UTA 3147 1

ავადმყოფობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)(ნაწილი 2)

სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელია ავადმყოფობანი

არ ვიცი, მიაღწევს თუ არა უვნებობას ისეთი  ადამიანი, რომელსაც არაფერი არ სტკივა, ვერ ითმენს ავადმყოფობას და არ შეუძლია ბაგეებზე ღიმილით მისი გადატანა. თუმცა, ეს  რა ვთქვი – “მიაღწიოს უვნებობას!”სულიერი ცხოვრების დაწყებას მაინც თუ შეძლებს? ამიტომაც არის ნათქვამი,  ღმერთს ვინც უყვარს, მას უვლენს მწუხარებასა და ავადმყოფობას; და ვისაც უყვარს ღმერთი, ის სიხარულით იტანჯება მისთვის. პავლე მოციქულიც კი მხოლოდ ავადმყოფობითა და უძლურებით იქადნიდა, რომელსაც ის თავისი ხრწნადი და ყოველდღიურად განადგურებისაკენ მიდრეკილ სხეულში ატარებდა. შეგვიძლია გავიხსენოთ უდიდესი წმინდანი, ბასილი დიდი, რომელიც  თავის სიქადულად მიიჩნევდა უმძიმეს ავადმყოფობებს, რომლებიც იმდენად აუძლურებდნენ მას, რომ თავადაც კი ვერ გაეგო,  ჯერ ისევ ცოცხალი იყო  თუ მკვდარი. ხანდახან, სუფთა ჰაერზე გასვლისას, ეჭვობდა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას ქარის მცირე დანიავებისასაც კი. ავადმყოფობას ყველა წმინდანი უფლის მიერ მათი გულების მოხილვად მიიჩნევდა და დარდობდა, თუკი ღმერთი დიდხანს არ უვლენდა მათ უძლურებებს.

ავადმყოფობანი აუცილებელია სულიერი ცხოვრებისათვის და საჭიროა მათი სიხარულით დათმენა. თუკი გამუდმებით ვღელავთ საკუთარი ჯანმრთელობის გამო და გვეშინია ავად არ გავხდეთ, გვსურს მყისიერად გათავისუფლება ავადმყოფობისა და ტკივილისაგან, საკუთარი თავისათვის დათმობებზე მივდივართ და კომფორტის ზონას ვეძებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სრულიად ხორციელი ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, როდესაც ავად ვხდებით, სულიერი მოძღვრის კურთხევით, რომლის მიერაც უფლის ნება გვეცხადება, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გამოჯანმრთელებისათვის. თუმცაღა, ჯანმრთელობაზე გადამეტებული ზრუნვა არ არის საქები, ის მხოლოდ ჩვენს სულიერ უძლურებას, ადამიანურ სისუსტეს, ვნებების მონობაში ყოფნასა და ჩვენს გულში უფლის არარსებობას ადასტურებს [3, 249].

ღირსი ნილოს კალაბრიელი არანაირ ინტერესს არ ავლენდა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ – ის ამას დამამცირებლად მიიჩნევდა. რაში სჭირდებოდა ჯამნრთელობა?

როგორ არ გავს ეს მდგომარეობა ჩვენსას, რომლებიც გამუდმებით ვზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე! დღეს მხოლოდ ამას გაიგებ: “ აქ გტკივა? ოპერაცია გაიკეთე. სუსტად გრძნობ თავს? სასწრაფოდ  წადი ექიმთან, რენტგენი გადაიღე”. ღირსი ნილოსი კი, არასოდეს შევედრებია უფალს, რომ გამოჯანმრთელებულიყო. ის თვლიდა, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მონაზვნისათვის უძლურებისა და მასში ერული სულის არსებობის ნიშანია[3, 200].

