ლოცვა

მოწაფისა და მოძღვრის საუბარი იესუს ლოცვის შესახებ (ნაწილი III) – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

მოწაფე: მამაო, მომეჩვენა, თითქოს ჩემს კითხვას ,,გულის ადგილზე’’ უხასიათოდ უპასუხეთ და სქემ-მონაზონ ბასილის წინასიტყვაობაზე მიმითითეთ, რათა საკუთარი შეხედულებების გაზიარება თავიდან აგერიდებინათ. გევედრებით, ჩემი და კიდევ სხვათა სულის სასარგებლოდ, ამ საკითხზე გულწრფელად მიპასუხეთ.

მოძღვარი: შენმა კითხვამ ჩემს გულს მწუხარება მოჰფინა. ეს კითხვა ხშირად დაუსვამთ ჩემთვის და სამწუხაროდ, უმეტესად ეს მათი სულიერი დაზიანებისა და ხიბლისგან მომინარეობდა. არასწორი ღვაწლისგან გამოწვეული შინაგანი დაზიანება ან ძალიან რთულად იკურნება ან საერთოდ უკურნებელი რჩება. ამის მიზეზი სიამაყე და დაზიანების შეუქცევადობაა. სიცრუის შხამი საშინელია: ჯიუტად ჩერდება მათში, ვინც საკუთარი ნებით შესვეს ის; მომაკვდინებელი მოქმედება აქვს მათში, ვინც გააცნობიერეს, რომ შხამი იყო, მაგრამ მტკიცე თვითუარყოფით არ განაგდეს. მათ აღაშენეს საკუთარ თავში ოცნების კოშკი, რომელიც ვითომ და ზეცას სწვდებოდა; ამ სანახაობით მოხიბლულებს კი არ უყვართ, როცა შეახსენებ ქრისტეს მცნებებს, რომლებიც გვაუწყებენ: ,,მსგავს არს იგი კაცსა, რომელი აშენებნ სახლსა, რომელმან მოთხარა და დააღრმო და დადვა საფუძველი კლდესა ზედა; და დიდროაჲ რაჲ იყო, ეკუეთა მდინარე იგი სახლსა მას და ვერ შეუძლო შეძრვად მისა, რამეთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა’’(ლკ.6:48). კლდე – ქრისტეა. სახარებაში ქრისტე ჩვენს გონებას თავისი სწავლებით, ქცევით, მცნებებით და სიმდაბლით  წარმოუდგება: ,,დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა’’(ფლპ.2:8). ამ სულიერი შენობის საძირკვლისთვის მიწის თხრას და ჩაღრმავებას იწყებს ის, ვინც საკუთარი გულის მიდრეკილების საწინააღმდეგოდ, სიმდაბლისკენ იწყებს სვლას, უარყოფს საკუთარ ნებას, ცდილობს ზედმიწევნით შეისწავლოს ქრისტეს მცნებები, მართლმადიდებლური გარდმოცემა და საკუთარ თავში გააცოცხლოს ისინი; საძირკველში მტკიცე ქვებს დებს ის, ვინც ყველაფერზე უწინარეს ცდილობს, რომ საკუთარი ცხოვრება სახარების მიხედვით მოაწყოს და იესუ ქრისტეს დაემსგავსოს. გულში, რომელიც ჯერ არ მოწყობილა ქრისტეს მცნებების შესაბამისად, მადლისმიერი ლოცვა ვერ ამოქმედდება. დაცემის შედეგად, ხიბლის თესლი თითოეულ ჩვენგანშია დათესილი. წმინდა გრიგოლ სინელი ამბობს: ,,რადგანაც თითოეული ჩვენგანის ბუნების განუყოფელი ნაწილია ხიბლის მდგომარეობა, მერყევ გონებას სჩვევია დროზე ადრე მაღალი ლოცვითი მდგომარეობებისკენ სწრაფვა, რითიც იმასაც ჰკარგავს, რაც ღმერთმა მისცა და მოღვაწე ყოველგვარი სიკეთისთვის მკვდარი ხდება. ამიტომაც, ყველამ ზედმიწევნით უნდა გამოიკვლიოს საკუთარი თავი, რათა დროზე ადრე არ ეძებოს ის, რაც თავის დროზე თავისთავად მოდის. გონებას სჩვევია ოცნებებში ისეთი მაღალი ლოცვითი მდგომარეობების წარმოდგენა, რომლისთვისაც ჯერ არ მიუღწევია და ამით გზით ,,გარყვნა’’ამ სულიერი გამოცდილებისა. ძალიან საშიშია, რომ ასეთმა მოღვაწემ ისიც არ დაკარგოს, რაც აქვს და ხიბლისგან შეშლილობაში არ აღმოჩნდეს’’. ხიბლი გარდაუვალი ლოგიკური შედეგია არასწორი ლოცვითი ღვაწლისა.

