ჯვარცმა 1

ჯვარცმული ქრისტე – საღმრთო სიყვარულის წყარო – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი (დიდი პარასკევი)

მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად მის თანა.
და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა, რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს. ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი. და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ. ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი მოართჳან. და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი. ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა. მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა: არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა. და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა. ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა. და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის შორის. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო. და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს..

რა სანახაობა იყო ასეთი, რამაც მხილველები სრულ გაურკვევლობაში ჩააგდო? რამაც მათი ბაგეები მდუმარებით დაახშო და ამავდროულად, მათი სულები შეძრა? მოვიდნენ ცნობისმოყვარეობით და წავიდნენ მკერდში ხელის ცემით და თან საშინელი გაურკვევლობა წაიღეს… რა სანახაობა იყო ეს?

ეს იყო სანახაობა, რომლის მაყურებელნიც მხოლოდ ადამიანები არ იყვნენ. ამ ყველაფერს შეძრწუნებული და უღრმესი კრძალვით აღვსილი ანგელოზებიც უმზერდნენ. ზეციური საგნები უკვე აღარ იქცევდა მათ ყურადღებას და მათი მზერა მიწაზე მომხდარმა სანახაობამ მიიპყრო. მზემ კი იქამდე ჯერაც წარმოუდგენელი რამ იხილა, ვერ გაუძლო და დაფარა თავისი სხივები, როგორც აუტანელი სანახაობის მხედველი ადამიანი ხუჭავს თვალებს. მან ღრმა წყვდიადი შეიმოსა, რომელმაც ისეთი ღრმა მწუხარება გამოხატა, როგორი სამწუხაროც სიკვდილია. მიწა შეიძრა და ირყეოდა მის ზედაპირზე მომხდარი საშინელებით. ძველაღთქმისეულმა ეკლესიამ კი თავისი დიდებული კრეტსამბელი გახია. ამ სანახაობის წინაშე შეკრებილი მთელი ერი, იქედან მკერდში ცემით ბრუნდებოდა… რა სანახაობა იყო ეს?

ეს იყო სანახაობა, რომელსაც ახლა ჩვენ საეკლესიო მსახურების მიერ ვჭვრეტთ. ეს იყო ზეციდან მოსული, განკაცებული ძე ღმერთი, რომელიც კაცობრიობის გადასარჩენად განკაცდა, შეურაცხყოფილი, ნაგვემი და მოკვდინებული თავად ადამიანების მიერ.

განა შეძრწუნებამ არ უნდა მოიცვას ჩვენი გული? განა გაოგნებამ არ უნდა მოიცვას ჩვენი გონება? რა სიტყვა უნდა წარმოითქვას ამ სანახაობის წინაშე? განა ბაგეებზე არ შეგვეყინება ნებისმიერი ადამიანური სიტყვა? ამ სანახაობის წინაშე შეკრებილი ერც ასე დაბრუნდა, მკერდში ცემით…
ცნობისმოყვარეობითა და საკუთარი სიმართლით ნაკვები გამომცდელი განწყობით მივიდნენ მხსნელის სანახავად და შეძრწუნებულნი და გაოგნებულნი დაბრუნდნენ. ქრისტე კი ხის ჯვარზე იყო გაკრული და ეკიდა, როგორც მომწიფებული ნაყოფი. რწმენა დუმდა მათში, მაგრამ დაბნელებული მზე და შეძრული მიწა ეზრახებოდნენ მათ. იმის გამო კი არ დაბრუნდნენ შეშინებულნი, რომ ღმერთი მოკლეს, არამედ იმის გამო, რომ უგრძნობმა და უპიროვნო ბუნებამ ასე მრისხანედ დაამოწმა ღმერთი მისი ვერ მცნობი კაცობრიობის წინაშე. მკერდში ხელს იცემდნენ, რადგან ეშინოდათ საკუთარი თავის, საკუთარი სისხლის და ხორცის გამო, რომლის მაამებლობის გამოც დაიღვარა ღმერთკაცის სისხლი და იტანჯა მისი წმინდა სხეული.

