PHOTO 2020 05 01 09 52 10

არქიმანდრიტ პაისის სიტყვა მამა ეფრემ არიზონელის დაკრძალვაზე

ჩვენო ძვირფასო გერონდა და საყვარელო მამა!

ვერაფერს ვამბობთ შენზე, ჩვენს დიდ მამაზე და სხვა სიცოცხლეში შენს გადასვლაზე, გვიჭირს შესაბამისი სიტყვების გამონახვა მეც და ჩვენს საძმოსაც. შენნაირი სიდიადის მოძღვრისთვის ნებისმიერ სიტყვაზე უმჯობესი, ალბათ, მდუმარება, სიყვარული, პატივისცემა და ლოცვაა. ისეთი დაუღლელი ლოცვა, როგორიც ქრისტესა და მისი ყოვლადწმიდა დედისადმი სიყვარულით ათბობდა შენს გულს.

მუდამ ჩაგვესმის შენი ხმა, რომლითაც სულ მოგვწოდებდი, რომ ჩვენი მოუკლებელი, უწყვეტი საქმიანობა ყოფილიყო იესუს ლოცვა: ”წარმოთქვი ლოცვა შვილო! არ შეაჩერო, არ ისაუბრო, ილოცე! ილოცე ისე, რომ ისმოდეს”.

მისი აზრები მუდამ ზეცისკენ იყო მიმართული და არასდროს წუხდა რაიმე ამქვეყნიურზე. თავისი სულიერი შვილების გადარჩენის გარდა, არაფერზე ზრუნავდა.

”წარმოთქვი ლოცვა შვილო! არ შეაჩერო, არ ისაუბრო, ილოცე! ილოცე ისე, რომ ისმოდეს”

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესო, ამერიკის მთავარეპისკოპოსო, უსამღვდელოესნო მეუფენო, ყოვლადპატიოსანნო მამანო, წინამძღვარნო და ჩემო ძმებო, დღეს ჩვენ მნიშვნელოვან მოვლენას აღვნიშნავთ. როგორც წინასწარმეტყველ ესაიასთანაა ნათქვამი: ”აღიხილენ, აღიხუენ გარემოს თვალნი შენნი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი. მოვიდნენ ძენი შენნი შორით, და ასულნი შენნი მჴართა ზედა აღებულ იქმნენ” (ის. 60:4). გაცილებენ შენ, მამაო, შენს სასურველ სამშობლოში, რომელსაც მუდამ ჭვრეტდი შენი შინაგანი მზერით, ესწრაფვოდი ჩვენს სულთა სიძესთან, უტკბეს ქრისტესთან შეხვედრას.

გერონდა გვასწავლიდა:
”ყოველთვის იფიქრე სიკვდილზე. იფიქრე, რომ ყოველი დღე უკანასკნელია და თქვი: – დადუმდი სულო ჩემო, ილოცე, გიყვარდეს, იგლოვე შენი ცოდვები, რადგან მოახლოვდა აღსასრული. სანამ დრო გვაქვს, უნდა ვიღვაწოთ. ეს ერთადერთია, რაც ჩვენთან დარჩება. ყველაფერი დანარჩენი კი ქარისგან გაიფანტება. ჩემთვისაც ილოცეთ, რომელიც მუდამ გასწავლით, მაგრამ თავად არ აღასრულებს; ვაი, მე, სამგზის საწყალობელს! როგორ შევხვდე უფალს?”

დღევანდელი მოვლენა სამწუხაროცაა და სასიხარულოც. სამწუხარო იმიტომ, რომ ჩვენ დროებით ფიზიკურად დავშორდით ჩვენს მამას, ხოლო სასიხარულო იმიტომ, რომ ღვთის წინაშე უდიდესი მეოხი შევიძინეთ. ჩვენი გერონდა არ მომკვდარა, არამედ დაემკვიდრა ზეციურ სავანეში, მის საძმოსთან და მისსავე მამასთან, ღირს იოსებ ისიქასტთან. მას მიეგებნენ წმინდა მოციქულები, მოწამეები, ღირსი მამები, მისი მფარველი – წმინდა იოანე წინამორბედი, ჩვენი ტკბილი დედა და მის მიერ უსაზღვროდ შეყვარებული – ქრისტე. მან დიდი რწმენით, სიყვარულითა და ღვთის ნებისადმი სრული მინდობით განვლო ამ ცხოვრების ბრძოლის ველი და ახლა დამსახურებულად განისვენებს მისთვის განმზადებულ ზეციურ სამყოფელში.

და აი, დადგა მისი ამ ცხოვრებიდან წასვლის დრო. ის მუდამ ელოდა და ხშირად საუბრობდა ამ დღეზე. განა კიდევ რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო ჩვენთან და კიდევ რამდენი უნდა ეთმინა თავის საყვარელ მოძღვართან განშორება?! მისი მოთმინება ყველა ზღვარს გასცდა და მისი უსაზღვრო სიყვარული უხვად გვეფინებოდა.

ძალიან ბევრს წვალობდი, ჩვენო წმინდაო მამაო, ჩვენთან ერთად ითმენდი ტკივილს, ცილისწამებას, უარყოფას, სნეულებებს. ატარებდი მძიმე ჯვარს სიმამაცით, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელითა და მის სადიდებლად, მდუმარედ, ღვთის მოწყალებასა და სიყვარულზე მინდობილი.

