პორფირი კავსოკალიველი 1

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – ზედაპირულად, გარეგნული ნიშნებით ნუ განვიკითხავთ

იმის თქმა მინდა, რომ ის სულები, რომლებიც რაიმე ვნებით იტანჯებიან და მწუხარებენ, როცა ამ ვნებიან მიდრეკილებას განიცდიან და დარდობენ, მაშინ ღმერთის მხრიდან დიდ მადლსა და სიყვარულს ეღირსებიან-ხოლმე. ისინი წმინდანობასაც კი იხვეჭენ; ჩვენ კი რას ვშვრებით? მათ უძლურებას რომ ვხედავთ-განვიკითხავთ. გაიხსენეთ რას ამბობს მოციქული პავლე: „სადაცა განმრავლდა ცოდვაი, მუნ უფროისად გარდაემატა მადლი“ (რომ. 5,20).

თუ ამას არ დაივიწყებთ, მიხვდებით რომ ვნებებისგან გვემული ადამიანები ჩემზე და თქვენზე ღირსეულნი არიან. ჩვენ მათი უძლურების გარეგნულ მხარეს ვამჩნევთ, მაგრამ როცა ღმერთს გაეხსნებიან, მაშინ სიყვარულით აღვსილნი საღმრთო ტრფიალითა და წადილითაც გადაივსებიან. მანამდე სხვაგვარ ქცევას მიჩვეულნი მათელ სულიერ ძალას ქრისტესკენ მიმართავენ და საღმრთო სიყვარულის ცეცხლად აინთებიან. ასეთი ღვთაებრივი სასწაული შეიძლება მოხდეს მათზე, ვინც ჩვენ დაღუპული სული გვგონია.

ამიტომ, ნუ ავჩქარდებით. ზედაპირულად, გარეგნული ნიშნებით ნუ განვიკითხავთ, ნუ დაუბღვერთ, როცა ნახევრადშიშველ ქალს დავინახავთ. მისი სულის სიღრმეში შეღწევა სცადეთ, დაფიქრდით. იქნებ ძალიანაც კარგი ადამიანია, მაგრამ ჯერ ვერ უპოვია ცხოვრების აზრი და ძიებას ასეთი უცნაური გარეგნული ფორმით გამოხატავს. მასში არის დინამიზმი, დემონსტრირების უნარი, ყურადღების მიქცევა სურს, მაგრამ უცოდინრობის გამო ამას შეუსაბამოდ გამოხატავს. დაფიქრდით რა მოხდება, თუ ის ქრისტეს შეიცნობს, ირწმუნებს და ამ დინამიზმსა და ენერგიას ღმრთისკენ შეაბრუნებს, მადლს მოიზიდავს და განიწმინდება!

ჩვენი ეგოიზმის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა იმაში მდგომარეობს, რომ სხვებისგან სწორ ქცევებს და სრულყოფილებას მოვითხოვთ; გულის სიღმეში თავადაც გვსურს ასეთები ვიყოთ, მაგრამ არ შეგვიძლია და გაღიზიანებულები უფრო დაჟინებით მოვითხოვთ. იმის ნაცვლად, რომ ვილოცოთ და ხასიათი გამოვისწოროთ, ვიბოღმებით, ვშფოთავთ, სხვებს განვიკითხავთ.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პორფირი კავსოკალიველის პორტრეტი