efrem arizoneli 1

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული

კეთილად იღვაწე, შვილო, საუკუნო ცხოვრებისთვის. კარგი დასაწყისით კეთილ დასასრულს მოიპოვებ. შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული და ის გახდება შენთვის ყველაფერი – სიხარულიც, მშვიდობაც, გლოვაც და მაცოცხლებელ ცრემლთა სიმრავლეც, რაც შენს სულს თოვლზე უსპეტაკესს და ღრუბელზე უმსუბუქესს გახდის.

ფრთხილად იყავი, შვილო, წარმოდგენებთან და ცოდვიან ფიქრებთან. ყველაფერი გულისსიტყვაზეა დამოკიდებული. მცველი დაუყენე შენს გონებას, რომ მის წარმოსახვით ნაწილში უზნეო სურათებმა ვერ შეაღწიოს, რადგან მაშინვე ჩნდება საფრთხე, რომ სულმა სცოდოს და დაამწუხროს ის, ვინც ჩვენთვის ჯვარს ეცვა ოდესღაც სამარცხვინო, ახლა კი პატიოსანი ჯვრის ძელზე.

როცა ჩვენ შიგნით შემოსულ ბილწ გულისსიტყვებსა და მათ მსგავს წარმოდგენებს გაბატონების უფლებას ვაძლევთ, ეს სხვა არაფერია თუ არა სულიერი მრუშობა. დაიცავი თვალი, შვილო, თუ გსურს სიძვის ეშმაკი დაამარცხო. არანაკლებ სახიფათოა უმსგავსო სურათებისა და ჟურნალ-გაზეთების თვალიერება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