ქრისტე 1

სიმდაბლე და ადამიანთა მსახურება – წმინდა ნიკოლოზ სერბი

ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სიმდაბლე ჭეშმარიტად აღტაცების ღირსია, როგორც მისი სასწაულები, ბრწყინვალე აღდგომის ჩათვლით. შეიმოსა რა მონური და შემუსვრილი სხეული, ის ყველას მსახური გახდა.

რატომ ცდილობენ ადამიანები, იმაზე უკეთესებად წარმოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან? არც მინდვრის ბალახი ცდილობს იმაზე დიდი ჩანდეს, ვიდრე არის, არც თევზები და არც ფრინველები მიისწრაფვიან, რომ განსაკუთრებულად კარგები გამოჩნდნენ. ადამიანები რაღატომ აკეთებენ ამას? იმიტომ, რომ ისინი ოდესღაც მართლა დიდნი და უკეთესნი იყვნენ, ვიდრე ახლა არიან. ამიტომაც, ეს ქვეცნობიერი მეხსიერება გვაიძულებს, რომ მუდამ განვადიდოთ და ავიმაღლოთ საკუთარი თავი.

სიმდაბლე – ადამიანისთვის ყველაზე რთულად დასაუფლებელი მეცნიერებაა. სწორედ ამიტომაც, უფალმა ჩვენმა, იესუ ქრისტემ სიმდაბლის შესახებ, როგორც სიტყვებით, ისევე თავისი პირადი მაგალითითაც დღესავით ნათლად გვამცნება, რათა არასდროს არავინ დაეჭვებულიყო ამ დიდებული სათნოების აუცილებლობასა და მაცხოვნებლობაში. ამიტომ მოვიდა ადამიანური ხორცით, რომელიც ცოდვის გარდა, ყველაფრით ჩვენი მსგავსი იყო. უცოდველმა და ნათელმოსილ ქერუბიმთა შემოქმედმა უფალმა მონის უხეში სამოსი შეიმოსა. განა თავად ეს საკვირველება არ არის სიმდაბლის ნათელი გაკვეთილი? ეს გაკვეთილი მან გაიმეორა იმითაც, რომ სამეფო სასახლეში კი არ დაბადებულა, არამედ პირუტყვთა ბაგაში; ყველაზე გლახაკებს, უარყოფილებსა და ცოდვილებს ემოგობრებოდა და შემდეგ, თავის მოწაფებს ფეხებიც დაბანა; საკუთარი ნებით მიიღო ტანჯვა და სიკვდილის უმწარესი სასმისი ბოლომდე შესვა. თუმცა ადამიანებს არ შეეძლოთ და ყველაზე მეტად უჭირდათ სიმდაბლის ამ უთვალსაჩინოესი გაკვეთილების შეთვისება. მშვიდი და მდაბალი უფლის ყოველდღიურად მხილველი მოწაფეებიც კი ვერ სწვდებოდნენ მის სიმშვიდეს და ვერც მის სიმდაბლეს ითავისებდნენ. მათი ეგოიზმი სამყაროს ისტორიის ამ ყველაზე საზარელ წუთებში გამოვლინდა, სწორედ მაშინ, როცა ეს ყველაზე ნაკლებად უნდა გამოვლენილიყო. ესეც ღმრთის დაშვებით განცხადდა, რათა საუკუნეთა განმავლობაში, ყველა თაობის წინაშე წარმოჩენილიყო ადამიანის დაცემულობა, განრღვეულობა, უძლურება და არარაობა. მაგალითად, როცა უფალი მდიდართა შესახებ ამ შემაძრწუნებელ სიტყვებს წარმოთქვამდა: ,,უადვილეს არს აქლემი განსლვად ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა’’(მთ.19:24) – პეტრე მას პირადი საზღაურის შესახებ ეკითხება: ,,რაჲ-მე იყოს ჩუენდა?’’. მეორე შემთხვევაში, როცა უფალი თავის წამებასა და სიკვდილს წინასწარმეტყველებდა, მოწაფეები ერთმანეთში ბჭობდნენ, თუ ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის. გულსსხმაჰყოფდა რა მათ ფარულ ზრახვებსა და საუბრებს, ყოვლისმცოდნე ქრისტემ მოიყვანა ერთი ყრმა, მათ შორის დააყენა, გულში ჩაიკრა და ამ გზით მათი პირველობის სურვილი ამხილა(მკ.9:31:37). ასევე, თავისი მიწიერი გზის მიწურულს, როცა უკანასკნელად იმყოფებოდა იერუსალიმში და ამომწურავად საუბრობდა იმაზე, რომ მას შეიპყრობდნენ, სცემდნენ, დასცინებდნენ, აფურთხებდნენ და ბოლოს მოკლავდნენ კიდეც, აი ამ წმინდა და შემაძრწუნებელ წამებში, როცა მეუფე დიდებისა თავის მომავალ უკიდურეს დამცირებას წინასწარ აუწყებდა, კვლავ თავი წამოყო სიამაყის გველმა და მისი უპირველესი მოწაფეები იმგვარი სათხოვარისკენ აღძრა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ დაცინვაა უფლის პატიოსანი ვნებებისა. ამ უკანასკნელ შემთხვევას გვიამბობს დღევანდელი სახარებისეული საკითხავი.

