობთ, რომ თუ ჯვარია ჩვენი წამალი, არ შეგვიძლია მისი მიღება და თუ გზაც ჯვარია, არ შეგვიძლია მასზე სვლა! ამიტომაც, კაცთმოყვარე ქრისტემ თავად იტვირთა უმძიმესი ჯვარი და გვიჩვენა, რომ ეს შესაძლებელია.

დღევანდელ სახარებისეულ საკითხავში უფალი გვთავაზობს ჯვრისმტვირთველობას, როგორც მწარე წამალს მათთვის, ვისაც სიკვდილისგან ხსნა მოუსურვებია.

,,რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე’’(მკ.8:34). უფალი თავადაა ჯვრისმტვირთველი და ყველას მოგვიწოდებს, რომ მას გავყვეთ. სანამ მოგვიწოდებდა, იქამდე თავისი მომავალი ვნება იწინასწარმეტყველა: ,,იწყო სწავლად მათა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფად მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად’’(მკ.8:31). ის სწორედ იმისთვის მოვიდა ადამიანად, რათა ჩვენთვის გზად ქცეულიყო. ის იმისთვის მოვიდა, რათა პირველი ყოფილიყო ტკივილებში და პირველი დიდებაშიც. ის მოვიდა, რათა ეჩვენებინა, რომ რაც შეუძლებლად მიგვაჩნდა, მის მიერ შესაძლებელია.

ის არავის აიძულებს და აძალებს, არამედ სთავაზობს და ურჩევს. ადამიანები თავისუფალი ნებით დაეცნენ და ცოდვის სნეულება შეეყარათ და თავისუფალი ნებითვე უნდა განიკურნონ და გამოჯანმრთელდნენ ცოდვისგან. ის არ გვიმალავს, რომ წამალი მწარეა, თუმცა კურნებას იმით გვიმსუბუქებს, თავად მიიღო ეს წამალი და ყველას გვიჩვენა მისი მაკურნებელი მოქმედება.

,,უვარ-ყავნ თავი თჳსი’’. ადამმაც უარყო საკუთარი თავი, როცა ცოდვით დაეცა. როგორი უარყოფა იყო ეს? მან იმ ჭეშმარიტ მდგომარეობაზე თქვა უარი, რომელშიც უნდა ყოფილიყო და განვითარებულიყო. ამ სიტყვებით უფალი საკუთარი ცრუ ,,მეს’’ უარყოფას გვთხოვს. მარტივად რომ ვთქვათ, ადამმა უარყო ჭეშმარიტება და სიცრუეს შეუერთდა; ახლა კი უფალი ჩვენ, ადამის შთამომავლებს გვთხოვს, რომ განვეშოროთ სიცრუეს და კვლავ ჭეშმარიტებას დავუბრუნდეთ. აქედან გამომდინარე, საკუთარი თავის უარყოფა ნიშნავს: ამასოფლის სულისა და ვნებებისგან განშორებას, რომლებიც ჩვენში სულიერ ცხოვრებასა და სათნოებებს ანადგურებენ. განეშორე მონურ შიშს, რომელიც შენში ღმრთისშვილობის ხატებას აბნელებს; განეშორე მკრეხელურ დრტვინვას, რომელიც შენში ქრისტესადმი მორჩილების სულს კლავს. განეშორე ბოროტ აზრებს, სურვილებსა და საქმეებს. უარყავი ბუნებისა და საკუთარი სხეულის წარმართული თაყვანისცემა. განეშორე ბოროტ ჩვეულებებს, რომლებიც შენს მეორე ბუნებად იქცნენ; უარყავი ეს შენი მეორე ბუნება, რადგან ის ღმერთის ქმნილება კი არ არის, არამედ შენში ფესვგადგმული სიცრუე – განხორციელებული ტყუილია, რომელიც შენი სახელით ცხოვრობს, შენ კი მისით.

