The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – მორჩილი ადამიანისთვის უცხოა მოწყენილობა

მოწყენილობა არის სულის სისუსტე, გონების დაუძლურება, მოღვაწეობის უგულებელყოფა, მონაზვნობის შეძულება, ერისკაცთა მონატრება. მოწყენილობა ღმერთს უმოწყალობასა და არასახიერებაში სწამებს ცილს. ის სუსტია ფსალმუნებაში, უძლურია ლოცვაში, დაუღალავი – ხორციელ მსახურებაში, დაუზარელი – ხელსაქმეში და პირმოთნე – მორჩილებაში.
მორჩილი ადამიანისთვის უცხოა მოწყენილობა, რადგან ხილული საქმეებით ის უხილავს იხვეჭს.

რადგან რვა ბოროტი ზრახვისგან ერთ-ერთი მოწყენილობაა, თანაც ყველაზე მძიმე, ამიტომ ჯერისაებრ გამოვიკვლიოთ ის. მაგრამ თავდაპირველად შემდეგი ვთქვათ:
ფსალმუნთა კითხვამდე მოწყენილობა არ ჩანს, და როცა ლოცვის კანონს დავასრულებთ, თვალები მაშინღა აგვეხილება.
მოწყენილობის დროს წარმოჩნდება, თუ ვინ ებრძვის საკუთარ თავს. სხვა ვერაფერი მოუტანს მონაზონს იმდენ გვირგვინს, რამდენსაც მოწყენილობა, როცა მას არ ემორჩილებიან.
თუ დააკვირდები, მიხვდები, რომ ის ყოველთვის გვებრძვის ლოცვის დროს: ჯერ დაჯდომას, შემდეგ კედელზე მიყრდნობას, შემდეგ სენაკის სარკმლიდან გახედვას ჩაგვაგონებს და ნაბიჯის ხმებს მოგვაყურებს.
ვინც ჭეშმარიტად გლოვობს, მას მოწყენილობა ვერ გაეკარება.
მოდით, საყვარელნო, სიკვდილსა და ცოდვებზე ფიქრით შევბოჭოთ ეს მტანჯველი, ვგვემოთ ხელსაქმით, საუკუნო სიკეთეზე ფიქრით მივიყვანოთ და წარვუდგინოთ სულიერ სამსჯავროს, და ვკითხოთ მას: “ჰოი, ღონემიხდილო და ზარმაცო, გვითხარი, ვინ გშვა ბოროტად? ვინ არიან შენი ნაშიერნი? ვინ გებრძვის შენ? ვის შეუძლია შენი მოკვლა?”

ის გვეტყვის: ჭეშმარიტ მორჩილებთან თავის მოსადრეკი ადგილიც კი არ მაქვს. ვცხოვრობ განდეგილებთან. ბევრი მშობელი მყავს: ზოგჯერ ეს არის სულის ულმობლობა, ზოგჯერ – ზეციურ სიკეთეთა დავიწყება, ზოგჯერ – გადაჭარბებული შრომა. მრავალი ნაშიერი მყავს: ჩემი მიზეზით დადიან აქეთ-იქით, ეურჩებიან მოძღვარს, ივიწყებენ საუკუნო სასჯელს. ხშირად ჩემი მიზეზით უარუყვიათ მონაზვნობის აღთქმაც. ჩემი მოწინააღმდეგეა ფსალმუნება და ხელსაქმე, რომელთა მიერაც ახლა ვარ შეკრული. ჩემი მტერი სიკვდილზე ფიქრია. მკლავს საუკუნო სიკეთეთა მოპოვების იმედით აღვლენილი ლოცვა. და თუ ვინ არის ლოცვის მშობელი, თავად მას ჰკითხეთ, რადგან იგი უგალობს და შეჰღაღადებს უფალს, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”