ლოცვა scaled

მოწაფისა და მოძღვრის საუბარი იესუს ლოცვის შესახებ (ნაწილი II) – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

მოწაფე: წმინდა მამები მაინც ხომ გვაფრთხილებენ, რომ იესუს ლოცვისას ხიბლს ვერიდოთ?

მოძღვარი: დიახ, გვაფრთხილებენ და თანაც ყველას: მორჩილს, დაყუდებულს, მმარხველსა და ყველა სათნოებაში მოღვაწესაც. წყარო ხიბლისა, ისევე როგორც ყოველგვარი ბოროტებისა, დემონია და არა რომელიმე სათნოება. წმინდა მაკარი დიდი ამბობს: „სრული სიფრთხილით ვმღვიძარებდეთ, რადგან მტერმა ყველა მხრიდან ხაფანგები, საცდურები და მზაკვრობები განალაგა ?. ისევე როგორც პავლეს მიერ სულიწმიდა ყველასთვის ყველა გახდა, ასევე მზაკვარი სულიც ცდილობს, ყველასთვის ყველა გახდეს, რათა ყველა დაღუპოს. მლოცველთან მლოცველად აჩვენებს თავს, რათა ამ სათნოების მიერ ამპარტავნებაში ჩააგდოს; მმარხველთან მარხულობს, რათა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით მოხიბლოს და ჭკუიდან გადაიყვანოს; წმინდა წერილის მოყვარულებთან ერთად იკვლევს წერილს, თითქოს ცოდნას ეძებს, მაგრამ სინამდვილეში აღმოკითხულის არასწორად გაგებას შთააგონებს. ვისაც ნათლის ხილვა მოუსურვებია, თავადაც ამ ნიჭის მქონედ წარმოუდგება, როგორც პავლე ამბობს: „თჳთ იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა“(2.კორ. 11:14), რათა ცრუ ნათლის ხილვით მოხიბლოს და თავისკენ მიიზიდოს. მინახავს ისეთი ბერებიც, რომლებსაც უმკაცრესი ხორციელი ღვაწლი ჰქონდათ და ამით ძალიან დიდ ხიბლში აღმოჩნდნენ. მათი სულიერი ვნებები, როგორიცაა მრისხანება, სიამაყე, მზაკვრობა და ურჩობა, უჩვეულოდ განვითარდა. ეგოიზმმა და თვითნებობამ სრულად მოიცვა ისინი. გაღიზიანებით უკუაგდებდნენ ყოველგვარ მაცხოვნებელ რჩევას და წმინდა მოძღვართა გაფრთხილებებს. თავიანთ უკმაყოფილებას უკიდურესი თავხედობით გამოხატავდნენ და ამით არამხოლოდ სიმდაბლის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანური თავაზიანობის წესსაც თელავდნენ.

მეოთხე საუკუნის დასაწყისში, ერთი ეგვიპტელი მონაზონი საზარელი ხიბლის მსხვერპლი გახდა. თავდაპირველად, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შეექმნა, შემდგომ კი დემონური სულის განსაკუთრებული გავლენის ქვეშაც მოექცა. ბოროტი ეყრდნობოდა მის ამპარტავნებას და ზრუნავდა, რომ უკვე მომწიფებული და განმტკიცებული ამპარტანების წყალობით, სრულად დაემორჩილებინა და საბოლოოდ დაეღუპა იგი. დემონის დახმარებით იქამდეც კი მივიდა, რომ შიშველი ფეხებით დგებოდა გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე და საუფლო ლოცვას, „მამაო ჩვენოს“ ამბობდა.

რასაკვირველია, სულიერი განსჯის არმქონე ადამიანები ამ ყოველივეს სასწაულად თვლიდნენ, ეს მორჩილი კი წმინდანი ეგონათ, ქება-დიდებით ამკობდნენ, მასში სიამაყეს კიდევ უფრო ავითარებდნენ და თავის დაღუპვაში ხელს უწყობდნენ. აქ საქმე არც სასწაულში  იყო და არც მონაზვნის სიწმინდეში, აქ მოქმედებდა არა საუფლო ლოცვის ძალა, არამედ სატანა, რომელმაც ამპარტავნება და მონაზვნის მცდარი მოშურნეობა გამოიყენა. ეს იყო დემონური ხიბლი.


მოწაფე: რა არის ხიბლის წინაპირობა ადამიანში?

