amfiloqe makrisi 2

ბერი ამფილოქე მაკრისი – გონიერი ლოცვა არის სრულყოფილების საფუძველი

გონიერი ლოცვა არის სრულყოფილების საფუძველი. მის მიერ აღივსო სასუფეველი წმინდანებით. ვევედრები ღმერთს, რომ მოგმადლოთ ეს ნიჭი, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარია ღვთისგან. როდესაც ადამიანი გიყვარს, სულ მასზე ფიქრი და მასთან საუბარი გსურს. ასევე ის სული, რომელსაც ღმერთი უყვარს, მოუკლებლად, დღე და ღამე მასზე ფიქრობს. გონიერი ლოცვა განგწმენდს შვილო! როდესაც სულში ლოცვის ცეცხლი აღენთება, მაშინ ყველაფერი ამაო დაიფერფლება და გაქრება. სულიერი აღმავლობის პირველი საფეხური გონიერი ლოცვაა. ლოცვითი ღვაწლის ბოლოს, როგორც ნაყოფი, მოდის ცრემლები, რადგანაც სული გრძნობს თავის თავში ღმერთის მყოფობას.

ადამიანი, რომელიც ქრისტეს გარეშე ცხოვრობს ყველაფერი რთული და გაუგებარი ეჩვენება. ეგოისტი ადამიანი არავის იზიდავს, თუ ვინმე დაუახლოვდა მალევე განეშორებიან მას. თუ ადამიანის გულში ქრისტე არ არის, მაშინ მისი გული ყოველგვარი მატერიალურით ივსება.

ლოცვის მეშვეობით სული ფაქიზდება. თანდათანობით განვიცდით ცოცხალი ქრისტეს მყოფობას ჩვენში და ჩვენს გარშემო. ილოცე და მოვა დრო, როდესაც შენი გული სიხარულით იხტუნებს, როგორც საყვარელი ადამიანის შეხვედრისას. ლოცვის მეშვეობით ადამიანი ბავშვს ემსგავსება. ის აბრუნებს ადამიანს იმ უბრალოებაში, რაც ადამს ჰქონდა დაცემამდე და ასევე იძენს ურწმუნოებისთვის მიუწვდომელ წმინდა სიმდაბლეს. ლოცვის მეშვეობით განიწმინდება ის ადგილი, სადაც ცხოვრობ და ის საქმე, რომელსაც აკეთებ. ღმერთთან სულიერი ერთობა გარდაქმის ადამიანს, ასეთ დროს ქრება სიკვდილის შიში, ამიტომ ეცადე ყოველ წამს იესუს ლოცვით ისუნთქო.

ქრისტე ხშირად მოდის, გიკაკუნებს გულის კარზე, შენც მას შენი სულის მისაღებში იღებ, შემდეგ კი სხვადასხვა საზრუნავით დატვირთული ივიწყებ ამ დიად სტუმარს. ის ელოდება შენს გამოჩენას, ელოდება და როდესაც უკვე ძალიან იგვიანებ, დგება და მიდის. ზოგჯერ კი ისეთი დაკავებული ხარ, რომ ფანჯრიდან პასუხობ რომ არ გცალია და დროც არ გაქვს იმისთვის, რომ კარი გაუღო.

მიიღე ქრისტე შენი გულის სახლში, როგორც ლუკამ და კლეოპამ! გაუმასპინძლდი და ისადილე მასთან ერთად, ასე განწმენდ შენს ”მე”-ს ცოდვებისგან. დრო გადის, სხეული სუსტდება, უფალი კი მოთმინებით იცდის..
ძალიან გამიხარდება, როდესაც მოვალ და გავიგონებ, თუ როგორ საუბრობს შენი გულიდან ქრისტე, ამას გისურვებ!

ხშირად ეზიარეთ, გულმხურვალედ ილოცეთ, მოითმინეთ და იხილავთ უფლის ძლიერ ხელს, რომელსაც უპყრიხართ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