არიზონას მონასტერი stanthonysmonastery.org

არქიმანდრტი ეფრემ არიზონელი – ამერიკის მოციქული

დიდი თანამედროვე მოღვაწე, ფილოთეოს მონასტრის პროიღუმენი ბერი ეფრემი (ერისკაცობაში – იოანე მორაიტისი) დაიბადა 1928 წლის 24 ივნისს საბერძნეთის ქალაქ ვოლოსში. 19 წლის ასაკში ის გაემგზავრა ათონის წმიდა მთაზე და წმინდა ბერის, იოსებ ისიქასტის მორჩილი გახდა.

ასე აღწერს ის თავისი ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებს:

”ოკუპაციის პირველ წლებში, როდესაც სამუშაოს გამო სწავლა მივატოვე, ვოლოსის ერთ-ერთ ტაძარში სამსახუროდ ათონიდან ერთი მღვდელ-მონოზონი ჩამოვიდა. მისი სულიერი მოძღვარი, როგორც თვითონ ამბობდა, ბერი იოსებ ისიქასტი იყო. ეს ათონელი მღვდელი ჩემი სულიერი მოძღვარი, ძვირფასი მრჩეველი და დამხმარე გახდა.

ის მიყვებოდა ამბებს ბერი იოსების ცხოვრებიდან, რის შედეგადაც ჩემს გულში მისი ნახვის მწველი განცდა აგიზგიზდა და მხურვალედ ვლოცულობდი, რომ რაც შეიძლება მალე გამეცნო. თანდათანობით ვგრძნობდი, რომ ჩემი გული საერო ცხოვრებას განეშორებოდა და წმინდა მთისკენ მიილტვოდა. ვცდილობდი, ვიღწვოდი, როგორც შემეძლო. 14 წლისას უკვე მონოზვნობა მინდოდა, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა მამა ეფრემმა მითხრა:

– იანაკის, ძალიან პატარა ხარ და ჯერ ვერ გახდები მონოზონი, რომ გაიზრდები მერე ვნახოთ..

დედაჩემი მონაზონივით ცხოვრობდა, გულმოდგინედ მარხულობდა, ლოცულობდა, სათნოებებით გამოირჩეოდა და მონაზვნური ცხოვრება უყვარდა. მას გამოცხადება ჰქონდა, რომ მონაზონი გავხდებოდი და გვერდიდან არ მიცილებდა. ლოცვის დროს მან ვარსკვლავი იხილა, რომელმაც ჩვენი სახლი დატოვა და წმინდა მთისკენ გაფრინდა, ამის შემდეგ კი ხმა მოესმა:

– სამი შვილიდან, ეს ერთი იცოცხლებს.

დედაჩემს შეეშინდა;

– ორი შვილი მომიკვდება და მხოლოდ ეს ერთი დამრჩება!

მან არ იცოდა, რომ ეს უწყება იმას ნიშნავდა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი ღმერთთან ახლოს იცხოვრებდა. ეს ყველაფერი მან მოგვიანებით გააცნობიერა და მიხვდა, რომ ეს ხილვა ჩემი წმინდა მთაზე წასვლის მაუწყებელი იყო. სწორედ ამიტომაც, ის მკაცრ მეთვალყურეობას მიწევდა და გვერდიდან არ მიცილებდა, რომ ღმერთისთვის რაც შეიძლება წმინდა ძღვენი შეეწირა.

ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანი იყო. ძალიან ხშირად ვხედავდი, თუ როგორ იკეტებოდა სამზარეულოში და მთელი საღამო მუხლმოდრეკილი ცრემლებით ლოცულობდა.

ამრიგად, რამდენადაც დედაჩემი ასე მკაცრად მაკვირდებოდა, ჩემი ცხოვრება ერში, ღვთის მადლით ძალიან მკაცრი იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სამუშაოს გამო სკოლის მიტოვება მომიწია, რადგან ოკუპაციის წლებში ყოველდღიური შიმშილისგან ფეხზე ძლივს ვიდექით.

ძირითადად მამაჩემის სახელოსნოში ვმუშაობდი. ხანდახან ქალაქის ბაზარში ბლითებით, ქინაქინით, ღილებით და ასანთით ვაჭრობა მიწევდა. ოჯახს რომ დავხმარებოდი, რასაც ვპოულობდი ვყიდულობდი და ეგრევე ვყიდდი, იტალიელების და გერმანელების ხელში ჩავარდნის მუდმივი რისკის ფასად.

