მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობს ჩვენი მცირე სამრევლო ახლადდაწყებულ ევქარისტიულ და ჩვენი ეკლესიის სამრევლო ცხოვრების აღორძინების საქმეში.
სამწუხაროდ, ვართ იმ პრობლემის წინაშე, რომ თითქოს ამჟამად ევქარისტია არ არის ჩვენი სამრევლო ერთობის ცხოვრების ცენტრი. ეს არ არის გადაჭარბებულად ნათქვამი, არამედ ეკლესიური ცხოვრების ტრაგედიისა და სნეულების კონსტატაციაა.
ქრისტემ თავის მოწაფეებს ამცნო, რომ ერთნი ყოფილიყვნენ. ეს მათ რეალურად განიცადეს სულთმოფენობის დღეს, როდესაც მათზე სულიწმიდის მადლი გარდამოვიდა და იერუსალიმის ქორედში პირველი ევქარისტია აღასრულეს.
ეს მცნება თითოეულ ჩვენგანს მიეკუთვნება და ამიტომაც, ყველას გვაქვს იმის საშუალება, რომ ცოცხლად განვიცადოთ ქრისტესთან და ერთმანეთთან ორგანული ერთობის საიდუმლოება, რომელზე აღმატებულიც არაფერი არსებობს ამ სამყაროში.
ამ ერთობისკენ სავალი გზა კი ნამდვილად რთულია. ჩვენ უნდა შევიცნოთ ევქარისტიის საიდუმლოების არსი და თუ ეს შევძელით, მაშინ მიუხედავად შინაგანი თუ გარეგნული დაბრკოლებებისა, მთელი ძალებით ვეცდებით იმის რეალიზებას და გაცოცხლებას, რაც ჩვენს გულსა და გონებას განეცხადა. კატაკომბური ეკლესიის გამოცდილებამ გვიჩვენა ის, რომ როდესაც მთელი არსებით გწურია, რომ ეს საიდუმლოება შეიგრძნო, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს გარემოპირობების სირთულეს. საკონცენტრაციო ბანაკებში ევქარისტიას წმინდა ტრაპეზზე კი არა, არამედ ტყეში ხის ჯორკოებზე აღასრულებდნენ.
ჩემს ხელდასხმამდე მქონდა შეხება და ვაკვირდებოდი იმ ადამიანების ევქარისტიულ გამოცდილებას, რომლემბაც ბანაკები გამოიარეს და რეალურად იცხოვრეს კატაკომბურ ეკლესიაში. ბელგოროდის ოლქში არქიმანდრიტ სერაფიმეს სამრევლოს ვსტუმრობდი ხოლმე. მე ამ ადამიანებთან ურთიერთობისას ცოცხლად ვნახე, თუ როგორ შეძლო მან იმ სიცრუის, დაცემის და ნგრევის პერიოდში ამ სამრევლო ერთობის შექმნა, შენარჩუნება და ქრისტეში ისე ცხოვრება, როგორც ქრისტეს პირველი მოწაფეები ცხოვრობდნენ. იქ ვნახე მცირე სამრევლო ერთობის ბირთვი. მათთვის უმთავრესი მნიშვნელობა ქრისტეში ერთობის სულის გაცოცხლება და შენარჩუნება იყო და ამიტომაც, მიუხედავად მათი რაოდენობისა, ევქარისტიას მაინც აღასრულებდნენ. ვფიქრობ, რომ ახლა სწორედ იქეთკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ პირველ რიგში, როგორმე ასეთი ევქარისტიული სამრევლო ერთობები შევქმნათ.
თუ ასეთი სამრევლო გაჩნდა, ეს იქნება უმაღლესი ერთობა, რომელიც თავის თავში იმის პოტენციალის მატარებელი იქნება, რომ სხვადასხვა სახის მსახურებები და საქმიანობები აღასრულოს. ამ ერთობამ თავად კი არ უნდა გამოიგონოს რაღაც მისიები და საქმეები. ისინი თავისთავად, ბუნებრივად დაიბადებიან მასში! თავად ქრისტე გამოაჩენს ამ საქმეებს, უბრალოდ საჭიროა მივაყურადოთ ქრისტეს ხმას, რომელიც ჩვენს გულებში ფაქიზად გვესაუბრება.
