1

ჯიუტად ვიშრომოთ, რათა ქრისტეს დავუახლოვდეთ

არქიმანდრიტი სოფიანე ბოგიუ

– მამაო, რას ფიქრობთ მათზე, ვინც გონიერ ლოცვასთან ერთად მართლმადიდებლობისთვის უცხო პრაქტიკებს, მაგალიტად იოგას ან პარაფსიქოლოგიას მიმართავს?

– რა თქმა უნდა ეს არ არის ჭეშმარიტი ლოცვა. ამ პრაქტიკის საწყისი და მიზანი არ არის ქრისტე, უცხოა ქრისტიანული სულისა და მელნტალიტეტისთვის. ეს არის რაღაც თვალთმაქცობა და ხიბლის წყარო. დააკავშირეს იოგა და იესუს ლოცვა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტად მოგვჩვენებოდა. მათ შორის კი ისეთი განსხვავებაა, როგორც ცასა და მიწას შორის.

არსებობენ ისეთი ჯადოქრებიც, რომლებსაც ხელში ხატი უჭირავთ და თან მათთან მისულებს ”უწინასწარმეტყველებენ” მომავალს. ეს ძალიან დიდი სიცრუეა. სულიწმინდის მადლი ვერ ეგუება ასეთ ტყუილს. თუ დააკვირდებით იმ ადამიანების ცხოვრებას, ვინც იესუს ლოცვა და იოგა ერთთმანეთთან დააკავშირა, დაინახავთ, რომ ისინი ჭეშმარიტ გზას გადასცდნენ და მათი ცხოვრების წესი სხვანაირია.

– შესაძლებელია თუ არა, რომ ქორწინებამ გულისმიერ ლოცვაში ვარჯიშში ხელი შეგვიშალოს?

– ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე ვიცნობ მრავალ დაოჯახებულ ადამიანს, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მეცადინეობს ამ ლოცვაში. თუკი სურვილი გაქვს და იშრომებ, დაოჯახებულიც რომ იყო, შეგიძლია რომ მტკიცედ იდგე ამ ლოცვის გზაზე.

****
შევინანოთ ჩვენი გულქვაობა და უგრძნობელობა, რასაც ლოცვისას განვიცდით. შევინანოთ და ვთქვათ დავით წინასწარმეტყველის მსგავსად: ”უფალო, ურწყული, უდაბური და გაუვალი მიწა ვარ, შემეწიე მე! გარდამოავლინე ჩემს გულში შენი მადლი!”. ეს ლოცვა ღვთის წინაშე, დაფარულად, შენი გულის სიღრმიდან აღავლინე. გამოვიკვლიოთ ჩვენი სინდისი და კითხვა დავსვათ – რატომ გავქვავდი? ძირითადად, ამის მიზეზი ჩვენს მიერ ჩადენილი მძიმე ცოდვაა. ან ჩვენს გარემოცვაში მყოფ ადამიანს არ ვპატიობთ და სიძულვილისგან ჩვენი გული სქელი ნაჭუჭით დაიფარა. ვევედროთ უფალს, რომ აღავსოს ეს ვაკუუმი და ჩვენი გული მეტად ფაქიზი და მგრძნობიარე გახადოს.

ლოცვით ვფანტავთ წყვიადსა და ვამსხვევრევთ იმ ნაჭუჭს, რომელიც ჩვენი გულისა და გონების ირგვლივ წარმოიქმნა. ჩვენი გული თითქოს ღვთის სიტყვისადმი უგრძნობელობის ჯავშანში ზის. მაგრამ ლოცვის მძლავრი ტალღებით ეს ყველაფერი ირღვევა და ჩვენი გონება ნათლდება. ამიტომაც, ჯიუტად უნდა ვიშრომოთ, რომ დავუახლვდეთ ღმერთს და დანარჩენი ყველაფერი ავტომატურად დალაგდება.

არ შეიძლება, რომ ჩვენს ცხოვრებაში ცარიელი ადგილები ჩნდებოდეს. რომ ერთ დღეს ან წუთს ვუთმობდეთ ლოცვას და დანარჩენ დროს სხვა რაღაცას ვაკეთებდეთ. ჩვენი ყოველი დღე ლოცვითა და მორჩილებით უნდა იყოს განმსჭვალული. მორჩილებაში ჩვენი ყოველდღიური ვალდებულებები იგულისხმება – მუშაობა, მეცადინეობა და ა.შ ამ ყველაფრის გარეშე, ჩვენი ცხოვრება არასრულფასოვანია და მოიკოჭლებს.