მონაზვნური ცხოვრება მეცნიერებათა მეცნიერებაა. ეს განსაკუთრებით ლოცვით ღვაწლს ეხება. თითოეული მეცნიერების შესწავლას თავისი საწყისი ეტაპი და თანმიმდევრულობა აქვს; ასევე ლოცვაში განსწავლასაც თავისი წესრიგი და სისტემა გააჩნია. ასე რომ, ლოცვაში სწორი მეცადინეობა ნამდვილი წარმატების საწინდარია. წარმატებისა, რომლითაც უფალი თავის დროზე აჯილდოებს მოღვაწეს. მეცნიერების შესწავლისას მისი სისტემის უარყოფა დამახინჯებული შემეცნების წყაროა და ეს იმგვარ ცოდნას წარმოადგენს, რომელიც არცოდნაზე უარესია. სწორედ ასეთი შედეგი მოსდევს ლოცვაში არათანმიმდევრულ ღვაწლს და მისი გარდაუვალი შედეგი – ხიბლია. თვითნებური მონაზვნობა არ არის მონაზვნობა. ეს ხიბლია, მონაზვნობის კარიკატურა და მისი დამახინჯებაა! ეს არის დაცინვა მონაზვნობისა, საკუთარი თავის მოტყუება და მსახიობობა, რომელიც ამასოფლის ქება-დიდებას იზიდავს და რომელიც უცხოა სულიწმიდის ნაყოფებისთვის.

მრავალნი შეიგრძნობენ რა გულმოდგინებას სულიერი ღვაწლის მიმართ, მას საკმაოდ გულარხეინად და დაუფიქრებლად შეუდგებიან. იწყებენ მთელი თავიანთი მოშურნეობით, აღტკინებით, ყოველგვარი განსჯის გარეშე და თანაც ვერ ხვდებიან იმას, რომ ასეთი მდგომარეობა სისხლისმიერი, ხორციელი და უწმინდურობით აღსავსეა. არ ესმით, რომ ლოცვას, ამ მეცნიერებათა მეცნიერებას, ყველაზე უცდომელი წინამძღვრობა, უდიდესი კეთილგონიერება და სიფრთხილე სჭირდება.  სიბრმავის გამო ვერ შეიმეცნებენ ქრისტეს გზას და ისეთ მასწავლებლებს ირჩევენ, რომლებიც მხოლოდ ამასოფლის მიერ არიან განდიდებულნი და სინამდვილეში კი უღრმეს ხიბლში იმყოფებიან. ისეთი წიგნებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც არამართლმადიდებელი, დემონურ ხიბლში მყოფი მოღვაწეების მიერაა დაწერილი.

,,დათესეს ხორბალი და ეკალი მოიმკეს’’(იერ. 12:13), იერემიას ბაგეებით მეტყველებს სულიწმიდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არასწორად გამოიყენეს სიკეთე და ბოროტებად აქციეს. შემზარავი და სამწუხარო სანახაობაა! გონებისმიერ საქმიანობას ქრისტემდე მაშინ მივყავართ, თუკი დადგენილ საფეხურებზე თანდათანობით ავდივართ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვიმკით გონების გახრწნას, მის დაბნელებას, დაზიანებას, შეშლილობას, დემონების ტყვეობას და საბოლოოდ დაღუპვას. ეს სანახაობა არც თუ ისე იშვიათად უხილავს ჩემს თვალებს და სწორედ ამიტომ დამწუხრდა ჩემი გული ამ კითხვის მოსმენისას. არ მინდოდა მისი მოსმენა არც შენგან და არც სხვა დამწყებისგან. ხოლო სქემ-მონაზონ ბასილის წინასიტყვაობაზე იმიტომ მიგითითე, რომ ის ჩვენი თანამედროვეობისთვის განსაკუთრებულად მარგებელია. ის ლოცვითი ღვაწლის შესახებ მამათა ნაწერების სწორ გაგებას გვაწვდის.

იმისათვის, რომ შენი სურვილი დავაკმაყოფილო, უკვე ნათქვამს სხვა სიტყვებით გავიმეორებ: იესუს ლოცვის ღვაწლს ორი უმთავრესი პერიოდი აქვს, რომელიც წმინდა ლოცვით სრულდება და ქრისტეს მიერ უვნებობითა და ქრისტიანული სრულყოფილებით გვირგვინდება. წმინდა ისააკ ასური ამბობს: ,,წმინდა ლოცვისთვის ძალიან ცოტას მიუღწევია. ხოლო ისინი, ვინც ამ საიდუმლოების მიღმა, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავიდნენ თაობიდან თაობაში ერთი თუ შეგვხვდება’’. პირველ პერიოდში მოღვაწე მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ლოცულობს; საღმრთო მადლი უეჭველად შეეწევა, მაგრამ ის ცხადად არ ავლენს თავის მყოფობას. ამ დროს, გულში დაბუდებული ვნებები მოქმედებაში მოდიან და ლოცვის მოქმედს მოწამეობრივი ღვაწლისკენ უბიძგებენ, რომელშიც გამარჯვებები და დამარცხებები ერთი მეორეს ენაცვლებიან და ადამიანის სურვილები და უძლურებები ცხადად ვლინდება. მეორე პერიოდში, საღმრთო მადლი შეგრძნებითად ავლენს თავის მყოფობას, გონებას და გულს აერთიანებს, გულისმიერ მგლოვარებასა და სითბოს წარმოშობს და მოღვაწეს გაუფანტავი ლოცვის შესაძლებლობას აძლევს. ამ დროს, ცოდვისმიერი გულისსიტყვები კარგავენ თავიანთ ძალადობრივ ხელმწიფებას ადამიანის გონებაზე. სწორედ ამ ორ მდგომარეობაზე მიუთითებენ წმინდა მამები. წმინდა ნილოს სორელი, წმინდა გრიგოლ სინელზე დაყრდნობით ამბობს: ,,როდესაც ადამიანში ლოცვითი მოქმედება დაიწყება, ის გონებას საკუთარ თავში განამტკიცებს, მხიარულებას ანიჭებს და გაფანტულობისგან ათავისუფლებს’’. ვისაც ჯერ არ მოუხვეჭია მადლისმიერი მოქმედება, წმინდანი მას ყურდღებიან ლოცვაში ურთულესი შრომისკენ მოუწოდებს, რათა გონება გაფანტულობისაგან დააკავოს. იმისათვის, რომ მეორე მდგომარეობას მიაღწიო, აუცილებელია ჯერ პირველი გაიარო, დაამკტიცო შენი სურვილის საფუძვლიანობა და ,,ნაყოფი გამოიღო მოთმინებითა’’(ლკ. 8:15). მლოცველის პირველი მდგომარეობა შეიძლება ზამთრისას გაშიშვლებულ ხეებს შევადაროთ; ხოლო მეორე – გაზაფხულის სითბოს მოქმედებისგან ფოთლებითა და ყვავილებით დაფარულ ხეებს. სწორედ ზამთრისას აგროვებენ აყვავეებული ხეები თავიანთ მაცოცხლებელ ძალას, მაშინ როცა მათი მდგომარეობა თითქოს სიკვდილის ტყვეობაშია.

არ გამოვცადოთ უფალი! არავითარ შემთხვევაში არ მივეახლოთ მას გულარხეინად, ორგულებითა და უკრძალველად. მივეახლოთ მას, როგორც დაღუპულნი, როგორც გამოხსნის მაძიებელნი, რასაც მხოლოდ ჭეშმარიტი სინანულის შემთხვევაში მოგვანიჭებს უფალი. ორივე მდგომარეობაში, ლოცვის სული და მიზანი სინანული უნდა იყოს. საკუთარი ძალისხმევით გამოვლენილი სინანულის წილ, ქრისტე თავის დროზე მადლისმიერ სინანულს მოგანიჭებს და სულიწმიდა დამკვიდრდება შენში, რომელიც ,,მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა’’(რომ.8:26).

აქედან გამომდინარე, სავსებით ცხადია, რომ დამწყების მხრიდან მადლისმიერი მოქმედების დროზე ადრე ძიება ამ მეცნიერების სისტემისა და წესრიგის დამრღვევი უდიდესი შეცდომაა. ეს არის უგუნური და სიამაყით ნაკვები წამოწყება! დამწყებები იესუს ლოცვაში კრძალვით და ლოცვის სიტყვებში ყურადღების გამოკეტვით უნდა ვარჯიშობდნენ. ამასთან ერთად, ის სიტყვებს აუჩქარებლად უნდა წარმოთქვამდეს, რათა გონება მათზე ყურადღების კონცენტრირებას ასწრებდეს და ასევე, ჩუმად, მაგრამ თავისუფლად სუნთქავდეს. ზოგიერთებმა სუნთქვას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს, ვერ მიხვდნენ რა, რომ აუჩქარებელი და ჩუმი, ოდნავ შეკავებული სუნთქვა მამებმა გონების ყურადღების მოკრებისთვის გვამცნეს. მათ კი სუნთქვის შეკავება ზომაზე მეტად დაიწყეს და ამით დაიზიანეს სხეულებრივი ჯანმრთელობა, რაც თავის მხრივ, ლოცვითი ღვაწლის ხელშემწყობია. არამხოლოდ სუნთქვა, არამედ ჩვენი სხეულის ნებისმიერი მოძრაობა უნდა იყოს მშვიდი და უბრალო. ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება გონებას ყურადღების მოკრებაში. ყურადღებით მლოცველის გონება აუცილებლად მიიზიდავს გულს თანაგრძნობის განცდით და მასში სინანულის შეგრძნებას აღძრავს. გულის მიერ გონების თანაგრძნობასა და გონების გულში ჩასვლას შორის დიდი განსხვავებაა. წმინდა იოანე სინელი მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს იმ მდგომარეობას, როცა გონება ლოცვის სიტყვებშია გამომწყვდეული. ეს დიდებული მასწავლებელი ამტკიცებს, რომ თუკი გონების სიტყვებში გამოკეტვით მოუკლებლად და გულმოდგინედ ვილოცებთ და გვექნება განცდა სინანულისა და გულისმიერი მგლოვარებისა, მაშინ ჩვენი ღვაწლი საღმრთო მადლით აუცილებლად იკურთხება. როცა ეს მოხდება და ჩვენი ლოცვა მადლით განიმსჭვალება, მაშინ არამხოლოდ გულის ადგილი განგვეცხადება, არამედ ჩვენი სული მიუწვდომელი ძალით დაიწებს ქრისტესკენ სწრაფვას და სხეულსაც თან გაიყოლებს. ლოცვაში წარმატებული მთელი არსებით ლოცულობს. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ადამიანი ერთ ბაგედ იქცევა. განახლებული ადამიანის არამხოლოდ გული, არამედ სხეულიც კი სულიერი ნუგეშით, სიტკბოებითა და ქრისტესმიერი სიხარულით აღივსება.

სინანულისმიერ იესუს ლოცვაში წარმატებისკენ სწრაფვას წმინდა მამები უკლებლივ ყველა ქრისტიანს მოუწოდებდნენ. ამის საპირისპიროდ, მკაცრად კრძალავდნენ დროზე ადრე მადლისმიერი ლოცვის ძიების მცდელობებს. წმინდა ნილოს სორელი წმინდა გრიგოლ სინელის სიტყვებს იმეორებს და ამბობს: ,,გონებისმიერი ლოცვა საღმრთო სიყვარულის მსგავსად, ყოველი სათნოების დედა და ყველა საქმიანობაზე აღმატებულია. ამიტომ, ვინც უკრძალველად და თავხედურად შეუდგება ქრისტესთან მიახლებისა და მასთან საუბრის საქმეს, დემონების მიერ მოკვდინებულ იქნება’’.