ევქარისტიის საიდუმლოების ბუნება საუკუნეების განმავლობაში არ შეცვლილა. უბრალოდ სამწუხაროდ, ჩვენი დამოკიდებულება შეიცვალა მის მიმართ. ეს კი იმაში მდგომარეობს, რომ მრავალი ქრისტიანისთვის ევქარისტია ინდივიდუალური გახდა და აღიქმება, როგორც კერძო, პირადი საქმე და არა საერთო-საზოგადო. დეკანოზი ნიკოლოზ ათანასიევი ამბობდა, რომ ქრისტიანი მარტყო მყოფი, ერთობისგან განცალკევებული ადამიანი არ შეიძლება რომ იყოს. თუ ის თავისთვის ცხოვრობს, ის უბრალოდ ადამიანია და არ აქვს უფლება, რომ საკუთარ თავს ქრისტეს მოწაფე უწოდოს. ქრისტიანს ცოცხლად აქვს განცდა თავის სულიერ და-ძმებთან ქრისტეში რეალური, ორგანული ერთობისა და ეს გამოცდილება მას სულიერად ამდიდრებს. ის არ ცხოვრობს მხოლოდ საკუთარი თავისთვის და არ ზრუნავს საკუთარ თავზე, არამედ მთელი ეს ერთობა ზრუნავს ერთმანეთზე. ამ დროს თითქოს არაფერი გაქვს, მაგრამ თანაც ყველაფრის მფლობელი ხარ.
მაგრამ სანამ ამ ერთობას შევიგრძნობთ, იქამდე ეს საიდუმლოება უნდა შევიცნოთ. ეს კი პირველ რიგში ამ ერთობის წყაროს – იესუ ქრისტეს შეცნობით იწყება. ჩვენ რეალურად უნდა შევხვდეთ ქრისტეს, ვიცნოთ ის, შევიყვაროთ და მთელი არსებით ვისურვოთ, რომ მარადიულად მასთან ერთად ვიყოთ. ხოლო თუ ქრისტეს შევუერთდით, მაშინ ერთმანეთსაც ვუერთდებით.
როდესაც ამ სამრევლოში მოვედი, სადაც ეხლა ვმსახურობ, აქ მე ევქარისტიული სამრევლო ერთობა არ დამხვედრია. მრავალი ადამიანი წელიწადში ერთხელ, მხოლოდ აღდგომას ეზიარებოდა. როდესაც შუა კვირის დღეებშიც დავიწყე მსახურება, ერთი ქალბატონი მსახურების შემდეგ ტაძრიდან გავიდა და უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: ,, უფ, მოიგონა ახლა შუა კვირაში მსახურება!’’მას ეგონა, რომ ლიტურგია მხოლოდ კვირაობით უნდა აღესრულებოდეს, ხოლო საერთო ტრაპეზებზე(რომელსაც სიყვარულის ტრაპეზს უწოდებენ, როდესაც ლიტურგიის შემდეგ ყველა ერთად იკრიბებოდა) წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. როდესაც ეს საერთო ტრაპეზის პრაქტიკა დავნერგე, ადვილი არ აღმოჩნდა მათთვის იმის ახსნა, რომ ტაძრის გარეთაც საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობა. ამბობდნენ ხოლმე, რაში გვჭირდება ეს ყველაფერი? ჩაი, პური და კარტოფილი ჩვენც გვაქვს სახლში და ჩვენ თვითონაც შევჭამთო.
მიუხედავად ამ დაბრკოლებებისა, ჩემს დამხმარეებთან ერთად ვმსახურობდი, რომლებიც ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ და ახალი სამრევლო ერთობის ბირთვი შექმნეს. ეს ბირთვი დღემდე არსებობს.
რა თქმა უნდა, რომელიმე სამრევლო ერთობაში ცხოვრების და ამ ერთობის აქტიური წევრობის შეუძლებლობა ჩვენი დღევანდელი ეკლესიური ცხოვრების სნეულებაა. ვისაც ამგვარი ერთობა სწყურია, ასეთი ადამიანები მიდიან იქ, სადაც ჭეშმარიტი ევქარისტიული ურთიერთობაა. ასეთი ერთობები ეკლესიის სულიერი საფუარია და ისინი ქრისტეს წინაშე როგორც ერთი სულიერი ოჯახი ისე წარსდგება.
ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ კარგა ხანს გვექნება ეკლესიური ცხოვრების ასეთი ფორმა მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული თავისუფლება გვაქვს. ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებაში ყველაფრის ერთბაშად გარდაქმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. საჭიროა დრო და კიდევ დრო…
ამიტომაც, მოვიკრიბოთ მოთმინება და სიმამაცე, რათა ამ ასპარეზზე, რასაც ჭეშმარიტი ევქარისტიული ცხოვრება ჰქვია, სიხარულით ვიშრომოთ.
ჩვენ როგორმე უნდა გადავლახოთ ევქარისტიის საიდუმლოების ბუნების არასწორი გაგება, რაც ევქარისტიის გაინდივიდუალურებაში მდგომარეობს. მრავალი ქრისტიანი, სამწუხაროდ ევქარისტიას მწუხრის და ცისკრის მსახურებას უთანაბრებს.
ამიტომაც, რადგან არ გვესმის მისი არსი, ადამიანები ევქარისტიაზეც იმავე განწყობით მოდიან, როგორც მწუხზე და ცისკარზე. ისინი თავისთვის დგანან, თავისთვის ლოცულობენ და უყურებენ სხვები როგორ ეზიარებიან. ხოლო როდესაც ევქარისტია სრულდება ცრუ აღტაცებით გალობენ: ,,ნათელი ჭეშმარიტებისა ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ’’. განსაკუთრებით ყალბად ჟღერს ეს მაშინ, როდესაც ამ საგალობელს დაქირავებული გუნდი გალობს. ამ დროს ეკლესიაში შემოგვაქვს სიცრუე და სიყალბე. იქ, სადაც ყველაფერი ჭეშმარიტი და სიცოცხლით აღსავსე უნდა იყოს!
ვფიქრობ, რომ ხალხის მასიურად გადინება ეკლესიიდან მაშინ გადაილახება, როდესაც ამ საიდუმლოების არსს ჩავუღრავდებით, ანუ როდესაც ევქარისტიის არსისა და ბუნების წარმოსაჩენად ჩატარდება გარკვეული ღონისძიებები. ეს კი ცოცხალი კატეხიზაციის გზაა. მხოლოდ მაშინ გაგვიჩნდება ჩვენ იმის სწრაფვა, რომ ევქარისტია ქრისტეში ერთმანეთთან ერთობისთვისა და ქრისტეს ცოცხალი ეკლესიის აღშენებისთვის აღვასრულოთ და არამხოლოდ მღვდლის ინდივიდუალური ზიარებისთვის.
როდესაც მე, როგორც მოძღვარს მეკითხებიან რამდენად ხშირად უნდა ვეზიაროთო, პირადად ჩემთვის ეს კითხვა აღიქმება როგორც იმ ადამიანისგან გაჟღერებული, რომელიც სამრევლო ერთობის, სამრევლო ოჯახის მიღმა ცხოვრობს, რადგან ოჯახში მცხოვრები ადამიანი ხომ არ იკითხავს, რამდენად ხშირად უნდა ვისადილოთო. ტრაპეზი ყოველდღურად მზადდება. ამიტომაც, როდესაც ერთობით ვიკრიბებით ევქარისტიაზე, ამაში თავისთავად იგულისხმება, რომ ჩვენ ქრისტეს თანამეინახენი ვართ. როდესაც ვინმე სუბიექტური მიზეზებით არ მონაწილეობს მასში, მაშინ ეს ძალიან მძაფრად განიცდება. მას რაღაც დანაკლისი აუცილებლად ექნება. როგორც არ უნდა ეცადოს, რომ გაძლიერებული ლოცვით ეს სიცარიელე აღმოავსოს, მაინც არაფერი გამოუვა. ეს შინაგანი წყურვილი მხოლოდ მაშინ კმაყოფილდება, როდესაც რეალურად ვმონაწილეობ ევქარისტიაში ჩემს ძმებთან და დებთან ერთად.
