სქემმონაზონი იოსებ ვატოპედელი:
„გერონდა არსენი სათნოებათა მშვიდი და დიდებული მუშაკი იყო. ის ერთ-ერთი თანამედროვე ათონელი წმინდანია, რომელსაც შეიძლება მივუსადაგოთ სახარებისეული სიტყვები: „ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკვაჲ არა არს“. ბერი ბუნებით პირდაპირი, უბრალო, მდაბალი, უბოროტო, მშვიდი, უპოვარი, მორჩილი და საკმაოდ იშვიათი მოღვაწე იყო. მისთვის რაც არ უნდა დაგეშავებინა, გულში არ ჩაიტოვებდა. არასოდეს მრისხანებდა და არავის აზიანებდა. მას ჰქონდა სრული მორჩილება და აბსოლუტური ნდობა გერონდა იოსების (ისიქასტი) მიმართ, რომლის წყალობითაც მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი ბუნების კანონებს აღემატებოდა.
უკიდურესად მძიმე სულიერ გამრჯეობაში გახლდათ ღამით: ლოცვას საღამოს იწყებდა, ათასობით მეტანიას აღასრულებდა და იესუს სახელის მოხმობაში ჩაფლული გათენებამდე ფეხზე იდგა. ლოცვა ბერის გულთან იმდენად იყო შერწყმული, რომ მას მორჩილების დროსაც ვერ სწყდებოდა. დასაძახებლად მისი კელიის ფანჯარასთან მივდიოდით და ვხედავდით, თუ როგორ იდგა ფეხზე, ნიკაპით მკერდზე მიყრდნობილი და სულით სხვა სამყაროში გადასული: „გერონდა, შრომის დროა“, – შევახსენებდით. ის კი, გაურკვევლობაში მყოფი, გვპასუხობდა: „ნუთუ უკვე გათენდა“?!
უბრალოების წყალობით ის მონაზვნური ცხოვრების არსს ჩასწვდა. თავი შესწირა მორჩილებასა და ღვაწლს. ლოცვის მეშვეობით თავის გულში ქრისტე მოიხვეჭა“.
არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი:
„გერონდა იოსების გარდაცვალების შემდეგ მამა არსენი ჩემს კელიაში გადმოვიდა. მე და მამა ხარლამპეს მასთან მორიგეობით მიგვქონდა საჭმელი, ერთ დღეს – მე, მეორე დღეს – მას. მამა არსენი ძალიან მიყვარდა, რადგან მასში მამა იოსების მემკვიდრეს ვხედავდი. როდესაც ვუყურებდი, თითქოს თავად გერონდა იოსები იდგა ჩემ თვალწინ. ძალიან მინდოდა, ბერზე მეზრუნა და ვცდილობდი, მისთვის საგანგებოდ მომემზადებინა საჭმელი. ვიცოდი, თუ რამხელა ღვაწლი ჰქონდა მამა იოსებთან ერთად ცხოვრების პერიოდში, თუ როგორ ეხმარებოდა და ზრუნავდა მოძღვარზე. ნამდვილად, მისი მარჯვენა ხელი იყო. ის გახლდათ სულით და ხორცით მტკიცე და ძლიერი ადამიანი”.
წმ. პაისი ათონელი თავის წიგნში „მთაწმინდელი მამები და ათონური ისტორიები“ :
„მამა არსენ მღვიმელი ამბობდა: როდესაც იესუს ლოცვას ფეხზე დამდგარი ვამბობ, გულში ძლიერ საღმრთო კეთილსურნელებას ვგრძნობ. როდესაც ვჯდები, თითქმის ვეღარაფერს განვიცდი“. მიუხედავად იმისა, რომ 95 წლამდე მიეღწია, ის მუდამ მოშურნეობდა და იღვწოდა, იესუს მოუკლებელი ლოცვით სულიერად მდიდრდებოდა“. წმ. პაისის უკვირდა მამა არსენის უბრალოება და სიწმინდე. ხვდებოდა, რომ ლოცვისას კეთილსურნელება წმინდა გულის ნაყოფია და მას შემდეგ წმ. პაისი მამა არსენის მიმართ უაღრესი პატივისცემით განიმსჭვალა.
ბერი იოსებ დიონისელი:
„უკვე საყოველთაოდ მიღებულია მამა არსენის „მღვიმელად“ სახელდება, რადგანაც მან თავისი სიცოცხლის უდიდესი ნაწილი თანამოღვაწესთან, დიდ გერონდა იოსებ ისიქასტთან, ერთად მთებსა და გამოქვაბულებში გაატარა. მას ასევე სამართლიანად იხსენიებენ „არსენ ისიქასტად“. წმინდა მამის კიდევ ერთი სახელწოდება გახლავთ „ღვთისმშობლის მესაიდუმლე და მისი ჭეშმარიტი შვილი“. საკუთარი თავის უარყოფისა და ზებუნებრივი ღვაწლის წყალობით მართლაც იქცა დედა ღვთისას შვილად და მესაიდუმლედ, რომელსაც ჩვენთვის კადნიერად ევედრებოდა. პირველივე წუთებიდან მასში დავინახეთ წმინდა ადამიანის სათნოებები: სიმშვიდე, სიყვარული და სიმდაბლე. აგრეთვე გამოირჩეოდა უბრალოებითა და უბოროტობით“.
