ქრისტე 1 scaled

რატომ უჭირთ ადამიანებს ქრისტესთან შეხვედრა? – არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი

პავლე მოციქული ამბობდა: ,, ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს’’.

ადამიანს შეიძლება ორი ცხოვრება ჰქონდეს. პავლე მოციქულსაც ორი ცხოვრება ჰქონდა. როდესაც ადამიანი ქრისტეს გარეშე ცხოვრობს ეს ერთი ცხოვრებაა, ხოლო როდესაც ის ქრისტეს ხვდება, მაშინ იწყება ახალი სიცოცხლე. ძველი ცხოვრება დასრულდა და ახლა ყველაფერი ახალია. ადამიანი სულიერი ცხოვრებისთვის მაშინ იბადება, როდესაც ის საკუთარ თავზე უარს ამბობს, ისევე როგორც ეს პავლემ გააკეთა. თავდაპირველად ის იუდაური სამყაროს ელიტას ეკუთვნოდა, სწავლობდა საუკეთესო სასწავლებელში და გამალიელის ფერხთით იზრდებოდა. ჩვენც როდესაც საკუთარ თავს უარვყოფთ, ქრისტეს ფერხთით ჯდომას ვიწყებთ და იწყება ახალი, უკეთესი სიცოცხლე.

ქრისტეს გარეშე ადამიანის ცხოვრება ერთი დიდი გაურკვევლობაა. ამის შესახებ ძალიან კარგად თქვა პავლე მოციქულმა: ,, რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს ქრისტესთჳს ზღვევად’’. ახალი აღთქმა მუდამ მეორედ შობისა და ახალ ქმნილებად გარდაქმნისკენ მოგვიწოდებს.

viqtor mamontovi 1
არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი

როდესაც ადამიანი მხოლოდ ხორცის სურვილებით ცხოვრობს, მისი სული თითქოს იტანჯება, როგორც საპყრობილეში. ადამიანი ამ დროს საკუთარი თავისგან იღლება, რადგან მას ჰგონია, რომ თავად არის ცხოვრების საზრისი. ჩვენს შემოქმედს კი ნებავს, რომ ეს სული გათავისუფლდეს, ქრისტეს შეხვდეს და უსასრულოდ აღმატებული და ერთადერთი სიცოცხლე შეიძინოს. მიუხედავად ამისა, მრავალ ადამიანს მაინც ჯიუტად არ სურს ქრისტეს გზაზე სვლა. რატომ ხდება ასე? რა განაპირობებს მათი გულის სიჯიუტეს?

ზოგი ამბობს, ჭკვიანი ვარ, განათლებული და ჩემი გონება არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვირწმუნოო.

მაგრამ გონება კი არ არის ჩვენი დაბრკოლება, არამედ ჩვენში არსებული ვნებები. გონება არ არის რწმენის მტერი, არამედ მეტიც, ის დამხმარეა. სახარებაში ვკითხულობთ: ,,ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ’’(მთ. 5:8). ვისი გულიც არ არის განწმენდილი, ის ქრისტეს ვერ იხილავს. სწორედ ამიტომ დაიწყო ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ თავისი ქადაგება სიტყვებით: ,,შეინანეთ!’’. მხოლოდ სინანულის საშუალებითაა ღმრთის მადლის მოხვეჭა შესაძლებელი. ზოგიც ამბობს, კი მინდა მწამდეს, მაგრამ ღმერთს ვერ ვგრძნობო…

ჩვენში რწმენის ნასახიც რომ არ იყოს, შეიძლება მისი მოხვეჭის სურვილი მაინც გვქონდეს და ამ შემთხვევაში შეიძლება იმ ადამიანებთან გვქონდეს ურთიერთობა, რომლებსაც ეს აქვთ, ან სახარებას ჩავუღრმავდეთ. ადამიანმა ერთი პატარა ნაბიჯიც რომ გადადგას ზეციური მამისკენ, ის აუცილებლად მის შესახვედრად გამოეშურება, როგორც მოყვარული მამა სახლში დაბრუნებულ უძღებ შვილს.

რა უშლის ადამიანებს ხელს იმაში, რომ ქრისტეს მიმართონ? ისინი ფიქრობენ: რა უნდა შევცვალოთ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ ხომ სხვებზე უარესები არ ვართ, აღზრდაც არ გვაკლია და მოწესრიგებულნიც ვართ. რაღა უნდა შევცალოთ?

