”მკაცრად, ზედმიწევნით, შრომისმოყვარედ და მოშურნედ მიჰყვებოდა ჩვენს მამათა ტრადიციას. სწორედ ამ გზით მიაღწია ნეტარმა გიორგიმ სრულყოფილებას. ის ჭეშმარიტად სიქადულია ათონის წმინდა მთისა”.
ბერი იოსებ ვატოპედელი († 2009)
ერთხელ, წმ. იოსებ ისიქასტთან სულიერი რჩევისთვის ეროვნებით სერბი მონაზონი, გიორგი მივიდა, რომელმაც ბერძნული ენა ცუდად იცოდა. უჭირდა სიტყვების შერჩევა, მაგრამ ყვებოდა თუ როგორ ეწვია მას დიდი საზომით საღმრთო მადლი, როდესაც ის პარიზში, წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში სწავლობდა. ამ მოვლენის შემდეგ მან მიატოვა ყველაფერი და მონაზონი გახდა. სწორედ ისეთ მადლმოსილ ადგილას, როგორიც ათონია, სადაც გიორგი ღვთის შემეცნებისთვის მოვიდა, დაკარგა მადლის განცდა და ფიქრობდა, რომ მან სამუდამოდ მიატოვა. მამა გიორგიმ პარიზში დაბრუნებაც კი იფიქრა იმ მოსაზრებით, რომ სადაც მას მადლი პირველად ეწვია, იქვე დაუბრუნდებოდა.
წმინდა იოსები გიორგისთვის მარტივად გასაგებად, ნელა, სიტყვებს შორის პაუზებით პასუხობდა. გერონდა უხსნიდა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო და რომ მადლი სწორედ ასე მოქმედებს მათში, ვინც სულიერი სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ”მადლი არსად წასულა, არც შემცირებულა და არც შემცირდება – ამბობდა გერონდა – შენ ვერ გრძნობ მადლს, მაგრამ ის შენში რჩება. არა გრძნობადი სახით, არამედ როგორც ენერგია. საღმრთო მადლი ყოველთვის ორი სახით ავლენს თავს: პირველი – ენერგია და მეორე – განცდა.
როგორც ენერგია, მადლი ყოველთვის მკვიდრობს მორწმუნეებში, რადგან მადლის გარეშე ვერავინ ირწმუნებდა. ხოლო საგრძნობი სახით, როგორც განცდა, მადლი თავს ავლენს მათში, ვისაც დახმარება სჭირდება, ვინც დაიღალა სულიერ ბრძოლაში ან რაიმე სულიერი საფრთხე ემუქრება.
მაშინ გამოუცდელი იყავი, არაფერი იცოდი სულიერი ცხოვრების შესახებ, ამ დროს მადლი გეწვია, გაგიცხადა თავისი თავი მთელი სისავსით, გაგიხსნა თავისი საიდუმლოებები, რათა შენში სულიერი ცხოვრების წყურვილი გაეჩინა, რომ მოეცა შენთვის საერო ცხოვრების უარყოფის ძალა და სწორად გამოგეყენებინა ღვთის ეს საჩუქარი.
მადლი დაგეხმარა, რომ სწორად მოქცეულიყავი. ჯერ პირველ საფეხურზე ხარ, ესაა სოფლის უარყოფა და მწირობა. შემდეგ ის თვალს მოეფარა, ვეღარ გრძნობ, რათა დაიწყო ღვთის ნების მორჩილება და საკუთარი ღვაწლით მოიპოვო ყველაფერი. ამიტომაც ვეღარ გრძნობ ახლა ისეთ მადლს, როგორსაც მაშინ გრძნობდი”.
ბერ იოსებთან საუბრის შემდეგ, მამა გიორგი საძმოში დარჩა და აღარ ფიქრობდა საფრანგეთში დაბრუნებაზე. ეს იყო 1959 წელს, გერონდა იოსების გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე. იმ დროს, წმინდა იოსებ ისიქასტი ხარების სახელობის ახალ სკიტში ცხოვრობდა. მამა გიორგი მცირე ზომის კელიაში დასახლდა, რომელიც საძმოს ერთ-ერთ მონაზონს, იოსებს, უმცროსად წოდებულს ეკუთვნოდა (იოსებ ვატოპედელი). მამა იოსებ უმცროსი ამბობდა, რომ მამა გიორგისგან ბევრს ისწავლიდი, მას ცეცხლოვანი სულიერი მოშურნეობა ჰქონდა, მკაცრი ყურადღება საკუთარი თავის მიმართ და მტკიცედ, ზედმიწევნით იცავდა მონაზვნურ განაწესს. საძმოს მეორე მონაზონი, არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი ყვებოდა, რომ მათ ძალიან უყვარდათ მამა გიორგი მისი გახსნილი ხასიათის, მოღვაწეობრივი სულისა და მორჩილების გამო. ასევე გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით. შეეძლო სამი ტომარა ცემენტის გადაზიდვა დიდ მანძილზე. ”დიდი სიკეთისგან ხშირად იღიმებოდა” – იხსენებს არქიმანდრიტი ეფრემი.