ავადმყოფი უნდა ხვდებოდეს, რომ სნეულება, რომელიც უფალმა უბოძა, – განსაკუთრებული შესაძლებლობაა საკუთარი თავის სრულსაყოფად. სნეულება ანაცვლებს ლოცვას, თუკი ჩვენ მისი აღვლენა არ ძალგვიძს, ანაცვლებს ღმრთისმსახურებას, თუკი მასში მონაწილების მიღება არ შეგვიძლია, ანაცვლებს რწმენისმიერ ღვაწლს სულიერი ბრძოლისას, ანაცვლებს მარხვას, თუკი მისი შემსუბუქება გვიხდება. როდესაც ავად ვართ, ამ მცირე შესაწირით, რომელიც ძღვნად მიღებულ სათნოებებს ანაცვლებს, ჩვენ ყველა ვალს ვიხდით უფლის წინაშე. მაგრამ, ეშმაკი თავდაყირა აყენებს ყველაფერს და ჩვენში ავადმყოფობის გამო მწუხარებას იწვევს. ეს არასწორია. ჩვენთვის, სრულყოფილების მსურველთათვის, ავადმყოფობის ტვირთი, რომელსაც უფალი გვაძლევს, დიდი გულმოდგინებით იწონება. სნეულებათა გარეშე ვერ მივაღწევთ სრულყოფილებას, მით უმეტეს, თუკი ის მოულოდნელია, განუსაზღვრელი და დამამცირებელი სხვათა თვალში, რადგან მათ დახმარებას ვსაჭიროებთ და დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეგვიძლია. 

როდესაც ავად ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენთვის ღვაწლია,  საშუალებაა ზეცად აღსვლისა, და რომ აუცილებელია მოვითმინოთ, ვაიძულოთ საკუთარ თავს დადუმდეს და რამდენადაც შესაძლებელია, სხვისი დახმარების გარეშე გავუმკლავდეთ ყოველივეს. მივემსგავსოთ უფალსა და წმინდანებს, რომლებიც არ ეძიებდნენ ნუგეშს და არ იმსუბუქებდნენ თავიანთ სნეულებებს. ამასთანავე, ვიყოთ ნამდვილი მოღვაწენი მარხვაში.  ნუ ვეცდებით უბადრუკი მიზეზით მარხვის შემსუბუქებას და ისეთი უჩვეულო საკვების თხოვნას, რომელიც არასოდეს გვიჭამია მონასტერში. უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, რათა განწმენდის ნაცვლად უფსკრულში არ ჩავცვივდეთ და  გვირგვინების გარეშე არ დავრჩეთ[2, 26–27].

ნუ დაივიწყებთ სნეულთა მონახულებას

ავადმყოფი ადამიანი, იმყოფება რა განსაკუთრებულ მდგომარეობაში, უფრო იოლად მიიდრიკება ცოდვისაკენ, ცდუნებისაკენ, მწუხარებისა და ზრახვებისაკენ. მისი ბუნება გაცილებით სუსტია და ამიტომაც ეძებს ის ნუგეშს, მხარდაჭერას. თუკი მას ინახულებენ, ის უკეთ იგრძნობს თავს და განსხვავებულად ხვდება თავის დღეს [2, 26].

ავადმყოფისათვის აუცილებელია განსაკუთრებული მზრუნველობა და ჩვენ ვერ ავირიდებთ ამას თავიდან, რადგან ღმერთმა ყველას ერთი და იგივე ხვედრი, ერთი და იგივე მემკვიდრეობა გვარგუნა. საძმო ვერ იქნება მყარი, თუკი ავადმყოფის მიმართ გულგრილობასა და სისასტიკეს ავლენენ. რადგან სინამდვილეში ის კი არ არის ავად, ან ვინმე სხვა, არამედ, ჩვენ ყველანი.  ჩვენი სნეულება შეიძლება დღეს არ ჩანს, მაგრამ ხვალ ან ზეგ ის მაინც გამოვლინდება და რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ჩვენ ყველანი ავად ვართ და ექიმი გვჭირდება, ეს თავად უფალმა გვითხრა [2, 27].