მოძღვარი: წმინდა გრიგოლ სინელი ამბობს: „ხიბლის ერთადერთი მიზეზი სიამაყეა“. ადამიანურ სიამაყეში დემონი ნავსაყუდელს პოულობს და სიცრუით კიდევ უფრო გვხიბლავს. ყველა ადამიანი მეტნაკლებად მიდრეკილია ხიბლისკენ, რადგანაც ყველაზე სუფთა ადამიანურ ბუნებასაც კი აქვს სიამაყის ლაქა.

მამათა გაფრთხილება საფუძვლიანია! ადამიანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და მკაცრად დაიცვას საკუთარი თავი ხიბლისაგან. ჩვენს დროში, როდესაც შემცირდნენ ღვთივსულიერი მოძღვრები, განსაკუთრებით საჭიროა სიფრთხილე და მღვიძარება. ეს ორი სათნოება საჭიროა ნებისმიერი მონაზვნური ღვაწლისას, განსაკუთრებით კი, – ლოცვითი ღვაწლისას, რომელიც ყველაზე ამაღლებული და მაცხოვნებელია, და ამავე დროს, მტრისათვის საძულველიც. პეტრე მოციქული გვამცნობს: „შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით“(1.პეტ. 1:17). იესუს ლოცვაში ვარჯიშს თავისი საწყისი, თანმიმდევრული საფეხურები და უსასრულო დასასრულიც აქვს და შესაბამისად, აუცილებელია,  ამ ღვაწლს თანმიმდევრულად შევუდგეთ და არ გამოვტოვოთ არცერთი საფეხური. კონსტანტინოპოლის პატრიარქი, წმინდა კალისტე, ამ ლოცვის სულიერ ნაყოფებს აღწერს და ამბობს: „ვინც ჯერ კიდევ რძეს იხმევს და ჯერ არ განსწავლულა სულიერ ცხოვრებაში, როდესაც იესუს ლოცვის მადლისმიერი მოქმედებების შესახებ გაიგებს, არ გაბედოს, ადრე ისწრაფოს იმის მისაღწევად, რაც თავის დროზე მოდის. არ ეცადოს, დროზე ადრე, საკუთარი ძალებით მივიდეს უვნებობის მდგომარეობამდე და ეძებოს ლოცვის ნაყოფები. მამები ამგვარ მცდელობას შეშლილობას უწოდებენ. შეუძლებელია წიგნის კითხვა მათთვის, ვისაც ჯერ წერა-კითხვა არ უსწავლია“.

მოწაფე: რას ნიშნავს იესუს ლოცვის ღვაწლის საწყისი საფეხურებიდან დაწყება და არა შუიდან?

მოძღვარი: შუიდან იწყებენ ის ახალდამწყებნი, რომლებიც კითხულობენ რა მამებთან იესუს ლოცვის ღვაწლის შესახებ, დაუფიქრებლად და განსჯის გარეშე განიკუთვნებენ ამ რჩევებს. შუიდან იწყებენ ისინიც, ვინც ყოველგვარი მომზადების გარეშე, არ იციან თუ რა არის საერთოდ სულიერი ცხოვრება, ცდილობენ გონებით გულში ლოცვას და ნაყოფებს ეძებენ. ბოლოდან იწყებენ ისინი, ვინც დასაწყისსშივე ელიან ლოცვის სიტკბოების განცდასა და სხვა მადლისმიერ მოქმედებას. ღვაწლი პირველი საფეხურიდან უნდა დავიწყოთ და ლოცვა აღვასრულოთ ყურადღებით, კრძალვით და შინაგანი გარდაქმნის, ანუ სინანულის მიზნით. უნდა ვზრუნავდეთ იმაზე, რომ ეს სამი თვისება მუდმივად თან ახლდეს ქრისტეს ძიებას. წმინდა იოანე კიბისაღმწერელიც, რომელიც გულისმიერი ლოცვის დიდი მუშაკი იყო, მორჩილებაში მყოფებს  ყურადღებიანი ლოცვითი ღვაწლისკენ მოუწოდებს. ის თვლის, რომ მათთვის ჯერ კიდევ შეუძლებელია გაუფანტავი ლოცვა. ადამიანთა საზოგადოებაში მხოლოდ გონებით უნდა ილოცონ, ხოლო განმარტოებისას –გონებითაც და ბაგეებითაც. განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ცხოვრების სახარებისეული სწავლების მიხედვით მოწყობაზე. გამოცდილება არ დააყოვნებს და მლოცველის გონებას განუცხადებს ქრისტეს მცნებებსა და იესუს ლოცვას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ქრისტეს მცნებებს ლოცვისათვის ისეთივე დანიშნულება აქვს, რა დანიშნულებაც აქვს ზეთს ანთებული კანდელისათვის. ზეთის გარეშე კანდელი ვერ აინთება; ის თანდათან ჩაქრება და სიმყრალეს გამოაფრქვევს. ჭეშმარიტი მყუდროება გულის მიერ იესუს ლოცვის გათავისებაში მდგომარეობს. მხოლოდ ქრისტეს მცნებების მტკიცე კლდეზე შეიძლება აშენდეს ღმრთისათვის სათნო ლოცვის დიდებული, წმინდა და უნივთო ტაძარი. ზნეობრივი, მოწესრიგებული და ქრისტეს მცნებების აღსრულების ჩვევით განმტკიცებული ცხოვრების წესი შეიძლება, შევადაროთ ვერცხლის ან ოქროს უტეხ ჭურჭელს, რომელიც ერთადერთია, რასაც შეუძლია ღირსეულად მიიღოს და საიმედოდ დაიცვას თავის თავში ეს სულიერი მირონი –ლოცვა.

წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, საუბრობს რა ლოცვითი ღვაწლის წარუმატებლობასა და ხიბლის მიზეზებზე, ამ ყველაფრის გამომწვევად ღვაწლის თანმიმდევრულობის დარღვევას მიიჩნევს. ის ამბობს: „ვისაც ლოცვაში წარმატების სიმაღლეზე აღსვლა მოუსურვებია, ზემოდან ქვემოთ სვლას კი ნუ დაიწყებს, არამედ ქვემოდან ეცადოს ზეაღსვლა. ჯერ კიბის პირველ საფეხურზე ავიდეს, შემდეგ მეორეზე, მესამეზე და ასე შემდეგ. იშრომოს, რათა მოიკვეთოს ვნებები, სიტყვიერ ლოცვაში იღვაწოს და ნაყოფს უკვე შემდეგ მიიღებს, როდესაც ვნებები ძალას დაკარგავენ მასში. ამ დროს, ლოცვა მას მხიარულებასა და სიტკბოებას მიანიჭებს და სიტყვიერი ლოცვა გონებისმიერ ლოცვაში გადაიზრდება, როდესაც ლოცვა გონებით გულში აღესრულება. გულის თანაგრძნობით აღსრულებულ ყურადღებიან ლოცვას (რაც დამწყებთა მდგომარეობაა) მამები იშვიათად უწოდებენ გონებისმიერ ლოცვას, მას უფრო ბაგისმიერ, სიტყიერ ლოცვად მიიჩნევენ (გონებისმიერი ლოცვა კიდევ უფრო აღმატებული მდგომარეობაა). გონებისმიერი ლოცვის შემდეგ მოღვაწე ჭვრეტის მდგომარეობას აღწევს. ნაყოფების მიხედვით, პირველი მდგომარეობა არის დამწყებთა, მეორე –  წარმატებულთა, მესამე – დიდ სულიერ სიმაღლეს მიღწეულთა, ხოლო მეოთხე – ჭვრეტა, სრულყოფილთა ნაყოფია“. შემდეგ ღმრთისმეტყველი ამბობს, რომ ახალდამწყები, რომელიც ვნებების მოკვეთაში შრომობს, საკუთარი გულის დაცვასა და ყურადღებიან იესუს ლოცვაშიც უნდა იწვრთნებოდეს. წმინდა პახუმი დიდის კინობიამ გონებისმიერი ლოცვის მრავალი დიდებული მუშაკი შვა. მონასტერში ახალმისულებს სამწლიან ფიზიკურ შრომასთან ერთად, თანადროულად ასწავლიდნენ მოუკლებელ ლოცვასაც. ამ პერიოდში დამწყები ყოველდღიურად აბარებდა მოძღვარს აღსარებას და თავის გარეგნულ და შინაგან საქმიანობას სრულად განუცხადებდა მას. ნების მოკვეთით და მორჩილებით მოღვაწის გონება და გული მალევე განიწმინდება. სამი წლის შემდეგ, დამწყებთაგან მთელი სახარებისა და ფსალმუნების შესწავლას მოითხოვდნენ, რაც ბაგისმიერ ყურადღებიან ლოცვას საკვირველად ავითარებდა. ამრიგად, ამ მონაზვნებს გონებისმიერი ლოცვის შესახებ სწორი სწავლება მიეწოდებოდათ და შესაბამისად, საძირკვლის სიმტკიცე და ღვაწლის სისწორე მათ გასაოცარ წარმატებას განაპირობებდა.