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანს არ ესმის ის, რომ მისი ცხოვრება გაცილებით უკეთესი შეიძლება გამხდარიყო მას რომ ქრისტესთვის მიემართა.

ადამიანზეა დამოკიდებული როგორ იცხოვრებს ამქვეყნად: მარადიული საზრისით, თუ წარმავალით. ზოგიც ამბობს: ცხოვრება სიამოვნებების ძიებააო. ზოგისთვის ცხოვრების საზრისი მისი პროფესია ან სიმდიდრეა.

ადამიანი თვლის, რომ ცხოვრებაში მთავარი თვითგამოხატვა და თვითდამკვიდრებაა. ჰგონია, რომ მის შინაგან სამყაროს ეპოქა, საზოგადოება, სახელმწიფო კანონი, ტიტულები, წოდებები, კულტურა და ცივილიზაცია აყალიბებს. მას ეშინია ჩამორჩენილობის, არათანამედროვედ გამოჩენის და ჩქარობს როგორმე ყველაფერი ნახოს და ყველაფერი გაიგოს. იმ ბავშვს გვაგონებს, რომელიც სეირნობისას თავის დედას მუდამ ეწუწუნება: ,,დე, ეს მანქანა მიყიდე, ეს სათამაშო პისტოლეტი მინდა, ნაყინი მიყიდე დე’’. მიყიდე, მიყიდე, მიყიდე…

ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, თუ რატომ უქვემდებარებს თავის მარადიულ არსს ასეთ უმნიშვნელო საგნებს და მთელ თავის ყურადღებას მხოლოდ ხრწნადზე ამახვილებს? თუ ადამიანი მარადიულს არ აირჩევს, მაშინ მისი ცხოვრება ერთი დიდი ტრაგედია იქნება.

გარესამყაროსთან მოუწესრიგებელი ურთიერთობა და ყველაფრის მიმართ უზომო გახსნილობა ადამიანის სულს ვნებს. ის გაფანტული, თავშეუკავებელი ხდება და იმპრესიონისტის მსგავსად მხოლოდ გარე შთაბეჭდილებებით ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ცნობიერება მხოლოდ ჰორიზონტალშია და ხილულში უხილავს ვერ ჭვრეტს. მისთვის მარადისობა არ არსებობს და როდესაც გარე გამაღიზიანებლებს იღებს იწყენს, იტანჯება, წვალობს, მწუხარებს და საყრდენს ვერ პოულობს. ამიტომაც მას ისეთი თავშეყრის ადგილებისკენ მიუწევს გული, სადაც მისი მსგავსი, ქვეცნობიერად რაღაცის მაძიებელი ადამიანები იკრიბებიან და სადაც ეს ცივილიზაცია საკუთარ უსირცხვილობას სრული სისავსით წარმოაჩენს.

თანამედროვე სამყაროში ადამიანი ხშირად ვირტუალიურ სივრცეში ცხოვრობს. ეს სივრცე მხოლოდ კომპიუტერული კი არ არის, არამედ წარმოსახვითი და არარეალური. ის მუდამ ნიღბებს იცვლის: სამსახურში სხვანაირია, ოჯახში სხვანაირი და მეგობრებთან კიდევ უფრო სხვანაირი. ნიღბად შეიძლება ნებისმიერი რამ იქცეს, რითიც ადამიანი ამ ცხოვრებას და თავის შემოქმედს გაურბის. რაღაც მომენტში ღმერთი უჩვენებს, თუ რეალურად როგორი შინაგანი მდგომარეობა აქვს და საკუთარ თავს ანახებს. ხშირად ეს ან დიდად სასიხარულო ან ტრაგიკულ მოვლენებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ ადამიანმა სულ რაღაც წამით მაინც მოიხსნას ნიღაბი, მას თითქმის ყოველთვის შეჯანჯღარება სჭირდება. მაგრამ რასაც ამ ნიღბის მიღმა აღმოაჩენს, არ მოსწონს ხოლმე…

რა არის შემდეგი ნაბიჯი?

სულიერი ადამიანი ამ სიტუაციაში სინანულს მიმართავს, რომელიც იმისთვისაა, საჭირო, რომ ადამიანი ჭეშმარიტი სიცოცხლის, ნიღბების გარეშე ცხოვრების გზას დაადგეს და ქრისტესთან იყოს.