,,იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა. და წარმოიყვანნა კუალად ათორმეტნი იგი და იწყო თხრობად მათა მერმისა მისთჳს, რომელი შემთხუევად იყო მისა, ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა;

და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს’’(მკ.10:32-34).

ეს მისი არც პირველი, არც მეორე და არც უკანასკნელი წინასწარმეტყველება იყო საკუთარი აღსასრულისა. რატომ უმეორებს უფალი მათ ამდენჯერ ერთსა და იმავეს? რათა ჯერ კიდევ მათში მყოფი სიამაყის უკანასკნელი ნაშიერი მოესპო, რომელმაც სწორედ ამ შემთხვევაში იჩინა თავი. ასევე, იმისთვისაც, რათა ამ შემაძრწუნებელ მომენტებს საბოლოოდ არ გაეტეხა ისინი და მათ გულებში იმედის ბოლო ნაპერწყალი არ ჩამქრალიყო. ამრიგად, ქრისტეს აშკარა წინასწარხედვა მათთვის საიდუმლოებრივ და საკვირველ სხივად უნდა ქცეულიყო, რომელიც წყვდიადით მოცულ წუთებში მათ გულებს ნათლით აავსებდა და გაათბობდა. და ბოლოს, იმისთვისაც, რათა თავიანთი ჯვრისა და ტკივილებისთვის მომზადებულიყვნენ. ,,უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მე ეყოს?’’(ლკ.23:31) და ასევე, მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ’’(ინ.15:20). ის პირველი მიდის ამ ტკივილებზე და ყველას მაგალითს გვაძლევს. თავის უკანასკნელ გზაზე შემდგარი, მოწაფეებს ამ ყველაფერს არამხოლოდ სიტყვებით უხსნის, არამედ სიმბოლურადაც. დღევანდელი საკითხავის წინ შემდეგი მუხლი გვხვდება: ,,იყვნეს გზასა ზედა და აღვიდოდეს იერუსალჱმდ; და იესუ წინა-უძღოდა მათ, და დაუკჳრდებოდა მოწაფეთა. ხოლო იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა’’(მკ.10:32). როგორც ჩანს, ის წინ იმისთვის მიდიოდა, რათა მოწაფეთათვის ტკივილებზე საკუთარი ნებით წასვლა და ზეციური მამის მორჩილება ეჩვენებინა. მათ კი ეშინოდათ, რადგან ვერანაირად ვერ გაეაზრებინათ თავიანთი საკვირველი მასწავლებლის დამცირება და სიკვდილი, რომელმაც მათ თვალწინ ამდენჯერ გამოავლინა, რომ ყველა ადამიანზე, თვით ბუნებაზე და დემონთა ლეგიონზეც კი უძლიერესია. მიჰყვებოდნენ რა, შიშით აღივსებოდნენ, ვერ აცნობიერებდნენ, მაგრამ წინასწარ გრძნობდნენ, რომ თავიანი მოძღვრის მიერ ამდენგზის ნაწინასწარმეტყველები საზარელი და მიუწვდომელი მოვლენა მაინც აღსრულდებოდა.