ამ დროს, რჯულში მცხოვრები იუდეველები, რომლებიც კანონის ზედმიწევნით ცოდნით იქადდნენ, გაოგნებულიყვნენ როდესაც თავად რჯულისა და წინასწარმეტყველების მიერ წინასწარუწყებულ მოვლენას უყურებდნენ, როდესაც ხედავდნენ ტარიგს, რომელმაც საკუთარი ნებით გაიღო ეს მსხვერპლი, რომლის გაუცნობიერებელი შემწირველნიც თავად აღმოჩნდნენ. ამ დროს, როდესაც მოსალოდნელი უბედურების ბნელი წინათგრძნობით შეძრწუნებული იუდეველები ბრუნდებოდნენ, ჯვრის წინაშე წარმართი ასისთავი გაუნძრევლად იდგა. მისთვის შეუძლებელი იყო წასვლა, რადგან ის მეთაურობდა მხედრობას. მის გულში რწმენის ნაპერწკალი კიაფობდა, რაც გულთამხილავი ღმერთისთვისაც საცნაური იყო. როდესაც ბუნებამ ღმერთი დაამოწმა, ასისთავმაც უპასუხა ბუნების ამ საიდუმლობრივ ხმას და სამყაროს ამ იდუმალ აღმსარებლობას საყოველთაო და გაცხადებული აღმსარებლობით უპასუხა.

ჭეშმარიტად ძე ღმრთისა იყოო, თქვა ჯვარცმულზე. მის წინ ჯვარზე დაკიდებულ მოკვდინებულ მწირში მან ღმერთი შეიცნო. ხოლო რჯულის ცოდნითა და საკუთარი გარეგნული მართლობით მოამაყე იუდეველები გაოგნებულიყვნენ ჯვარცმული ძე ღმერთის წინაშე. ერთის მხრივ მათ აოცებდათ ნიშები – ტაძრის კრეტსამბელის გახევა, მზის დაბნელება და შუა დღეს ჩამომდგარი ღრმა წყვდიადი და მიწისძვრა; მეორეს მხრივ კი მათ აბრმავებდა და ასასტიკებდა თავიანთივე ხორციელი გონება და ამპარტავნული თვითგანდიდება, როდესაც აღთქმული მესია წარმოედგინათ როგორც მიწიერი დიდების ბრწყინვალებით შემოსილი, სამყაროს დამპყრობელი და უზარმაზარი მხედრობის მეთაური მიწიერი მეფე.

ამ დროს კი, წარმართი მეომარი დასჯილ მწირში ღმერთს შეიცნობს და ხმამაღლა აღიარებს მას. ამ დროს აღმსარებლობს სიკვდილმისჯილი ავაზაკიც! ჯვრიდან ჩამოდიო, დაცინვით ეუბნებოდნენ სულიერად დაბრმავებული იუდეველი მღვდელმთავრები და მწიგნობრები, არ ესმოდათ რა, თუ როგორი ყოვლადწმიდა მსხვერპლი, როგორი ყოვლადწმინდა და ყოვლადძლიერი ყოვლადდასაწველი მსხვერპლი შეწირეს ღმერთს და ამბობდნენ, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვირწმუნებთო. ამ დროს უხეშმა და უზნეო ცხოვრებით მაცხოვრებელმა ავაზაკმა მასში ღმერთი დაინახა. ღმერთი, რომელიც ჯვარზე თავისი საღმრთო სიყვარულის გამო ავიდა და არა იმის გამო, რომ დამნაშავე იყო. ხორციელი თვალებით ხედავდა მის გვერდით გაშიშვლებულ, უსუსურ, დაუცველ, ნატანჯ, საყოველთაო სიძულვილით მოკვდინებულ და ჯვარცმულ ადამიანს, ხოლო საკუთარი მდაბალი გულის თვალებით მან სამყაროს შემოქმედი ღმერთი დაინახა. ამა სოფლის ძლიერებმა, დიდებულებმა, გონიერებმა და მართლებმა დაცინვითა და ლანძღვით მოკლეს ღმერთი, ხოლო ავაზაკი მას მდაბალი ლოცვით მიმართავს: “მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა”.

ჯვარცმული ქრისტეს წინაშე იდგა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელიც. უსაზღვრო მწუხარების მახვილით განგმირულიყო მისი გული. აღსრულდა წმინდა სვიმეონ მიმრქმელის წინასწარმეტყველება. მაგრამ მან იცოდა, რომ მისმა ძემ საკუთარი ნებით ისურვა ჯვარზე ასვლა და საკუთარი თავის კაცობრიობისთვის მსხვერპლად შეწირვა. მან იცოდა, რომ უფალი სიკვდილით გამოიხსნიდა კაცობრიობას, აღდგებოდა და თანააღადგენდა მათ. მან იცოდა ეს და დუმდა. დუმდა ამ მოვლენის სიდიადის წინაშე. დუმდა უსაზღვრო მწუხარების გამოც. ის დუმდა ღმრთის ნების წინაშე თავდადრეკილი…