მახსოვს, ერთხელ იტალიელებმა ჩემი ჯერ კიდევ უწვერული ძმა და ჩემი მეგობრები უკანონოდ ვაჭრობის ბრალდებით შეიპყრეს და კონდახებით სცემეს. სინამდვილეში კი, მათ ფულის და საქონლის წართმევა ჰქონდათ განზრახული. ძალიან ძლიერად სცემეს. აღფრთოვანდით ამ მამაცი მეომრების გამბედაობით, ისინი ხომ ასანთის და ტანსაცმლის გამყიდველ ბავშვებს გაუსწორდნენ!

ერთი შემთხვევა კი განსაკუთრებით ცოცხლად ჩამრჩა მეხსიერებაში – თუ როგორ დახვრიტა გესტაპომ ჩემთვის უცნობი ბერძნები. ისინი კომენდატურასთან ახლოს ჩამოკიდეს. ფრჩხილებქვეშ ნემსების შერჭობით, ხელები გასივებოდათ. მათი გვამები რამდენიმე დღის განმავლობაში სხვების დასაშინებლად ეკიდა.

სამუშაოს დამთავრებისთანავე, დედასთან ერთად, მამა ეფრემთან აღსარებაზე მივდიოდით. ის ამ ცხოვრების წარმავალობაზე, ღვთის სიყვარულზე, აღსარებაზე, გონიერ ლოცვაზე, ცრემლებზე, ბერ იოსებზე და წმინდა მთაზე გვესაუბრებოდა. ასე თანდათანობით იზრდებოდა ჩემში სურვილი, რომ საკუთარი თავი ღმერთისთვის მიმეძღვნა.

ამ დროს ვოლოსში შიმშილი და მალარია მძლავრობდა და აი, მეც გაურკვეველი სენით დავსნეულდი. მუდამ მაღალი ტემპერატურა და სისუსტე… საბოლოოდ, იძულებული გავხდი საავადმყოფოში დავწოლილიყავი. იმდროისთვის არასაკმარისი სამედიცინო საშუალებების გამო ექიმებმა ვერ დაადგინეს რა მჭირდა. სიკვდილის პირას ვიყავი..

ბოლოს როგორც იქნა გამომწერეს. ეს შემთხვევა დამეხმარა წუთისოფლის სიცრუესა და ამაოების გაცნობიერებაში და ამით ჩეში მონოზვნობის სურვილი კიდევ უფრო გაძლიერდა.

გავიდა წლები და 19 წელი შემისრულდა. ათონზე წასვლამდე ერთი თვით ადრე, ვოლოსელმა ახალგაზრდებმა წმინდა მთისა და ბერი იოსების მონახულება გადაწყვიტეს. ჩემი მოძღვარი მისი სულიერი შვილი გახლდათ და ამიტომაც ვოლოსში მას კარგად იცნობდნენ. მამა ეფრემი ხშირად ამბობდა: ”ბერი იოსები დიდი მოღვაწე და წმინდა ადამიანია.”

რამდენიმე ქალბატონმა რაღაც ნივთებისა და პროდუქტების გაგზავნა გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა მათთან ერთად წასვლის სურვილი მეც მქონდა, მაგრამ როგორ?! მამაჩემს არ ჰქონდა მაგდენის საშუალება. მინდოდა, ჩემგანაც რაღაც გადაეცათ ბერი იოსებისთვის, მაგრამ სიღარიბის გამო არაფერი გვქონდა. შევედი სახლში, გამოვაღე დედაჩემის კარადა, სადაც ცოტაოდენი ვერმიშელი ვიპოვე. ჩავდე ტომარაში და პატარა ქაღალდზე დავწერე: ”მამა იოსებ, ჩემი სიყვარულის და პატივისცემის ამ მცირეოდენ მოწმობას გიგზავნით, ილოცეთ ჩემი ხსნისათვის, ვემთხვევი თქვენს მარჯვენას. იოანე” (ასე მერქვა ერში). შევფუთე ეს გზავნილი და გავატანე ჩემს მეგობრებს. როდესაც მამა იოსებმა გზავნილების გახსნა დაიწყო და ჩემი გზავნილის ჯერი დადგა მან თქვა:

– ეს ბავშვი აქ ჩამოვა და მონოზონი გახდება.

