წმიდა გიორგიმ მიაღწია იმას, რომ თავისი პიროვნება სრულეყო, და ეს არამხოლოდ საკუთარი რწმენის აღიარებით მოახერხა, არამედ – თავისი მოწამეობრივი ცხოვრებითაც. მან თავისი მკლავები შემოაჭდო ეკლესიას, სამყაროს ოთხივე კუთხის და ყველა დროის მორწმუნეებს; და იქაც კი, სადაც არ არსებობს მართლმადიდებლობა, სადაც ჯერ კიდევ დგასწ არმართობის ბურუსი, იქაც კი შეაღწია დაუპატიჟებლად და ყველას თავის სიყვარულზე ამცნო. ჩვენი ეკლესიის მიერ სამართლიანად ეწოდა წმინდა გიორგის – „დაჯილდობული“, „უძლეველი“ „ღვაწლით შემოსილი“ და დიდმოწამე.
თავის მხრივ, ყველა წამებული დიდია, რადგან მათ ყველამ საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ყველამ აჩვენა თავისი უნაკლო სიყვარული ჩვენი იესო ქრისტეს მიმართ. თუმცა, წმიდა გიორგისთვის სახელი „ღვაწლით შემოსილი“ და „დიდმოწამე“ არ დაურქმევიათ იმ სიმამაცის გამო, რომელიც მან წამების დროს გამოიჩინა, არამედ, ჩემი აზრით, – მას სიყვარულის სისავსის გამო დაარქვეს, იმ სიყვარულისა, რომელიც არა მხოლოდ იმ პერიოდში არსებობდა, როდესაც წმიდანი ამქვეყნად ცხოვრობდა, არამედ – შემდეგაც და საუკუნეების დასასრულამდეც კი გასტანს, იმისათვის რომ შეეწიოს და ტკივილის ყოველი იმპულსი შეუწყდეს ყველა იმ ადამიანს, ვინც კი მის სახელს წარმოთქვამს.
ჩვენთვის – მონაზვნებისათვის წმინდა გიორგის სიმამაცე და თვითუარყოფა მაგალითს გვაძლევს, რადგან ეს ჩვენ გვაძლიერებს, განსაკუთრებით კი – ჩვენი საკუთარი სინდისის უსისხლო წამების ჟამს. მოწამეებს ასე ეუბნებოდნენ: „ან უარყობთ ან აღიარებთ“. მათ არ უარყვეს და გარდაიცვალნენ. ჩვენ დროში, ამჟამად აღარ არსებობს ეს ფრაზა. თუმცაღა, არსებობს საიდუმლო ბრძოლა შინაგან, უხილავ ტირანთან, რომელიც გამუდმებით გვაწამებს. ის თითქოსდა ამ სიტყვებს ამბობს: „ან თაყვანსა სცემ ცოდვის მრავალსახოვან კერპს, ან არადა ცდუნებას მოგივლენ, ან ავადმყოფობასა და ღელვას“. თუმცაღა, ჩვენკი ამ კითხვაზე ხმამაღლა ვპასუხობთ: „მხოლოდ ჩვენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და მხოლოდ მას ვადიდებთ. არც შენს ღმერთებს ვადიდებთ და არც შენს ხატს ვცემთ თაყვანს“. სინამდვილეში ამ გიგანტისგან დიდ გამბედაობას ვიძენთ. ჩვენ ყველა თანამოაზრეები ვართ. იესო ქრისტეს სიყვარულისთვის არ ვზოგავთ არა მხოლოდ ქონებას, ჯილდოებს, ტიტულებს, ფუფუნებას, არამედ – თავად ცხოვრებასაც, რომლისთვისაც მან თავი გასწირა.
და ჩვენც, როდესაც რთული დღეები გვიდგას, გვწამს რომ თვით უფალი, რომელიც იყო მაშინ და არის ახლაც, იმავე მამობრივი სითბოთი და თანაგრძნობით გაგვაძლიერებს და ამიტომაც იმავე საბაბით, ყველა სხვა დანარჩენზე მეტად, უპირატესობას ვანიჭებთ ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს სიყვარულს, რწმენასა და მის მიმართ მორჩილებას. სწორედ მისი მადლის შემწეობით და ჩვენი მწირი ძალებით გადავაბიჯებთ ამქვეყნიური უთავბოლობისა და ამაოების ძალადობრივ მდინარეს.
მთავარი ფოტო: ბერ იოსებ ვატოპედელის პორტრეტი “ათონის დარბაზიდან” (მის. საბურთალო, ფანასკერტელის ქ.14)