რას ნიშნავს ,,აღიღენ ჯუარი თჳსი’’? ეს ნიშნავს ქრისტეს ხელიდან ყოველგვარი მაკურნებელი მწარე წამლის საკუთარი ნებით მიღებას. რამე საზარელი კატასტროფა მოხდა? – ნოეს მსგავსად, ღმრთის ნებას დაემორჩილე. შენგან მსხვერპლია საჭირო? შესწირე აბრაამის მსგავსად, ცოცხალი რწმენით. ქონება დაკარგე და საშინელი სნეულება შეგეყარა? – ყველაფერი მოთმინებით გადაიტანე, იობის მსგავსად, რომლის გულიც არასდროს განეშორებოდა ღმერთს. მეგობრებმა მიგატოვეს და მტრებმა გარემოგიცვეს? – ყველაფერი წუწუნისა და დრტვინვის გარეშე დაითმინე და მოციქულთა მსგავსად, გქონდეს იმედი, რომ ქრისტე მალე შეგეწევა. ქრისტესთვის სიკვდილს მოგისჯიან? – მადლიერი იყავი ასეთი პატივისთვის, ათასობით ქრისტიან მოწამეთა მსგავსად. შენგან ისეთს არაფერს ითხოვენ, რაც შენამდე არასდროს არავის გაუკეთებია. შენ მოგეთხოვება მიბაძვა იმ უამრავი ადამიანისა, რომლებმაც ქრისტეს ნება აღასრულეს. ესენი იყვნენ: მოციქულები, წმინდანები, აღმსარებლები და მოწამეები. აქვე უნდა ითქვას, რომ როცა უფალი საკუთარი თავის ჯვარცმას გვთხოვს, ის მხოლოდ ჩვენში არსებულ ცოდვის მსახურ და ბოროტი ჩვეულებებით აღსავსე ,,ძველ ადამიანს’’ გულისხმობს. რატომ? იმიტომ, რომ ჯვარცმით ჩვენში ეს ძველი, პირუტყვს მიმსგავსებული ადამიანი კვდება და ახალი, ქრისტეს მსგავსი, უკვდავი ადამიანი ცოცხლდება. როდესაც მოციქული ამბობს: ,,რაკიღა ვიცით, რომ ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა მასთან ერთად’’, ის იქვე განმარტავს, თუ რატომაა ჯვარცმული: ,,რათა გადაგებულიყო ცოდვის სჯული და აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას’’(რომ.6:6). ეს ჯვარი მძიმეა ხორციელი ადამიანისთვის, რომელიც აღსავსეა ,,ვნებითურთ და გულის თქუმით’’(გალ.5:24), მაგრამ არ არის მძიმე სულიერი ადამიანისთვის. ,,რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს’’(1.კორ.1:18). ქრისტე იმას კი არ გვთხოვს, რომ მისი ჯვარი ვიტვირთოთ, არამედ საკუთარი. მისი ჯვარი – უმძიმესია. ის საკუთარი ცოდვების გამო კი არ ეცვა ჯვარს, არამედ ჩვენი; ამიტომაა მისი ჯვარი უმძიმესი. ჩვენ საკუთარი ცოდვების გამო ვართ ჯვარცმულნი. ამიტომაც, ჩვენი ჯვარი უფრო მსუბუქია. შესაბამისად, როცა განსაცდელი გვაქვს, არ უნდა ვამბობდეთ, რომ ჩვენი ტკივილები ზედმეტად დიდი და უზომოა. ქრისტე ცოცხალია და ის არასდროს დაუშვებს, რომ ჩვენს ძალებზე აღმატებული ტკივილი გვქონდეს. ჩვენი ტკვილების საზომი განსაზღვრულია, არანაკლებ დღისა და ღამის ხანგრძლივობისა და პლანეტების მოძრაობისა. იზრდება ჩვენი ტკივილები და მძიმდება ჯვარი? – იზრდება ქრისტესმიერი ძალაც, როგორც მოციქული ამბობს: ,,ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენი’’(2.კორ.1:5).