ჩემმა მეგობრებმა უპასუხეს:

– გამორიცხულია, მისი მოძღვარი მონასტრის დაარსებას აპირებს, იოანეც სულ გვერით ჰყავს და აპირებს თავისთან დაიტოვოს. ასე რომ, ამის წარმოდგენაც შეუძლებელია.

მამა იოსებმა თითოეულ მათგანს უთხრა:

– აქ მოვა.. შენ ერში წახვალ , მერე ისევ დაბრუნდები და მონოზონი გახდები, შენ – მღვდელი იქნები და ერში დარჩები, შენ კი წმინდა მთაზე აღარასდროს ჩამოხვალ.

ყველაფერი რაც ბერმა იოსებმა თქვა დიდი სიზუსტით აღსრულდა. როდესაც ბიჭები დაბრუნდნენ მამა იოსების ნათქვამი გადმომცეს, მაგრამ რატომღაც არანაირი მნიშვნელობა არ მივანიჭე მის სიტყვებს, უფრო სწორად არ მივაქციე ყურადღება და გადამავიწყდა კიდეც. როდესაც წერილს ვწერდი, ჩემი მიზანი ათონზე წასვლა ნამდვილად არ იყო, მე მხოლოდ მონოზვნობა მინდოდა, მაგრამ ჯერაც არ გადამეწყვიტა თუ სად წავსულიყავი. ასე, რომ ჩემს მომავალ მონაზვნობაზე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ მამა იოსებს ამის შესახებ უშუალოდ ღვთისგან ეუწყა.

მამა ეფრემი მეუბნებოდა:

– დარჩი ჩემთან, მონასტერს დავაარსებ, შენს გარდა არავინ მყავს..

– კარგი მამაო, დავრჩები

ამ ყველაფერს ჯერ კიდევ მაშინ მეუბნებოდა, როდესაც 14 წლის ვიყავი. როდესაც უკვე 19 წელი შემისრულდა ვფიქრობდი: ” ხომ არ ჯობია წავიდე?” გული მიგრძნობდა, რომ მონასტრის დაარსება არ გამოუვიდოდა. ოთახში ჩავიკეტე და მხურვალედ ვლოცულობდი: ”ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, განმიღე შენი კარები და მიმიღე მე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მოწყალებისა კარი განმიღე და შენთან წამიყვანე!”.

ციხესთან გავლა ხშირად მიწევდა. იქ წმინდა ელეფთერის სამლოცველო იყო, სადაც პატიმრებისთვის მოწყალებას გავცემდით. ჩავლისას რაც გამაჩნდა ყველაფერს ვტოვებდი და წმინდა ელეფთერს ვევედრებოდი, განვეთავისუფლე, რომ წავსულიყავი. ამ ყველაფრის მოძღვართან აღიარების მრცხვენოდა და დავწერე. მამა ეფრემი თავიდან ცოტა გაბრაზდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დამშვიდდა და შეეგუა: ”წადი შვილო, ხელს არ შეგიშლი.”

სანამ ათონზე გავემგზავრებოდი ერთი მონოზონი გავიცანი, რომელმაც შემომთავაზა, რომ ერთად გვეღვაწა. მეც დავთანხმდი და გადავწყვიტე მასთან გადავსულიყავი, მაგრამ ღმერთი ჩემს ამ განზრახვას აბრკოლებდა და დედაჩემს და ჩემს მოძღვარს გონება გაუნათა, ორივე მეუბნებოდნენ:

– არა, მანდ არ წახვალ. მამა იოსებთან უნდა წახვიდე.

– მაკურთხეთ – ვუპასუხე მე. მიუხედავად იმისა, რომ სიამაყემ დამნესტრა, დედაჩემისა და ჩემი მოძღვრის გადაწყვეტილება რწმენით და მორჩილებით მივიღე და ღმერთმაც ღირსმყო, რომ ბერი იოსების სახით სულიერი მოძღვარი და ზეციური მეოხი შემეძინა.

