ისწრაფე, რათა დიდი გული გქონდეს, რომ ყველას მიღება შეგეძლოს მასში. მაშინ, შენი სიყვარული, შენს ყოველგვარ მწუხარებას განკურნავს. მწუხარება – საკუთარ თავში ჩაკეტილობის შედეგია და ადამიანს ის ეუფლება მაშინ, როდესაც მოყვასის ატანა არ ძალუძს. საკუთარ თავში ჩაკეტილობა, ამ შემთხვევაში, არ მოიაზრებს ხასიათის თვისებას, ვინაიდან ეს იშვიათი მოვლენაა, აქ იგულისხმება ეგოიზმის შედეგად გამოვლენილი ჩაკეტილობა, როდესაც მე არათუ ბალიშისა და საწოლის გაზიარება არ შემიძლია მოყვასისათვის, არამედ მის გვერდით ყოფნაც კი აუტანელია. მე მაღიზიანებს მოყვასი, თუნდაც რომ მან მხოლოდ დაახველოს მონასტრის მეორე კუთხეში.
მწუხარება – შეგრძნებაა ადამიანისა, რომელიც ვერ გრძნობს ღმერთს. მსგავსად იმისა, რომ სიხარული – უფლის თანამყოფობის ნიშანია, მწუხარება – მარტო მყოფის, უბედურისა და მგლოვიარის დაღია, რომელიც იტანჯება, ქაოსშია და წარუმატებელი ბრძოლის გრუხუნი ესმის.
მწუხარე ადამიანი სხვა შეცდომასაც უშვებს: ის თავისი მსგავსის ძებნას იწყებს, რათა გული გაუღოს, მაგრამ, ეს გულგახსნილობა კიდევ უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას. ყოველივე ამ საშინელების ძლევა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, ადამიანის საკუთარ ძმად მიღებას და შეგრძნებას იმისა, თუ როგორ სცემს მოყვასის გული და გიხარია მის გამო[1, 458–459].
ფხიზლად იყავი, რომ მწუხარების დემონმა არ გძლიოს. ასეთ შემთხვევაში ჩვენ უდანაშაულონი ვართ, მაგრამ, როგორც წესი, მწუხარება – უდავოდ დემონური მანქანებაა. მაგალითად, მე გადავწყვეტ, რომ მხოლოდ ტრაპეზის დროს მივირთვა საკვები, მაგრამ, ხუთი წუთის შემდეგ, ჩემთვის ცხელი პური და ყველი მოაქვთ. მე მას ვიღებ, ვჭამ და შემდეგ ვნანობ. დემონი სარგებლობს ამ შემთხვევით და ჩემში მწუხარებას იწვევს, მე კი ვფიქრობ, რომ მწუხარება მაჩვენებს, რომ თითქოს ამგვარად მე ვინანიებ ჩემ მიერ პურისა და ყველას ჭამას. სინამდვილეში კი, მე არ მომინანიებია, რამეთუ მწუხარება, მუდამ მოუნანიებლობაზე მიანიშნებს. ადამიანი წუხს, რადგან მას არ სურს შეიცვალოს.
მწუხარება ნათელყოფს ჩემს სისასტიკესა და უსინდისობას. მწუხარებაში ჩავარდნილი, მე ვადასტურებ, რომ გარდა დემონისა, არავის ვუგდებ ყურს. მაგალითად, მე რაღაცაში წარმატებას მივაღწიე, მაგრამ შემდეგ დავმწუხრდი, რადგან ეგოისტური ზრახვები წარმოიშვა ჩემში. ეს სატანამ მიბიძგა მწუხარებაში ჩავვარდნილიყავი. ნებისმიერი სახის მწუხარება, რომელიც ჩემი ცხოვრებიდან, ჩემ გარშემომყოფთაგან და ჩემი ყოველდღიურობიდან იღებს სათავეს, – ყოველთვის დემონური მწუხარებაა. ადამიანები ნუგეშს მოგზაურობაში, გართობასა და დროსტარებაში ჰპოვებენ, მაგრამ, ანიჭებს კი ეს მათ სიხარულს? აქარვებს მწუხარებას? ვერასოდეს. პირიქით, ეს მათ უფრო დიდ სირთულეებსა და მწუხარების უფრო მეტად დახლართულ ლაბირინთებს უქმნის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ სჯერათ, რომ ოდესმე შეძლებენ მწუხარებაზე გამარჯვებას[1, 464–465].
გსურს იმ დიად სათნოებთა შეძენა, რომლებიც ანგელოზთა ფრთების მსგავსად ზეცად აღგიყვანენ? მაშინ სძლიე მწუხარებას. გააძევე ის შენი ცხოვრებიდან. როდესაც მიხვდები, რომ მწუხარება, შფოთი, ტანჯვა, წუხილი და ვაება – ყველა ეს ვნება დემონისაგან მოდის, შენ დიად სათნოებებს შეიძენ [1, 465].