,,აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი და ჰნერწყუვიდენ მას და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს’’. ეს ყველაფერი, რამდენიმე დღის შემდეგ, ერთი მეორის მიყოლებით, სიტყვა სიტყვით აღსრულდა. ასეთი ზუსტი წინასწარმეტყველება მხოლოდ მას ძალუძს, ვის თვალთა წინაშეც აწმყო და მომავალი თანაბრად განცხადებულია და ვინც მოსახდენს უკვე აღსრულებულად ხედავს. ბუნებრივ სტიქიებზე აღატებული უფალი იესუ ქრისტე, ამავდროულად დროის მიღმიერიც იყო. ყოველი ეპოქის მოვლენას ისევე ხედავდა, როგორც ფანჯრიდან მაყურებელი ხედავს ყველაფერს, რაც ქუჩაში ხდება. ის, ვინც სამარიტელი დედაკაცის მთელ წარსულსა და სამყაროს მომავალს ხედავდა, რასაკვირველია, ისიც იცოდა, რა მოელოდა მას რამდენიმე დღის შემდეგ. მაშინ, როცა მოწაფეები ადამიანურად მსჯელობდნენ და მისგან უფრო და უფრო დიდ სასწაულებს ელოდნენ, უფალი საკუთარ თავს ასობით ადამიანით გარემოცულს, დაბმულს, ნაგვემს, დასისხიანებულსა და ჯვარცმულს ჭვრეტდა. სანამ თავის უკანასკნელ და უდიდებულეს სასწაულს აღასრულებდა, ის ჯერ ყველასგან უკიდურესად დამცირებული უნდა გამოჩენილიყო. სანამ ზეცად ამაღლებოდა, ჯერ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო. სანამ ზეციურ დიდებას შეიმოსავდა და მარჯვენით მამისა დაჯდებდა, ჯერ შეურაცხყოფა და გვემა უნდა დაეთმინა. ,,ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა მარცუალი იფქლისაჲ დავარდეს ქუეყანასა და მოკუდეს, იგი მარტოჲ ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკუდეს, მრავალნ ნაყოფნი გამოიღოს’’(ინ.12:24). არ არსებობს აღდგომა ტანჯვის გარეშე და არც ამაღლება დამცირების გარეშე. მთელი სამი წლის განმავლობაში უხსნიდა ამას მოწაფეებს და როცა მათი განშორების ჟამი დადგა, აღმოჩნდა, რომ მათ ეს ვერ გაიგეს. აი ასეთი სათხოვარით მიდიან მისი უპირატესი მოციქულები:

,,მოვიდეს მისა იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, და ჰრქუს: მოძღუარ, გუნებავს, რაჲთა რომელი გთხოოთ, მიყო ჩუენ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჲ გნებავს ჩემგან, რაჲთა გიყო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: მომეც ჩუენ, რაჲთა ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით შენსა დავსხდეთ დიდებასა შენსა’’(მკ.9:35-37).

