ქორწინება ადამიანის ხსნის გზაა. თუ მას სულიერი კუთხით შევხედავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ქორწინების მთავარი მიზანი სხვა არაფერია თუ არა ადამიანის სულის გადარჩენა. ქორწინების მიზანი არ არის არც ბედნიერება, არც შვილიერება, არც ცხოვრებისეული თანამგზავრის შეძენა. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.
ქორწინება ეკლესიის მიერ კურთხეული, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ადამიანის ცხოვრებაში. პირველ საუკუნეებში იყვნენ ერეტიკოსები, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ ქორწინება ქალწულებაზე უდარესია და რომ ადამიანი არ უნდა დაქორწინდეს. წმინდა პავლე მოციქული კი ამბობს: ”პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ”(ებრ. 13:4)
სამოციქულო კანონებსა და მსოფლიო კრებებზე ეკლესიამ განაგდო ქორწინების შესახებ მსგავსი შეხედულებები. კრებებზე აგრეთვე განიხილებოდა დაქორწინებული სასულიერო პირების საკითხი და ზოგი მიიჩნევდა, რომ სასულიერო პირი არ უნდა იყოს ქორწინებაში. კათოლიკეები დღემდე კრძალავენ კლიროსში დაქორწინებული ადამიანების მიღებას.
რა თქმა უნდა, წმინდა მამებმა არ მიიღეს ეს ერეტიკული შეხედულება. წმინდა მღვდელმოწამე პაფნუტიმ დაქორწინებული მღვდლების დასაცავად თქვა, რომ პატიოსანი ქორწინება არ არის დაბრკოლება მღვდლობისთვის. აქედან გამომდინარე, ეკლესია იღებს და აკურთხებს ქორწინებას და თვლის, რომ ადამიანის გადარჩენის ერთ-ერთი გზაა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ქორწინების მთავარი მიზანი ადამიანის სულის გადარჩენაა. ძალიან კარგად უნდა გავითავისოთ ეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ოჯახის აშენება არასწორ ფუნდამენტზე. ჩემი მცირე გამოცდილებით – რა თქმა უნდა, არა პირადი გამოცდილებით, რადგან არასდროს ვყოფილვარ ქორწინებაში, არამედ იმ გამოცდილებით რაც მრავალ ადამიანთან ურთიერთობით დამიგროვდა. მათ, ვისაც პრობლემები აქვთ ურთიერთობებში, უფრო კონკრეტულად კი – მორწმუნე მეუღლესთან ურთიერთობაში, მათ ყველას აკლია ზუსტად ის განცდა, რომ ქორწინების მიზანი სულის გადარჩენაა.
ვიღაც იტყვის:
– მე იმიტომ დავქორწინდი, რომ ბედნიერება მინდა. მჭირდება ისეთი ადამიანი, რომელსაც ვეყვარები და ჩვენს ოჯახში ერთსულოვნება დაისადგურებს. მინდა, რომ ოჯახი ნავსაყუდელი იყოს და რომ სახლში ყოფნით დავისვენო.
დიახ, ეს ბუნებრივია და ადამიანური. მაგრამ განა მარტო ასე უნდა იყოს? მაგალითს მონაზვნური ცხოვრებიდან მოვიყვან. დღეს ახალგაზრდა, რომელსაც მონაზვნობა უნდა ამბობს:
– მინდა, რომ კარგი მონასტერი ვიპოვო, სადაც კარგი საძმო იქნება, კარგი იღუმენი, რომელიც წმინდანი იქნება, არ განრისხდება, ცუდად არ მომექცევა და ჩემს საჭიროებებს გაითვალისწინებს, რომ ეს მონასტერი კარგ ადგილას იყოს და ყველაფერი აწყობილი და მოწესრიგებული ჰქონდეს!