პატივი ვცეთ ავადმყოფს და ვინახულოთ იგი ისე, როგორც ქრისტეს ვინახულებდით, ჩვენი ღიმილი, უმწიკვლო მზერა, წმინდა ბაგე და ყურადღებიანი მოპყრობა მივუძღვნათ მას. უკეთილშობილესად მოვიქცეთ მასთან! მისი წყენინება ძალზედ მარტივია. აწყენინე სნეულს? აწყენინე ქრისტეს! [2, 39].

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ექიმებთან და წამლებთან

ის, ვინც ექიმებისა და წამლების იმედად ცხოვრობს, მთელი ცხოვრება უბედური იქნება და ვერასოდეს სძლევს თავის ეგოიზმს. თუკი იღუმენმა წამალი მოგცა და შენ ის მიიღე, შენი მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუკი უარს იტყვი, უარესად იგრძნობ თავს. შენი წამლისადმი დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში, აჩვენებს გაქვს თუ არა მორჩილება. მორჩილება უფლის მადლს იზიდავს: ის ადასტურებს, რომ შენ აღიარებ შენს უძლურებას, შეცდომას, ცოდვას, რომელიც შესაძლოა შენში იმალება და ამ დროს უფლის მადლი გადმოდის შენზე. 

ჩვენს სულთა და სხეულთა მკურნალი ქრისტეა და არა წამალი. წამლები ღირებულია იმდენად, რამდენადაც გვამდაბლებენ და საკუთარ თავში უფლის დატევნისა და მისი მცნებების გულისყურით აღსრულების საშუალებას გვაძლევენ. ამავდროულად წამლები სიცოცხლეს გვანიჭებენ, რადგან  გვიამებენ ტკივილს. მაგრამ, თუკი უგუნურად ვამბობთ მათ მიღებაზე უარს, ჩვენი მდგომარეობა უფრო და უფრო გაუარესდება და ამაში დამნაშავე არა იღუმენი, არამედ ჩვენ ვიქნებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეგონება, რომ იღუმენია დამნაშავე, მაგრამ მკაცრი და მწარე სიმართლე მდგომარეობს სიცოცხლისადმი ჩვენს არასწორ დამოკიდებულებაში, ვნებებსა და ეგოიზმში.

ეკლესია პატივს მიაგებს ექიმებს და მათ ყველაზე პატივსაცემი ადამიანების გვერდით აყენებს:იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც დაგჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი… უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულვებელყოფს მათ (ზირ. 38, 1, 4). თუკი შენ გეზიზღება ექიმი და წამლები, სულითა და სხეულით განუკურნებლად ხარ ავად. შენ არაფრად აგდებ არც ღმერთს, არც წმინდა წერილსა და არც ეკლესიას. ეკლესია მუდამ განსაკუთრებულ პატივს სცემდა ექიმებს და აღიარებდა წამლებს. ჩვენ ვიცნობთ მკურნალ წმინდანებს, უვერცხლოებს, რომლებიც მედიცინის ხელოვნებას იყვნენ დაუფლებულნი. თავად უფალია მკურნალი ჩვენი სულთა და ხორცთა [2, 355–356].

ბასილი დიდის სიტყვებით, ყველაზე მძიმედ სნეულნი არიან ისინი, ვინც არ აღიარებენ თავიანთ სნეულებებს და უარს ამბობენ წამლების მიღებაზე. ის, ვინც უგულვებელყოფს წამლებს ან საზიანოდ მიიჩნევს მათ და უარს ამბობს მათ მიღებაზე, უკიდურესად არის ავად და როგორ უნდა მოექცე, ხომ ვერ დააბამ? რატომ უნდა დააბა და უსიამოვნებები შეამთხვიო საკუთარ თავს? გინდა რომ თავს დაგესხას და თვალები ამოგიღოს? დაანებე თავი, დაე ცხოვრებამ განსწავლოს იგი [2, 354].