აი, ასეთი აზრებითა და სურვილებით არიან აღსავსენი მასწავლებლის დიდი ტრაგედიის წინა დღეებში! აი, როგორი გაქვევებული და გაუხეშებულია ადამიანური ბუნება, რომლის განსაკურნად და განსაღმრთობლადაც მოვიდა უფალი! მას შემდეგ, რაც მან ხაზგასმით ბრძანა, რომ უკანასკნელნი პირველნი იქნებოდნენ, ხოლო პირველნი უკანასკნელნი, რომ უნდა გავექცეთ ამსოფლიურ დიდებასა და პირველობას, მის მიერ გამოვლენილი სიმდაბლის უამრავი მაგალითის და ბოლოს, თავისი ტკივილების, დამცირებისა და სიკვდილის წინასწარმეტყველების შემდეგაც კი, მისი ორი გამორჩეული მოწაფე ბედავს და თავის პირად დიდებას ითხოვს! ყურადღებას მომავალ ტკივილებს კი არ აქცევენ, არამედ მის დიდებას. ისინი ლომის წილ დიდებას ითხოვენ საკუთარი თავისთვის: ერთს მარცხენა მხარეს მოუნდა დაჯდომა, ხოლო მეორეს – მარჯვენა! ვის არ შეაწუხებს საკუთარი მეგობრის ტკივილები? უფალმა ხომ უთხრა მათ: ,,თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ’’(ინ.15:14). ამის შემდეგ ისინი მის ტკივილებზე კი არ ფიქრობენ, არამედ ქრისტეს მომავალი დიდების თანაზიარობაზე, რაც მათ ოფლით, სისხლითა და ტკივილით უნდა მოეხვეჭათ. თუმცა, მხოლოდ ამ ორ ძმას ხომ არ დავადანაშაულებთ? ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ ადამიანური ბუნების უღრმესი დაცემულობა განცხადებულიყო. მათი სურვილი დიდებისა ადამის ყველა შთამომავლის სათხოვარია. ყველანი ვითხოვთ დიდებას ტკივილის გარეშე. სადაც კი ქრისტეს დიდება უხსენებია, იქვე მუდამ ხაზს უსვამდა იმასაც, რომ ამას ტკივილი უძღვის წინ. მოციქულებიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და მათაც უნდოდათ, რომ ტკივილისთვის თავი აერიდებინათ და დიდებაში შესულიყვნენ. ვისაც ქრისტეს ტკივილების საიდუმლოება არ შეუცვნია, არც ტანჯვასა და დიდებას შორის არსებული კავშირი ესმის. ჩვენ მუდამ გვსურს ეს ორი რამ ერთმანეთისგან გავყოთ, დიდება მივიღოთ და ტკივილი განვაგდოთ, ეს ხომ ბუნებრივია! სწორედ ამას ცდილობდნენ იაკობიც და იოანეც. ამ მცდელობით მათ მხოლოდ საკუთარი უძლურება კი არ გამოავლინეს, არამედ მთელი კაციობრიობისა. უფალსაც ეს უნდოდა, რომ კაცობრიობის არც ერთი უძლურება დაფარული არ ყოფილიყო. ის ხომ ზეციური მკურნალი და ჯანმრთელობის წყაროა, რომელიც სნეულ ადამიანთა განსაკურნებლად მოვიდა. მოციქულთა მიერ განცხადდა ეს უძლურება და შესაბამისად, ქრისტეს მკურნალობის მეთოდიც საცნაური გახდა. ზებედეს ძეებმა დიდება აირჩიეს. ქრისტეს კი სურდა, რომ ჯვარცმამდე საკუთარი მოწაფეების სულიდან ჩირქის უკანასკნელი წვეთიც მოეშორებინა. ქრისტეს სიტყვა ტკივილების შესახებ, მათთვის ერთგვარი ტვირთი აღმოჩნდა, რომლის დაწოლამაც მათში არსებული სიამაყის ჩირქის წყლული გახეთქა და ჭრილობიდან გამოდევნა. ეს იყო უფლის მიერ აღსრულებული სულიერი ოპერაცია, რომელიც თავის უსაყვარლეს მოწაფეებს განსაკურნებლად ჩაუტარა. არც ერთმა ჩვენგანმა არ იფიქროს, რომ მიუხედავად ბოროტებისგან გარკვეული დროით განშორებისა, მარხვისა, მოწყალებისა და იესუს სახელის მოუკლებელი მოხმობისა, ამ სულიერი სნეულებისგან უკვე თავისუფალნი ვართ. ეს ორი მოციქული ყველგან და ყოველთვის ქრისტესთან იყვნენ, მის სახეს ჭვრეტდნენ, მის სწავლებებს ისმენდნენ, მის სასწაულებს ხედავდნენ, მასთან ერთად ჭამდნენ და სვამდნენ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი დიდებისმოყვარეობის, ეგოიზმისა და სულიერი უმეცრების სნეულებათაგან ჯერაც არ განკურნებულიყვნენ. ისინი ქრისტიანულად კი არ აზროვნებდნენ, არამედ იუდეურად და ჯერაც აღთქმული მესიის მიწიერი სამეფოს დამყარებას, მტრებზე გამარჯვებას და დავითისა და სოლომონის მსგავს მიწიერ დიდებას ელოდნენ. ჰოი, ქრისტიანო, დაფიქრდი! როგორ განიკურნები ამ სნეულებისგან და როგორ მიაღწევ სრულყოფილ სიმდაბლეს, თუ ეს ქრისტეს ორმა საკვირველმა მოწაფემაც ვერ შეძლო, მიუხედავად ცოცხალ უფალთან სამწლიანი მოუკლებელი პიროვნული ურთიერთობისა? ამას მხოლოდ მაშინ მიაღწიეს, როცა მათ გულში სულიწმიდა შევიდა და იქ ქრისტეს სიყვარულის ცეცხლი აღენთო. სწორედ იმ წამებიდან შეწყდა მათში მიწიერი დიდებისაკენ სწრაფვა, შერცხვათ კიდეც თავიანთი წარსული დიდებისმოყვარეობისა, მთელი არსებით მოისურვეს ქრისტეს ტკივილების თანაზიარება და საკუთარი გული ზეციური მეგობრისა და მასწავლებლის ჯვარზე მიამსჭვალეს.

მათ თხოვნაზე უფალმა უპასუხა: ,,არა იცით, რასა ითხოვთ. ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად? ხოლო მათ ჰრქუეს მას: ძალ-გჳც. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, სუათ, და ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ. ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს’’(მკ.10:38-40).

როგორი მშვიდი და კეთილია ქრისტე! ნებისმიერი ჩვეულებრივი მასწავლებელი გაბრაზდებოდა და თავის მოწაფეებს აღშფოთებით ეტყოდა: ,,აბა მომშორდით აქედან! სულიერ სწავლების აღქმა არ შეგიძლიათ! სამი წელი გასწავლით და მაინც უმეცრებივით საუბრობთ!’’ უფალი მათ მკვეთრად, მაგრამ ამასთანავე მშვიდად პასუხობს: ,,არა იცით, რასა ითხოვთ’’. ამით თითქოს უთხრა: ,,თქვენ სულიერად კი არ აზროვნებთ, არამედ ხორციელად; ზეციურ დიდებას კი არ ეძებთ, არამედ პირადს. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, ვინ ვარ და როგორია ჩემი სამეფო. თქვენ ჯერაც მხოლოდ ისრაელის მესია გგონივართ და ფიქრობთ, რომ მიწიერი მეფე უნდა ვიყო. ამიტომაც ეძებთ პირველობას ამ სამეფოში. მაგრამ მე, ვარ მესია ყოველი ერისა, მარცხოვარი ცოცხალთა და მკვდართა და მეფე უხილავი სასუფევლისა. ანგელოზთა ურიცხვი მხედრობა ხარობს  მხოლოდ იმის გამოც, რომ ამ სამეფოს მსახურად იწოდება. ცოცხალი ღმერთის საყდრის წინაშე წარმდგარ სერაფიმებსა და ქერუბიმებს აზრადაც არ მოსდით პირველობის თხოვნა. უკანასკნელნიც კი ჩემს სამეფოში, ყველა მიწიერ მეფეზე განუზომლად დიდებულნი და აღმატებულნი არიან. ჩემს სამეფოს რომ იცნობდეთ, პირველობაზე კი არ იფიქრებდით, არამედ მისკენ მიმავალი გზის ძიებას დაიწყებდით. ეს გზა კი ვიწროა და ეკლიანი, ტკივილებითა და ტანჯვით აღსავსე. ამას ყოველთვის გეუბნებოდით, როცა ჩემს სასუფეველს ვახსენებდი. ამიტომაც, გკითხავთ: ,,ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?’’ აქ უფალი სიკვდილის სასმისსა და მოწამეობრივი სისხლით ნათლისღებას გულისხმობს. ეს არის მესამე სახის ნათლისღება. პირველი არის იოანესეული, წყლით ნათლისღება, მეორე – ქრისტესმიერი, წყლითა და სულიწმიდით; ხოლო მესამე, მოწამეობრივი გვირგვინი, რომელიც მხოლოდ რამდენიმეს მიენიჭება. რასაკვირველია, სისხლით ნათლისღება უდიდეს მსხვერპლთან ერთად, გამოუთქმელი დიდებაცაა.  ეს გზა უნდა გაევლოთ ქრისტეს მოციქულებს. როგორც კი იუდამ თავისი მასწავლებლის სამომავლო დამცირება და სიკვდილი იყნოსა, განეშორა მას და თავიც დაიღუპა. ის ელოდა, რომ ქრისტეს გამეფების შემდეგ, ისიც განდიდდებოდა და გამდიდრდებოდა. როგორც კი იგრძნო, რომ სამეფო გვირვინის ნაცვლად, ქრისტეს ეკლის გვირგვინს დაადგამდნენ, გაიპარა და მათ შეუერთდა, ვინც ქრისტეზე უფრო მდიდრად და დიდებულად გამოიყურებოდა.

