samariteli 2 1

სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემის შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი (სამარიტელის კვირა)

“მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა”.(ინ. 4:23)

საყვარელო ძმებო და დებო! დღევანდელ სახარებაში მოვისმინეთ, რომ ჭეშმარიტ, ცოცხალ ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით უნდა მივეახლოთ და რომ ის სწორედ ასეთ მლოცველებს ეძებს. მხოლოდ ასეთები სურს მას და ასეთი მსახურია მისთვის სათნო. ეს სწავლება გადმოგვცა დღეს ქრისტემ და ჩვენც გვწამს და ვენდობით მის სწავლებას! მთელი სიყვარულით შევიწყნარებთ ქრისტეს ყოვლადწმიდა სწავლებას! იმისათვის, რომ ზედმიწევნით სწორად აღვასრულოთ მისი სიტყვა, ჩავუღრმავდეთ თუ რას ნიშნავს ზეციური მამის სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა.

წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი - სრული
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

ჭეშმარიტება თავად ჩვენი უფალი, იესუ ქრისტეა, როგორც თავადაც დაამოწმა საკუთარ თავზე: ,, მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ’’(ინ. 14:6), ჭეშმარიტება არის სიტყვა: ,, წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყუაჲ შენი ჭეშმარიტ არს’’(ინ.17:17). ეს სიტყვა მარადიულად ღმერთშია, მარადიულად გამოითქმება ღმერთის მიერ; ეს სიტყვა თავად ღმერთია, ყოველივე არსებულის, ხილულისა და უხილავის შემოქმედი(ინ.1:1). ეს სიტყვა: ,, სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა’’(ინ. 1:14). ,, ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა’’(ინ.1:18). ძე ღმერთმა მთელ კაცობრიობას სრულად გამოუცხადა ღმერთი და ჩვენთვის მიუწვდომელ ჭეშმარიტება გვაზიარა, რომელიც დაამოწმა და დაბეჭდა თავისი მადლის უხვი მონიჭებით. ,, და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა’’(ინ.1:16-17). ეს კი იმას ნიშნავს, რომ იესუ ქრისტეს მიერ მადლისა და ჭეშმარიტების ზუსტი ახსნა კი არა, თავად მადლი და ჭეშმარიტება გადმოგვეცა და ჩაგვენერგა არსობრივად. ჩვენ მისი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გავხდით(2.პეტ.1:4).

ჭეშმარიტებას აქვს სული(ინ.15:26), სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვალს. ის არის სულიწმიდა ღმერთი. ის არის ძის სული, რომელიც განუშორებლად თან ახლავს მას და მამასთან და ძესთან ერთად ერთ, განუყოფელ, შეურევნელ საღმრთო არსს შეადგენს. ჭეშმარიტების მიღება სულიწმიდის მიღებასაც ნიშნავს: ყოვლადწმიდა ჭეშმარიტება(ქრისტე) საკუთარ თავზე გვაუწყებს, რომ მამისაგან მოგვივლენს სულიწმიდას. ბუნებრივია, რომ ჭეშმარიტების სულიც იქ მყოფობს, სადაც თავად წმინდა ჭეშმარიტება მოქმედებს და ის ბეჭდავს მის მოქმედებას. ამასთანავე, სადაც სულიწმიდა მოქმედებს, იქვე ცხადდება ჭეშმარიტება(ქრისტე), როგორც თავად მოწაფეებს უთხრა: ,, ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ’’(ინ.16:13). გამოხატა რა საოცარი ურთიერთმიმართება საღმრთო სიტყვისა და საღმრთო სულისა, უფალმა სულიწმიდაზე თქვა: ,, მან მე მადიდოს, რამეთუ ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ. ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ(ინ.16:14-15). სულიწმიდა ადამიანს ძე ღმერთს უცხადებს. სულიწმიდა კი ძე ღმერთის რწმენით ეძლევა ადამიანს და სულიერად მის სამკვიდრებლად გარდაქმნის(ეფ.2:22). ის შინაგან ადამიანში გამოსახავს და ამკვიდრებს ქრისტეს(ეფ.3:16-17). ის ზეციური მამის შვილებად გვაქცევს, ქრისტეს გვამსგავსებს და ჩვენში მის თვისებებს ზრდის(ინ.14:6). ღმრთის შვილად ქცეულნი კი ლოცვისას მას როგორც თავიანთ ზეციურ მამას ისე ესაუბრებიან, რადგან სულიწმიდა ცხადად და შეგრძნებისეულად უმოწმებს ადამიანის სულს ღმერთთან შეერთებას და მის შვილად ქცევას. პავლე მოციქული სწორედ ამ მდგომარეობას აღწერს: ,, რამეთუ ხართ შვილნი, გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თჳსისაჲ გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო.’’(გალ.4:6). სწორედ ასეთი ადამიანები არიან ღმრთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი! სწორედ ასეთებს ეძებს და იღებს ჩვენი ზეციური მამა. ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიღმა არ არსებობს ღმრთის შემეცნება და ღმრთისმსახურება. ,, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ’’(ინ.14:6). ვისაც არ აქვს უფალ იესუ ქრისტეს ცოცხალი რწმენა, მისთვის ღმერთი არ არსებობს: ,, ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა.’’(1.ინ.2:23). ,, რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა’’(ინ.3:36). შეუძლებელია ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა, თუ არა უფალ იესუ ქრისტეს მიერ, რომელიც ჩვენი ერთადერთი მეოხია ზეციური მამის წინაშე! ვერც უფალ იესუ ქრისტეს შევიცნობთ სულიწმიდის გარეშე! ,, არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა(1.კორ.12:3). ,,ვისაც სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი’’(რომ.8:9). ქრისტიანობის მიღმა არ არსებობს არც ზეცისთვის შესაფერისი სათნოება!

