ioseb vatopedeli 3

„მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური“ – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში; წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

როდესაც უფალი თავის სასწაულმოქმედ ძალას ააშკარავებდა, მაშინ „კაცთა მათ, ვითარც იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინასწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად. ხოლო იესუ გულისმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაითამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტო “. როდესაც მას ეძებდნენ, რათა მეფედ დაედგინათ, თავს არიდებდა, მაგრამ როდესაც უნდა დამდაბლებულიყო, უნდა ემსახურა, თავი დაედო სხვისთვის, ჯვარცმულიყო – ამას არ გაურბოდა. ამით სურდა, ჭეშმარიტი ცხოვრების, მსხვერპლისა და სიყვარულის მაგალითი მიეცა მათთვის, ვინც ჭეშმარიტების ერთადერთ, თავგანწირვისა და უანგარო სიყვარულის გზას ირჩევენ.

ეს ერთადერთი ჭეშმარიტი გზა გაკიცხვისა და დაცინვის საგანი ხდება მათგან, ვინც „არა იციან რასა იქმან“. ხოლო ვისაც ღმერთმა ეს გზა გაუხსნა, მათ გამოცდილებით იციან, რომ ღმერთი ჭეშმარიტია და ამიტომ ყველა ადამიამის წინაშე იმდაბლებენ თავს, რათა სიყვარული არ დაკარგონ. ხოლო ის, ვინც სიყვარულს უფრთხილდება, სრულყოფილების გზას შესდგომია.

როდესაც უკანასკნელ სერობაზე უფალი მოწაფეებისთვის წმინდა ზიარების საიდუმლოს გადაცემას აპირებდა, უთხრა: „გულისსიტყკლჳთ გულიმითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა. ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა“. ლუკა მახარებელი თხრობას ასე აგრძელებს: „და იყო ცილობაცა მათ შორის, ვითარმედ ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის“. ეს ცილობა ჯერ კიდევ მაშინ ჩაისახა, როდესაც საყვარელი მოწაფის, იოანეს დედა ქრისტეს სთხოვდა, ერთი შვილი თავის მარჯვნივ, ხოლო მეორე მარცხნივ დაესვა ცათა სასუფეველში. ანუ მოციქულთა შორის ეგოიზმისა და მთავრობისმოყვარების ვნებამ იჩინა თავი, რადგან სულიწმიდა ჯერ არ ჰქონდათ მიღებული. პირველქმნილთა დაცემის შედეგად გაჩენილმა ამგვარმა განწყობამ არა მარტო ცალკეულ ადამიანებს, არამედ ერებს შორის ურთიერთობის გამწვავებაც გამოიწვია. კაცთმოყვარე უფალმა კი სიმდაბლის ცოცხალი მაგალითი მოგვცა, და გვასწავლა, თუ როგორ შემოვაბრუნოთ სიკეთისკენ ადამიანური ხასიათის ეს სიმახინჯე. ქრისტეს სწავლება ყველა სახის დიქტატურას ანადგურებს, ხოლო ადამიანთა და საზოგადოებებს შორის ნამდვილ თავისუფლებას ნერგავს. მის შემდეგ სიტყვებს ზედროული მნიშვნელობა აქვს: „უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ არს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახური – და რომელსა უნებს თქუენ შორის ვითარმცა წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა. ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს“. ასეთი აზროვნება ჰქონდა ჩვენს მოძღვარს და საკუთარი მაგალითით უფლის სიტყვებს ახორციელებდა: „მეფენი წარმართთანი უფლებდენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველისმოქმედ ჰრქჳან. ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი – ვითარცა მსახური. ვინ არს უფროსი: რომელი ინაჴით-ზის, ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელი-იგი ინაჴით ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა, ვითარცა მსახური“.

სულიწმიდის ძალა იმ ღმერთშემოსილ ადამიანთა სულებში გამოჩნდება ხოლმე, რომელთაც, მისივე გამოუთქმელი ძლიერების მეშვეობით, ძალუძთ არა მარტო სხვა ადამიანთა სისუსტეები იტვირთონ, არამედ სიხარულით მოემსახურონ კიდეც. თუმცა იციან, რომ ამ მსახურებას შეიძლება მრავალი განსაცდელი მოჰყვეს, ხშირად სიკვდილიც კი. არავის შეუძლია ამ ღმერთკაცობრივ გზას შეუდგეს, თუ ეს ნიჭი ზეგარდამო არ მიეცა. ბერი იოსები, მას შემდეგ, რაც მას უფალი გამოეცხადა და მონაზონი გახდა, საღმრთო მადლის მოსვლის სიხარულსა და განშორებით გამოწვეულ ტკივილს ისე რეალურად აღიქვამდა, როგორც უბრალო ადამიანები მატერიალურ სამყაროს. ვერაფერი განაშორებდა უფალს, ვერანაირი გასაჭირი ან განსაცდელი. პირიქით, განსაცდელები მას უფრო აახლოებდნენ ქრისტესთან. „და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა. და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან სასუფეველსა, რაითა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა სასუფეველსა შინა ჩემსა და დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაჵლისათა“.

უბრალო მებადურები ვერ ხვდებოდნენ, თუ რა დიდი ძალა აქვს დაცემული ადამიანის ეგოიზმს, მთავრობისმოყვარებასა და თავისმოყვარებას. არ ესმოდათ მსოფლიო ბოროტების მასშტაბი, რომელიც ადამიანთა მოდგმის გულში პირველქმნილი ადამიანებისგან საღმრთო მადლის განშორებით შევიდა. როგორ უნდა გაეგოთ, რომ ეს ხრწნა არის მსოფლიო უბედურების სათავე? ან ის, რომ ეს დაცემის შედეგად გამოწვეული ყოვლისმომცველი დაზიანება, რომელიც ჩვენს შიგნითაა, მხოლოდ ღმერთს შეუძლია დაამარცხოს, როდესაც თითოეული ჩვენგანი, თავისი რწმენის მიხედვით, ასკეტურ ღვაწლს იტვირთავს. ეს ღვაწლი მსხვერპლის გაღებას, სისხლის დათხევასაც კი მოითხოვს და მოყვასის მსახურებას, ვიდრე სიკვდილამდე.

ჯვარცმამდე მხოლოდ უფალმა იესო ქრისტემ იცოდა ზეციური მამის მიერ ამქვეყნად მისი მოვლინების მიზეზი. ისიც იცოდა, რომ მოწაფეები მისი სიყვარულისა და სიმდაბლის სიღრმეს ვერ ჩასწვდებოდნენ, მაშინაც კი, როდესაც საიდუმლო სერობაზე მათ ფეხები დაბანა. სულიწმიდის მოსვლის შემდეგ პეტრე მოციქულს შინაგანი თვალები აეხილა და საღმრთო მადლით განათლებულმა, უფლის ეს მოქმედება გააცნობიერა. თავადაც, უფლის მსგავსად, ჯვარცმის გზა აირჩია, რაც სრული სიმდაბლის, სიყვარულისა და თავგანწირვის გამოხატულებაა. მანამდე კი საკუთარი გამოცდილებიდან ამას წერდა: „და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამე თუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

ჩვენი ნეტარი ბერი მონაზვნობის 73 წლის განმავლობაში ღმერთის მცნებების დაცვაში ყოველდღიურად ირჯებოდა, ლოცულობდა, სხვებს ემსახურებოდა, ითმენდა, ცილისწა მებისა და ნებსითი სიმდაბლის საფარველქვეშ იმალებოდა. მტკიცე რწმენის წყალობით თავის სულიერ ღვაწლში ღმერთის სიყვარულსა და მზრუნველობას ძალიან აშკარად გრძნობდა. მისი სული ზეციური ჭვრეტით ხარობდა, განსაკუთრებით, ცხოვრების რთულ მომენტებში.

ბერი ყოველთვის საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ასწავლიდა. „ადამიანმა ყველაფერი უნდა უარყოს, რასაც კი შეიძლება „თავისი“ უწოდოს; ყველაფერი, რაც უნდა და რასაც ეძებს, სრულიად უნდა უარყოს. თუკი რაიმე სურვილს მაინც იტოვებს და არ უსრულებენ, იმწუთას შფოთავს, იბუტება, ბრაზდება, რისხდება და იწყება: რატომ ამჯობინეს ის და არა მე?.. ჩემთვის რომ ჩაებარებინათ ეს საქმე, ასე მოხდებოდა… იქნებ არაა სწორი ის, რაც ხდება… და ა.შ. ეს ყველაფერი დემონური აზრებია და მხოლოდ იმას წარმოაჩენს, რომ ადამიანს ეგოიზმი, თავისმოყვარება, თვითკმაყოფილება, ანუ ყველა ვნება აქვს; მაშინ, როცა უფალი თავს იმდაბლებდა და სხვებს ემსახურებოდა. „მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური“[1].

მას, ვინც ცდილობს სხვებს სიმდაბლით მოემსახუროს, სხვადასხვა განსაცდელები შეხვდება. ეს განსაცდელები უდრტვინველად უნდა მოითმინოს, რადგან, როგორც ბერი ამბობდა: „კაცმა უნდა გაიგოს, რისთვის – ვართ აქ. ადამიანი ერთადერთია, ვინც თავისი ბუნებრივი მდგომარეობა ვერ შეინარჩუნა. ის სხვადასხვა გარემოებების, სნეულების, ცოდვის, ეშმაკის, სიკვდილის უღელქვეშ იტანჯება. ჩვენი მიზანია სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავინაცვლოთ. როგორ? უნდა გავხდეთ „მსახურები“. ის, ვინც თავისთვის არაფერს ეძებს, არამედ მხოლოდ სხვებს ემსახურება, უფლისგან შექებას მოისმენს: „კეთილ, მონაო სახიერო და სარწმუნოო“. სხვაგან კი: „თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელსა შინა ჩემსა“. როდესაც სულიერ ადამიანს ეპასუხებიან ან პრობლემებს უქმნიან, წუხს, მაგრამ თავის თავზე კი არ წუხს, არამედ იმათზე, ვინც მას გულს სტკენს“[2].

თუ ადამიანი, ყველა განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ დგას და „მოელინ უფალსა თჳსსა“, მაშინ „ნეტარ არს მონისა მის, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი“, რამეთუ „მოირტყნეს [სა ტყელი] და ჰმსახურებდეს მათ“. ხედავთ? ვინც ფეხს არ იცვლის, იბრძვის და არ გარბის, მათ თავად უფალი მოემსახურება“[3].


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1988 წლის 28 სექტემბერი/11 ოქტომბერი.

[2] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1988 წლის 28 სექტემბერი/11 ოქტომბერი.

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1985 წლის 13/26 იანვარი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

Share