იყო ასეთი მოღვაწე არქიმანდრიტი ტავრიონი, რომელიც ადამიანებში ევქარისტიის რეალურ წყურვილს აღვივებდა და ტაძარში მყოფი ყველა ადამიანი ევქარისტიაში აქტიურად მონაწილეობდა. წარმოიდგინეთ, მან მგალობელთა გუნდი ფაქტობრივად გააუქმა. გამოვიდოდა ხოლმე საკურთხევლიდან და ხალხს ეუბნებოდა, ეხლა ყველამ ერთად ვიგალობოთო. ისინიც ერთად გალობდნენ და ერთი სულისანი იყვნენ…
ეს იყო ძალიან საჭირო და ღირებული გამოცდილება. მგონია, რომ ეს გამოცდილება თქვენში ცოცხლობს, რადგან მრავალ თქვენგანს ჰქონია მამა ტავრიონთან ურთიერთობა და გქონდათ შესაძლებლობა, რომ ეს გამოცდილება სხვებისთვისაც გადაგეცათ.
სამწუხაროდ, ჩვენს ეპარქიაში ეს გამოცდილება ქვრება. რადგან როდესაც ევქარისტიის აღორძინების ცოცხალი მცდელობები ჩნდება, მათ არ აქვთ შესაბამისი თანაგრძნობა და მხარდაჭერა ჩვენი მრავალი თანამოძმის მხრიდან. საჭიროა მუხლჩაუხრელი და მოთმინებითი შრომა, რათა ურთიერთგაგებასა და გარკვეულ ცვლილებებს მივაღწიოთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლაც ყველა შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ ის ევქარისტიული გამოცდილება, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა, საყოველთაოდ ავაღორძინოთ.
ეს გამოცდილება უნდა იქნას შეფასებული, როგორც დადებითი, სიცოცხლის მომნიჭებელი და სასიცოცხლოდ აუცილებელი გამოცდილება. რადგანაც ევქარისტია ჩვენი ცხოვრების ცენტრია.
მგონია, რომ ევქარისტიული აღორძინება სწორედ ადამიანთა ასეთი ბირთვიდან დაიწყება, რომლებიც ეკლესიის საფუარნი არიან. არ არის საჭირო საფუარით სავსე ვაგონი იმისათვის, რომ ცომი აფუვდეს. მას სჭირდება ცოტა, მაგრამ ხარისხიანი. თუ ასეთი ევქარისტიული სამრევლოები საყოველთაოდ გაჩნდებიან, ეს იქნება რეალური და შინაგანი აღორძინება ქრისტეს ეკლესიისა. ეკლესია კი მთელი სისავსით გამოავლენს საკუთარ თავს ამ ევქარისტიული გამოცდილებით.
სამწუხაროდ, სადაც ჩემი მონაზვნური ცხოვრება დავიწყე, იმ მონასტერში ვერ ვნახე ასეთი ევქარისტიული ცხოვრება. თითქოს მონაზვნები ხომ იმისთვის მოვიდნენ მონასტერში, რომ ისეთი სულიერი ცხოვრება ჰქონოდათ, რომელიც სავანეში ყოველდღე აღსრულებულ თითოეულ ევქარისტიაში ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობაში დაეხმარებოდათ, მაგრამ სამწუხაროდ, იქ მხოლოდ იმ საკითხს განიხილავდნენ, თუ რამდენჯერ უნდა ზიარებულიყვნენ წელიწადში. ეს კითხვა კი სრულიად არასწორია და მათ არაეკლესიოლოგიურ ცნობიერებაზე მეტყველებს. სამწუხაროდ, ამგვარი პრაქტიკა დღემდე გრძელდება.
ხშირად მიწევს მაზიარებელი ადამიანებისგან იმის მოსმენა, რომ მხოლოდ მაშინ მიეახლებიან წმინდა ზიარებას, როდესაც კარგად და გულმოდგინედ ემზადებიან. მგონია, რომ როდესაც გვიჩნდება აზრი, რომ ჩვენ მოვემზადეთ და ღირსნი ვართ, ესაა სწორედ ის მომენტი, როდესაც წმინდა ბარძიმს არ უნდა მივეახლოთ, რადგან ჩვენ არა საკუთარი ღირსების შესაბამისად ვეზიარებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღმრთის წყალობით. ჩვენ ევქარისტიისა და ჩვენს უძლურებათა აღმავსებელი ღმერთის სიყვარულის გააზრებით უნდა მივეახლოთ ზიარებას.
ევარისტია მუდამ იყო და იქნება ქრისტეში ჩვენი ერთობის გვირგვინი. ამინ.
წყარო: https://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©