ქრისტეს კითხვაზე იაკობი და იოანე უყოყმანოდ პასუხობენ: ,,ძალ-გჳც’’. ეს პასუხი ცხადჰყოფს, რომ მიუხედავად მიწიერი სათხოვარისა, მათ მაინც ძალიან უყვარდათ ქრისტე. უეჭველია, რომ ქრისტეს ამ შემაძრწუნებელმა კითხვამ მათზე მწარე წამალივით იმოქმედა: მალევე გამოაფხიზლა და შეარცხვინა მათი დიდებისმოყვარე აზრები. შეიძლება ითქვას, მან მყისვე შემოაბრუნა იაკობისა და იოანეს სულები და მიწიერი დიდების სურვილიდან სიკვდილისთვის მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანა. როგორი ამაღლებული და საკვირველი გაკვეთილია ეს ჩვენთვისაც! როგორც კი წარმოსახვით ქრისტეს სასუფეველში აღვიწევით და იქ საკუთარი ადგილისა და ხარისხის ძიებას დავიწყებთ, ქრისტე ამავე კითხვით მოგვმართავს ჩვენც: ,,ძალ-გიცა სასუმელსა, რომელსა მე შევსუამ, შესუმად, და ნათლის-ღებასა, რომელსა მე ნათელ-ვიღებ, ნათლისღებად?’’ ის მუდამ გვაფხიზლებს და სასუფევლისაკენ მიმავალ, ჯერ კიდევ გასავლელ გზაზე გვაფიქრებს. ჯერ ღირსეულად უნდა დავითმინოთ ყოველგვარი ტკივილი და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ქრისტეს დიდებაში შესვლა. ამაო აღმოჩნდება ჩვენი ოცნებები, თუკი განსაცდელებს მოუმზადებელნი შევხვდებით და ქრისტეს უარვყოფთ. ღმერთმა დაგვიფაროს და ამ შემთხვევაში, დიდების ნაცვლად, სირცხვილი, ხოლო სიცოცხლის ნაცვლად – მარადიული სიკვდილი გველის. ნეტარია ის, ვინც მუდამ მზადაა ქრისტეს კითხვაზე უპასუხოს: ,,ძალგვიძს, უფალო!’’ მთავარი ესაა! ჩვენი საქმე არაა, ვინ დაჯდება მის მარჯვნივ და ვინ მარცხნივ. მდაბალი უფალი ამბობს: ,,არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს’’.

დაე მუდამ სიმდაბლეს ვსწავლობდეთ ქრისტესგან! მხოლოდ და მხოლოდ სიმდაბლეს, რომელიც ყოველი სულიერი შენობის საძირკველია! სიმდაბლე და სიკვდილამდე ტკივილების ღირსეულად დათმენა – აი, ეს არის ორი გაკვეთილი, რომელსაც ქრისტე თავის მოწაფეთა გულში ნერგავს და იქედან სიამაყის, დიდებისმოყვარეობის და საკუთარი თავის განდიდების სარეველებს აღმოფხვრის.

,,და ესმა რაჲ ესე ათთა მათ, იწყეს რისხვად იაკობისა და იოვანესა’’. იმიტომ კი არ აღშფოთდა დანარჩენი ათი, რომ ისინი იაკობსა და იოანეზე უფრო სულიერნი იყვნენ, არამედ უბრალო ადამიანური შური ამოძრავებდათ. განა შეიძლება იმის ფიქრი, რომ იუდას უფრო ამაღლებული წარმოდგენა ჰქონდა ქრისტეზე, ვიდრე იაკობსა და იოანეს? ,,ჩვენზე აღმატებულები რატომ უნდა იყვნენ?’’ ფიქრობდნენ ისინი. სწორედ ეს იყო მათი ფარული კითხვა და პროტესტი ამ ორი მოციქულის მიმართ. ამ შურიანი აღშფოთებით, ისინიც იაკობის და იოანეს თანამოაზრენი აღმოჩნდნენ, რადგანაც მათაც არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ ქრისტეზე და არ იცნობდნენ მის ზეციურ დიდებას. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ უფალმა ჩვენმა, იესუ ქრისტემ ამსოფლიური თვალსაზრისით უბრძენესი ადამიანები კი არ გამოარჩია, არამედ პირიქით, ყველაზე უბრალო მეთევზეები. ეს მან განზრახ გააკეთა, რათა მისი ზეციური ძალა და დიდება უფრო მეტად გამოჩენილიყო. მან გამოირჩია ყველაზე დამცრობილნი, რათა ყველაზე დიდებულად ექცია ისინი; ყველაზე უძლურნი გამოირჩია, რათა ყველაზე ძლიერებად გამოჩენილიყვნენ. ამ ურთულეს დავალებას უფალი უბრწყინვალესად გაუმკლავდა. ეს ნამდვილად ქარიშხლის დაცხრობასა და პურის გამრავლებაზე აღმატებული სასწაული იყო. ქრისტეს მოწაფეთა უძლურებების წარმოჩენით, ღმრთივსულიერი მახარებლები ორ მიზანს აღწევენ: ერთი მხრივ, მათ მიერ ჩვენს საკუთარ უძლურებებსაც გვიჩვენებენ; ხოლო, მეორე მხრივ, ქრისტეს ძალის სიდიადესა და ადამიანთა კურნების ბრძნულ მეთოდს წარმოგვიჩენენ.