თუკი ადამიანში არ გაღვიძებულა სულიერი ცხოვრება, მაშინ როდესაც საკუთარ თავს ნიღბის გარეშე ხედავს, ეშინია. საკუთარ თავს ასეთად არ იცნობდა. ამ დროს ქრისტე იცდის, თუ რას აირჩევს ადამიანი: გამოგონილ სამყაროს დაუბრუნდება თუ როგორც ბავშვი, ისე ისწავლის რეალურ სამყაროში ცხოვრებას. ეს არჩევანი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამ გზაზე მხოლოდ ქრისტეს შეუძლია ჩვენი დახმარება. ის არ შეზღუდავს ჩვენს თავისუფლებას თუ მის გარეშე ცხოვრებას ავირჩევთ. თუ ადამიანი არ გამოიყენებს ქრისტესთან, ანუ სიცოცხლესთან შეხვედრის შესაძლებლობას, მაშინ ეს ნიღაბი შეიძლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიეწებოს.

ფაქტია, რომ ადამიანს არ უნდა ამ ნიღაბთან განშორება და მოსწონს კიდეც ის. თანაც, მხოლოდ მას კი არ მოსწონს, არამედ მის გარშემომყოფებსაც. აქ კი სინამდვილეში არანაირი მშვენიერება არ არის, მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეა… ადამიანმა ზეციური მამისგან მონიჭებული ბუნებრივი სახე უნდა შეინარჩუნოს. მაგრამ ეს მხოლოდ მისი არჩევანი და გადაწყვეტილებაა. თუ ძალით ჩამოჰგლეჯ ნიღაბს, მაშინ შეიძლება სერიოზულად დააზიანო და ცხოვრების საყრდენი გამოაცალო. ამიტომაც, არ შეიძლება ამ დროს არც მკაცრი მხილება, არც ნიღბის ჩამოგლეჯა. საჭიროა ძალიან დელიკატური და ფაქიზი მიდგომა, რათა ადამიანმა თავად მოისურვოს მისი ჩამოხსნა. ამ ნიღბის გაკეთების მიზეზიც ხომ ის იყო, რომ მას შინაგანად სციოდა და ირგვლივ სიყვარულს ვერ ხედავდა. თუკი ადამიანის მიმართ უარყოფითად ვართ განწყობილნი, შეხვედრისას სულ რომ არ ამოვიღოთ ხმა, ჩვენგან წამოსულ ამ უხილავ ენერგიას მაინც იგრძნობს. ხოლო თუ ადამიანს გულს გავუთბობთ, ის თავად ჩამოიხსნის ნიღაბს. როდესაც ადამიანი თბილ ოთახში თბილი ტანსაცმლით ზის და საუბრობს, ამ ოთახში ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს და ადამიანი თავად იხდის პალტოს, რადგან უკვე ცხელა.

ის, რაც ხისტი და მშრალია, შორსაა სიცოცხლისგან, ხოლო ის, რაც ფაქიზი და თბილია – ახლოს. ნახეთ რა ემართება მშრალ, ხმელ ხეს. როდესაც ძლიერი ქარი ამოვარდება, ის ტყდება. მხოლოდ ის ხე გაძლებს ამ დროს, რომელიც ცოცხალია.

იმისათვის, რომ ადამიანში ქრისტესთან ყოფნის სურვილი აღიზარდოს, საჭიროა კეთილი ნიადაგი. ცუდი ადამიანები არ არსებობენ, არსებობს ცუდი აღზრდა. თუკი ბავშვობაში ადამიანს სიყვარულით აღზრდიან, ის სიყვარულის ადამიანად ჩამოყალიბდება და ირგვლივ მყოფებს სიხარულსა და ნუგეშს მიანიჭებს.

ისეც ხდება, რომ ორი ადამიანი ერთ ოჯახში ერთნაირად იზრდება, მაგრამ ერთი სიკეთის გზაზე დგება, მეორე კი ცუდ გზას ირჩევს.

ეს ძირითადად მშობლების დამოკიდებულებიდან მომდინარეობს. ერთი უფრო მეტად უყვარდათ, მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდნენ, ხოლო მეორეს ნაკლებს. ეს ყველაფერი აისახება ადამიანის ფსიქიკაზე, მორალსა და ზნეობრივ მდგომარეობაზე. ნორმალური დედა და ნორმალური მამა არ განასხვავებენ თავიანთ შვილებს. მშობლებმა უნდა ისწავლონ, რომ შვილების მიმართ მომთმენნი იყვნენ და მათი საქციელებიც მოთმინებითა და ყურადღებით გამოასწორონ. თუ ეს ყველაფერი ასე არ მოხდა, მაშინ ბავშვი აუცილებლად აჯანყდება.