გევედრები, გევედრები მიაქციე ყურადღება მამათა ამ მკაცრ გაფრთხილებას. ვიცნობდი კეთილი მოტივაციის მქონე ადამიანებს, რომლებიც ჩვევის გამო თავს ვერ იკავებდნენ და სიძვის ცოდვაში ვარდებოდნენ, მაგრამ ამავდროულად, გულისმიერი ლოცვის ღვაწლისკენ მიისწრაფვოდნენ. განა ამაზე დაუფიქრებელი, უპატიო და თავხედური წამოწყება გაგონილა? სინანულისმიერი იესუს ლოცვა უკლებლივ ყველასთვის ხელმისაწვდომია, მათთვისაც კი, ვინც ვნებებითაა აღსავსე და დრო და დრო ეცემა კიდეც. მათ სრული უფლება აქვთ, რომ ქრისტეს შეწყალებისთვის შეჰღაღადებდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ისინი ლოცვითი მღვდელმოქმედებისთვის გულში შესვლას ვერ შეძლებენ. ეს მხოლოდ საღმრთო მადლით კანონიერად ხელდასხმულ მღვდელთავარს(მადლით განათლებულ გონებას) შეუძლია. გთხოვთ, გაიგოთ, რომ მხოლოდ ქრისტე გვიხსნის ამ შესასვლელს და ისიც მაშინ, როცა ადამიანი არამხოლოდ საქმით განეშორება მომაკვდინებელ ცოდვებს, არამედ მაშინ, როცა ვნებისმიერ გულისსიტყვათაგან აღარ მიიტაცება და ქრისტესგან მათთან ბრძოლის ძალას მიიღებს. ამ შემთხვევაში ნელ-ნელა აღმოცენდება გულისმიერი სიწმინდე და ამ სიწმინდის საზომის შესაბამისად, თანდათან ცხადდება გულში ღმერთი. თანდათანობით! რადგან ვნებები ერთბაშად ვერ მოიკვეთება და ვერც სათნოებები აღმოცენდება ადვილად: ერთიც და მეორეც საკმაო დროს მოითხოვს.

ჩემი მცნება ასეთი იქნება: ნუ ეცდები თეორიულად ზედმიწევნით გაიგო, თუ რა არის გულის ადგილი. ის დამაკმაყოფილებლად მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილებით შეიმეცნება. თუ ღმერთი ინებებს ამ შემეცნების მოცემას, ის ამას თავის დროზე მოგანიჭებს და თანაც იმგვარად, რომ ვერც კი წარმოიდგენ. მთელი გულმოდგინებით დაკავდი სინანულისმიერი იესუს ლოცვით და ეცადე ლოცვით სინანული მოიხვეჭო; ღვაწლის წარმატების მოწმობას მაშინ მიიღებ, როცა შეიგრძნობ სულის სიგლახაკეს, ლმობიერებსა და მგლოვარებას. ლოცვაში ასეთ წარმატებას ვუსურვებდი საკუთარ თავსაც და შენც. ზებუნებრივი მადლისმიერი მდგომარეობები ყოველთვის ძალიან იშვიათი იყო. ეგვიპტური სკიტის დიდმა მოღვაწემ, მეხუთე საუკუნეში მცხოვრებმა წმინდა პიმენ დიდმა თქვა: ,,ჩვენს შორის სრულყოფილების შესახებ მრავალნი საუბრობენ, თუმცა სრულყოფილებას ერთმა ან ორმა თუ მიაღწია’’. მეექვსე საუკუნის ასკეტი მწერალი, წმინდა იოანე სინელიც მოწმობს იმას, რომ წინა საუკუნეებთან შედარებით, მის დროში საგრძნობლად შემცირდნენ საღმრთო მადლის ჭურჭელნი და ამის მიზეზად უბრალოების დაკარგვასა და მზაკვრობის აღორძინებას ასახელებს. მეთოთხმეტე საუკუნის მწერალი, წმინდა გრიგოლ სინელი ამბობს, რომ მის დროში თითქმის საერთოდ აღარ არიან მადლმოსილი ადამიანები; მიზეზად კი გამრავლებული საცდურებისგან მომდინარე მანკიერებათა უჩვეულო განვითარება მიიჩნია. მით უმეტეს, ჩვენს დროში მლოცველს უდიდესი სიფრთხილე ჰმართებს. უბიწოება, უბრალოება და სახარებისეული სიყვარული აღიგავნენ მიწისაგან პირისა. საცდურები და მანკიერებები უსასრულოდ გამრავლდნენ! მთელი სამყარო გარყვნილებამ მოიცვა!

ეს ყველაფერი კაცობრიობაზე სრულუფლებიანი ტირანის მსგავსად ბატონობს. საკმარისი იქნება, თუკი ჩვენი ცხონებისთვის არსობრივად საჭირო მდგომარეობას – სინანულს მივუძღვნით ქრისტეს.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share