ახლა, როცა დანარჩენმა მოწაფეებმაც გამოავლინეს თავიათი შურისგან მომდინარე შინაგანი სნეულება, უფალი კიდევ ერთხელ ცდილობს, რომ მათ სიმდაბლე ასწავლოს: ,,ხოლო იესუ მოუწოდა და ჰრქუა მათ: უწყითა, რამეთუ რომელნი-იგი ჰგონებედ მთავრად წარმართთა, უფლებედ მათ ზედა, და დიდ-დიდნი მათნი ჴელმწიფებედ მათ ზედა? ხოლო არა ეგრე იყოს თქუენ შორის. არამედ რომელსა უნდეს დიდ ყოფაჲ თქუენ შორის, იყოს თქუენდა მსახურ; და რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ ყოფაჲ, იყოს ყოველთა მონა’’. ეს არის სრულიად ახალი ხედვა! ეს არის ახალი საზოგადოებრივი წყობა, რომელიც სრულიად უცხო იყო წარმართული და ქრისტიანობამდელი სამყაროსთვის! წარმართთა ბელადები და მთავრები ძალისა და სიმდიდრის მიერ ბატონობდნენ. ხოლო ხალხი მათ შიშისგან ემორჩილებოდა. ისინი მხოლოდ იმის გამო ითვლებოდნენ პირველებად და სხვებზე აღმატებულებად, რომ მდგომარეობითა და ძალაუფლებით უპირატესნი იყვნენ. შესაბამისად, მდგომარეობა, ძალა და სიმდიდრე იყო ადამიანთა შორის პირველობის საზომი. მოვიდა რა ღმერთი ადამიანად, ეს საზომი განაქარვა და პირველობის მთავარ მაჩვენებლად სხვათა მსახურება დააწესა. თავისთავად არც სამეფო გვირვინი, არც სიმდიდრე და არც ძალა გვაძლევს გარანტირებულ პირველობას. ეს ყველაფერი მხოლოდ ცარიელ ფორმად რჩება, თუ თან არ ახლავს ქრისტეს სახელით ადამიანთა მსახურება. ყველაფერი პირველობის ცარიელ სიმბოლოდ რჩება, თუ სხვების მსახურებით არ არის მოპოვებული. ვინც ძალით ინარჩუნებს ბატონობას, ის დიდი ხანი ვერ გაძლებს. ვინც სიმდიდრით ყიდულობს ამ ადგილს და ადამიანთა ხელიდან ეცდება პატივის მიღებას, მათი გულიდან სიძულვილს მიიღებს. ასეთი ადამიანი სიძულვილის ვულკანზე დგას მანამ, სანამ საბოლოოდ არ ამოიფრქვევა და არ დაღუპავს მას. უფალმა გვამცნო, რომ ჩვენს შორის ასე არ ყოფილიყო, რადგან ეს ღმრთისგან არ არის, თქვენ ხომ ნათლის ძეები ხართო. მან გვითხრა: დაე თქვენს შორის სიყვარულისმიერი პირველობა სუფევდეს. შემოქმედის თვალში ისაა პირველი, ვინც სიყვარულით ემსახურება თავის ძმას და მისი ეს მდგომარეობა მარადიულად გაგრძელდება, რადგან სიკვდილს არ აქვს ხელმწიფება არც სიყვარულზე და არც მის ნაყოფებზე.ვინც ცოტათი მაინც გააცნობიერა, თუ რამხელა ბოროტება მოაქვს პირველობისათვის ბრძოლას, მიხვდება, როგორი სიკეთის მომტანია ქრისტეს სწავლება. ის კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებულ და კურთხეულ ,,გადატრიალებას’’ ახდენს. უბრალოდ ჩაუღრმავდით, როგორ ვიცხოვრებდით, ერთმანეთს სიყვარულის მსახურების მიხედვით რომ ვაფასებდეთ და არა ძალის, სიმდიდრისა და გარეგნული ცოდნისა. რამდენი უკანასკნელი გახდებოდა პირველი! როგორი სიხარული მოიცავდა ადამიანთა გულებს და როგორი მშვიდობა და ჰარმონია დაისადგურებდა ჩვენს შორის! ერთმანეთს მხოლოდ მოყვასის მსახურებაში შეეჯიბრებოდნენ და არა სხვების ბატონობაში. ყველა ეცდებოდა გაეცა, ვიდრე წაერთვა და ეძალადა. ყოველი გული სიხარულითა და ნათლით აღივსებოდა და არა ბოროტებითა და წყვდიადით. ეშმაკი ვერც ერთ უღმერთოს ვეღარ იპოვიდა! რადგან სადაც სიყვარული სუფევს, იქ ღმერთიც განიჭვრიტება და ის ყველასთვის საცნაური ხდება. თუ ვინმე თვლის, რომ ეს სიტყვები აუხდენელი ოცნება და უტოპიაა, დღევანდელი სახარებისეული საკითხავის დასკვნითი სიტყვები საპირისპიროს დაუმტკიცებს: ,,რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთა’’. უფალს არც ერთი ისეთი მცნება არ მოუცია, რომელიც თავად არ აღასრულა სრულყოფილად და ამით ყველას მაგალითი მოგვცა. მთელი თავისი მიწიერი ცხოვრებით აღასრულა ადამიანთა მსახურების მცნება. არამხოლოდ ცხოვრების წესით, არამედ ადამიანად მოსვლით, სიკვდილით და ბოლოს, თავისი ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ, სულიწმიდის მიერ კაცობრიობისადმი მოუკლებლად გამოვლენილი სიკეთეებით. თავისი განუმეორებელი, მიუწვდომელი და გამოუთქმელი სიმდაბლის გარეშე, უფალი ამგვარ მსახურებას ვერ დაიწყებდა და ვერც დაასრულებდა. იყო რა პირველი დასაბამითგან, საკუთარი თავი უკანასკნელად აქცია და ამ სამყაროს როგორც მონა და მსახური ისე მოევლინა, რათა მსახურების მიერ ჩვენთვის ჭეშმარიტი პირველობისკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა. ზოგმა მთელი გულით მიიღო ქრისტეს მაგალითი და მთელი ცხოვრება მოყვასის მსახურებას მიუძღვნა. სხვებმა კი უარყვეს ისიც და მისი სწავლებაც.

