არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი
ეკლესია ბავშვობდანვე მიზიდავდა. მამაჩემმა ეს შეამჩნია და მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არარელიგიური ადამიანი გახლდათ, ნება დამრთო ღმრთისმსახურება შემესწავლა. ამგვარად, შესაძლებლობა მომეცა ეკლესიაში მევლო და კითხვა-გალობაში გავწაფულიყავი. ეს იმ დროს, როდესაც ჩემს და-ძმას სოფლის ჩვეულ სამუშაოებზე კვირადღეობითაც აგზავნიდა ხოლმე. ბიზანტიური გალობის შესასწავლად კი, რაც ძალიან მომწონდა, კვირაში რამდენიმე საღამოს დაბა ლეფკონიკოს გიმნაზიაში მიშვებდა, ჩვენი სოფლიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით, რაც არც თუ ისე უხიფათო იყო თექვსმეტი წლის მოზარდისთვის.
დედაჩემი, ბებია და დეიდები დიდად ღმრთისმოშიში ადამიანები იყვნენ. ამან, რა თქმა უნდა, ჩემზეც იქონია გავლენა. ხოლო ჩვენი სოფლის მღვდელი ერთი უბრალო, მაგრამ სერიოზული, ზნეობდივად უმწიკვლო და მოსიყვარულე კაცი იყო; უყვარდა ღმრთისმსახურება. ჩვენდამი იგი განსაკუთრებულად კეთილად იყო განწყობილი და ამიტომაც მოგვიანებით სწორედ მან მირჩია სამღვდელო სასწავლებელში ჩამებარებინა. თუმცა მე მღვდლობაზე ფიქრი მაშინებდა: ერთი მხრივ, ვაცნობიერებდი მის ღირსებასა და სიმაღლეს, მეორე მხრივ კი ჩემს უღირსებას ვგრძნობდი. ერთხელ, ბიზანტიური გალობის გაკვეთილის შემდეგ, მასწავლებელმა მითხრა: ,,არ გინდა ჩვენს ეკლესიაში დიაკვანი გახდე? აქ, ლეფკონიკოში, დიაკვანი გვჭირდება’’. ამ სიტყვების გაგონება იყო და გულში ამენთო სურვილი ქრისტეს ეკლესიის მსახური გავმხდარიყავი. ოღონდ მამაჩემს რა ვუთხრა-მეთქი, ეს მადარდებდა. მაგრამ როდესაც რაიმე ღმერთისგანაა, ლოგიკურად როგორი ძნელი და შეუძლებელიც არ უნდა ჩანდეს, ასე იქნება თუ ისე, მაინც მოხდება. ამგვარად, ჩემი საიდუმლო დეიდაჩემს გავანდე, მან კი მამაჩემს უთხრა. ხოლო მამამ, ყველას გასაკვირად თქვა: თუმცა ასეთ სკოლებში ფულის გადახდაა საჭირო, მაგრამ წავიდეს, თუ უნდაო.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ეკლესიის უმაღლეს სამღვდელო სასწავლებელში ჩავირიცხე. სამწუხაროდ, 1974 წლის ომიანობის გამო სასწავლებელმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. სწავლა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ოთხი წლის შემდეგ, 1978 წელს, უმაღლესის დამთავრებისთანავე, მასწავლებლად იმავე სამღვდელო სასწავლებელში დამნიშნეს, სადაც მანამდე ვსწავლობდი.
ათონის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. პირველი, რაც წმინდა მთის შესახებ წავიკითხე, იყო კვიპროსის რომელიღაც გაზეთის ერთი მცირე სტატია. მაშინ სამღვდელო სასწავლებელში ვსწავლობდი და ამ პატარა ინფორმაციამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხოლო მოგვიანებით, უკვე ათენში სტუდენტობის დროს, ზოგიერთი ჩემი თანაკურსელი მიყვებოდა ხოლმე ბერ ეფრემ კატუნაკელზე და ბერ იოსებზე, ჩემს მომავალ მოძღვარზე. ორივე წმინდა იოსებ ისიქასტის მოწაფე გახლდათ, თუმცა, ეს მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი.