არის მეორე უკიდურესობაც, როდესაც ბავშვს ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობენ და ასე ვთქვათ მას ,, დედამიწის ცენტრში’’ აყენებენ. როდესაც ასეთი ბავშვი იზრდება და გარესამყაროსთან შეხებაში მოდის, ის ვეღარ პოულობს ასეთ უხვ ყურადღებას როგორსაც მიჩვეული იყო, ხვდება, რომ ის ცენტრი სულაც არ არის და მაშინ იწყება უკიდურესი აჯანყება მის მიმართ ოდნავ განსხვავებული მოპყრობის წინააღმდეგაც.

განა შეიძლება ადამიანის სიყვარულით ,,გადაძღომა’’? ძალიან ხშირად ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებზეც ვერ ვიტყვით, რომ არ უყვარდათ, მაგრამ ეს სიყვარული იმდენად უზომო იყო, რომ ტრავმირებულები გახდნენ.

წმინდა მამები ამბობდნენ: ,,ყოველგვარი სიკეთე განსჯით აღასრულე’’. ეს ეხება სიყვარულსაც. სიყვარულსაც სჭირდება განსჯა, რადგან ეს მხოლოდ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მოვეფეროთ და საჩუქრები ვაჩუქოთ ადამიანს. სიყვარული ნიშნავს სხვა ადამიანისთვის თავისუფლების მინიჭებას. ეს ნიშნავს იმას, რომ არ შეზღუდო მისი თავისუფალი არჩევანი, რაც ყველაფრის უფლების მიცემას კი არ ნიშნავს, არამედ შინაგან თავისუფლებას. მამას და დედას უნდა ესმოდეთ, რომ მათ შვილს ჰყავს ზეციური მამა, რომელსაც მათზე უსასრულოდ აღმატებულად უყვარს ის. არ შეიძლება, რომ მშობლებმა ბავშვი მიისაკუთრონ. მათ ის ქრისტესთან უნდა მიიყვანონ. მაშინ ის სრულიად სხვანაირად იცხოვრებს იმ ნეტარი თავისუფლებით, რომელიც ჩვენც გვჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყოფნის ხოლმე ამისთვის კეთილგონიერება.

სიკეთეში აღზრდილი ადამიანი მთლიანია, რადგან თავად სიკეთეა მთლიანობა. თუ ადამიანი სიკეთეში არ გაიზარდა, მასში აუცილებლად გაჩნდება შინაგანი განხეთქილება. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასში სიკეთის არანაირი მარცვალი არ იქნება. ის იქნება, მაგრამ იმ სისავსით ვერ გამოვლინდება, რომ ბოროტებას გულში ადგილი არ დაუთმოს.

ამ გაორებისა და შინაგანი განხეთქილების გადალახვაა საჭირო. უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ვებრძოლოთ ბნელ ძალას. რაც, სამწუხაროდ, არ ვიცით და ხშირად ბოროტებას ბოროტებით ვპასუხობთ. ადამიანი კი მხოლოდ სიყვარულით გამოსწორდება.

თუ ადამიანი ამას მხოლოდ გონებით კი არ გააცნობიერებს, არამედ გულით მიიღებს, მაშინ ის ეცდება და იშრომებს, რომ ყველა შეიყვაროს, ყველას აპატიოს და მის მიმართ აღძრული ნებისმიერი ბოროტება სულიერად აღიქვას და იფიქროს, რომ ეს სინამდვილეში ადამიანის შინაგანი ღაღადისი და შველის მოთხოვნაა, იმ ადამიანის ტკივილია, რომელიც არ უყვარდათ და რომელიც ცუდადაა. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ხშირად ყვირის ხოლმე გულის სიღრმიდან და შველას ითხოვს.

ამ სამყაროს კი ეს არ ესმის. თუ ადამიანი ქურდობს, სამოქალაქო თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დასაჭერია და ციხეში უნდა ჩაჯდეს, მაგრამ თუკი სულიერად შევხედავთ, ეს ადამიანი მთელ სამყაროს შველას თხოვს და ყვირის: ,,მე არავის ვუყვარდი!’’. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ექიმს მძიმედ დაავადებული პაციენტის მიმართ? ის მთელი ძალებით ეცდება, რომ დაეხმაროს მას. ასევეა აქაც: ადამიანი შველას ითხოვს და მას უნდა დავეხმაროთ, როგორიც არ უნდა იყოს ის.