აი, ასეთი მოცემულობებით იწყებს ადამიანი მონაზვნურ ცხოვრებას. ასე ვიწყებდი მეც და შემდგომში მივხვდი, რომ ეს შეცდომა იყო. ”პატერიკში” კი სრულიად სხვა ხედვას ვაწყდებით. ერთი ახალგაზრდა მივიდა ამბასთან და ჰკითხა:
– ამბა, სად წავიდე, რომ გადავრჩე?
ანუ სად წავიდე, მონაზვნური ცხოვრებისთვის? ამბამ უპასუხა:
– შვილო, იქ წადი, სადაც რთულია. თუ გადარჩენა გინდა, არ წახვიდე იქ, სადაც ადვილია ცხოვრება. თუ კომფორტში გინდა, მაშინ კარგი, წადი იქ, სადაც კომფორტია. მაგრამ თუ გადარჩენა გინდა, იქ წადი სადაც სირთულეებია და შრომაა საჭირო.
ერთმა ახალგაზრდამ ამბა ზაქარიას ჰკითხა:
– ამბა, როგორ ვიცხოვრო საერთო საცხოვრებელ მონასტერში, რომ გადავრჩე?
ამბამ მოიხსნა სკუფია, დააგდო მიწაზე, გათელა ფეხებით და უთხრა:
– თუკი ამ სკუფიას დაემსგავსები და მზად იქნები ასე გადაგთელონ სხვებმა და შენ მდუმარედ დაითმინო, მაშინ გადარჩები.
მას არ უთქვამს: ”თუ გადარჩენა გინდა, შენი მოძღვარი უნდა იყოს მშვიდი, არ ბრაზდებოდეს, არაფერი აგიკრძალოს და ზრუნავდეს შენზე”. – არა, მამებს არ ჰქონდათ ამგვარი ხედვა.
მახსოვს, როდესაც ათონის წმინდა მთაზე ვცხოვრობდი, ათენიდან ისიქასტურად მყუდროებაში ცხოვრებისთვის ერთი არქიმანდრიტი ჩამოვიდა. მივიდა წმ. ეფრემ კატუნაკელთან და უთხრა:
– გერონდა, გაქვთ აქ კელიები, სადაც მყუდროებაში ვიცხოვრებდი?
წმ ეფრემმა უთხრა:
– აქ ბევრი კელიაა, მამაო.
ვინც კატუნაკში და კარულში ნამყოფია იცის, რომ იქ მართლაც ბევრი კელიაა.
არქიმანდრიტი ეუბნება:
– ისეთი კელია მინდა, სადაც წყალია.
– არის ასეთებიც.
– და კიდევ რომ არ იყოს ნესტიანი, არ იყოს მაღალზე, არც გამოქვაბულში და არც კლდის ქვეშ…
მამა ეფრემმა უთხრა:
– მამაო, დაბრუნდი ათენში, კატუნაკი შენთვის არაა! აქ შრომაა საჭირო და არა კომფორტი.
ეს ყველაფერი მონაზვნური გადმოსახედიდან განვიხილეთ. როდესაც ქრისტიანს უნდა ოჯახის შექმნა, მისი ცხოვრების მიზანი სულის გადარჩენა უნდა იყოს. როდესაც ვამბობთ ”გადარჩენას” ვგულისხმობთ, რომ ყველაზე მეტად ქრისტე შეიყვაროს, იღვაწოს, იშრომოს, რომ შეუერთდეს მას და სულიერად გაიზარდოს იესუ ქრისტეში. ასეთი ადამიანი ოჯახის შექნისას ფიქრობს: ”თუკი დავქორწინდები, ჩემი ოჯახი ის საშუალება უნდა იყოს, რომელიც ორივეს ქრისტესთან მიგვიყვანს..”
მახსოვს, წმ. პაისისთან მიდიოდნენ ახალგაზრდები და ეუბნებოდნენ:
– მამაო, ილოცეთ, რომ კარგ გოგოებს შევხვდეთ და დავქორწინდეთ!