ღირსი ეფრემ კატუნაკელის სულიერი ნიჭების შესახებ რომ შევიტყვე, გადავწყვიტე, მისთვის წერილი მიმეწერა. თუმცა მისგან პასუხს მაინცდამაინც არ ველოდი, ბერმა მიპასუხა. თანაც, წერილში დაწვრილებით აღმიწერა ჩვენს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში არსებული სიტუაცია და ისიც, თუ რა სირთულეებს ვაწყდებოდით იქ. მართლაც, სტუდენტთა ერთ ჯგუფს ლოცვა გვიყვარდა და საცხოვრებლის ეკვდერში ღმრთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდით ხოლმე. რადგან ამას იქაური დღის განრიგი არ ითვალისწინებდა, ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო და შეიძლება დავესაჯეთ კიდეც. იმ დროს ანტიმონაზვნური განწყობა მძლავრობდა.
ეს ყველაფერი, როგორც უკვე ვახსენეთ, სულიერად ,,ეუწყა’’ ბერ ეფრემს, რომელიც თავის წერილს შემდეგი სიტყვებით ამთავრებდა: ,, გელოდები წმინდა მთაზე’’. ექვსი თვის შემდეგ, 1975 წელს, პირველად მოვხვდი ათონზე. ხუთი თანაკურსელი ერთად გავემგზავრეთ. როდესაც კატუნაკები მოვინახულეთ, იმედი გაგვიცრუვდა, რადგან წმინდა ეფრემი ავად იყო და მიუხედავად იმისა, რომ გვიანობამდე ვიცადეთ (პატერიკში გვქონდა წაკითხული: თუ წმინდა მოღვაწეს გინდა შეხვდე, მოთმინება უნდა იქონიოო), ერთადერთი, რაც შევძელით, იყო ის, რომ ბერის მომვლელ მონაზონს მოსახსენებლები დავუტოვეთ. ღამის გასათევად კი დანიელთა საძმოს ვესტუმრეთ. დიდად დამწუხრებულები ვიყავით, რომ გულის წადილი ვერ ავისრულეთ.
მზე უკვე ჩასული იყო, როდესაც ჩვენს მასპინძლებთან ვიღაც ექიმი მოვიდა. იგი მანამდე ბერ ეფრემთან ყოფილა, რომელსაც მისთვის დაუვალებია: გაიგე, ვასილი კუცუ(მამა ეფრემ ვატოპედელის სამოქალაქო სახელ-გვარი) თუ არის აქო. მე ვარ-მეთქი, მივუგე. ბერი ეფრემი გიბარებს ახლავეო. თან ერთი მომლოცველი გავიყოლე, რომელიც დღესდღეობით ღირსი გრიგოლის მონასტრის მღვდელმონაზონია. წმინდა მამის გაცნობის უზომოდ დიდი სურვილი მქონდა, მან კი შემომხედა თუ არა, მისთვის ჩვეული გამჭოლი მზერით მომაჩერდა და მითხრა: ჩვენი გვარისა იქნები და ოლარსაც დაიკიდებო(ანუ მღვდელი გახდებიო). ვერ მივხვდი, თუ რა დიდი წყალობა იქნებოდა ჩემთვის ღირს იოსებ ისიქასტის სულიერ გვარში მოხვედრა, რადგან მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, თუ ვინ იყო ის.
,,ჩვენი გვარისო’’ იმიტომ თქვა ბერმა, რომ ჩემი მომავალი გზა დაინახა: ის, რომ მონაზვნობის გზას ავირჩევდი და მის სულიერ ძმას, ბერ იოსებს დავემოწაფებოდი. ბერი იოსები ხომ დიდი ბერის, წმინდა იოსებ ისიქასტის რჩეული საძმოს წევრი იყო; ხოლო მე, რადგან მონაზვნობის შესახებ წესიერად არც არაფერი ვიცოდი, იმის გააზრებაც კი, რომ კატუნაკებში მონაზონი გავხდებოდი, მწუხარებით მავსებდა.
არ გამოვრიცხავდი იმას, რომ მონაზონი გავხდებოდი, ოღონდ კატუნაკებში არა. ამ წინასწარმეტყველურმა სიტყვებმა შემძრა: მთაწმინდაზეც ხომ პირველად ვიყავი, თანაც, ყველაზე მკაცრ და მიუვალ ადგილას, კატუნაკებში; არც კინობიები მენახა, სადაც ცხოვრებას უფრო საზოგადოებრივი ხასიათი აქვს და ზოგადად, არც ათონთან ვიყავი გაშინაურებული. დედა ქვრივი მყავდა და-ძმა – ობლები; მას შემდეგ, რაც ოკუპაციის დროს მამაჩემი თურქებმა მოკლეს, ოჯახში უფროსი მამაკაცი, მთავარი მფარველი მე დავრჩი. ეს ყველაფერი ისე მადარდებდა, რომ იმ ღამეს დანიელებთან ვერც კი დავიძინე: მონაზონი და თანაც კატუნაკებშიო!