იყო ერთი შემთხვევა, როდესაც ერთ სახლში ორი ქურდი შეიჭრა. სახლის პატრონი შინ არ იყო, ხოლო ძაღლი სამზარეულოში იყო ჩაკეტილი. ქურდებმაც დიდი ჩანთებით ბევრი რამ წაიღეს. ამ დროს, ძაღლი ყეფდა, ვერ ისვენებდა, მაგრამ ვერც გამოსვლა შეეძლო, რადგან სამზარეულოს კარები ჩაკეტილი იყო. ცოტა ხანში მან ფანჯარა ჩაამტვრია, გადახტა და დაედევნა მათ. ერთ ქურდს წამოეწია, ყელში სწვდა და არტერია გაუჭრა. ეს ქურდი სისხლისგან იცლებოდა. იმ ეზოში მცხოვრებმა მეზობლები ამ ყველაფერს შეესწრნენ და მიხვდნენ, რომ ისინი ქურდები იყვნენ. მათ ის კი არ უთქვამთ, ძალიან კარგი, ეგრე მოგიხდებოდათო. ისინი გაიქცნენ და სასწრაფოში დარეკეს. როდესაც სასწრაფო მოვიდა, ექიმი ვერაფერს გახდა, რადგან ძაღლი პატრონის გარეშე არ უშვებდა. მეზობლებმაც გაიხსენეს პატრონის ტელეფონის ნომერი და დაურეკეს. ისიც მოვიდა, ძაღლი წაიყვანა და ეს საბრალო მძარცველიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმსაც არ უფიქრია, ვინ იყო დაზიანებული. ის უბრალოდ ადამიანს ხედავდა, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. ეს არის სულიერი, ქრისტიანული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ. ადამიანისადმი ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი ქრისტეს შევხვდებით და თაბორის გამოცდილება გვექნება. მხოლოდ თაბორზე ქრისტეს ნათლის ხილვის შემდეგ შევძლებთ ადამიანისთვის ქრისტეს თვალებით შეხედვას.

ვინ არის მოყვასი? – ის, ვისაც შენი დახმარება სჭირდება. ლიტურგიაზე ჩვენ მთელი სამყაროს მშვიდობისთვის ვლოცულობთ, ანუ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც არ ვიცნობთ. მოყვასი შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს ჩვენს ცხოვრებაში. მაგალითად, მიდის ქუჩაში ადამიანი და უეცრად ხედავს: ერთი მოხუცი ადამიანი წაიქცა. ის მას საერთოდ არ იცნობდა და მისთვის შორეული ადამიანი იყო, მაგრამ იმ შემთხვევის შემდეგ, ის მოყვასი გახდა. მე არ შემიძლია მას გვერდი ავუარო, უნდა გავჩერდე და ავაყენო.

ამრიგად, მოყვასია ის, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. დახმარება კი შეიძლება იყოს მატერიალურიც და სულიერიც.

მატერიალური დახმარების გაწევა უფრო მარტივია. რატომ? იმიტომ, რომ ხშირად ადამიანი სხვა დახმარების მისაღებად არ არის მზად. სულიერი დახმარება კი გაცილებით რთულია, რადგან მისი მიღებაც რთულია. შენ კი გინდა, რომ ადამიანი ქრისტესთან იყოს, მაგრამ ეს რაღაც საჩუქარი ხომ არ არის, რომელიც ხელში გიჭირავს და შეგიძლია მიაწოდო.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულიერი დახმარების გაწევა შეუძლებელია ან არ შეიძლება. ჩვენ ვლოცულობთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ შემოქმედს არ იცნობენ. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როდის შეხვდებიან ქრისტეს, როდის გაიხსნება მათი გული და იქ ქრისტეს იხილავენ. ეს რაციონალურ განსჯას არ ექვემდებარება. ჩვენ შეიძლება ეს მთელი გულით ვისურვოთ, მაგრამ სხვა ადამიანის ნაცვლად ვერ მივალთ ქრისტესთან. მან თავად უნდა გაიღვიძოს და შემდეგ როგორ იმოქმედებს ქრისტე მის ცხოვრებაში ეს უკვე საიდუმლოებაა.

თუ ადამიანს არ სწამს ქრისტესი, ქრისტეს სწამს ადამიანის.

წყარო: https://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©