ჩვენთვის უდიდესი ნუგეშია, უფალი რომ მიგვიწოდებს: ,,შემომიდეგინ მე’’. რატომ მოგვიწოდებს ამისკენ ჯვრისმტვირთველებს? პირველ რიგში იმისთვის, რათა ჯვრის სიმძიმის გამო არ დაეცნენ და არ შედრკნენ. ასეთია ადამიანური ბუნების სისუსტე: ზეციური დახმარების გარეშე, ყველაზე მსუბუქი ჯვარიც კი მძიმეა ყველაზე ძლიერი ადამიანისთვის. ნახეთ, როგორ სასოწარკვეთილებაში ვარდებიან ურწმუნოები ყველაზე მცირე დარტყმის შემთხვევაშიც. ერთი პატარა ნემსის ჩხვლეტის გამო, როგორ ილაშქრებენ ზეცისა და მიწის წინააღმდეგ! როგორ უმწეოდ დაეხეტება და ამ სამყაროს სიცარიელეში ეძებს საყრდენსა და თავშესაფარს! სწორედ ამიტომ მოგვიწოდებს უფალი, რომ გავყვეთ მას. მხოლოდ მისი მიმდევრობით შეგვიძლია საკუთარი ჯვრის ტვირთვა. მხოლოდ მასში ვიპოვით ძალას, სიმამაცესა და ნუგეშს. ის გახდება ჩვენთვის ნათელი წყვდიადით მოცულ გზაზე, ჯანმრთელობა სნეულებისას, მეგობარი მარტოობისას, სიხარული მწუხარებისას და სიმდიდრე სიღარიბისას. სნეულს სასთუმალთან მთელი ღამის განმავლობაში ანთებულ სანთელს უტოვებენ ხოლმე. ჩვენც ამ ცხოვრებისეულ ღამეში, სასიცოცხლოდ გვესაჭიროება ნათელი ქრისტესი, რომელიც შეამსუბუქებს ჩვენს ტკივილს და ჩვენში განთიადის იმედს შობს.

მრავალმა უარყო საკუთარი თავი გარეგნულად, რათა ამ სოფელში კიდევ უფრო ამაღლებულიყო და დიდებული გამოჩენილიყო. მრავალმა მხოლოდ იმისთვის იტვირთა უდიდესი ღვაწლი და საქმე, რათა განედიდებინათ და ადამიანები მისით აღტაცებულიყვნენ. ეს ყველაფერი  პირადი ეგოიზმისა და ანგარებისგან მომდინარეობს. სინამდვილეში, ეს თავგანწირვა კი არა, საკუთარი თავის განდიდებაა და ასეთი ,,ჯვარი’’ აღდგომისკენ კი არ მიგვიძღვის, არამედ სრული დაღუპვისკენ. ხოლო ის, ვინც საკუთარი ჯვრის ტვირთვით ქრისტეს შეუდგება, თავისუფალია ყოველგვარი სიამაყისგან, ამსოფლიური დიდებისკენ სწრაფვისა და პირადი სარგებლის მიღების სურვილისგან. სნეული ხომ იმისთვის არ იღებს მწარე წამალს, სხვებს რომ აჩვენოს, ნახეთ, როგორი მწარე წამლის დალევა შემიძლიაო. არა, მას განკურნება სურს. ასე უარყოფს ქრისტიანიც თავის სნეულ ბუნებას, იღებს ჯვარს, როგორც მწარე, მაგრამ მაცხოვნებლ წამლს და თავის ექიმს და მაცხოვარს, ქრისტეს მიყვება. თანაც, არა ადამიანური ქება-დიდების მოსახვეჭად, არამედ მომაკვდინებელი უგუნურებისგან საკუთარი სულის სახსნელად.