იუდამ უარყო ქრისტეს სწავლება და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დანარჩენმა თერთმეტმა კი გულისმიერად შეიწყნარეს სიმდაბლის შესახებ სწავლება, მიბაძეს ქრისტეს მაგალითს და მიწაზეც განდიდნენ და ზეცაშიც – დროშიც და მარადისობაშიც. კაცობრიობის ისტორიამ ათასობით იუდა გამოზარდა, მაგრამ ასევე, ასობით ათასი ერთგული მოწაფე ქრისტესი. როგორც თავისი ხანმოკლე მიწიერი ცხოვრების ბოლოს გაიმარჯვა, ასევე გაიმარჯვებს ამ სამყაროს ისტორიის დასასრულის ჟამსაც. ცხონებულთა მხედრობა შეუდარებლად აღმატებული იქნება ეშმაკის მეგობართა რაოდენობაზე. ნეტავი განდიდებულთა და ცხონებულთა რიგებში მოვხვდებოდეთ! ნეტავი ჩვენც შეგვიწყალებდეს უფალი იესუ ქრისტე იმ უკანასკნელ დღეს, როცა მზე დაბნელდება და აღარასდროს გამოანათებს! უტკბილესო და ცხოველსმყოფელო უფალი, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი! ნუ მიჰხედავ ჩვენს უწმიმინდურ საქმეებს, არამედ შენი გამოუთქმელი და უსაზღვრო მოწყალებით გვაცხოვნე. შენდა შვენის დიდება, დიდებულო და საკვირველო უფალო, თანა მამით და ყოვლადწმიდით სახიერით და ცხოველმსყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share