კურთხეულია ის დღე, როდესაც ღვთის ჩაგონებით, ჩემი მოძღვრის და დედაჩემის მკაცრ ბრძანებას დავემორჩილე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სულიერად ვერ გავიზრდებოდი. მორჩილება გამოვავლინე და არ შევცდი, რომ მონოზვნური მოღვაწეობისთვის ათონის მთა ავირჩიე. ვინც დაუჯერა თავის მოძღვარს ვინ დაღუპულა? თუნდაც მცდარი რჩევა და მითითება იყოს – ღმერთი ყველაფერს კეთილად მოაწყობს.”

efrem arizoneli 8ბერი ეფრემის პიროვნებისა და საქმეების მასშტაბი მისი სულიერი მამის შესაფერისია.

მან ააღორძინა ათონის ფილოთეოს მონასტერი და ამის შემდეგ, მოკლე დროში ამერიკის კონტინეტზე 19 მონასტერი დააარსა, რომლებიც სულიერ ოაზისად იქცნენ ღვთის მადლს მოწყურებული ამერიკელებისთვის. მამა ეფრემის ამჟამინდელი მუდმივი საცხოვრებელი გახლავთ მის მიერ დაარსებული წმ. ანტონი დიდის სახელობის მონასტერი(არიზონა, აშშ) სადაც ის მოიკლებელად ლოცულობს თავისი სულიერი შვილებისა და მთელი მსოფლიოსთვის.

საგამომცემლო სახლმა ”წმინდა მთა”-მ გამოსცა მამა ეფრემის ქადაგებებისა და საუბრების უნიკალური კრებული, რომელსაც ”ხსნის ხელოვნება” ეწოდა. ეს წიგნი მამა ეფრემის დაახლოებით 60 წლიანი მონაზვნური ცხოცრებისა და უმდიდრესი სულიერი გამოცდილების კვინტესენციად იქცა. მისი დარიგებები ნამდვილი გამოცდილებითი ღვთისმეტყველებაა. ის არ თეორეტიკოსობს და ფილოსოფოსობს, არამედ საუბრობს იმაზე, თუ რა აღმოაჩნა, მიიღო და ისწავლა მისი მოუკლებელი ღვაწლისა და სულიერი ბრძოლის შედეგად.

წიგნში შესული ქადაგებების და საუბრების უმრავლესობა მიმართულია ერში მცხოვრები ადამიანებისკენ და მიეკუთვნება აშშ-სა და კანადაში ბერი ეფრემის ჭეშმარიტად მოციქულებრივი საქმიანობის პერიოდს. ბერის ცხოვრების ამ პერიოდზე ნაკლებია ცნობილი და ამიტომაც ეს ცალკე საუბრის თემა გახლავთ.

1960 წელს XX საუკუნის ერთერთი უდიდესი მართლმადიდებელი ღმრთისმეტყველი მამა იოანე რომანიდისი (1927-2001) ათონელ ბერსა და საეკლესიო მწერალს თეოკლიტე დიონისელს წერდა:”მთაწმინდელებმა სასწრაფოდ უნდა გამოგზავნონ თავიანთი წარმომადგენლები აშშ-ში და დააარსონ სამონასტრო კერები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის კონტინენტზე მართლმადიდებლობას გარდაუვალი სიკვდილი ელის”. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანაფიქრი ერთი ადამიანის ძალისხმევის წყალობით განხორციელდა.

მამა ეფრემი თავისი სულიერი შვილების მიწვევით, პირველად კანადაში ჩავიდა 1972 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ აშშ-სა და კანადაში ამგვარმა ვიზიტებმა რეგულარული ხასიათი მიიღეს. ბერი ესაუბრებოდა ადამიანებს, მოძღვრავდა, ანუგეშებდა, უქადაგებდა.. თანდათანობით უფროდაუფრო მკვეთრი ხდებოდა ამერიკელების მოთხოვნილება სახარების ცოცხალი სიტყვისა და ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების ძიებისა.

თავის მისიონერულ საქმიანობას ბერმა ეფრემმა მართლმადიდებულური მამათა და დედათა მონასტრების დაარსება დაუდო საფუძვლად, რომლებიც სულიერ ცენტრებად იქცნენ ათასობით მაძიებელი ადამიანისთვის, რომლებიც ამ მონასტრებს ”მიწაზე ზეცის ნაწილად” აღიქვამდნენ.