გერონდა არსენ ისიქასტის სულიერი რჩევები
სულიერი ცხოვრების ფუნდამენტი, რა თქმა უნდა, იესუს ლოცვაა. არ შეწყვიტოთ ლოცვა! ის ყველაფერს მოგიტანთ, რადგან ყველაფერს მოიცავს. როდესაც ლოცვით დაიღლებით, ღვთისმშობლის დაუჯდომელი წაიკითხეთ!
მოვიდა გაღვიძების დრო? გონება არ გაიფანტოთ, არ იზარმაცოთ, მაშინვე წამოდექით! ქრისტიანობა ჩვენგან სიფხიზლეს მოითხოვს. გაიღვიძეთ? ადექით, ჯვარი გამოისახეთ და ეგრევე დაიწყეთ მოუკლებლად: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“! ყურადღება მიაქციეთ ენას, რომ არ განიკითხოთ და დაიცვათ თავი ამაოდ მეტყველებისგან. დაე, შრომისას მუდამ ლოცვით იყავით დაკავებულნი! აი, ეს არის ჩემი კურთხევა, აღასრულეთ და ყველანი ერთად ვიქნებით ქრისტესთან“!
მამა არსენი ყვებოდა: „გუშინ მოვიდა ჩემთან მზარეული და მეუბნება:
-შემინდე, მამაო, საჭმელი დამეწვა!
– კარგი, რამე ცუდი აზრი ან ზრახვა ხომ არ გაწუხებს? – ვკითხე მე.
– არ მახსოვს, მამაო.
მაშინ ვუთხარი: ესე იგი, შენმა გონებამ ოცნება დაიწყო და ლოცვას მოსწყდა.
– ნუთუ ეს დაკავშირებულია მზარეულობასთან?!
– დაკავშირებულია და თან როგორ… თუკი მოუკლებლად ილოცებ და არაფერი გაგიფანტავს გონებას, ნახავ, რა გემრიელ საჭმელებს მოამზადებ.
თუკი ნაყოფის მიღება გსურთ, სანამ ძალები გაქვთ, არ მიატოვოთ ლოცვა და მტკიცედ იდექით ფეხზე! ქრისტე არ გვთხოვს ჩვენს შესაძლებლობებზე აღმატებულს. თუკი ლოცვისას არც ფეხზე დგომა შეგვიძლია, არც ჯდომა, რომც ვიწვეთ, ის მაინც ჩვენთანაა. მაგრამ, თუკი შეგვიძლია, ბოროტიც ჩასაფერებულია და მოაქვს სისუსტე და ძილი”.
სასულიერო ლიტერატურის კითხვა ლოცვის ერთ-ერთი სახეა. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობდით წმინდა წირილის ერთ-ორ თავს და წმინდა მამათა ნაშრომებს. წმ. ისააკ ასურის წიგნი ბალიშის ქვეშ გვედო. აგრეთვე ვკითხულობდით წმ. იოანე სინელის „კიბეს“, აბბა დოროთეს, წმ. მაკარის და ა.შ მთელი წმინდა წერილი ღვთივსულიერია და აუცილებლად უნდა ვიკითხოთ, განსაკუთრებით კი – ახალი აღთქმა და ფსალმუნები!
წმინდანთა ცხოვრების კითხვას ორმაგი სარგებელი მოაქვს: ერთი მხრივ, მათი მაგალითი მოშურნეობას გვმატებს და სიზარმაცისაგან გვათავისუფლებს; მეორე მხრივ, როდესაც მათ ცხოვრებას ვეცნობით, ეს წმინდანები ქრისტეს ევედრებიან ჩვენთვის. სანამ კითხვას დაიწყებთ, აუცილებლად ილოცეთ და წაკითხვის შემდეგ გულში დიდ ლმობიერებას იგრძნობთ! ასე იმიტომ ხდება, რომ ლოცვა ანათლებს ადამიანის გონებას“.
მამა არსენი ყვებოდა: „ერთხელაც მოვიდა ერთი ძმა და მეუბნება:
– შემინდე, გერონდა, ერთი ძმა დავამწუხრე და ვეღარ ვლოცულობ!
– არაფერია საშიში, მიდი, შენდობა სთხოვე, რომ დაბრუნდეს სიყვარული და ლოცვაც დაგიბრუნდება! – ვუპასუხე მე.
– გერონდა, შენგან ხომ ვითხოვე შენდობა, განა ეს საკმარისი არ არის?!
– არა,- ვუპასუხე მე – არ არის საკმარისი. მის წინაშე რაც დააშავე, სწორედ იმის გამო ითხოვე შენდობა!
მეორე დღეს ისევ მოდის და მეუბნება: „გერონდა, მადლობა რჩევისთვის. ლოცვისას მთელი ღამე სიხარულს და ლმობიერებას განვიცდიდი“.
ერთხელ მამა არსენს ჰკითხეს: „შენდობის თხოვნა კი კარგია, მაგრამ ზოგჯერ არ გპატიობენ და ამ დროს რა ვქნათ“? გერონდამ უპასუხა: „ითხოვე პატიება? მაშინ თავისუფალი ხარ. მიაქციე ყურადღება, რომ მის მიმართ სიყვარული გქონდეს და, სანამ შენს სინანულს არ იწყნარებს, მისთვის სკვნილზე ილოცე“!
როგორც შეგიძლიათ, ეცადეთ, რომ თქვენით ყველა კმაყოფილი იყოს! თუკი მონაზონს მონასტერში 99 ძმასთან კარგი ურთიერთობა აქვს და თავისი უყურადღებობით ერთი დაამწუხრა, მაშინ ეს ლოცვაში დაბრკოლებას შეუქმნის“.
წყარო: http://pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული გრაფიკული მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©