ჩემო შვილებო, ჩვენს წინაშე ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს საღმრთო ხორცი და საღმრთო სისხლია. თქვენც, აქ მის წინაშე მდგომნი, ემზადებით ამ წმინდა, უკვდავი და ცხოველსმყოფელი საიდუმლოების მისაღებად. იმისათვის, რომ ღირსეულად მივეახლოთ ქრისტეს, თითეულ ჩვენგანს მოეთხოვება: პირველ რიგში, ბავშვური, უბრალო გულიდან მომდინარე ცოცხალი რწმენა, რომ პურის და ღვინის სახით, ბაგეებით, თავად ქრისტეს იღებთ საკუთარ გულში და მასთან ერთი სისხლი, ერთი ხორცი და ერთი სული ხდებით: ‘’ რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი.’’.(ეფ. 5:30); ‘’ რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა’’(ინ.6:56); ‘’ ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს’’.(1.კორ.6:17); იმ მცირე ნაწილშიც კი, რომელსაც თქვენ იღებთ, მთელი სისავსით მკვიდრობს იესუ ქრისტე, ისევე, როგორც სული მკვიდრობს სხეულში. მოგვეთხოვება ურყევი მინდობა ქრისტეზე, რომ ის თავისი საღმრთო ცეცხლით დაწვავს ჩვენს ვნებებს და თავისი უხრწნელი სისხლით განწმენდს ჩვენს გულს; ამიტომაც, თითოეულმა ჩვენგანმა სიღრმისეულად გავაცნობიეროთ ჩვენი უღირსება და ღმრთის მოწყალებაზე სრულად მინდობილნი მივეახლოთ ქრისტეს. რათა მან თავისი მადლით ღირსი გაგვხადოს ამ უდიდესი საიდუმლოების მიღებისა; არ იყოყმანოთ, არ ჩავარდეთ სულმოკლეობაში, არ მოიწყინოთ, როდესაც თქვენს თავს ჩაუღრმავდებით და საკუთარ თავში უზარმაზარ მანკიერებებს დაინახავთ, რადგან ამ სასმისით ჩვენს გულში ქრისტეს მადლი შემოდის, რომლითაც მიტევებასა და განწმენდას ვიღებთ. ცოცხლად გწამდეთ და მიენდეთ ქრისტეს. მაზიარებლებს ასევე მოეთხოვებათ ქრისტეს მიმართ ანგელოზებრივი და მხურვალე სიყვარული. მის სიყვარულზე ჩვენც სიყვარულით უნდა ვუპასუხოთ. რადგან წარმოიდგინეთ, როგორი სიყვარული გამოავლინა ჩვენ ცოდვილების მიმათ, როდესაც თავად ღმერთი, ჩვენთვის ადამიანად მოვიდა, ჩვენთვის ივნო, ჩვენთვის მოკვდა და მკვდრეთით აღდგა. სასმელად და საჭმელად მოგვცა თავისი საღმრთო ხორცი და საღმრთო სისხლი და ამით ორგანულად დაგვიკავშირდა, ჩვენი ნაწილი გახდა და თავისი საღმრთო ბუნების თანაზიარი გაგვხადა! რომელ დედას ან რომელ მამას ჰყვარებია თავისი შვილი ისე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა? რისთვის შეგვიერთა ქრისტემ წმინდა საიდუმლოებების მიერ? იმისათვის, რომ ცოდვისგან აღვედგინეთ, განვეკურნეთ და განვეწმინდეთ. იმისთის, რომ ჩვენთვის თავისი სიწმინდე, სიცოცხლე, სიმშვიდე, სიხარული, სიტკბოება, სიყვარული და თავისუფლება განცდისეულად მოეცა. ამ ყველაფერზე ძვირფასი არაფერია ამ სამყაროში. შეგვიერთა, რათა ცოდვისგან განწმენდილები, გარდაქმნილები და განახლებულები თავისთან ზეცაშია, მარადიულ სიცოცხლეში წავეყვანეთ: ‘’ რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა’’.(ინ.6:54)
ასე რომ, შვილებო, რომლებიც დღეს ამ უწმინდეს საიდუმლოს უნდა ეზიაროთ, ყველანაირად ეცადეთ, რომ თქვენს გულებში ქრისტეს მხურვალე სიყვარული აღანთოთ.
სულო წმიდაო, ნუგეშინისმცემელო, საუნჯეო კეთილთაო, ჩვენს გულებში შენი სიყვარული ჩაღვარე!