ჩვენ მაშინ შევძლებთ, რომ ყველანაირი საზრუნავი გვერდზე გადავდოთ, როდესაც ჩვენი სინანულითა და შემუსვრილი გულით აღვლენილი ლოცვა ჩვენი გულის გაქვავებულ ჯავშანს გაარღვევს.

– რაღაც მომენტში ლოცვას მანქანასავით მექანიკურად წარმოვთქვამ, ისე, რომ სულს საერთოდ არ ეხება. რა ვქნა?

– მიუხედავად ამისა, მაინც კარგია. ვიმეოროთ იესუს ლოცვა დიდი ძალისხმევით და ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ცოცხალი ლოცვა და მალე ჩვენს თავში ცვლილებებს დავინახავთ.

– ლოცვის დროს ცრემლების შესახებ რას გვეტყვით? შეიძლება, რომ ბოროტისგან იყოს?

– დიახ და თანაც როგორ! ბოროტისგანაც და ბუნებრივადაც, ან ყოველდღიური ცხოვრების ძლიერი ტკივილისგან, ისტერიკისგან ან მიწიერი წარმატების სიხარულისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. არსებობს ყველაზე რთულად მისაღწევი, სულიერი ცრემლები, რომელიც სინანულისგან იბადება. ძალიან სათნოა უფლისთვის, როდესაც ვნანობთ ჩვენს მიერ ჩადენილ ცოდვებს და სინანული მთელ გულს მოიცავს. სხვა, ადამიანური ცრემლები სულიდან სიმძიმეს გვაშორებს, წუთიერ სარგებელს გვაძლევს, მაგრამ ლოცვაში ვერ გვეხმარება.

-რა არის უსიტყვო და ცეცხლოვანი ლოცვა, რომლის შესახებაც წმინდა იოანე კასიანე წერს?

– ცეცხლოვანი, გულმხურვალე, უსიტყვო ლოცვა იგივე გულისმიერი ლოცვაა. როდესაც ჩვენი გული დღე და ღამე უსიტყვოდ ლოცულობს. ამ დროს საღმრთო მადლი იმდენად მოქმედებს ჩვენს შინაგან სამყაროში, რომ ჩვენი გული ცეცხლივით ალდება. ეს ყველაფერი სინას მთაზე მოსეს მიერ ხილული შეუწველი მაყვლის მსგავსია. ასეთია ეს ცეცხლი, რომელსაც გულში ვგრძნობთ და რომელზეც წმ.იოანე საუბრობს. ცეცხლი, რომელიც არ წვავს, არამედ ჩვენს გულსა და გონებას განწმენდს და ანათლებს.

– შეიძლება თუ არა, რომ ლოცვამ წმინდა ზიარება ჩაანაცვლოს, როგორც ეს ზოგიერთი განდეგილის შემთხვევაში ხდება?

– წმინდა ზიარება შეუცვლელია! ზიარებას თავისი როლი აქვს, ლოცვას თავისი. წმინდა მარიამ ეგვიპტელი იორდანიის უდაბნოში 47 წელი მოღვაწეობდა წმინდა ზიარების გარეშე, და იმხელა სულიერ საზომს მიაღწია, რომ ლოცვისას მიწიდან აღიწეოდა. მაგრამ მას მაინც ძალიან სჭირდებოდა და წყუროდა ზიარება. ეს ყველაფერი წმინდა ზოსიმემ აღწერა და დაადასტურა, რომ ამ წმინდანმა ლოცვით ამხელა სიმაღლეს მიაღწია. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას სჭირდებოდა ზიარება, რომელიც წმინდა ზოსიმეს ხელით მიიღო და რაც მისი წმინდა ცხოვრების დამაგვირგვინებელი აღოჩნდა. როდესაც მეორედ მიაკითხა საზიარებლად, ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ასე რომ, ლოცვას თავისი დატვირთვა და არსი აქვს, ხოლო ზიარება კი ამ არსის დამაგვირგვინებელია.