მეორე დღეს გრიგორიუს მონასტერში გადავედით, სადაც ჩემი გასაჭირი ცხონებულ მამა გიორგის, მონასტრის წინამძღვარს გავანდე. მამა ეფრემმა ასეთი რამ გითხრაო? – მკითხა. როდესაც დავუდასტურე, დარწმუნებით თქვა: ,,მონაზონი გახდები, ამას წყალი არ გაუვა’’. თანაც დასძინა: ,,ეგ ბერი უბრალოდ არასდროს ლაპარაკობს’’. ამ სიტყვებმა მწუხარება კიდევ უფრო გამიმძაფრა, რადგან მ. გიორგი თავისი სულიერებით ცნობილი იყო.
იქიდან ბურაზერის კელიაში გავეშურეთ, სადაც მაშინ მამა ხარლამპის ძმობა მოღვაწეობდა. ბერი ხარლამპი, შემდგომში ღირს დიონისეს მონასტრის წინამძღვარი, ბერების – იოსებ ვატოპედელის და ეფრემ კატუნაკელის სულიერი ძმა იყო, რადგან ისიც წმინდა იოსებ ისიქასტის მოწაფე გახლდათ. მოისმინა თუ არა ჩემი ნაამბობი, დამაჯერებლად მითხრა: ,,მამა ეფრემს წინასწარხედვის ნიჭი აქვს’’. იგივე დამიდასტურა ცხონებულმა მ. იოანიკემ, რომელიც შემდგომში რამდენიმეჯერ გახდა ათონის პროტოეპისტატი, როგორც დიონისიუს წარმომადგენელი.
ასე გრძნობაარეული დავადექი ღირსი ფილოთეს მონასტრის გზას. გრძნობაარეული-მეთქი, რადგან, ერთი მხრივ, აღფრთოვანებული ვიყავი ამ ფაქტით, რომ სულიწმიდის ნიჭები დღესაც ამშვენებს ეკლესიას; ხოლო მეორე მხრივ – დამწუხრებული, რადგან ღრმა სულიერებისა არაფერი მესმოდა. ფილოთეუში მაშინ მ. ეფრემი წინამძღვრობდა, ჩვენი ბერის კიდევ ერთი სულიერი ძმა, რომელიც მოგვიანებით აშშ-ში, არიზონაში მოღვაწეობდა. მონასტერში იმ წესრიგმა, სულიერებამ და ლოცვითმა განწყობამ გამაოცა, რასაც მ. ეფრემი თავის მონაზვნებს შთააგონებდა. მაშინ ათონის აღორძინების დასაწყისის პერიოდი იყო. მამა ეფრემს ყველა დიდ პატივს სცემდა და ამიტომ ჩემი ამბავი მასაც ვუამბე. ბერმა იგივე მითხრა, რაც სხვა მოძღვრებმა.
ფილოთეუდან წამოსულებმა, სანამ ათონს დავტოვებდით, მოსალოცად კუტლუმუშის მონასტერშიც შევიარეთ. როგორც შევიტყვეთ, იქ იმხანად ცხოვრობდა კიდევ ერთი პატივცემული ბერი – მამა იოსები, შემდგომში ვატოპედელი, ჩემი მომავალი მოძღვარი. მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მისვლით კი უდროო დროს მივედით: ღამისთევის შემდეგ ისვენებდა, ჩვენ კი გავაღვიძეთ. მაგრამ ისეთ სულიერ მზადყოფნაში იყო, რომ არათუ არ გაწყრა, პირიქით, გაუხარდა კიდევაც. მისი სენაკის გარეთ დავსხედით და დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრეთ. ლაპარაკობდა ძალიან ცოცხლად, ენთუზიაზმით, ხოლო რთულ სულიერ და საღმრთისმეტყველო საკითხებს დიდი ოსტატობითა და იოლად გასაგები ენით გვიხსნიდა.
როდესაც მოგვიანებით სხვებისგან შევიტყვეთ, რომ ბერს ღმრთისმეტყველების ნიჭი ჰქონდა, ეს ჩვენთვის სიახლე არ ყოფილა, რადგან ეს უკვე საკუთარი გამოცდილებით ვიცოდით. აი, რა გვიამბო ერთხელ ამის შესახებ ღირსმა ეფრემ კატუნაკელმა: ,,იოსები, თუ გაიხსნა, ღმრთისმეტყველებას იწყებს. მე ასე არ შემიძლია. ერთხელ ავად გავხდი და ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში ვიწექი. იოსები თან მახლდა. მაშინ ხუთმა ნაცნობმა გოგომ მომინახულა. ისინი მონაზვნობას ფიქრობდნენ. მეც ავდექი და იოსები ვალაპარაკე: შენ უფრო გეხერხება-მეთქი. ისე ილაპარაკა, ისეთი რამეები უთხრა, რომ მონაზვნობის ცეცხლი გაუღვივა. საოცრად ილაპარაკა! მეც კი გაკვირვებული დავრჩი!’’.
ათონიდან ისე გამოვბრუნდი, ვერც კი მივხვდი, თუ რას ნიშნავდა ,,ჩვენი გვარისა ხარ’’. ბერი ეფრემ კატუნაკელი, თურმე, იმ ბერების სულიერ საგვარეულოს გულისხმობდა, რომლებიც მთაწმინდაზე ჩემი პირველივე ყოფნისას გავიცანი. თითოეული მათგანი და მათ შორის ჩემი მომავალი მოძღვარიც, დიდი ბერის, იოსებ ისიქასტის ოჯახიდან იყო.
როდესაც 1987 წელს ვატოპედში გადავედით, ერთი იქაური მოძღვარი, მამა ევდოკიმე გავიცანი, რომელმაც ასეთი რამ მითხრა: ,, კიდევ კარგი, რომ მოხვედით და მონასტერი გამოცოცხლდა. თქვენ შესახებ ბიძაჩემისგან, იოანე ბიცოსგან მსმენია. იგი წმინდა იოსებთან დადიოდა ხოლმე. თურმე, როდესაც ეზოში პირველად დაუნახავს იმ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა მ. იოსები და მ. ეფრემი, ბერისთვის უკითხავს, შენი მოწაფეები არიანო? მას კი გაუღიმია და მცირე ხნის შინაგანი ლოცვის შემდეგ, თითქოსდა ღრმად ჩაფიქრებულს, მიუგია: ხედავ ამ პატარა მონაზვნებს, ვანო? მოვა დრო, როცა ისინი ათონს მონაზვნებით გაავსებენ’’.
1975 წლის შემდეგ არაერთხელ ვესტუმრე წმინდა მთას. ეს გრძელდებოდა 1978 წლამდე, როდესაც კვიპროსზე დავბრუნდი და სამღვდელო სასწავლებელში ლექტორად დავინიშნე. ჩემს მომავალ მოძღვარს ათენში 1978 წლის ოქტომბერში შევხვდი. ღირსი პაისის რჩევით კვიპროსზე მიემგზავრებოდა. მაშინ უფრო დავუახლობდი, მაგრამ არც მონაზვნობა და არც მის საძმოში დარჩენა ჯერ არ გადამეწყვიტა.
ბერი იოსები იმჟამად ფიქრობდა, კვიპროსზე დიდი ხნით დარჩენილიყო. ამას კვიპროსელი მორწმუნეები და ეპისკოპოსები 1978 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დაჟინებით სთხოვდნენ. როდესაც 1978 წლის 15 აგვისტოს კუნძულ ტინოსზე ღმრთისმშობლის ხატი მოილოცა, ლოცვაში ეუწყა, რომ კვიპროსზე დიდი განსაცდელები ელოდა. მიუხედავად ამისა, არასდროს სურდა თავისი ჭკუით, საკუთარ თავზე მინდობით ემოქმედა და ამიტომ ჩვევად ჰქონდა, ღმერთის ნამდვილი ნება სულიერი მოძღვრების რჩევით გაეგო. ამგვარი თავმდაბლობითა და თვითუარყოფით არასდროს გაუკეთებია ის, რაც თვითონ სურდა.
1978 წლამდე, სანამ კვიპროსზე გაემგზავრებოდა, ჩვეულებრივ, წმინდა ეფრემ კატუნაკელს ან ღირს პაისის მიმართავდა ხოლმე. ამის შემდეგ ყველაფერს იოსებ ისიქასტის თანამოღვაწეს, ბერ არსენის აცნობებდა, მეტანიას უკეთებდა და ლოცვა-კურთხევას იღებდა. ათონური კალენდრით 1978 წლის 15 აგვისტოს ბერი იოსები დღესასწაულზე კუტლუმუშის მონასტერშ იყო. ღამისთევის შემდეგ, ჩვეულებისამებრ, წმინდა პაისი მოინახულა, რათა ზოგადადაც გასაუბრებოდა, მაგრამ განსაკუთრებულად კვიპროსზე გადასვლის შესახებ ეკითხა რჩევა. ბერთან წასვლამდე მამა იოსები კვიპროსზე იყო, სადაც დარწმუნდა, რომ მორწმუნეებსაც და მღვდელმთავრებსაც დიდი სურვილი ჰქონდათ, რომ ის მათთან დარჩენილიყო; ისინი სხვადასხვა სულიერი შეხვედრების შემდეგ შესჩიოდნენ: კვიპროსს არც მონაზვნები ჰყავს და ჩვენთან არც მონაზვნობა არსებობსო.
ბერი აზრთა ჭიდილში იყო: მართალია, საღმრთო მადლისგან ეუწყა, რომ იქ მას დიდი განსაცდელები ელოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთის ნების ძიებაში საკუთარ თავზე საერთოდ არ ფიქრობდა. ეს ბერის დამახასიათებელი თვისება იყო: იყო სრულიად უანგარი, ჰქონდა დიდი ნდობა უფლის განგებულებისა, სიყვარული ღმერთისა და ადამიანებისა. ერთი გულისსიტყვა ეუბნებოდა: წადი კვიპროსზე, რათა მონაზვნობა და წმინდა მამების ტრადიცია განაახლოო; ხოლო მეორე ეწინააღმდეგებოდა: რას წარმოადგენ, ასეთი საქმე რომ გინდა წამოიწყოო.
მ. იოსებმა წმინდა პაისის იქაური ვითარება აღუწერა, დაეკითხა: ,,გულისსიტყვა მეუბნება, ბებერ კაცს კვიპროსზე რა დაგკარგვიაო? არც მღვდელი ვარ, არც მოძღარი, არც მეუფე, მაგრამ მესმის ადამიანთა გულისტკივილი. ყველა ეპისკოპოსი ერთსა და იმავესმეუბნება: მოდი, მოგვეხმარე, ხომ ხედავ, როგორ დაბეჩავებულია მონაზვნობა კვიპროსზეო’’. წმინდა პაისიმ მიუგო: ,,მამაო, კვიპროსზე მე ხომ არ წავალ? შენი სამშობლოა და შენ უნდა წახვიდე’’. მოძღვარმა კი გააგრძელა: ,,შინაგანად ვყოყმანობ. კი, უნდა წავიდე, ჩემი სამშობლოა, გასაგებია. მაგრამ ვინ ვარ მე, რომ ხალხის მსახურების ასეთი დიდი საქმე წამოვიწყო კვიპროსზე? ერთი გაუნათლებელი ბერიკაცი ვარ. არც რამე თანამდებობა მაქვს, არც ჩემს კომპეტენციაშია ასეთი საქმე’’.
წმინდა პაისიმ, რომელსაც ადამიანთა ამგვარი სულიერი პრობლემების გადაწყვეტისას უშუალო მადლისმიერი კონტაქტი ჰქონდა ღმერთთან, ურჩია: ,,მამაო, წადი და ნურაფერს დაგეგმავ. ძმურად კი გეტყოდი, ორ რამეს მიაქციო ყურადღება. პირველ რიგში, წმინდა ჯვრის წინაშე რომ აანთო კანდელი(მონასტერი ჯვრის სახელობისა იყო), რადგან ახლა ის ჩამქრალია. და მეორე: შეეცადო სულიერი ღვაწლი გასწიო იმ ახალგაზრდების სულებში, რომლებიც შენთან დარჩენას გადაწყვეტენ’’. მართლაც, სწორედ კვიპროსზე ჩაისახა ბერ იოსების ის საძმო, რომლის მოძღვრობაც მან მოგვიანებით წმინდა მთაზე განაგრძო. ღირს პაისის სიტყვებმა მ. იოსები შეძრა და პასუხად მიუგო: ,, იყოს კურთხეული. ასეც მოვიქცევი’’.
როდესაც ბერი პაფოსის რაიონის სოფელ მინთში, ჯვარიწმინდის მცირე მონასტერში დასახლდა, მასთან ხშირად ვსტუმრობდი. რამდენჯერმა საჯარო საუბრისთვის სამღვდელო სკოლაში მოვიწვიე. ნელ-ნელა, მისი ღმრთისმიერი სიტყვის სმენითა და სათნო ცხოვრების მაგალითით, სულში მონაზვნური ცხოვრების ცეცხლი ამენთო. მაგრამ გარდა იმისა, რომ კვიპროსზე მისიონერულ მოღვაწეობაზე ვფიქრობდი(მომწონდა სულიერი საქმიანობა ხალხში), გულში კიდევ ერთი რამ მქონდა ხინჯად: ზოგიერთი ახალგაზრდა და გამოუცდელი ათონელი მონაზვნისგან მსმენოდა, რომ ბერი იოსები პრაქტიკული საქმეების კაცი იყო და არა გონიერი ლოცვის მოღვაწე. ეს ყველაფერი მაღელვებდა და მოძღვრისადმი ნდობას მისუსტებდა, სულიერი მასწავლებლის მიმართ ნდობას კი უპირველესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მაშინ, როცა ერული ცხოვრების დატოვებასა და მონაზვნად შედგომას აპირებ, არამედ შემდეგაც – ამაზეა დამოკიდებული შენი არჩევნის სიმტკიცე და მონაზვნური წარმატება.
ბერმა სულიერად ჩემი ამგვარი უნდობლობა შეამჩნია და აპირებდა ჩემთვის ეთქვა: გულისსიტყვებისაგან ნუ იტანჯები; სულიერი ცხოვრების რომელი გზაც გინდა, ის აირჩიე და ვისკენაც გული მიგიწევს, ღმრთის გულისთვის იმას დაემოწაფეო. ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში უფალს არასდროს დაუტოვებია ბერი იოსები პასუხის გარეშე. მაშინაც, ამ ფიქრში იყო, რომ ერთხელ, გამთენიისას, სანამ გაიღვიძებდა, დიდებული და ნათლითმოსილი ახალგაზრდა იხილა, რომელსაც მონაზვნური სქემა ეცვა და ხელში წიგნი ეჭირა. ,,აქ ხელი უნდა მოაწერო’’, – უთხრა ბერს. რას უნდა მოვაწერო ხელიო, ჰკითხა ამ უკანასკნელმა. ახალგაზრდამ მიუგო: ,,ვასილი კუცუ’’ – ეს იყო ჩემი საერო სახელ-გვარი. ბერმა დიდი და ლამაზი ასოებით მოაწერა ხელი. ამ მოვლენას ის გაკვრით ახსენებს იმხანად დიაკვნის, ხოლო ამჟამად ლიმასოლელი მიტროპოლიტ ათანასეს მიმართ წერილში, რომელიც იმ დროს თესალონიკის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა: ,,რაღც მესიზმრა მასზე და მგონია ჩვენკენ მობრუნდება’’.
როდესაც მოძღვარმა ეს ჩვენება იხილა, იმავდროულად მეც გადავლახე ეჭვები და გადავწყვიტე მისი მორჩილი მონაზონი გავმხდარიყავი. გარკვეული მოვალეობები უნდა აღმესრულებინა და 1981 წლის პირველ ივლისს მასთან უნდა მივსულიყავი სამუდამოდ. ასეც მოხდა, მასთან ერთად ვცხოვრობდი 1981 წლის 1 ივლისიდან მის გარდაცვალებამდე, 2009 წლის 1 ივლისამდე, ზუსტად ოცდარვა წელი.