მოწაფე: არსებობს თუ არა ისეთი ძლიერი საშუალება, რომელიც ზოგადად ხიბლისგან დაგვიცავდა, განსაკუთრებით კი იესუს ლოცვისას?

მოძღვარი: რადგანაც სიამაყეა ხიბლის მიზეზი, ხოლო სიმდაბლე მისი საპირისპირო სათნოება, სწორედ ეს უკანასკნელია ყველაზე ძლიერი თავდაცვის საშუალება. წმინდა იოანე სინელმა სიმდაბლეს ვნებათა დამღუპველი უწოდა. აქედან გამომდინარე, ვისშიც ვნებები არ მოქმედებენ, მასში არც ხიბლი მოქმედებს, რადგანაც ხიბლი სიამაყის მეშვეობით ადამიანის სულის ტყუილისკენ მიდრეკაა.

იესუს ლოცვის ღვაწლისას განსაკუთრებით გვიცავს სიმდაბლის ის გამოვლინება, რომელსაც მგლოვარება ეწოდება. მგლოვარება სინანულის გულისმიერი შეგრძნება და ცოდვილობის განცდით გამოწვეული მაცხოვნებელი მწუხარებაა. მგლოვარებაა „სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“. ასეთი მდგომარეობის მქონე არ აღმოჩნდება დემონების ძალაუფლების ქვეშ, როგორც ეს ამაყი, პატივმოყვარე და  თავის მოიმედე გულის შემთხვევაში ხდება. მგლოვარება ერთადერთი მსხვერპლია, რომელსაც ღმერთი დაცემული ადამიანისგან შეიწირავს. დაე, ჩვენი ლოცვა იყოს სინანულის შეგრძნებით განმსჭვალული, მგლოვარებასთან შეერთებული და ხიბლი ვერასდროს მოგვიცავს ჩვენ. წმინდა გრიგოლ სინელი, თავისი ნაშრომის ბოლო თავში, რომელშიც ლოცვაში მოღვაწეებს აფრთხილებს, ამბობს: „დემონი განსაკუთრებით დამწყებებს წარმოუჩენს სიცრუეს ჭეშმარიტების სახით, ხოლო ტყუილს სულიერის სახეს აძლევს. ამიტომაც, წმინდა ლოცვისთვის მყუდროებაში მოღვაწე, ამ გზაზე მუდამ მგლოვარებით და შიშით უნდა მიიწევდეს, მუდამ ეკითხებოდეს რჩევას გამოცდილ მოძღვრებს, ტიროდეს საკუთარ ცოდვებზე, მწუხარებდეს და ეშინოდეს, რომ არ განშორდეს ქრისტეს. თუკი დემონი დაინახავს, რომ მოღვაწე მგლოვარებით ცხოვრობს, ვერ იტანს რა მგლოვარებიდან მომდინარე სიმდაბლეს, განეშორება მას. ლოცვის თანმხლები მგლოვარება უდიდესი იარაღია. მოუკლებელი ლოცვა კი იესუს ლოცვისგან მომდინარე გულისმიერი სითბო. იესუს ლოცვა ადამიანის გულის ნიადაგზე ცეცხლს ანთებს, მისგან მომდინარე მხურვალება ვნებათა ეკლებს ფერფლავს და სულში მხიარულება და მყუდროება მოაქვს. ეს სითბო არც მარცხნიდან მოდის, არც მარჯვნიდან და არც ზემოდან, არამედ თავად გულში აღმოცენდება, როგორც ცხოველსმყოფელი სულის წყარო. მხოლოდ ეს ერთადერთი შეიყვარე და მხოლოდ მის მოხვეჭას ესწრაფე საკუთარ გულში. შენი გონება მუდამ სუფთა გქონდეს ოცნებებისგან და ნუ გეშინია. ვინც თქვა: „კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!“(მთ. 14:27), ის ჩვენთანაა. ისაა ჩვენი ძიების მიზანი. ის მუდამ დაგვიცავს და ამიტომაც, მისი სახელის მოხმობის არ უნდა გვეშინოდეს. თუკი ზოგიერთი გზას ასცდა და გონებით დაზიანდა, იცოდე, რომ ეს ყველაფერი ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო დაემართა. ახლა, როცა გამოცდილ მოძღვართა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, ლოცვაში მოღვაწე წმინდა წერილითა და წმინდა მამათა ნაშრომებით უნდა ხელმძღვანელობდეს.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share