წმ. პაისი ეუბნებოდა:
– შვილებო, არასწორ საფუძველზე აშენებთ თქვენს ოჯახებს. თქვენ კარგი გოგო გინდათ, რა თქმა უნდა, ეს კარგია და ბუნებრივი. სამწუხაროდ, ზოგჯერ ასე არ ხდება ხოლმე. ეს ხედვა არ არის მართებული და ქორწინებისადმი ანგარებიანი დამოკიდებულებაა. ანუ ვქმნი ოჯახს, რომ სიამოვნებებში ვიცხოვრო და არა იმიტომ, რომ გადავრჩე. ამ დროს, ჩემი მთავარი მიზანი გადარჩენა და ქრისტესთან ქორწინება კი არა, არამედ სასიამოვნო, კომფორტული ცხოვრებაა. ამიტომაც, თუ დავქორწინდები და ვნახავ, რომ ეს კარგი, მორიდებული, თავმდაბალი ქრისტიანი გოგო, არც ისეთი თავმდაბალი, მშვიდი და მორიდებული ყოფილა და რომ ყველა ამ სათნოებასთან ერთად, როგორც ყველა ადამიანი, უამრავი მანკიერების მატარებელია. მაშინ იწყება სირთულეები ოჯახში და ვამბობ: ”მე ხომ არ მინდოდა ასეთი ოჯახი! არ მინდოდა, რომ ასე დავტანჯულიყავი და მეწვალა!”.
ღვთის განგებულების გარეშე არაფერი ხდება, მითუმეტეს ქორწინება. ჩვენი გადარჩენისთვის, იქნებ სწორედ ეს არაკომფორტული გარემოა საჭირო!
მამები გვასწავლიან, რომ ოჯახში აუცილებლად იქნება სირთულეები. შენ შეხვდი ისეთ ადამიანს, რომელიც არ არის მარტივი, არც შენ ხარ მარტივი, ის თავისი სირთულეებითაა და შენ შენით და ორივე წვალობთ. მაგრამ თუკი ამ ყველაფერს სულიერი გადმოსახედიდან შეხედავ, ამ სირთულიდან სარგებელს მიიღებ. ყველა ის სირთულე, რაც ოჯახში გექნება, თუკი სწორად მიუდგები, დიდი სარგებლის მომტანი იქნება.
არ დაუშვა შეცდომა და არ ეცადო ვინმეს გამოსწორება. ისევე, როგორც მონაზვნობაში, ქორწინებაშიც უდიდესი შეცდომაა ეს. როდესაც მონასტერში მიდიხარ შენი საქმე არ არის მონასტრის, წინამძღვრისა და საძმოს გამოსწორება. პირიქით, იქ შენ უნდა გამოსწორდე. იმ მომენტიდან, როდესაც გაიფიქრებ: ”ჩვენი წინამძღვარი და საძმო უფრო მეტად თავაზიანი და კეთილი უნდა იყოს!” – ჩათვალე, ყველაფერი დაკარგე და ადრე თუ გვიან წახვალ ამ მონასტრიდან. ასევე, იმ მომენტიდან, როდესაც მოისურვებ, რომ ოჯახური ცხოვრებისას შენი მეორე ნახევარი ისეთი გახადო, როგორიც შენ გინდა, ორიდან ერთი მოხდება: თუ ის სუსტი ხასიათის, ფაქიზი და ძალიან კეთილია – დათრგუნავ და შეჭამ და თუკი ასე არ არის, ყოველდღე კონფლიქტები გექნებათ.
ოჯახში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავი უნდა გამოასწორო. წმ მამები ამბობენ: შენ სწორად განეწყვე სხვის მიმართ და თუკი ის არ შეიცვლება, შენ შეიცვლები. შენ, თვითონ ისწავლი თუ როგორ მოექცე სხვას, თუკი ის ვერ ხვდება, რომ გამოსასწორებელია. ასე მასწავლიდა ჩემი მოძღვარი, როდესაც ვუთხარი:
– მშობლებს არ ესმით ჩემი! საერთოდ ვერ ვპოულობ მათთან საერთო ენას!