მონაზონი გიორგი, ერში ბრანკო ბიტკოვიჩი, დაიბადა 1920 წელს, პატარა სერბულ სოფელში. წარმატებით დაასრულა სკოლა და შემდეგ – სამხედრო ინჟინერთა სასწავლებელი. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ტყვედ აიყვანეს და იტალიაში გაგზავნეს, საიდანაც საფრანგეთში გაიქცა. ომის დასრულების შემდეგ, სწავლობდა მანქანათმშენებლობას და ელექტროტექნიკას მიუნხენში, შემდეგ პარიზში ღვთისმეტყველებას წმ. სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 1954 წელს ბრანკომ გადაწყვიტა მონაზონი გამხდარიყო და მოსალოცად წმინდა მიწაზე გაემგზავრა, სადაც წმ. საბა განწმენდილის ლავრაში მორჩილი გახდა, იქიდან კი ათონზე გაემგზავრა ხილანდარის სერბულ მონასტერში, შემდეგ პანტელეიმონის რუსულ მონასტერში, ბოლოს კი წმ. იოსებ ისიქასტის საძმოში.
გერონდა იოსებთან სულ რაღაც ნახევარი წელი მოუწია ცხოვრება. ამ დიდი წმინდანის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მამა გიორგი განუშორებლად მის გვერდით იყო და ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა.
იმ დროს, წმ. პანტელეიმონის რუსულ მონასტერში ცოტა მონაზონი იყო. მონასტრის დიდი ტერიტორია კი ადამიანურ რესურსს მოითხოვდა. რუსმა მონაზვნებმა მამა გიორგის დაუწყეს ძებნა. როდესაც გიორგიმ გაიგო, რომ რუსი მამები მის დაბრუნებას ითხოვდნენ, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. გერონდა იოსების საძმოს მამებმა დაბრუნება ურჩიეს. მამა იოსებ უმცროსი ეუბნებოდა – დაემორჩილე და ღმერთი არ დაგტოვებსო. წასვლის წინ, მამა გიორგი მივიდა წმ. იოსების საფლავთან, ჯვარი გამოისახა და თქვა: ”ჩვენი მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო, არასდროს წავიდოდი”.
იმ დროს, ფაქტობრივად, მიტოვებულ რუსულ მონასტერში, მამა გიორგი სრულ განმარტოებაში ცხოვრობდა და დროს მოუკლებელ იესუს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა. ახალ პურს არასდროს ჭამდა, მხოლოდ – ორცხობილას. მისი ხელსაქმე ცოცხების დამზადება იყო, რომელსაც ორცხობილაში ცვლიდა. მამა გიორგის ძალიან უყვარდა ბუნება და სწორედ ამიტომ, ბუნების სილამაზით ზედმეტად რომ არ მოხიბლულიყო, შთაბეჭდილებისაგან მისი გული არ დაკავებულიყო და ლოცვაში ხელი არ შეშლოდა, მთელ დღეს კელიაში ატარებდა. მხოლოდ ღამე გამოდიოდა და ღია ცის ქვეშ გერონდა იოსებ ისიქასტის სწავლების მიხედვით იესუს ლოცვით აღასრულებდა ღამისთევას. ზამთარშიც კი, როდესაც ძალიან ციოდა. მას ძალიან უყვარდა ღამე ლოცვა. ღამის იდუმალი მყუდროება ეხმარებოდა იესუს ლოცვაში.
მისი სხვა ასკეტური ღვაწლი, რომლითაც ითრგუნებოდა ხორცი და თავისუფლდებოდა სული, იყო სნეულებების დათმენა. ასკეტიზმი არასდროსაა ქრისტიანისთვის თვითმიზანი. თუმცა მის გარეშე არც მოიპოვება და არც შენარჩუნდება საღმრთო მადლი, რომლის მისაღებადაც მამა გიორგიმ ყოველგვარი საერო სიხარული უარყო, ცხოვრობდა სრულ უპოვარებაში, მაგრამ ხარობდა სულიერი სიხარულით და სტუმრებს აღდომის სიხარულით ხვდებოდა – ”ქრისტე აღდგა! ჩვენ აღდომის შვილები ვართ, აღდგომის სიხარულის გარეშე ვერ გადავრჩებით, შეუძლებელია!” – ამბობდა მამა გიორგი.