შენი მამობრივი ხმა, რომელიც მუდამ განგვსწავლიდა და მოგვიწოდებდა სათნოებათა მოხვეჭისკენ, ჩვენთვის მუდამ უძვირფასეს საგანძურად დარჩება. ილოცე მამაო, რომ ჩვენ, ყველანი, შეძლებისდაგვარად, შენს ნაკვალევს გამოვყვეთ.

მრავალი წლის წინ გვითხარი, რომ შენი წასვლის დრო დადგა, მაგრამ შენი საყვარელი სულიერი შვილებისთვს დაგტოვა ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ. მაგრამ დღეს ქრისტემ ისურვა, რომ შენი მრავალტანჯული სხეულიდან მიეხმო თავისთან შენი მადლმოსილი, განწმენდილი და განღმრთობილი სული. ყოვლადპატიოსანო მამაო, ზეცის კაცო და ქვეყანის ანგელოზო, დღეს შენ დატოვე დროებითი სამყარო და გადახვედი მარადიულ, ზეციურ სამყოფელში, სადაც მარადიულად ბრწყინავს აღდგომის ნათელი, სადაც მეფობს განკაცებული სამყაროს შემოქმედი და გელოდება შენ, რადგან შენი მიცვალება არის ტრიუმფი და განდიდება ჩვენი ერთადერთი მეფისა – იესუ ქრისტესი. როგორც შენ ამბობდი:

”გონება მიიზიდა და დაატკბო საგალობელმა: ”ქრისტე იშვა!”. ღმერთო ჩემო, ჩემო ქრისტე, სიტყვები არ მყოფნის! რა ვთქვა? როგორი ტკბილი ხარ! სანთელივით დნება ჩემი გული, რადგანაც სრულიად უღირსი ვარ. როდის გიხილავ შენ, მამაო ჩემო? შენი სიტკბოება ყველაფერს აღემატება”.

ჩვენ ახლა სხვადასხვა განცდებით ვართ აღვსილნი. მშვიდი ცრემლები და სიხარულნარევი სევდა მკვიდრობს ჩვენს გულებში.  დღეს ჩვენ ღვთის საყდრამდე ვაცილებთ ჩვენს მეოხს და წინამძღვარს, ჩვენი ეკლესიის ახალ სვეტს, ღირს მამას, რომელიც წმინდა ანა მცირეს კელიებსა და გამოქვაბულებში იღწვოდა და ცოტა თუ წარემატა მის მსგავსად მორჩილებაში. ჩვენ შევიძინეთ მოციქულთასწორი წმინდანი, რომელმაც ამერიკისა და კანადის მიწებზე, სინანულის მეშვეობით, მკვდრეთით აღადგინა მრავალი ადამიანის უკვდავი სული.  მთელ სამყაროს მისწვდა მისი მარტივი, ცეცხლოვანი და ღრმად სულიერი სიტყვები. შევიძინეთ მოწამე, რომელიც ითმენდა ყოველგვარ მწუხარებას, როგორც ადამიანებისგან, ასევე უხილავი მტრებისგან. ჩვენო საყვარელო მამაო, წმინდა იყო შენი გული და შენი განვლილი გზაც. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი!  შენ გვჩუქნიდი სიფაქიზეს, მუდამ ნათელ, მხიარულ სახეს, მადმოსილ სიტყვებს, ქრისტოცენტრულ სწავლებას, დიდსულოვან ხასიათს, შენს სიკეთეს, სიმშვიდეს და ქრისტეს მსგავს, უსასრულო სიმდაბლეს.

მართლაც, შენთან შემხვედრს, ვის არ შეუყვარდი? შენთან საუბრის შემდეგ და შენი ოლარის ქვეშ, ვინ არ გრძნობდა გულის ლმობიერებას? ყველას შენთან ახლოს ყოფნა სურდა. შორს თუ ახლოს მყოფნი, ყველანი იკვებებოდნენ შენს სულში მუდამ მჩქეფარე საღმრთო მადლით. ყველას იზიდავდი, განსაკუთრებით კი უბრალო გულის ადამიანებს, რომლებმაც შეიცნეს შენი სულის სიწმინდე და უბიწოება.

გევედრებით შენ, ჩვენო წმინდაო მამაო, ”ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო!”(4.მეფ.2:12), არ დაგვტოვო ობლად. მარადის ევედრე უფალს ჩვენთვის, შენი მდაბალი საძმოსთვის და ყველასთვის, ვინც აქ შენს უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად და შენს განწმენდილ ხელებზე სამთხვევად მოვიდა. ხელებზე, რომლებიც მუდამ აღპყრობილი გქონდა ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსა და ჩვენი ეკლესიისთვის ვედრებაში.

და ბოლოს, მამილო, მივბაძავ შენს სიფაქიზესა და თავაზიანობას და გამოვხატავ თბილ მადლიერებას მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ამერიკის მთავარეპისკოპოსის, ელპიდოფორეს; ყველა აქ მყოფი ეპისკოპოსის, იღუმენების და იღუმენიების, ყველა ჩვენი ძმის და დის, განსაკუთრებით კი მსოფლიო პატრიარქის, უწმინდესი ბართლომეს მიმართ, რომელსაც წარადგენს ათონის წმ. მთის მონასტრის, ფილოთეოსის,  ყოვლადღირსი იღუმენი – ნიკოდიმოსი, თქვენი მამობრივი და მამამთავრული კურთხევისა და ქრისტეში ჩვენი საძმოს მიმართ სანუგეშო სიტყვებისთვის.

საუკუნოდ იყოს ხსენება არქიმანდრიტ ეფრემის, ჩვენი გერონდას, მამისა და იღუმენის.

წყარო: https://pravoslavie.ru/