ცნობილი ბერძენი ისტორიკოსისა და ღვთისმეტყველის მამა გიორგი მეტალინოსი წერს: ”მართლმადიდებლური მონასტრები ეფექტური მისიონერული ცენტრებია. მონასტერში ცხოვრება, მონაზვნების ცხოვრებაზე დაკვირვება და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა გაცილებით ეფექტურად მოქმედებენ სხვა სარწმუნოების ადამიანებზე(კათაკმევლებზე), ვიდრე მშრალი სქოლასტური სიტყვები. მათ სურთ გაიგონ და შინაგანი შეხება ჰქონდეთ ცოცხალ მართლმადიდებლობასთან”.

ბერი ეფრემის მონასტრები აშშ-სა და კანადის მრავალ რეგიონში გაჩნდნენ: ნიუ-იორკი, ტეხასი, ფლორიდა, ვაშინგტონი, სამხრეთ კაროლინაში, პენსილვანიაში, ილინოისში, კალიფორნიაში, მიჩიგანში, მონრეალსა და ტორონტოში. მამა ეფრემის მიერ დაარსებულ მონასტერთა საერთო რაოდენობა ცხრამეტია, კიდევ ორი მონასტერი არის მშენებლობის პროცესში. ეს რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგანაც მრავალი ადამიანი შემოწირულობის სახით მიწას იღებს და კიდევ ახალი მონასტრების მშენებლობის ინიციატივით გამოდიან.

მამა ეფრემის ყველა მონასტერი საერთო საცხოვრებელის ტიპისაა. ისინი ათონული წეს-განგებით ხელმძღვანელობენ და მათ სულიერ ცხოვრებას საფუძვლად იოსებ ისიქასტის სწავლებები უდევთ. ამერიკული და კანადური მონასტრების მოღვაწეები არაერთხელ ეწვივნენ და გარკვეული პერიოდი ცხოვრებდნენ კიდეც ათონის წმინდა მთაზე, რათა უკეთ გაცნობოდნენ მონაზვნური ცხოვრების გამოცდილებას.

მამა ეფრემის დაარსებული მონასტრების მაცხოვრებლები განსხვავებული სოციალური და ნაციონალური კუთვნილების არიან: ამერიკაში გადასახლებული ბერძენი ემიგრანტები, მართლმადიდებლობაზე გადმოსული სხვა რელიგიის მიმდევრები( მორმონები, მუსულმანები, ინდუისტები, ბუდისტები, იუდეველები, კათოლიკები და პროტესტანტები).

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია მამა ეფრემის ჩასვლის პერიოდში ღრმა კრიზისში იმყოფებოდა. იკარგებოდა ეკლესიის ისიქასტური და ასკეტური ხასიათი. დაიკარგა სულიერი სიღრმე, გლობალური პერსპექტივა და ეკლესია მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს მონატრებული ემიგრანტებისთვის ეთნოგრაფიულ კლუბად იქცა.

ბერმა ეფრემის ღვაწლმა ხელი შეუწყო ეკლესიის გამოსვლას ნაციონალური ჩაკეტილობიდან და ახალი ადამიანების მოქცევას.

ეფრემ ფილოთეველის ხედვა ერთი შეხედვით ზედმეტად მკაცრად და ასკეტურად ეჩვენებოდათ, მაგრამ როდესაც თავად გაიცნეს ახლოს ბერი ეფრემი და მისი მოწაფეები, გაურკვევლობის ყინული გალღვა: ბერძენმა ემიგრანტებმა მთელი სულით შეიყვარეს მამა ეფრემის მონასტრები.

დღეს აშშ-ს სხვადასხვა კუთხეებიდან კვირაობით და სხვადასხვა დღესასწაულებზე ათასობით ადამიანი მიდის მამა ეფრემის დაარსებულ მონასტრებში. ისინი დიდი მოშურნეობითა და სიხარულით ესწრებიან ხანგრძლივ მონასტრულ მსახურებებს.

დიდი გავლენა იქონია მამა ეფრემის მონასტრებმა მართლმადიდებელ მღვდლებზე, რომლებიც აშშ-სა და კანადაში მსახურობენ. მათი შეხედულებების ცვლილება დავიწყებული მართლმადიდებლური გარდამოცემისკენ თანდათანობითმა დაბრუნებამ განაპირობა.

დღეს მრავალი სულიერ მხარდაჭერას მაძიებელი მართლმადიდებელი მღვდელი სტუმრობს მამა ეფრემის მონასტრებს. მამა ეფრემის მისიონერული მსახურების ცენტრი არიზონას წმ. ანტონი დიდის სახელობის მონასტერია, რომელიც შტატის დედაქალაქ ფენიქსიდან არც ისე შორს მდებარეობს. მამა ეფრემის მოსვლამდე ამ ადგილებში მცხოვრებლები უმეტესად მორმონები იყვნენ, ახლა კი ზოგიერთი მათგანი მართლმადიდებელი გახდა.