მან მითხრა:
– ნუ გეშინია, შვილო. მოდი შენ გაუგე მათ! თუ მათ არ ესმით, შენ გაუგე და ამით პრობლემა მოგვარდება.
და მართლაც, თუ შენ გაუგებ მეორე ადამიანს, მაშინ აღარ მოგინდება, რომ შენ გაგიგონ.
წმინდა ეფრემ კატუნაკელის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ ის 42 წელი ისეთ წინამძღვართან ცხოვრობდა, რომელიც ნამდვილი ტირანი იყო, რომელსაც სხვა მამები 15- 20 წუთზე მეტს ვერ უძლებდნენ.
ჩემი მოძღვარი (იოსებ ვატოპედელი) ამბობდა:”30 წუთი ვუძლებდი და მერე მივდიოდი”. ის ნამდვილად დესპოტი, სულიერად სნეული ადამიანი იყო. 20 წლის იყო მამა ეფრემი, როდესაც დაიწყო მისი 42 წლიანი მორჩილება ამ ურთულეს ადამიანთან.
რამდენიმეჯერ, გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი, წასულა კიდეც მისგან, მაგრამ ყოველ ჯერზე საღმრთო მადლი ტოვებდა მას. მამა ეფრემი ღმერთშემოსილი კაცი იყო – მას იმხელა კადნიერება ჰქონდა, რომ ღმერთს ისე ესაუბრებოდა, როგორც კაცი კაცს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღმერთმა დაუშვა, რომ მთელი 42 წელი ასე ეწამა.
სიცოცხლის ბოლო წლებში, მამა ნიკიფორემ (მამა ეფრემის წინამძღვარი) საერთოდ დაკარგა განსჯის უნარი. ამ მდგომარეობაში 3-4 წელი იმყოფებოდა, რაც მამა ეფრემისთვის ნამდვილი წამება იყო. როდესაც ის გარდაიცვალა და კრძალავდნენ (ათონზე ასეთი ტრადიციაა, რომ როდესაც გარდაიცვლება წინამძღვარი, უკანასკნელი კურთხევის ასაღებად ძმები მიდიან და ემთხვევიან მას) მამა ეფრემიც მივიდა და ემთხვია მას და ზუსტად იმ წამებში ღმერთმა აუწყა გულში, რომ მისი ნება იყო ის, რომ მასთან ცხოვრობდა. მამა ეფრემმა უთხრა უფალს:
– 43 წელი ვლოცულობდი და არ გამიცხადე შენი ნება! 43 წლის შემდეგ მაუწყებ ამას? რომ დამეტოვებინა და წავსულიყავი?
– რომ წასულიყავი, დაიღუპებოდი. – მიიღო სულში პასუხი.
ხედავთ? მამა ეფრემთან საღმრთო მადლი ურთულესი განსაცდელებითა და უდიდესი შრომის შედეგად მივიდა და არა ბედნიერი და კომფორტული ცხოვრებით. აღდგომა მხოლოდ ჯვარცმას მოჰყვება. მხოლოდ ჯვრის მიერ გადარჩება ადამიანი. იმისთვის, რომ განიკურნოს ჩვენი დაცემულობა, აუცილებლად ქრისტეს ნაკვალევს უნდა გავყვეთ და ჯვარზე ავიდეთ. თუ არ გავყვებით ჩვენი თავისუფალი ნებით, მაშინ არ ველოდოთ და გვეგონოს, რომ მისი მოწაფეები გავხდებით.
თუკი ქრისტე თავისი ნებით ავიდა ჯვარზე და ჯვრის მიერ მოეფინა სიხარული მთელს სამყაროს, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი, ვისაც გადარჩენა უნდა, თავისი ნებით უნდა ავიდეს ჯვარზე, რომლის მიერაც უდიდეს სიხარულს მოიპოვებს. ამიტომაც, ოჯახი სწორ საფუძველზე უნდა ავაშენოთ. იმისთვის უნდა შეიქმნას ოჯახი, რომ ვიღვაწოთ, დავთრგუნოთ ვნებები, საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ – ”მოვკვდე, რომ მან იცოცხლოს”.