,,რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრიდებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს გინა სახარებისათჳს, მან აცხოვნოს იგი’’(მკ.8:35). როგორი მკვეთრი სიტყვებია! ეს სიტყვები ცეცხლია, რომელიც ჩვენში მცხოვრებ ,,ძველ კაცს’’ ძირ-ფესვიანად ფერფლავს! უფალი იესუ ქრისტე მხოლოდ იმისთვის კი არ მოსულა, რომ გამოესწორებინა ეს სამყარო, არამედ მისი გარდაქმნის, ხელახლა შექმნისა და ხელახლა შობისთვისაც. ის ხელოსანი კი არ არის, რათა შეაკეთოს, არამედ შემოქმედი, რათა შექმნას.

ვისაც ძველი ჭიანი ხის გადარჩენა სურს, აუცილებლად დაკარგავს მას. მან შეიძლება რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ მორწყას, გააპრიალოს, გასხლას და დაიცვას, მაგრამ ჭიები შიგნიდან გამოხრავენ და ეს ხე გარდაუვალად დალპება და დაიღუპება. მან ეს ჭიანი ხე უნდა მოჭრას, ცეცხლში შეაგდოს, ყურადღება ახალნერგებს მიაქციოს და ჭიებისგან დაიცვას ისინი. ვისაც საკუთარი ძველი, დაცემული, ცოდვისგან გამოხრული სულის შენარჩუნება უნდა, ის დაკარგავს მას; რადგან ასეთ სულს ქრისტე არ შეიწყნარებს. ხოლო, ვინც ამ თავის ძველ სულს უარყოფს და მოაკვდინებს თავისი ვნებებით და გულისთქმებით, ის სულიწმიდით ხელახლა შობილ და ქრისტეზე დაწინდულ სულს მიიღებს(ინ. 3:6).

სულია ჩვენი სიცოცხლე. წმინდა წერილის ზოგიერთ თარგმანში ,,სულის’’ ნაცვლად სწორედ ,,სიცოცხლეა’’ გამოყენებული. ორივე შემთხვევას ერთნაირი განმარტება აქვს. ვისაც თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის შენარჩუნება ყველაფრის ფასად მოუსურვებია, ის მარადიულ სიცოცხლესაც დაკარგავს. ამქვეყნიურს იმიტომ დაკარგავს, რომ როგორც არ უნდა ეცადოს თავისი მიწიერი სიცოცხლის გახანგრძლივება, საბოლოო ჯამში მაინც დაკარგავს. ხოლო მარადიულს იმიტომ დაკარგავს, რომ მის მოსახვეჭად არაფერს აკეთებდა. ვინც ქრისტეში სიცოცხლის მოხვეჭისთვის შრომობს, ის ამქვეყნიური ცხოვრების შემდეგ მარადისობაში დაიბადება. ადამიანმა შეიძლება თავისი ამქვეყნიური სიცოცხლე ქრისტესთვის დაკარგოს. ეს ქრისტესთვის მოწამეობრივი სიკვდილის შემთხვევაში ხდება; ანდაც მაშინ, როცა თავის ცოდვილ ცხოვრებას განეშორება და მთელი გულით, მთელი სულით და მთელი არსებით ქრისტესკენ სწრაფვას დაიწყებს, ყველაფერს მას შესწირავს და ყველაფერში მას მიენდობა. ზოგმა კი შეიძლება თვითმკვლელობით დაკარგოს სული, ანდაც უკეთური საქმისთვის თავის შეწირვით. მხოლოდ ქრისტე და მისი სახარებაა ჩვენს სულზე შეუდარებლად აღმატებული.