არიზონას უდაბნო desktopbackground.orgწმ. ანტონი დიდის მონასტერი 1995 წელს, უწყლო და მშრალ უდაბნოში დაარსდა. თავდაპირველად მამა ეფრემი სხვა ადგილას გეგმავდა მონასტრის აშენებას, თუმცა მას გზა შეეშალა და ქალაქ ფენიქსისა და ტუსანს შორის მდებარე უდაბნოში აღმოჩნდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ იმ მომენტში მათ ნათლათ გაიგეს ზარების რეკვის ხმა, რომელიც საოცრად მიამსგავსეს მამა ეფრემის მშობლიური მონასტრის – ფილოთეოს ზარებს. ”მონასტერს აქ ავაშენებთ” – თქვა მამა ეფრემმა. სან-ფრანცისკოს ეპისკოპოს მეუფე ანტონის დიდი ხანი არ სჯეროდა ამ ისტორიის, სანამ რამდენიმე წლის შემდეგ თავად არ გაიგონა იგივე ხმა.

მონასტრის გარშემო მამა ეფრემმა 1200 ჰექტარი მიწა შეიძინა სადაც გაშენდა ვენახი და 3000-მდე ფორთოხლის, ლიმონისა და გრეიფრუტის ხეები და ფინიკის პალმები დაირგო. მცენარეები რომ არ გამხმარიყო აუცილებელი გახდა წლის მოძიება, რომელიც მიწისქვეშა ძიებების შედეგად სასწაულებრივი გზით აღმოაჩინეს. მამა ეფრემს წმ. ანტონი დიდი გამოეცხადა, რომელმაც მიუთითა, თუ სად უნდა გაებურღათ. 980 მეტრის სიღრმეში წყალი აღმოჩნა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა ამ ადგილის ოაზისად ქცევაში. მიუხედავად იმისა, რომ არიზონაში ზაფხულში ტემპერატურა 40-45 გრადუსს აღწევს, მონასტრის ბაღში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარეა. საძმომ სამონასტრო ტერიტორიაზე ფანტანები, ლამაზი ბილიკები და ლამპიონები გააკეთა.

ამ საოცარი ბაღისა და დიდებული ტაძრების ხილვისას რთული დასაჯერებელია, რომ აქ ოდესღაც მხოლოდ 6 ათონელი ბერი ცხოვრობდა, რომ ოდესღაც აქ არ იყო არც წყალი, არც გზა და არც ელექტროობა. თავდაპირველად მამა ეფრემისა და მისი მოწაფეების საცხოვრებელი 4 ტრაილერი გახლდათ. ბერებს შხამიან გველებსა და საშიშ გარეულ ცხოველებს შორის უწევდათ ცხოვრება და შრომა. ამ ადგილას მონასტრის აშენების გადაწყვეტილების გამო ადგილობრივმა მცხოვრებლემა მამა ეფრემი გიჟად ჩათვალეს. მართლმადიდებლებიც კი ეჭვობდნენ მის წარმატებაში.

გავიდა დრო და ტრაილერების ადგილას ტაძრები და კაპიტალური ნაგებობები გაჩნდნენ და საძმოს რიცხვი შვიდიდან 45-მდე გაიზარდა. მონასტრის მთავარი ტაძარები წმინდა ანტონი დიდისა და წმინდა ნექტარიოს ეგინელის სახელობისაა. კიდევ ექვსი ტაძარი არის წმ. სერაფიმე საროველის, ელია წინასწარმეტყველის, დიდმოწამე პანტელეიმონის, დიდმოწამე გიორგის, დიდმოწამე დიმიტრის, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის.არიზონას მონასტერი 2 httpswww.stanthonysmonastery.org

სავანესთან არის სასტუმროც, ფართე და ნათელი ოთახებით, რომელიც ერთდროულად 500მდე მომლოცველს იტევს. ათონური ტრადიციის მიხედვით მონასტერში ღამის გათენება და კვება უფასოა. სასტუმროში მომლოცველებისთვის შეუზღუდავი რაოდენობითაა ხილი, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა.