არქიმანდრიტი იოანიკე კოცონისი თავის წიგნში – ”ათონური პატერიკი” მამა გიორგიზე წერს: ”ის იყო განათლებული კაცი, სიფხიზლისა და გონიერი ლოცვის მუშაკი, რომელსაც ყოველთვის თავისი ასკეტური კვერთხითა და სკვნილით ნახავდით, მისი თვალები ყოველთვის მიწისკენ იყო მიმართული, ის მუდამ ჩაღრმავებული თავის შინაგან სამყაროში, მდუმარებაში ლოცულობდა იესუს ლოცვას”. მამა გიორგი ამბობდა: ”სულიერი ცხოვრება მუდამ ღმერთთან ყოფნას ნიშნავს: “დაადგერით ჩემთანა და მე თქვენ თანა”(ინ.15:4). ეკლესიის დოგმატური ჭეშმარიტებები აუცილებლად სულიერ გამოცდილებად უნდა იქცეს, ამისთვის საჭიროა ჩვენი პირადი აღდგომა. თუ ვერ შევიცნობთ ღმერთს, ის ვერ დამკვიდრდება ჩვენს გულში. ღმერთის შეცნობა მის ხედვას, ჭვრეტას ნიშნავს. ღმერთის მხედველი მის სიღრმეებს ჭვრეტს.
შეუძლებელია ღვთის არსთან ზიარება, მაგრამ მის ენერგიებთან შესაძლებელია. ჩვენთვის ღმრთის არსებიდან გამომავალი დიდებაა მისაწვდომი. ღვთის დიდების ანარეკლით განათლებულთ გვეძლევა უნარი დავინახოთ ადამიანთა სულები, გავიგოთ წმინდა წერილის რთული ადგილები, გვეძლევა განსჯის უნარი და შევიცნობთ ყოველივეს…
ამა სოფლის სული გვიფანტავს გონებას, გვაქცევს გარეგნულ ადამიანებად. ვის შეუძლია ღმერთთან ერთობის სიხარულის აღწერა? ენით გამოუთქმელია ეს სიხარული!
საუკეთესო ლოცვაა – ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.
ათენში მდებარე პარაკლიტის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ტიმოთე, მამა გიორგის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე შეხვდა, მასთან დიდი ხნის საუბრის შემდეგ თქვა: ”მამა გიორგი დიდი შთაგონებით საუბრობდა, მისი სიტყვები იყო ძალიან ღრმა და გამოცდილებაზე დაფუძნებული. მას ყველაფრის მოყოლა სურდა, ყველა სულიერი გამოცდილების აღწერა და გადმოცემა, თავისი გულის საგანძურის გახსნა. თითქოს გრძნობდა, რომ ეს მისი ბოლო საუბარი იყო. ვერ ვგრძნობდით დროის გასვლას. უკვე შუაღამე იყო, მამა გიორგი დაუღლელად გადადიოდა ერთი თემიდან მეორეზე და მთელი ამ საუბრის განმავლობაში მის მარცხენა ხელში შეუჩერებლად მოძრაობდა ძველი გაცვეთილი სკვნილი…”
ის ამბობდა: ”სულიერი ცხოვრების პირველი ნაბიჯებია – 1. ვნებებთან და მავნე ჩვევებთან ბრძოლა, 2. განკითხვის მიტოვება როგორც სიტყვით, ისევე აზრით.. და 3. სრულიად სუფთა სინდისი.
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, აუცილებელი წინაპირობა და საფუძველია, სამზადისია უფრო აღმატებული ღვაწლისთვის. ღვთის კაცს არ სურს ნეტარი ცხოვრება, არც სამოთხე, არამედ მხოლოდ ქრისტესთან ყოფნა. ის მზადაა მისი სიყვარულისთვის ყველაფრის დასათმობად. ასეთი ადამიანი აღარ ცხოვრობს თავისი თავისთვის, არამედ ქრისტესთვის და მოყვასისთვის. მას ყველა ადამიანის გადარჩენა და თავისი გამოცდილების გაზიარება სურს…”
1972 წლის 8/21 სექტემბერს სქემმონაზონი გიორგი გარდაიცვალა შხამიანი სოკოსგან. მის საკუთრებას მხოლოდ ძველი ხის ჯვარი, რამდენიმე ორცხობილა, მცირე რაოდენობით ჩაი და ძველი, გაცვეთილი კაბა შეადგენდა, რომელშიც დაკრძალეს. როგორც ყველა წმინდა ადამიანის დაკრძალვისას ხდება, მამა გიორგის დაკრძალვაზეც, ყველა იქ მყოფი აღდგომის სიხარულს გრძნობდა.
წყარო: https://pravoslavie.ru/