– რატომაა მოძღვარი აუცილებელი გულისმიერ ლოცვაში ვარჯიშისთვის?

– იმისთვისაა, საჭირო, რომ მოუკლებელ იესუს ლოცვას მლოცველი განსაკუთრებულ მდგომარეობაში მოჰყავს. აი, მაგალითად დავუშვათ, რომ ლოცვისას, გულის ზედა ნაწილში სითბო იგრძენი და ვინც არ იცის ლოცვის არსი, შეიძლება იფიქროს, რომ უკვე რაღაცას მიაღწია და გაამაყდეს. რას არ იფიქრებს ადამიანი საკუთარ თავზე! მოძღვარმა კი შეიძლება უთხრას, რომ ეს სითბო ბუნებრივი მდგომარეობაა, ურჩევს, რომ დამშვიდდეს და შრომა გააგრძელოს. ამ გზაზე მლოცველს შეიძლება ისეთი ახალი პრობლემები შეხვდეს, რომელიც უცხოა მისთვის და არ იცის როგორ გაუმკლავდეს მათ. ხოლო გამოცდილ მოძღვარს ზუსტად შეუძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.

– რა როლი აქვს ბაგეებით, ჩურჩულით ამ ხმამაღლა ლოცვას, გულისმიერ ლოცვაში ვარჯიშისას?

– ბაგეებით შეგიძლია დაუჯდომლები ან კანონები წაიკითხო ან სულაც იესუს ლოცვა წარმოთქვა. ამ დროს, ხშირად გონება გაგვირბის და ჩვენი მხრიდან აუცილებელია, რომ ყურადღების მოკრებისთვის ძალისხმევა გამოვიჩინოთ. პირველად თუ არ გამოგვდის, შეგვიძლია მუდამ ვეცადოთ და გაფანტული გონება კვლავ ლოცვის სიტყვებში დავაბრუნოთ. მუდამ ვიმეოროთ და ამავდროულად ვნანობდეთ ჩვენი გონების გაფანტულობას. ვევედროთ უფალს, რომ ნებისმიერი ლოცვისას გონების ყურადღების გულში მოკრებაში დაგვეხმაროს.

ძალიან დიდ სარგებელს მივიღებდით, ლოცვის თითოეულ სიტყვაზე ყურადღების გამახვილება რომ შეგვეძლოს და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენი გონება აქეთ-იქით დაეხეტება ლოცვისას უნაყოფოები ვრჩებით და ჩვენში არაფერი იცვლება.

საღმრთო ლიტუგია ყველაზე აღმატებული მსახურებაა. როგორც კი მსახურება მთავრდება იწყება ხმაური, ამაო თემებზე საუბარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გულსა და გონებაში მსახურებიდან არაფერი აღიბეჭდა და ეს იმიტომ, რომ მათი გონება მუდამ გაფანტული იყო. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ ლოცვისას, ხმამაღლა იქნება ეს, მდუმარედ თუ ჩურჩულით, თითოეულ სიტყვას ჩავეჭიდოთ და ჩავუღრმავდეთ.

თუ არ გამოგვდის კონცენტრირება, კვლავ დავუბრუნდეთ ლოცვის სიტყვებს, რამდენჯერაც არ უნდა დაგვჭირდეს, რადგაც უყურადღებო ლოცვას არანაირი ფასი აქვს. ამ დროს უპასუხოდ ვრჩები, რადგან მხოლოდ ბაგეები წარმოთქვამენ ლოცვას, ხოლო გული კი შორსაა ქრისტესგან.

ამრიგად, აუცილებელია, რომ ლოცვა ყურადღებიანი იყოს. ლოცვის სიტყვები ყოველთვის საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ გვიბიძგებენ. იმ სულიერ ცენტრში, სადაც უფალი მკვიდრობს. ქრისტე გვეუბნება: ”სასუფეველი ღმრთისა შორის თქვუენსა არს”, ხოლო პავლე მოციქული ამბობს: ”ტაძარნი ხართ სულისა წმიდისანი”. ცათა სასუფეველი ჩვენში მოუკლებელი ლოცვით ცხადდება.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული გრაფიკული მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •