aimilianos igoumenos simonopetras color

არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი) – სიყვარულით აღვსილი ცხოვრება

მონასტერში, უპირველსყოვლისა ჭეშმარიტ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩემს იქ ყოფნას ერთი მიზანი უნდა ჰქონდეს: უარვყო პირადი „მე“ და მის ადგილას საძმოს წევრები დავაყენო, დავუახლოვდე და ვემსახურო. ახლობლები უნა გახდნენ ჩემი ჭეშმარიტი „მე“, რომელსაც ღმერთის წინაშე წარვადგენ და რომლის მიხედვითაც ის განმსჯის. ანუ, ეგოისტური „მე“ საძმოთი უნდა ჩავანაცვლო. როცა მე და ისინი ერთნი ვართ, ჩემი გონება მათებურად აზროვნებს, გული მათებურად განიცდის, ჩვენი სურვილები და მოთხოვნილებები ემთხვევა, მაშინ ღმერთთან და საძმოსთან თანხმობასა და ერთსულოვნებაში ვიმყოფები და ღმრთის წინაშე პირნათელი წარვდგები. მაგრამ, თუ ამას ვერ შევძლებ, მაშინ სულიერ სიმშვიდეს დავკარგავ, შინაგანად და გარეგნულად გაუწონასწორებელი გავხდები და თავადვე ვიქნები ჩემი გარდაუვალი იზოლაციის მიზეზი. მაშ ასე, ჩვენივე ახლობლები არიან ღმერთთანაც და ადამიანებთანაც  ჩვენი სწორი ურთიერთობის საფუძველი.

როცა მონასტრულ ცხოვრებას სიყვარულით აღვსილ ურთიერთობებთან ვაიგივებთ, ამაში სიყვარულზე ბანალური წარმოდგენა არ იგულისხმება: „მე რომ მიყვარხარ, შენც შემიყვარე; მე რომ მოგეცი, შენც გამიზიარე“-ასე ერში მცხოვრები ადამიანები იქცევიან. მასში განსაკუთრებული არაფერია, საერო ხელშეკრულებებია, კონტრაქტებია: „ამ რაოდენობის საქონელი გამოგიგზავნე, ამიტომ განსაზღვრული თანხა გმართებს“-ერის ადამიანები სიყვარულშიც ანგარიშიანები არიან: მე თუ მიყვარხარ, შენც უნდა მითანაგრძნო.

მონასტერში სრულიად განსხვავებული რამ ხდება. ჩემს „მე“-ს უნდა განვუდგე, საკუთარი თავი უარვყო და ახლობლები გავითავისო; მათს ნაცვლად ვიმუშავო, მათთვის დავიტანჯო-ღმერთი ამას ელის ჩვენგან და მეც ამით უნდა მივხვდე: გამაჩნია თუ არა სულიერი ძალა და ვცხოვრობ თუ არა ქრისტიანულად. სიყვარულით აღვსილი ცხოვრება იგივეა, რაც მჩქეფარე, უბიწო სულიერებით სავსე, ანკარა, წმინდა ურთიერთობები. ადამიანის სული ყველაზე აღმატებულ კმაყოფილებას მაშინ მიიღებს, როცა სიყვარულს მიიტანს მსხვერპლად; მხოლოდ ასეთი სიცოცხლე ნიშნავს ქრისტეში ცხოვრებას. ქრისტიანი თავის სულიერ სიდიადეს მაშინ იგრძნობს, როცა ეგოისტურ „მე“-ს დათრგუნავს და მის ადგილზე მოყვასს დააყენებს; მხოლოდ ასეთ ქრისტიანს აქვს ცოცხალი კავშირი ღმერთთანაც და ქრისტიანულ თემთანაც.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