ieroteos vlaxosi 2

მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი – ისიქასტი ერისკაცი

კონსტანტინე პალამას შესახებ

მეთოთხმეტე საუკუნის კონსტანტინოპოლში საკმაოდ მძლავრი იყო ისიქაზმის გავლენა, რაც წმინდა გრიგოლ პალამას ოჯახშიც ვლინდებოდა. მომავალი წმინდანის მშობლები თავად ათონური სულისკვეთებით ცხოვრობდნენ და ამგვარადვე ზრდიდნენ თავიანთ შვილებს. წმინდა გრიგოლის მამა, კონსტანტინე სენატორი გახლდათ და იმპერატორის ვაჟის აღზრდა და მისი სულიერი წინამძღოლობა ევალებოდა. მიუხედავად იმისა, კონსტანტინე სასახლეში ცხოვრობდა და ყოველდღიურად მრავალ ადამიანთან უწევდა ურთიერთობა, ის სრული სისავსით ცხოვრობდა ისიქასტური ცხოვრებით. მისი გონების სიფხიზლე იმდენად დიდი იყო, რომ ის მუდმივად, იესუს ლოცვით გონებით გულში იმყოფებოდა.

თვითმხილველთა მოწმობით, გრიგოლ პალამას მამა მუდმივი სიფხიზლითა და ლოცვით ცხოვრობდა. წმინდა მამათა გადმოცემით ვიცით, რომ თუკი ადამიანის გონება თავისუფალია ამქვეყნიური განსჯისაგან და განათლებულია ღმრთის მიერ, შეიძლება ერშიც კი ცხოვრობდეს მრავალი საზრუნავით და ამავდროულად მოუკლებელ ლოცვაში იმყოფებოდეს.

კონსტანტინე პალამას ცხოვრება მოწმობაა იმისა, რომ მეოჯახე ადამიანებსაც კი შეიძლება ჰქონდეთ ასეთი სულიერი ცხოვრება.