რამდენად ხშირად ვვარდებით ჩვენ დაუდევრობაში! უყურებ: ვიღაც დგას ტაძარში და ძინავს, ეკითხები: რატომ? – ის კი გპასუხობს: “დავიღალე”. ეს ნიშნავს, რომ მღვიძარება და ლოცვა, მას სულაც არ აინტერესებს. სხვას, თავის გასამართლებლად, შეუძლია ხუმრობითაც კი გიპასუხოს. მესამეს კი, შეიძლება სურდეს ლოცვა, მაგრამ ძილი ერევა, ესმის უფლის სიტყვები, მაგრამ იწყენს და გამუდმებით ქინდრავს თავს.
თუკი ადამიანისათვის მოსაწყენია ცხოვრება, მოსაწყენია ბრძოლა, მღვიძარება, ლოცვა, ლიტურგიაზე ყოფნა, თუკი გრძნობს უძლურებას, ძალთა სრულ განლევას, მაშინ, ასეთი ადამიანი -დაუდევარია და ის მუდამ გაურკვევლობაში იმყოფება. თუკი ნახავთ, რომ ვინმე სულიერ გაურკვევლობაში იმყოფება, იცოდეთ, რომ ორიდან ერთი მომხდარა: მან ან მოყვასთან იკამათა და, შესაბამისად, ქრისტეს სხეულს დაშორდა, ან დაუდევარია, ანუ ზარმაცია, დუნე, მისი სული კი იმდენად მოუქნელი და უგრძნობია, რომ გადადგამს თუ არა ერთ ნაბიჯს, უკვე ავიწყდება რა სთხოვეს და რა დაავალეს.
დაუდევარი ადამიანი, გამუდმებით რაღაცით იტანჯება, რაღაცას ვერ აკეთებს და დაუკმაყოფილებლობის განცდა აქვს. შენ მას ამ სტასიდთან აყენებ და მას ეჩვენება, რომ ნათურა ამ ადგილას, პირდაპირ თვალებში უნათებს მას და თავბრუს ახვევს. სხვა ადგილას აყენებ და – ეჩვენება, რომ იქ ძალიან ბნელა და ძილი ერევა. უცვლი ამ ადგილსაც – და ფიქრობს, რომ იქ ცხელა. ის გამუდმებით გაურკვევლობაში, ქაოტურ მდგომარეობაშია და ვერსად ვერ მშვიდდება. ესაუბრები ნაზად, სათუთად, სიყვარულით, დაინტერესებით, მაგრამ, რაც არ უნდა გააკეთო მისთვის, ვეღარ დაამშვიდებ მას. ასეთი ადამიანი უბედური, უსიხარულო და დამწუხრებულია, მისთვის უცხოა გრძნობდეს თავს დაცულად, ვინაიდან ის, არ აკეთებს თავის საქმეს – ის დაუდევარია.
დაუდევარი და უუნარო ადამიანი, უწმინდური ზრახვებით, ცოდვებითა და ვნებებით ხდება გარემოცული, აწუხებს შფოთვები და გამუდმებით იტანჯება. მას სტკივა თავი, ფეხები, თვალები, ყველა მას ეკამათება და მწუხრდება, რომ სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს, არავინ ენდობა. ასეთია დაუდევრის ხვედრი. თუკი ის მონასტრულ ცხოვრებას აირჩევს, “ყველა ვნებისა და უწმინდურების საცავად” იქცევა.
თქვენ იტყვით: “იქნებ, მისთვის უმჯობესია ოჯახი შექმნას?” ქორწინებაში მისი მდგომარეობა ბევრად უფრო უარესი იქნება. მონასტერში, სიყვარული მაინც სუფევს და ცხოვრება არ არის მოკლებული მრავალფეროვნებას, ძმები გონივრულად არიან გადანაწილებულნი სხვადასხვა მორჩილებათა აღსასრულებლად, აქ შესაძლებელია გაგიგონ, ერში ცხოვრება კი დაუნდობელია.
თუკი დაუდევრობასა და უუნარობას ვგრძნობთ, საჭიროა გადავუხვიოთ ჩვეული გზიდან. ისევე როგორც, გახდომის მიზნით, ადამიანები რამოდენიმე კილომეტრს დარბიან, ვარჯიშობენ და იცავენ დიეტას, ასევე უნდა მოვინდომოთ და ვიღვაწოთ ჩვენც გამოსასწორებლად. ექიმს რომ ეთქვა, ექვს თვეში ოცდაათი კილო უნდა დაიკლო, თუ არადა მოკვდებიო, ჩვენ ყოველ დღე ვიფიქრებდით წონაში დაკლებაზე. მოდით, მთელი ძალით მოვინდომოთ და შევიცვალოთ.
დაუდევარი და უუნარო ადამიანი უბედურია. გინდა რაიმე უთხრა და რაიმეზე იმსჯელო მასთან, მაგრამ, არ იცი როგორ განწყობაზეა იგი, რას გიპასუხებს. ასეთი ადამიანი ყველაფერზე მწუხარებს. მიდის სასეირნოდ და იღლება. სამუშაოდ მიმავალს ახსენდება, რომ არ ულოცია, ტოვებს სამუშაოს და მიდის სალოცავად. მისი ცხოვრება მანკიერ, უწყვეტ წრეს ემსგავსება.
დაუდევარსა და უუნაროს, ვერასოდეს ნახავ სულიერად მხიარულს, შემოქმედებითს, მზას ღვაწლისათვის: წელზე – სარტყლით, ფეხზე – ხამლით, ხელში – კვერთხით, რათა მყისიერად შეეძლოს დაადგეს გზას ან საომრად წავიდეს (იხ. გამოს. 12, 11). როდესაც ურჩევ, რომ არ იცრუოს, ის გპასუხობს: “ასეთ სიტუაციაში, მე არ შემიძლია თავი შევიკავო” . ეს დაავადებაა, დაზიანებაა ბუნებისა, მისი არაბუნებრივ მდგომარეობაში გადასვლა, თუმცაღა, ჩვენ მსგავსს მდგომარეობას, ბუნებრივად მივიჩნევთ.ცდილობ ასეთი ადამიანის გამხიარულებას – მას არ უხარია; სთხოვ იყოს ენერგიული – არ შეუძლია. ერთი სიტყვით, რაც არ უნდა სთხოვო, ხვდები, რომ არაფერი გამოგივა. მოძღვარს, რა თქმა უნდა, არ უჭირს ერთი და იგივეს გამეორება, მაგრამ, ადამიანი ქვავდება უფრო და უფრო. ამიტომაც ამბობს მოციქული: შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე (ტიტ. 3, 10). როდესაც შენ მის დამოძღვრას განაგრძობ, ადამიანი არ იღებს ამას, მისი გული ხდება ყრუ, სქელი წყვდიადით იფარება და სნეულებებით ივსება. ურჩევ ილოცოს, ის გპასუხობს, რომ არ შეუძლია. მას სურს მხოლოდ ხელის გაწვდენა და ყველა ძღვენის მყისიერად მიღება უფლისაგან.
წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©