ცხონებული ბერის პიროვნებისა და ღვაწლის შესახებ ფაქტებისა და სწავლების სახით უამრავი მოწმობაა შემორჩენილი: მისი საუბრები, რომლის აუდიოჩანაწერებიც 1982 წლიდან არსებობს; ნაწერი შრომები, რაც უკვე 16 წიგნად გამოიცა; მრავალი წერილი(იქნებ სწორად ის არის თავისი ეპოქის ეპისტოლარული ჟანრის უკანასკნელი წარმომადგენელი); მისი თანამედროვე მამების მონათხრობები; ჩვენი საძმოს მამების ჩანაწერები და მოგონებები. ერთად ეს ყველაფერი მისი ცხოვრების მრავალ მხარეს აშუქებს. ჩვენ ვარჩიეთ, მისი ბიოგრაფია არა უბრალო თხრობის სახით აღგვეწერა, არამედ თავად მისთვის დაგვეთმო სარბიელი, რომ მანვე, თავისი წერილების, ჩაწერილი და ზეპირი სიტყების მეშვეობით, გაგვახსენოს ყველა საჭირო მოვლენა და დეტალი. ამისთვის ხშირად გრძელ ციტატებს ვიშველიებთ, რათა მისი პიროვნება მაქსიმალურად ზუსტად წარმოვაჩინოთ. ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია იმ ადამიანებზეც მოგვეთხრო და იმათი ცხოვრებაც აღგვეწერა, ვინც მასთან უშუალოდ იყო დაკავშირებული, მაგალითად: წმინდა იოსებ ისიქასტი, ღირსი ეფრემ კატუნაკელი და სხვები. ამგვარად, მკითხველს შესაძლებლობა ექნება გონებით იმ ისტორიულ და სულიერ გარემოში აღმოჩნდეს, რომელშიც ჩვენი მოძღვარი ცხოვრობდა.
ოღონდ, ისიც დარწმუნებით უნდა ვთქვათ, რომ სულიწმიდის ის გამონათება, სიმდაბლის ის უფსკრული, ის საღმრთო წადილი, რასაც მისი უზომოდ სუფთა და უბიწო სული განიცდიდა, და ასევე, მისი ფარული ასკეტური მიღწევები, მთელი თავისი სიდიადით – შეუძლებელია ვინმემ გამოიძიოს და გაიგოს. ბერი ცდილობდა საკუთარ თავზე არ ელაპარაკა, რათა გული ამპარტავნებისგან დაეცვა. ზოგჯერ კი, თავისი დიდი სიყვარულისა და ჩვენი სულიერი განმტკიცების უდიდესი სურვილის გამო, გაგვანდობდა ხოლმე რაიმეს საკუთარ თავზე ისე, რომ არ ჩანდა, თუ ეს მას ეხებოდა. ამიტომ წუხდა, როდესაც ახალგაზრდა და გამოუცდელი მონაზვნების თამამი საუბარი ესმოდა თავიანთ სულიერ განცდებსა და გამოცდილებებზე, განსაკუთრებით, მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში. ადამიანს არაფერი აქვს დასაკვეხნი, არაფერი აქვს თავმოსაწონებელი, მით უმეტეს, მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში, რამეთი გამოსაცდელ მორჩილს უფალი თავის მადლს უხვად ანიჭებს, რათა მეტი სულიერი ცოდნა მისცეს და მისი სული მონაზვნობისა და უფრო მაღალი სულიერი ღვაწლისკენ მიიზიდოს.
აუცილებელია და სულიერად დიდად მნიშნველოვანია, განსაკუთრებით დღეს, რომ ჩვენი ეკლესიის სათნოებამოსილი და წმინდა ადამიანების ცხოვრებები წარმოჩნდეს. ჩვენი მასწავლებლის, იოსებ ვატოპედელის ბიოგრაფიისა და ღმერთისთვის სათნო ცხოვრების აღწერა ჩვენი მხრიდან, ალბათ, თამამ საქციელს წარმოადგენს, რადგან ვშიშობთ, რომ ვერ შევძელით მისი წმინდა პიროვნება წარმოგვეჩნა ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში იყო, ვერც მის ,,ღრმა გულს’’ მივეახლეთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს წიგნი დარჩება ჩვენი მისდამი სიყვარულის გამოხატულებად და მცირე ძღვნად მათ მიმართ, ვინც ბერის გარდაცვალების შემდეგ გვთხოვდა ეს საქმე აღგვესრულებინა. გავბედეთ და დავწერეთ ის, რაც ჩვენი კნინი ძალების შესაბამისად შევამჩნიეთ ბერის სათნოებამოსულ პიროვნებაში – ,,რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი ვიხილეთ და ხელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს’’.
გაგრძელება იქნება…
მთავარი ფოტო: ბერ იოსებ ვატოპედელის პორტრეტი “ათონის დარბაზიდან” (მის. საბურთალო, ფანასკერტელის ქ.14)