,,რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?’’ ამ სიტყვებით კარგად ჩანს ყოველივე ზემოთქმულის მნიშვნელობა. ამ მუხლის მიხედვით ჩვენ ვიგებთ, რომ ქრისტესთვის ადამიანის სული მთელ სამყაროზე მეტად ძვირფასია. იმასაც ვიგებთ, თუ რა უნდა უარყოს და წარწყმიდოს ადამიანმა, თუკი საკუთარი სულის განახლება და დაცვა სურს: მან უნდა უარყოს თავისი ,,ძველი’’, დაცემული, დაზიანებული, ამასოფლის მიერ გათხვრილი და მასზე დამონებული სული. თუ ადამიანი ამ ცრუ სიცოცხლეს უარყოფს, ჭეშმარიტს მოიხვეჭს და თუ თავის ,,ძველ’’ სულს დაკარგავს, ახალს და ჭეშმარიტს მიიღებს.რა სარგებელს მიიღებს ადამიანი, თუკი დაღუპვისთვის განწირულ სამყაროს შეიძენს, მაგრამ უკვდავებისთვის განსაზღვრულ სულს დაიზიანებს? ეს სამყარო თავის აღსასრულს უახლოვდება და ბოლოს, დაძველებული სამოსელივით განადგურდება, ხოლო ქრისტეს მოყვარე სულები უკვდავების სამეფოში აღიწევიან. ამ სამყაროს აღსასრული, სულისთვის ახალი სიცოცხლის დასაწყისად იქცევა. რა სარგებელს მიიღებს ადამიანი იმ სამყაროსგან, რომელსაც მალე განშორდება და რომელმაც შესაძლოა არც თუ ისე შორეულ მომავალში, სიზმარივით დაასრულოს თავისი ყოფიერება და გაქრეს? უმწეო მკვდარი რით დაეხმარება მას? ან რით გამოისყიდის საკუთარ სულს? მთელი სამყარო სულ რომ ადამიანის საკუთრებად იქცეს, ღმერთი მაინც არ მიიღებს მას სულის სანაცვლოდ. მაგრამ ეს სამყაროც ხომ ღმერთს ეკუთვნის და არა ადამიანს. ღმერთმა ეს სამყარო ადამიანს დროებით საცხოვრებლად განუწესა და ისიც ერთადერთი და უაღმატებულესი სიკეთისთვის მიანიჭა. რა არის ეს სიკეთე? – ეს არის სული, რომელიც ღმერთის ხატია. ის ამ მთავარ საჩუქარს თავის დროზე მოგვთხოვს. სულის ნაცვლად ადამიანი ვერაფერს მისცემს ღმერთს. სული – მეფეა, ხოლო ყველაფერი დანარჩენი – მონები. უფალიც მეფის ნაცვლად მონას არ მიიღებს და არც წარმავალს შეიწყნარებს უკვდავის მაგივრად. განა რით გამოისყიდის ადამიანი საკუთარ სულს? სანამ ჯერ კიდე ცოცხალია და სხეულში იმყოფება, ის  ამსოფლიური ღირებულებებითაა გატაცებული; მაგრამ როცა დადგება დრო და სული ხორცს გაეყრება, აღმოაჩენს(ვაი, რომ უკვე გვიანი იქნება!), რომ ქრისტეს გარდა სხვა ღირებულება არ არსებობს. რა საზარელი მდგომარეობა დაეუფლება სულს, როცა ღმერთთან დამაკავშირებელი ყოველგვარი ძაფი გაწყდება და როცა გაშიშვლებული და დაგლახაკებული შეაბიჯებს სულიერ სამყაროში! ვის მოუწოდებს დასახმარებლად? ვის სახელს მოუხმობს? ვის კალთას ჩაებღაუჭება, როცა უძირო უფსკრულში დანთქმას დაიწყებს? ნეტარია ის, ვინც ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეუერთდა ქრისტეს და დღე და ღამ მისი უტკბილესი სახელის მოუკლებელ მოხმობას მიეჩვია; ვინც ქრისტეს სახელის მოხმობით სუნთქავს და მისით უცემს გული. ასეთი ადამიანი უფსკრულის პირას თუ აღმოჩნდება, ეცოდინება, თუ ვის სახელს მოუხმოს მოუკლებლად და ვის ჩასჭიდოს ხელი. ჭეშმარიტად, ქრისტეს მფარველობის ქვეშ მყოფი, ყოველგვარ საფრთხეს გადაურჩება.