არიზონას შტატში, დიდი კანიონის შემდეგ, წმინდა ანტონი დიდის მონასტერი მეორე ადგილზეა ტურისტების რაოდენობით.

ანტონი დიდის მონასტერი უზარმაზარ საქველმოქმედო ღონისძიებას ეწევა. მონაზვნები უსახლკაროებს იტოვებენ და ეხმარებიან ყველას, ვინც დახმარებისთვის მიმართავს. ტაკსონის ქალაქში, რომელიც მონასტრის სამხრეთით მდებარეობს, მამა ეფრემის კურთხევით შეიქმნა უსახსრო, მარტოხელა დედების დახმარების ცენტრი.

მონასტრის იღუმენი გახლავთ ათონელი მღვდელმონაზონი პაისი, რომელიც ათონიდან აშშ-ში მამა ეფრემთან ერთად ჩავიდა და მონასტრის პირველი ხუთი მკვიდრიდან ერთერთია. თავად ბერი ეფრემი არ არის დაკავებული მონასტრის ადმინისტრაციული საკითხებით. ის არის მის მიერ დაარსებული მონასტრების სულიერი მოძღვარი. ამ ყველაფერთან ერთად მამა ეფრემი ათასობით ერის ადამიანის მოძღვარია, რომლებიც არიზონაში პლანეტის ყველა კუთხიდან ჩადიან.

ქალაქ ტუსონის მართლმადიდებლური ტაძრის, აწ გარდაცვლილი მხცოვანი წინამძღვარი მამა ანტონი(მოსხონასი) წერდა: ” ჩვენ, ამერიკელ სასულიერი პირებს 70 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალებითა და ღონისძიებებით გვსურდა ხალხის ეკლესიისკენ მოზიდვა. ვაწყობდით დღესასწაულებს, სასმელით, საჭმელითა და გასართობებით ვუმასპინძლდებოდით ხალხს. დავივიწყეთ ლოცვა, ევქარისტია, აღსარება, მარხვა – ის ყველაფერი, რაც ჩვენი ეკლესიის გარდამოცემას წარმოადგენს. ჩვენ ხელსაც კი ვუშლიდით მონასტრების დაარსებას, ვფიქრობდით, რომ მათი ყოფნა აუცილებლობას არ წარმოადგენდა და ჩვენს ეკლესიას ვერაფერს შემატებდა. და აი მოვიდა, პატარა კაცი, ყოველგვარი საერო თუ საღვთისმეტყელო განათლების, ნოვატორული და თამამი იდეების(რომლებიც ასე მრავლად გვქონდა) გარეშე და შეგვახსენა ყველაზე მთავარი – მართმადიდებლური გარდამოცემა. ის არ აწყობდა გასართობ საღამოებსა და ღონისძიებებს, არამედ მრავალსაათიანი ღამისთევებისა და მარხვისკენ მოგვიწოდებდა. ხალხიც გამოეხმაურა მის მოწოდებას, მივიდნენ და მხარიც დაუჭირეს მას. უთვალავია მასთან მიმსვლელთა რიცხვი. ამერიკამ, რომელიც ესწრაფვოდა კულტურული ჩიხიდან და მატერიალური ღირებულების მონობისგან გამოსვლას საზოგადოებისგან განსხვავებულობის გზითა(მაგალითად, ჰიპები) და აღმოსავლური რელიგიებით, აღმოაჩინა ჭეშმარიტი, შეურყვნელი ქრისტიანობა – მართლმადიდებლობა”.

ათონის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სკიტის წინამძღვრი მამა ეფრემი ამბობდა: ”ბერი ეფრემი უპრეცენდენტო და უმძიმესი განსაცდელებისა და თავდასხმების მსხვერპლი გახდა” მიუხედავად ამერიკული ტელეარხებისა და პრესის მუდმივი შეურაცხმყოფელი რეპორტაჟებისა, მან ხელები არ ჩამოყარა და განაგრძო თავისი მისიონერული მსახურება. ეფრემ ფილოთეველი – ცოცხალი მაგალითია დიდი მოღვაწისა, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა წმინდა სერაფიმე საროველის სიტყვები: ”ცხონდი და შენს გარშემო ათასობით გადარჩებიან”.

წყარო: https://pravoslavie.ru/

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტებიდან: https://www.stanthonysmonastery.org/ და https://www.desktopbackground.org/