ჯვარცმის წინაშე ქრისტეს მოწაფეც იდგა. ჯვრის შემხედვარე ის საღმრთო სიყვარულს ჭვრეტდა, რომელმაც უსაზღვრო სიყვარულის გამო, საკუთარი თავი თავისივე ნებით გაწირა. სწორედ საღმრთო სიყვარულია წყარო ღმრთისმეტყველებისა. სიყვარულიც და ღმრთისმეტყველებაც სულიწმიდის ნიჭებია. სულიწმიდამ განუცხადა მოწაფეებს გამოხსნის საიდუმლოებრივი მნიშვნელობა. იმ უსასრულო სიყვარულით, რომელიც ქრისტეს კაცობრიობის მიმართ აქვს და რომლის დამტევნელიც მხოლოდ ისაა, მისი სახით ჯვარზე იტანჯა და მოკვდა მთელი კაცობრიობა. თუ კაცობრიობა იტანჯა მასში, მაშინ გამართლდა კიდეც მასში. თუ მოკვდა მასში, გაცოცხლდა კიდეც მასში და მის მიერ. ამით კი, ქრისტეს სიკვდილი სიცოცხლის წყაროდ იქცა!

მოულოდნელად ჯვარცმული უფლის სიტყვები გაისმა ყოვლადწმიდა ქალწულისადმი: ,, დედაკაცო, აჰა ძე შენი! და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედაჲ შენი!’’. ჯვარზე გაანადგურა პირველმშობელთა ცოდვა, რომელიც სამოთხის ხის წინაშე ჩაიდინეს და ცხოველსმყოფელი სიკვდილით მთელი კაცობრიობა ახალ სიცოცხლეში შვა და ამით გახდა რა კაცობრიობის წინამძღვარი, საკუთარ დედა ყველა ქრისტიანის დედად გამოაცხადა. ძველი ადამი იცვლება ახალი ადამით, დაცემული ევა კი უბიწო მარიამით. პავლე მოციქულმა ბრძანა: “ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა!”(რომ. 5:15). უფალ იესუ ქრისტეს შუამავლობით მთელ კაცობრიობას უსაზღრო და გამოუთქმელი სიკეთეები მიენიჭა: არამხოლოდ გამოვიხსენით, არამედ ზეციური მამის შვილება მივიღეთ.

ამ დიდი მოვლენის ჭვრეტით, ჩემო საყვარელო ძმებო და დებო, დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში და თან წავიღოთ ეს ღრმა და გადამრჩენელი ფიქრები და ეს ფიქრები ვიცეთ საკუთარ გულში, როგორც ამ სანახაობიდან დაბრუნებული ხალხი იცემდა მკერდში ხელებს. ჩვენ გავიხსენეთ და ცოცხლად განვჭვრიტეთ საღმრთო სიყვარულის მიუწვდომელი საქმეები. ამ სიყვარულს მოწამეებმა თავიანთი სისხლის ნაკადებით უპასუხეს; ამ სიყვარულს ღირსმა მამებმა საკუთარი ვნებებისა და გულისთქმების მოკვდინებით უპასუხეს; ამ სიყვარულს მრავალმა ცოდვილმა ცრემლთა ნაკადულებით, გულისმიერი ამოოხვრებითა და საკუთარი ცოდვების აღიარებით უპასუხეს და სულის კურნებაც მიიღეს; ამ სიყვარულს მოთმინებით უპასუხეს სხვადასხვა მწუხარებებითა და სნეულებებით ტანჯულებმა და ამ სიყვარულმა მათი მწუხარებები გამოუთქმელი საღმრთო ნუგეშით შეცვალა.

ქრისტეს ამ გამოუთქმელ სიყვარულს ჩვენც თანაგრძნობით ვუპასუხოთ: ვიცხოვროთ მისი მცნებების მიხედვით, მის მსგავსად. ის სიყვარულის მხოლოდ ამგვარ გამოხატულებას ითხოვს ჩვენგან და მხოლოდ ასეთს მიიღებს. მან ხომ გვითხრა: “უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს”(ინ. 14:23-24). თუ ქრისტეს სიყვარულს სიყარულითვე არ ვუპასუხეთ, მაშინ განა ჩვენთვის ღმერთკაცის დაღვრილი სისხლი ამაო არ გამოდის? განა ამაოდ იტანჯა ჩვენს გამო მისი ყოვლადწმიდა სხეული?

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©