ნახეთ, რა საოცრად მთავრდება დღევანდელი სახარებისეული საკითხავი: ,,და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა’’. ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ ეს სიტყვები წინა მუხლებთან არანაირ კავშირშია. უფალს არ სურს თავისი ერთგული მოწაფეების უნუგეშოდ დატოვება. მოუწოდა რა საკუთარი ჯვრის აღებისა და საკუთარი სულის უარყოფისკენ, ამ ქარიშხლის შემდეგ, ცაზე ცისარტყელას გამოსახავს. ის გვაუწყებს, თუ როგორ ჯილდოს მიიღებენ მისი მორჩილნი, საკუთარი ჯვრის მტვირთველნი და მას შედგომილნი. ამ ჯილდოს ზოგიერთნი სამყაროს აღსასრულამდე, საკუთარ გარდაცვალებამდე, ჯერ კიდევ ხორცში მყოფნი მიიღებენ. ისინი არ იხილავენ სიკვდილის გემოს, სანამ სკუთარ გულში ქრისტეს სასუფეველი არ განეცხადებათ. როგორ სიბრძნეს ავლენს უფალი თავის ქადაგებებში! ის ჯილდოს უხსენებლად არასდროს საუბრობს სასჯელის შესახებ; არ ამხელს, ქების გარეშე; არ მოუწოდებს ვიწრო და ეკლიანი გზისკენ, თუ ამ გზის დამაგვირგვინებელ სიხარულს არ ახსენებს; არ წარმოთქვამს მუქარას, ნუგეშის გარეშე. ის ცას საავდროდ მოღრუბლულს არ ტოვებს და მალევე არ გვიჩვენებს მზის ბრწყინვალებასა და ცისარტყელის მშვენიერებას. მაგრამ მაინც ვინ არიან ისინი, ვინც არ გაიგებენ სიკვდილის გემოს, სანამ სასუფეველს არ იხილავენ? ვის გულისხმობს ის? პირველ რიგში მათ, ვინც ჯვრისმტვირთველობისა და საკუთარი თავის უარყოფის მცნებას აღასრულებენ. ასეთნი ჯერ კიდევ ამქვეყნად შეიგრძნობენ ქრისტეს სასუფეველს. მათ გულში დაიმკვიდრებს სულიწმიდა, რომელიც განწმენდს, ნათლით აღავსებს, ზეციურ საიდუმლოებათა კარიბჭეს გაუხსნის მათ, როგორც ეს მოგვიანებით მოციქულების შემთხვევაში მოხდა. 

სულთმოფენობისას განა სასუფევლის ძალა არ შეიცნეს მოციქულებმა? ,,ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა’’(საქმ.7:55). განა სასუფეველი არ იხილა წმინდა იოანე მახრებელმა თავის ხორციელ სიკვდილამდე? პავლე მოციქულიც ხომ მესამე ცამდე აღიტაცა მაშინ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო? მაგრამ დავანებოთ თავი მოციქულებს. ვინ იცის, იმ ქადაგებაზე მყოფთა შორის, კიდევ რამდენმა შეიგრძნო სულიწმიდის მოქმედება და საკუთარ გულში განცხადებული სასუფეველი იხილა?

თუ მოვისურვებთ და მოვინდომებთ, ჩვენც შეგვიძლია ამქვეყნიურ ცხოვრებაში სასუფევლის ხილვა. თუ რა წინაპირობების შემთხვევაში აღესრულება ეს, ამაზე დღევანდელი სახარება გვესაუბრება. საკუთარი ნებით ვიტვირთოთ ჯვარი და გავყვეთ ქრისტეს. ყველანაირად ვეცადოთ, რომ საკუთარი ,,ძველი’’ სული და ცოდვისმიერი ცხოვრება უარვყოთ და გავითავისოთ ის, რომ უმჯობესია სული გადავირჩინოთ, ვიდრე მთელი სამყარო შევიძინოთ. ღმრთის წყალობით, ასე გავხდებით ჩვენც ქრისტეს სასუფევლის ხილვის ღირსნი, სადაც ანგელოზები დაუდუმებლად განადიდებენ ცოცხალ ღმერთს, მამას, ძეს და სულიწმიდას – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.