UTA 8475

ტკივილი, მწუხარება, სიყვარული – არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელი (ნაწილი 1)

მრავალტანჯულმა იობმა, მოთმინებისა და ღმრთის ნებისადმი მორჩილების ამ გიგანტმა, თქვა:  “სასწაულ არს ის, ვინც სიცოცხლე მწუხარების გარეშე განვლო“. ეს ნიშნავს, რომ სასწაული იქნებოდა ამ ქვეყნად ისეთი ადამიანის ხილვა, ვინც დედამიწაზე თავისი ცხოვრება მწუხარების, გლოვის, სულთქმისა და ღვაწლის გარეშე განვლო. სასწაული ხომ რაღაც გასაოცარი, ზებუნებრივი და რეალობის საზღვრების მიღმა მყოფია. მაშასადამე, შეუძლებელია ჩვეულებრივმა ადამიანმა თავისი ცხოვრება მწუხარებისა და სევდის გარეშე განვლოს.

ტკივილი და მწუხარება – მოკვდავი ადამიანის შეუცვლელი თანამგზავრნი გახლავთ. ვის არ უტანჯია და ვის არ უტირია ცხოვრებაში? დაბადებისას, ადამიანი ტირილთან ერთან აკეთებს თავის პირველ ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას და ტირილითა და ცრემლებით ტოვებს წუთისოფელს. სიკვდილის წინ, როდესაც სული სხეულიდან ამოსასვლელად ემზადება, ადამიანს ცრემლები მოსდის და ეს ემართებათ არა მხოლოდ ცოდვებით დამძიმებულ, ხანდაზმულ ადამიანებს, არამედ ბავშვებსაც და ახალშობილებსაც კი.

იობი, ძველი აღთქმის ეს უდიდესი წმინდა მამა, ძალიან ბევრს იტანჯებოდა, თუმცა კი, საუკეთესო იყო დედამიწაზე არსებულ ადამიანთაგან, ის გახლდათ ჭეშმარიტად მართალი უფლის მოწმობითვე.

მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ატყდება მას თავს მწუხარებანი ერთი მეორის მიყოლებით: ერთ ღამეს ეღუპება ყველა შვილი, კარგავს მთელ თავის ქონებას, ცოლი ღვთის გმობისაკენ უბიძგებს მას. ირგვლივ მხოლოდ უბედურებებია! მაგრამ, ღმერთი ეუბნება იობს: “ამ გზით, მე გამოგცდი შენ, მე დავუშვი, რომ ეს ყოველივე მომხდარიყო, რათა შენ წმინდანობამდე მიმეყვანე”. ჩვენთვის ხომ არ სურდა უფალს იობის წმინდა-ყოფა და მის მიერ, მწუხარების ჟამს მოთმინების მაგალითის ჩვენება. რამეთუ, აბსოლუტურად არაფერი ხდება უფლის განგებულების გარეშე.

მწუხარება და ტკივილები  თან სდევენ ადამიანის ცხოვრებას. რამდენი ადამიანი იტანჯება დედამიწაზე გაუსაძლის მწუხარებათა და ავადმყოფობათაგან! მაგრამ, ორლესული მახვილის მსგავსად, ყველაზე დიდ ტანჯვასა და აუტანელ მწუხარებაში, სასოწარკვეთაში, არიან ისინი, ვინც დატოვეს წუთისოფელი, არა წმინდანები და მართალნი – ისინი განეშორნენ მწუხარების სამყოფელს და უფალში, მის დიდებაში განისვენებენ; არა, მათთვის მწუხარება დასრულდა და ამჟამად ისინი განისვენებენ – სხვები კი იტანჯებიან, ისინი, რომლებიც “დამარცხდნენ” და ახლა მარადიულ ჯურღმულში იმყოფებიან, მეორედ მოსვლის ჟამს კი, საშინელი სამსჯავროს წინაშე წარსდგებიან. მათ შიში იპყრობთ და კანკალებენ საშინელ სამსჯავროზე ფიქრისას, როდესაც მარადიული ტანჯვის განაჩენს გამოუტანენ.

ასეთნი, უსასრულოდ მწუხარენი, მილიონნი, და შესაძლოა მილიარდნი არიან; ამჟამად ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, როგორც აქ, მიწაზე, სასამართლოს მომლოდინე, დაკვირვების ქვეშ მყოფნი, რომლის შემდეგაც მათ ბორკილებს დაადებენ და სასჯელაღსრულების სამსახურში ან ციხეში გაუშვებენ. მაგრამ ახლა, ისინი ელოდებიან და პირობითად თავისუფალნი არიან ნამდვილ სამსჯავრომდე. სულები ელიან და საშინლად იტანჯებიან, რამეთუ გრძნობენ, თუ რა მოელით ღმრთაებრივი კანონის შესაბამისად. ისინი ვეღარ გაექცევიან ღმრთაებრივ სამართალს, კანონის შესაბამის სასჯელს, რომელიც უგულვებელყოფილი იყო მათ მიერ დედამიწაზე. ეს ადამიანები, არიან ჭეშმარიტად უბედურნი  და საშინლად იტანჯებიან.