გარდა ამ ყველაფრისა, მოგვეთხოვება გულის მეტამორფოზა, შინაგანი მდგომარეობის ცვლილება, ანუ საკუთარ თავზე მუშაობა. მრავალ ჩვენგანს ცოდვა უყვარდა და ნებსით თუ უნებლიედ ცოდვაში ვეფლობოდით. ახლა კი, ეცადეთ, რომ მთელი არსებით შეიძულოთ ცოდვა, რადგანაც ის მტრობაა ჩვენი შემოქმედი ცოცხალი ღმერთისა. ეცადეთ, რომ შეიცვალოთ სულის სიღრმეში. თქვენ საშუალება გეძლევათ საღმრთო ტარიგის სისხლი და ხორცი მიიღოთ – ანუ ჩვენი მშვიდი, უბოროტო, კეთილი უფალი, იესუ ქრისტე. ამიტომაც, თქვენც ყველანაირად ეცადეთ, იშრომეთ და გაისარჯეთ, რომ იყოთ მშვიდები, უბოროტოები, მომთმენნი, ქრისტეს, ეკლესიის, მშობლების, უფროსების მორჩილნი! თქვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს მიიღებთ, ის კი – სრული სიყვარულია. მისთვის უცხოა მტრობა და ბოროტება. ამიტომაც, ვეცადოთ, რომ ერთმანეთის სიყვარულში ვივარჯიშოთ და ასე ვიცხოვროთ; ერთმანეთს წყენა ვაპატიოთ და ბოროტებას ბოროტებით არ ვუპასუხოთ. ეცადეთ, რომ ჩვენს ზეციურ მეუფეს, ქრისტეს ესაუბროთ, თქვენი გონება, აზრები, ფიქრები ქრისტესკენ მიმართოთ, მას მიბაძოთ, მისი თვისებები შეიძინოთ და მას დაემსგავსოთ. მიწიერ საგნებს ნუ მიეჯაჭვებით, რაგან ისინი ხრწნადნი არიან და იმონებენ ადამიანის სულს. შეიყვარეთ ზეციური სამშობლო, იერუსალიმის ზეციური ბაღი, სადაც არიან ჩვენი ყოვლადწმინდა დედა, ყველა წმინდანი და საითკენაც ყველანი უნდა ვისწრაფოდეთ. დაუტევეთ ყოველგვარი უწმინდურება და ვნებები; მუდამ ეცადეთ უკეთესობისკენ შეიცვალოთ და გამოსწორდეთ; ჩვენს უფალს შენი კეთილი საქმეების ნაყოფები მიართვი; მუდამ ეცადე სინანულის ღირსი ნაყოფები გქონდეს.
უფალო! თავად შენ შეგვცვალე და განგვაახლე!
და ბოლოს, იმისათვის, რომ ეს ზეციური ძღვენი შევინარჩუნოთ, მოგვეთხოვება საკუთარ თავზე ყურადღება, მღვიძარება, ანუ საკუთარ გულზე ყურადღება, რათა ვაკონტროლოთ თუ რა შეგრძნებები, მიდრეკილებებია მასში. ვეცადოთ, რომ ჩანასახშივე მოვიკვეთოთ მასში გაჩენილი ცოდვისმიერი სურვილები და მიდრეკილებები, ვიყოთ ზომიერნი და თავშეკავებულნი საჭმელსა და სასმელში; თავი შევიკავოთ ამაოდმეტყველებისგან, ბილწსიტყვაობისა და ყოველგვარი ტყუილისაგან; მოკლედ რომ ვთქვათ: უნდა ვეცადოთ, რომ განვეშოროთ ყველაფერს, რაც ქრისტესთვის არ არის მოსაწონი; გახსოვდეთ, რომ ქრისტესთან ზიარება განგვაღმრთობს და ამიტომაც ამ ღირსების შესაბამისად უნდა ვცხოვრობდეთ სიწმინდეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში. ჩვენ ხომ ზეციური მამის შვილები და ქრისტეს დები და ძმები ვართ და როგორი ცხოვრება მოგვეთხოვება!
ყველამ ღირსგყოთ უფალმა, რომ ღირსეულად და ნაყოფიერად მიიღოთ ქრისტეს სისხლი და ხორცი. ასე რომ: ‘’სარწმუნოებით და სიყვარულით მოვიდეთ, რათა თანაზიარ ცხოვრებისა საუკუნოსა ვიქმნეთ’’. ამინ.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©