წმ. მარკოზ მოღვაწე ამბობს: ‘’შეუძლებელია სიკეთის რწმენა და მისი მოქმედება თუ არა ქრისტესა და სულიწმიდის მიერ’’. ჩვენი დაცემული ბუნებიდან მომდინარე ,,კეთილი საქმეები’’, რომელშიც სიკეთე და ბოროტება ერთმანეთშია აღრეული და რომელშიც ბოროტება დომინირებს, არ არის სათნო ზეციური მამისთვის. ჩვენი დაცემული ბუნება მხოლოდ ბოროტებისკენაა მიდრეკილი, როგორც თავად ღმერთი ამოწმებს ამას: ,, ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე’’(დაბ.8:21). ,, უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას’’(ლკ.11:13). ასეთია თავად სამყაროს შემოქმედი ღმერთის შეფასება. ამაოდ განადიდებს დაცემული ბუნება თავის დიად კეთილ საქმეებს! ამგვარი საკუთარი თავის ქება კი საზარელი სიბრმავის ნიშანია და სიამაყის სუნი სდის, რომელიც ქრისტესთვის არ არის მოსაწონი. მას მხოლოდ სიმდაბლის კეთილსურნელება ესათნოება.

ამიტომაც გვამცნო უფალმა, რომ უარვყოთ ჩვენი დაცემული ბუნება. იმისათვის, რომ ჩვენი სული გადარჩეს, აუცილებელია ცოდვისგან განშორება! მაგრამ ცოდვა იმდენად ფესვგადგმულია ჩვენში, იმდენად შეენივთა ჩვენს სულს, რომ ჩვენს ბუნებად იქცა. სწორედ ამიტომ, იმისათვის რომ უარვყოთ ცოდვა, უნდა გავშორდეთ და უარვყოთ საკუთარი დაცემული ბუნება(მთ.10:39), ეს არ ნიშნავს მხოლოდ აშკარა ბოროტი საქმეების უარყოფას. ჩვენ არსობრივად უნდა შევცვალოთ ჩვენი აზროვნების წესი, ქრისტეს გონება მოვიხვეჭოთ და ხორციელი გულისთქმებისკენ მიდრეკილება ქრისტეს მცნებების ზედმიწევით აღსრულებით ჩავანაცვლოთ. ,, ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ’’(ინ.8:31-32). საოცარი და სიღრმისეული სიტყვებია! ძმებო! დავიმდაბლოთ თავი ქრისტეს წინაშე! დავემორჩილოთ ქრისტეს მისი ყოვლადწმიდა და მაცხოვნებელი სწავლების მორჩილებით! უარვყოთ ჩვენი დაცემული ბუნებისა და ამასოფლის სულის მიერ მოწოდებული აზროვნების წესი! გავითავისოთ ქრისტესმიერი და სახარებისეული აზროვნება! მივსდიოთ ჭეშმარიტებას და ვიმემკვიდრევებთ მას. ჭეშმარიტება(ქრისტე) ათავისუფლებს ადამიანის გონებას გზააბნეულობის უხილავი საკვრელებისგან, რომლითაც ცოდვამ დაატყვევა.

ყოვლადწმიდა ჭეშმარიტება სულიერ თავისუფლებას ანიჭებს ადამიანის გონებას, აახლებს, ზეციური სიცოცხლით აცოცხლებთ და ქრისტეს მცნებების გზაზე აყენებს. ქრისტეს მიერ გაცოცხლებული სული, მეფსალმუნესთან ერთად გალობს: ,, გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე, რაჟამს განავრცე გული ჩემი. შჯულიერ-მყავ მე, უფალო, გზასა სამართალთა შენთასა, და გამოვიძიო იგი მარადის. გულისჴმა-მიყავ მე და გამოვიძიო შჯული შენი და დავიმარხო იგი ყოვლითა გულითა ჩემითა’’(ფს.118:32-34). ასეთი სული თანაზიარი ხდება სულიწმიდისა, რომელიც არ შეიძლება არ იყოს იქ, სადაც მყოფოს და მეუფებს საღმრთო ჭეშმარიტება – ქრისტე. სულიწმიდისა და საღმრთო ჭეშმარიტების(ძე ღმერთის) საიდუმლოებრივი ბჭობაა გამოხატული ამ სიტყვებში: ,, შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი’’.(ფს. 118:63).

ადამიანი მანამ იმყოფება დაცემული ბუნების მდგომარეობაში, სანამ ღრმადაა ჩაძირული უმეცრების წყვდიადში: ამ დროს ადამიანმა არ იცის როგორ ილოცოს, არ იცის ვის წინაშე ილოცოს(რომ. 8:26) და უუნაროა ღმერთთან ურთიერთობისა. ქრისტეს მცნებების აღსრულებაში გამოვლენილი რწმენა გვაძლევს ჭეშმარიტების შემეცნებას და გულში სულიწმიდის მადლს მოიზიდავს. როგორც ღმრთივშთაგონებულმა წინასწარმეტყველმა თქვა: ,, პირი ჩემი აღვაღე და მოვიღე სული, რამეთუ მცნებათა შენთა მსუროდა’’(ფს.118:131).  ამინ.

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან https://nevsepic.com.ua

Share