ღმერთმა, მასთან ახლოს მყოფთ განუცხუდა მათი მდგომარეობა. ამ ადამიანებმა იხილეს ამ სულთა სამყოფელი, – ისინი შემწეობას ითხოვენ, მზერითაც კი ევედრებიან, მაგრამ, ვინღა შეძლებს აწი მათ შველას! წმინდანნი და მართალნი ღმრთისა, ზეცაში მათთვის ლოცულობენ, თუმცაღა, ჩვენც, ამქვეყნად მყოფებიც შეძლებისდაგვარად უნდა შევეწიოთ ამ სულებს, რამეთუ ჩვენც ვიტანჯებით აქ ჩვენს თანანადებთა გამო.

განა ჩვენ არ ვიტანჯებით, განა ჩვენ არ ვმწუხარებთ? დაე, თითოეულმა ჰკითხოს საკუთარ თავს, როგორი მწუხარებანი და სევდანი მოიხილავენ ხოლმე ჩვენს სულს: ახლობლის გარდაცველება, ავადმყოფობანი და უბედური შემთხვევანი, ჩვენს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება და დამთრგუნველს ხდის ჩვენს ყოფიერებას!

ტანჯვის საწყისი ჩვენს პირველმშობელთაგან მოდის. ჩვენი პირველმშობელნი წმინდანებად შეიქმნენ; ისინი მეფობდნენ სამოთხეში და ყველაზე მშვენიერ ქმნილებებად ითვლებოდნენ. მათი სამკვიდრებელი, სამოთხე, იყო წმინდა და მშვენიერი, ისეთი, როგორიც თავდაპირველად, ღმრთის ყოვლადსახიერებითა და სიყვარულით შეიქმნა. იქ, სამოთხეში, ისინი საოცრად ნეტარებდნენ სულიწმინდით, რომელიც უხვად მყოფობდა მათში. როდესაც ისინი უფლის მორჩილებას განუდგნენ და შესცოდეს, მადლსაც განეშორნენ, სულიწმინდამ დატოვა ისინი, უფალმა კი, ცეცხლოვანი მახვილის მპყრობელი ანგელოზი გაუგზავნა მათ, რომელმაც სამოთხიდან განდევნა ისინი.

წარმოიდგინეთ წინამშობელთა ტკივილი და ტანჯვა, როდესაც ისინი სამოთხიდან მიდიოდნენ, ანგელოზმა კი ისინი ამ სიცოცხლეში, ჩვენს ამჟამინდელ სამყოფელში გადმოასახლა. ვინმეს რომ ჩვენი სახლიდან ქუჩაში გავეგდეთ, როგორი დარტყმა იქნებოდა ჩვენთვის, როგორი უბედურება, რაოდენ მწუხარენი ვიქნებოდით! ახლა კი წარმოიდგინეთ, როგორ იტანჯებოდნენ ჩვენი პირველმშობლები, მათ ხომ უკვდავება წაერთვათ, მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა იყო სიკვდილი, რამეთუ, მათ უკვდავ ყოფიერებაში, იგი  არ არსებობდა. სიკვდილი მოვიდა, როგორც შედეგი დაუმორჩილებლობისა, სწორედ მაშინვე გამოჩნდა მწუხარება და ტანჯვაც და შემოვიდა ამქვეყნად მცხოვრები ადამიანის მთელს არსებაში. და მას შემდეგ, ჩვენ კვლავაც მოვიმკით სამოთხიდან განდევნის ნაყოფებს.

მაშ ასე, პირადი გამოცდილებით ვიცი რა, თუ რა არის ტკივილი და ტანჯვა, ვილოცოთ იმ ადამიანებისათის, რომლებიც საუკუნო სასჯელის შიშით არიან შეპყრობილნი. დაე, ჩვენად ვაქციოთ მათი ტკივილი და ტანჯვა, რათა უფალმა მოწყალება მოიღოს მათზედ და შეუნდოს შეცოდებანი, სანამ ჯერ კიდევ არ მოსულა დიდი სამსჯავროს ჟამი, რომლის შემდეგაც ვერაფრის შეცვლა ვერ იქნება შესაძლებელი, სანამ ჯერ კიდევ არ მიღებულა საბოლოო გადაწყვეტილება და ჯერ კიდევ შესაძლებელია რაიმეს შეცვლა. ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, ჯერ კიდევ  ხელსაყრელი დროა, დღეები საკუთარ თავთა  და იმ სულსთა გადარჩენისა, რომლებიც ჩვენს ლოცვას ელოდებიან.

წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით მათ ადგილზე, წარმოიდგინეთ, რომ იქ ვართ და აქ კი ჩვენი განთავისუფლების საკითხი წყდება. როგორ სიხარულს, როგორ გულწრფელ მადლიერებას ვიგრძნობდით ჩვენ მათ მიმართ, ვინც ჩვენს გასანთავისუფლებლად ლოცვით  შუამდგომლობას გაგვიწევდა! რაოდენ დიდ სიხარულს იგრძნობდა ციხეში მყოფი ადამიანი, რომ გაეგო მისთთვის ვიღაცამ გირაო გადაიხადა და რომ ახლა ის თავისუფალია. ჯერ კიდევ გუშინ, ის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ აი, მოდის მაცნე მის გასათავისუფლებლად გადახდილი გირაოს ამსახველი ცნობის თანხლებით და განთავისუფლების ამბავს ამცნობს. სულ მალე, იგი ციხიდან გამოვა და შეძლებს თავისი ოჯახის ნახვას, იხილავს დღის სინათლეს და ბორკილების გარეშე თავისუფლად შეძლებს გავლას. აღარ ისადილებს ციხის სასადილოში და არც უბადრუკი სამოსის ტარება არ მოუწევს, აღარ დაიტანჯება და აღარც  შეიპყრობს საპყრობილეში ყოფნის  სევდა. მხოლოდ იმაზე ფიქრიც კი, რომ ის შეძლებს სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას, პოლიციის უშიშრად ნებისმიერ ადგილზე წასვლას, უდიდესი სიხარული მოაქვს პატიმრისათვის! მიწიერი ცხოვრება საოცრად ხანმოკლეა და ამიტომაც არის ჩვენთვის თავისუფლება ასე ძვირფასი! დაე, მივანიჭოთ სიხარული იმ სულებსაც, რომლებიც მარადიული ტყვეობის შიშით არიან შეპყრობილნი.

ჩვენი გულმოწყალება ამ ადამიანთა და ამ სულების მიმართ, დიდად ფასეულია და მნიშვნელოვანი გულმოწყალე უფლის თვალში. დაე, აღვასრულოთ ეს სიკეთე და ნუღარ მოვიმიზეზებთ ხოლმე საკუთარ უღირსებას. ჩვენ ყველანი უღირსნი ვართ, პირველ რიგში კი მე: ჩვენ არ ვართ ღირსნი ჩვენი ლოცვის შესმენისა, რამეთუ, ფრიად დიდია ჩვენი ვალი უფლის წინაშე – ჩვენ ჩვენშივე ვატარებთ საკუთარ მსჯავრს და აღარ ვართ თავისუფალნი. აქ უმთავრესი სიყვარულია, და სიყვარულიდან გამომდინარე, უფალი შეისმენს ჩვენს ლოცვას, მიუხედავად ჩვენი სულის უღირსებისა და შეიწყალებს მათ, ვისზეც ჩვენ ვლოცულობთ.

მაკარი დიდი, დიდი ასკეტი, რომელიც უამრავ სასწაულს აღასრულებდა და კადნიერება ჰქონდა წინაშე ღმრთისა, ერთხელ უდაბნოში მიდიოდა. უეცრად მან მიწაზე თავის ქალა დაინახა, კვერთხი დაჰკრა და ჰკითხა:

– ვინ იყავი მიწიერ ცხოვრებაში?

მკვდარი თავის ქალა ამეტყველდა და თქვა:

– მე საკერპოს ქურუმი ვიყავი, შენ კი მაკარი ხარ, უფლის წმინდანი, რომლის ლოცვები ჩვენამდე, უღმერთოებამდეც კი აღწევს.

– რა სარგებლის მოტანა შეუძლია ურწმუნო წარმართთათვის, ჩვენი, ქრისტიანების ლოცვას?

– როგორ თუ რა სარგებლის?! როდესაც თქვენ მთელი მსოფლიოსათვის, ყველა სულისათვის ლოცულობთ, ჩვენც ვიღებთ რაღაც სარგებელს. სარგებელი კი იმაშია, რომ ჩვენთან, ქვევით, ქვესკნელშიც კი აღწევს რაღაც სინათლე, და ამ მკრთალ შუქზე, ჩვენ ერთმანეთის ზურგს ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ აღარა ვართ მარტონი, და რომ ძალზედ ბევრნი ვართ; და ჩვენ ეს გვანუგეშებს.

– ნუგეშია – ხედავდეთ ერთმანეთის ზურგს და აცნობიერებდეთ, რომ არ ხართ მარტონი და ხართ ბევრნი? ამას უწოდებ შენ ნუგეშს? – დიახ, ჩვენთვის ეს ნუგეშია, ვინაიდან სხვა ჯოჯოხეთისეულ ტანჯვათა მიღმა, ჩვენ  მარტოობითაც ვიტანჯებით.