მწუხარება მომაკვდინებელია, ის შთანთქავს ჩვენს პიროვნებას, აკვდინებს ჩვენს შესაძლებლობებს, იმედს, სიხარულს, ღიმილს, ჩვენს ურთიერთობას ღმერთთან. ის ღმერთის გარეშე ტოვებს ჩვენს გულს. არის მწუხარება, რომელიც მოყვასის მხრიდან არასასურველი ურთიერთობიდან გამომდიანრეობს. ძალზედ მედგრად უნდა ვიდგეთ, რომ ერთის მხრივ, მოყვასის ქმედებამ არ გვატკინოს გული, მეორეს მხრივ კი, არ ვატკინოთ გული მათ, რადგან ამით მათ ლოცვის, სიყვარულისა და მარხვის შესაძლებლობას ვართმევთ [2, 40–41].
როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უყურებს და განვლილ წლებს გადაავლებს თვალს, როდესაც ხედავს თავის წარუმატებლობებს, ცოდვებს, შინაგან ჭრილობებს, ურწმუნოებას, ხედავს თავის განრღვეულობას, აზრობრივ თუ გულისმიერ დაცემებს, რომლებითაც სავსეა მისი ცხოვრება, როდესაც ხედავს, რომ მრავალგზის შეინანა, მაგრამ საქმით არაფერი შეუცვლია, მას ეუფლება მწუხარება. ეს მწუხარება, შესაძლოა, ასევე ქვეცნობიერი “მედან”, ანუ ეგოიზმიდან, სიამაყიდან მომდინარეობდეს, რადგან ჩვენ გვსურს ვიყოთ დიადები, არ გვქონდეს ზრახვები, ცოდვები და არასოდეს განვიცადოთ მარცხი. ჩვენი დაუსრულებელი ხორცშეუსხმელი სურვილები გვაგდებენ ჩვენ მწუხარებაში.
მაგრამ, უმჯობესია საზარელ დემონთა ლეგიონის ტყვეობაში აღმოჩნდე, ვიდრე ჩავარდე მწუხარების ხელში, რამეთუ მისი დაძლევა ძალზედ რთულია. შენ შეგიძლია ზრახვებთან ბრძოლა, ცოდვისა და ეშმაკის დამარცხება, მაგრამ შენ ვერ სძლევ მწუხარებას. ამიტომაც იფხიზლე, მღვიძარე იყავი, რომ მწუხარება არ დაგეუფლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენი გამარჯვება სათუო გახდება.
ყოველი მწუხარების უკან მახეა დაგებული. უამრავი ადამიანი ქცეულა მწუხარების დემონთა ნადავლად, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აგებენ მახეებს. რამდენი გულიც აენთება უფლის სიყვარულით, იმდენ ბადეს ხლართავს მწუხარების დემონიც და რაოდენობა მსხვერპლისა, რომელიც მის კლანჭებს შორის ექცევა, უთვალავია. მწუხარება ხომ გარეგნული მორჩილებით ინიღბება, ცრუ სინანულითა და ცრუ სიყვარულით უფლისადმი – ათასი განსხვავებული რამით, და ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება ამას, ხელფეხშეკრული აღმოჩნდება ხოლმე და არაფრის ქმნა არ ძალუძს.
მწუხარების დემონი ნადირობს შენზე და ერთიმეორის მიყოლებით გიგებს მახეებს. სცოდავ? ეს გიგებს ხაფანს და გეუბნება: “შესცოდე, ახლა რას იზამ? იტირე შენს ცოდვებზე, იგლოვე, მიწას თავი ურტყი, როგორც ამას წმინდანები აკეთებდნენ, სისხლი ამოაფურთხე, როგორც იოანე კიბისაღმწერელი წერს”. და კიდევ რას არ მოიფიქრებს, რომ დაგაბნიოს, სასოწარკვეთილებაში ჩაგაგდოს და დაგაუძლუროს. პირიქით ხდება, როდესაც წარმატება გდევს თან, ის სიამაყისა თუ სხვა ვნების ზრახვებს გაპარებს, რათა მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან თუ უკნიდან – ყოველმხრივ ალყაში მოგაქციოს და შეგიპყროს.
ამგვარად, მწუხარებას ადამიანის ძალების გამოფიტვა შეუძლია და ის არ გაჩერდება, სანამ შენს პარალიზებას არ მოახდენს, სანამ არ წაგართმევს ძალებს. და ყველაზე მახვილგონივრული საშუალება, რომელსაც ის იყენებს, – ეს არის უფლის სიტყვების შეხსენება: ნეტარ არიან მგლოვიარენი (მათ. 5, 4). არა, ნუ მისცემ შენი მოტყუების საშუალებას, მწუხარება ეშმაკისგანაა და არა ღმრთისაგან [1, 384–385].
მწუხარება, ხშირ შემთხვევაში, ზრახვების საშუალებით მოქმედებს. როდესაც ის მოდის, გვერთმევა გონივრული განსჯის უნარი; ის სპინერივით ბზრიალებს ჩვენს გონებაში, თავს გვატკივებს და აღარც ძილის საშუალებას გვაძლევს, ყოველი ადამიანი უცხო და ქვასავით ცივი ხდება ჩვენთვის. ამიტომაც, ნუ შეგეშინდება ზრახვების. მხოლოდ გონიერი გული იქონიე და მათთან პირდაპირ შებრძოლებას ნუ შეეცდები[1, 388].
წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©