ჯანმრთელობა და მარხვა

ცნობილია, რომ ჯანმრთელი ვერ იქნება  ის, ვინც წმინდა მამათ სწავლების მიხედვით არ ადგენს თავისი კვების რეჟიმს. რომელიმე ფერმკრთალი ადამიანი, შესაძლოა ლოყებღაჟღაჟაზე ჯანმრთელიც კი იყოს. თუმცა, მართალია, რომ ზოგჯერ ლოყების სიწითლე სულიერი მგრძნობელობის ნიშანია და მორცხვი, უმწიკვლო სულის კეთილსურნელებას ამჟღავნებს. ასეთი კი, ნამდვილად დალოცვის ღირსია და ძვირად ფასობს, თვით ანგელოზებიც კი უდიდეს პატივსა და მოწიწებას ავლენენ ასეთი სიწითლის მიმართ. ჩეულებრივი ჯანსაღი სიწითლე კი – სინამდვილეში მკვდარი სიფერმკრთალეა, ქვის ფილა, რომელიც სასიკვდილოდ განწირულ, უამრავი სნეულებით ძლეულ არსებას მალავს. ჭეშმარიტი სიჯანსაღე – უძლურებაშია, ღვაწლსა და კეთილშობილ სინდისში. მხოლოდ ასეთ დროს ვართ ძლიერნი სულითა და ხორცით და მზად ყოველგვარი სულიერი ღვაწლის აღსასრულებლად[2, 75].

ისეთი უჩვეულო შემთხვევებიც არსებობს, როდესაც მონაზვნები და ერისკაცები, სახლში თუ საავადმყოფოში ყოფნისას, ძლიერი ავადმყოფობის მიუხედავად მარხვას არ არღვევენ. ისინი  უდრტვინველად, წუწუნის გარეშე მარხულობენ და მხიარულ, მშვიდ სულიერ მდგომარეობას ინარჩუნებენ, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში მათი სარეცლის გვერდით, მათი სარეცლის თავთან “იმყოფება” უფალი [2, 77].

უნდა იმარხულონ თუ არა მძიმედ ავადმყოფებმა?

თუკი საავადმყოფოში ვიმყოფებით, არ უნდა ვიყოთ მომთხოვნი, არ უნდა შევაწუხოთ ექთნები და ექიმები. ექიმებმა იციან, რა უნდა მივირთვათ. ისინი ჩვენზე ზრუნავენ, როგორც სპეციალისტები. ამიტომაც, თუკი ადამიანი ტაქტიანია, მადლიერია, ის ეცდება იმარხულოს, თუმცა, ამავე დროს, არავის შეუქმნას პრობლემა.  ღორის ხორცის ჭამა უმჯობესია, ვიდრე საკვებზე დიდხანს საუბარი. ძირითად კერძთან ერთად, მაინც შემოიტანენ რაიმე განსხვავებულს, არა მოკრძალებულს, მიირთვი ის და როდესაც ექთანი მოვა მადლობა გადაუხადე და უთხარი, რომ  საჭმელი ძალიან ბევრი იყო . საბოლოოდ, ის ყველაფერს მიხვდება და სამარხვო საკვების მოტანას დაიწყებს. თუმცაღა, თუკი  საავადმყოფოში არსებული წესების მიხედვით ეს აკრძალულია და შეუძლებელი, მიირთვი ის, რასაც მოგცემენ. საკვები შეიძლება ახლობლებმაც მოგვიტანონ, თუკი ეს შეურაცხმყოფელი არ იქნება საავადმყოფოსათვის. ახლობლებისათვის საკვების დაბრუნება კი, რომლებიც შენს მიმართ მზრუნველობას ავლენენ, უმადურობის ნიშანი იქნება. ერთი სიტყვით, კარგი იქნება, თუკი ყველანაირად ვეცდებით მარხვის დაცვას, მაგრამ ამით არ უნდა შევაწუხოთ მოყვასი, რადგან, ასეთ შემთხვევაში, კი არ ვმარხულობთ, არამედ ვაწუხებთ მათ, ვისაც ვუყვარვართ და ზრუნავენ ჩვენზე. ეს რომ არ დავუშვათ, მივირთვათ ის, რასაც მოგვცემენ, ესე იგი ზომიერად[2, 109].


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©  

Share