წმინდანმა კიდევ ერთხელ, მწუხარედ დაჰკრა კვერთხი თავის ქალას  და თავისთვის თქვა: “დიახ, ეს ნუგეშია!”

ყოველ ჩვენგანს ჰყავს გარდაცვლილი ნათესავები. ჩვენი მათდამი თანაგრძნობა,  უნდა ვაქციოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ თანაგრძნობად, ვინც საუკუნო სამყოფელში გადაინაცვლა. ზეცაში არა მხოლოდ წმინდანები მყოფობენ, იქ სხვა ადამიანებიც არიან, რომლებიც ჯოჯოხეთში იმყოფებიან; ისინიც ჩვენი ძმები არიან და ქრისტე მათთვისაც ეცვა ჯვარს. მათთვის ლოცვა – დიადი მოწყალების გაცემაა; თუკი შესაძლებელია, დაე, ყოველ დღე დავღვაროთ მათთვის ცრემლი. მათი ტკივილი, მათი ტანჯვა, მათი მწუხარება ჩვენს საკუთარ ტკივილად და საზრუნავად ვაქციოთ. გულმოდგინებით ვიფიქროთ მათზე: “რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს? ნუთუ საუკუნოდ დარჩებიან ისინი ჯოჯოხეთში?”

შესაძლოა ჩვენი ლოცვით ვერავის გადარჩენა ვერ შევძლოთ, თუმცა, ჩვენი უკანდაუხეველი და უდრეკი გულმოწყალებისათვის, უფალი შეგვიწყალებს ჩვენ და შესაძლოა ჯოჯოხეთური ტანჯვაც ავირიდოთ თავიდან.

ქრისტე, ამქვეყნად ადამიანად მოსული ღმერთი, საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავს, განიცდის ტკივილსა და იტანჯება;   მან აღიღო ჯვარი ტანჯვისა და განიცადა წმინდა ვნებანი. ვის გააჩნია გამონაკლისის უფლება და ვის ძალუძს ცხოვრების ტკივილისა და მწუხარების გარეშე განვლა? ამგვარი უფლება არავის აქვს. თუკი ვინმეს მწუხარების გარეშე სურს ცხოვრება, დაე, ასე იფიქროს: “როგორ შემიძლია მე ასეთი უფლების გამოთხოვნა მაშინ, როდესაც ჩემმა მხსნელმა თავისი უკანასკნელი ამოსუნთქვა, საშინელი ფიზიკური ტკივილებითა და სულიერი წამებით აღასრულა ჯვარზე?” როგორც ღმერთმა, მან უწყოდა, რომ მისი ჯვარცმით, თავისი მსხვერპლგაღებითა და წმინდა სისხლის დაღვრით, მთელი კაცობრიობა ვერ გადარჩებოდა, არამედ მხოლოდ მცირე სამწყსო. და ეს თავისთავად, უკვე მტანჯველი იყო! მან უწყოდა, რომ სატანაც მიიღებდა თავის ნაწილს, და რომ ეს ნაწილი, შესაძლოა, უფრო დიდი ყოფილიყო, რამეთუ “მცირედ არიან ცხორებულნი”.

ჩნდება კითხვა: “რატომ დაუშვა უფალმა, რომ ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან გარდაცვალებამდე გამუდმებული ტანჯვა ყოფილიყო?” ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ტანჯვა და ტკივილი, სამოთხიდან განდევნის შედეგია, და რომ უფლისათის – ეს წამალია, რომლითაც ადამიანის სული იკურნება და იღებს ხსნას, იტანჯება აქ, რათა არ იტანჯოს იქ, ტირის აქ, რათა არ იტიროს იქ.  აქ იმიტომაც ვტირით ტკივილისა და მწუხარებისაგან, რათა მარადიულ ტირილსა და ცრემლებს გადავურჩეთ. და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი,“იმქვეყნად გადარჩენილთათვის. ხშირად ჩვენ უყურადღებოდ ვცხოვრობთ და მცდარ გზას ვადგებით. უფალი კი ღობავს ამ გზას, რათა არ განვაგრძოთ მასზე სვლა. ეს ძალზედ მწარე და მძიმეა ხოლმე და ადამიანი პროტესტს უცხადებს ტანჯვასა და უბედურებას. თუმცაღა, ამ გზით, ბრძენთაბრძენი ექიმი, კურნავს ბოროტებას. ცხოვრებაში გადატანილ უმძიმეს მწუხარებათა წყალობით, რამდენი ადამიანი მოქცეულა უფლისაკენ!


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©  

Share