ერთხელაც ერთი ქალბატონი მოვიდა ჩემთან, რომელსაც ქმრისგან გაშორება უნდოდა. ის ამბობდა, რომ აღარ უყვარდა არც მას და არც თავის ქმარს. მან მითხრა:
– არ შემიძლია იმ ადამიანთან ცხოვრება, ვისაც არ ვუყვარვარ!
– კარგი, მერე შენი შვილები?
– და მე რაღა ვქნა? როგორ ვიცხოვრო ასეთ ოჯახში?!
მე ვუპასუხე:
– ოჯახს იმიტომ კი არ ქმნი, რომ მხოლოდ კომფორტულად იცხოვრო. ოჯახი თავგანწირვას მოითხოვს. ადამიანი მონაზონი იმიტომ კი არ ხდება, რომ იცოცხლოს, არამედ იმისთვის, რომ მოკვდეს. როდესაც ვინათლებით, ვკითხულობთ: ”რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით”(რომ. 6:3-4)
ქრისტიანული ცხოვრების არსი ჩვენში არსებული ძველი კაცის მოკვდინებაშია იმისთვის, რომ ახალი ადამიანი გაცოცხლდეს. როდესაც ეს მოხდება, მაშინ ჩვენს გარშემო ყველაფერს სხვანაირად შევხედავთ.
როდესაც ადამიანი განიწმინდება, გამოსწორდება და ქრისტეში სრულყოფილების გზას დაადგება, მაშინ მის გარშემო ყველაფერი შეიცვლება. როგორი სირთულეებიც არ უნდა ჰქონდეს, მისი ოჯახიც სასუფევლად იქცევა. ამიტომაც ჯვრისწერისას წყვილს თავზე ”მოწამეობრივ” გვირგვინს ვადგავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მოწამეობრივი გზაა, რათა მოკვდეს მათში არსებული ”ძველი კაცი” თავისი ვნებებით და ქრისტე დამკვიდრდეს მათ გულებში და მათ შორის.
ქორწინებით მრავლმა ადამიანმა გადაირჩინა სული. შეიძლება არ არის მათი ცხოვრება აღწერილი და ჩვენამდე მოსული, მაგრამ არიან დაქორწინებული ადამიანები, რომლებიც თავიანთი სულიერი მდგომარებით მონაზვნებსაც კი აღემატებიან. ასეთი მაგალითებიც ვიცით.
ერში მცხოვრებ ადამიანებს უამრავი მწუხარება და განსაცდელი აქვთ, რაც, არც კი ვიცით! რამდენ მშობელს ეზრდება შვილი ურთულესი დაავადებით. რამდენ ქალს სცემს ქმარი! ძალიან ბევრი შემთხვევაა ასეთი. ასეთი ადამიანები უცნობია ჩვენთვის, რადგან არ არსებობენ ისინი, ვინც მათ ცხოვრებას აღწერდა. მონაზვნების შესახებ, სხვა მონაზონი წერს და ჩვეულებრივ ადამიანზე ვინ დაწერს?
არ ვთვლი, რომ უფრო მეტი მონაზონი გადარჩება, ვიდრე დაქორწინებული. პირველ რიგში, მონაზვნები ცოტანი არიან. მაგალითად, რამდენი იქნება კვიპროსზე? 100? ერის ადამიანი დაახლოებით 700 000. რას ნიშნავს ეს? მხოლოდ 100 მონაზონი გადარჩება? არა, ძალიან ბევრი ერის ადამიანი გადარჩება!
ყველაზე ბედნიერი ქორწინებაც კი, საკუთარ თავზე მაღლა დგომას მოითხოვს. როდესაც მამა ყოველდღე კანიდან ძვრება, იმისთვის, რომ აჭამოს თავის ოჯახს და თუ ის მშენებელია და დღეში 50 ლირას გამოიმუშავებს და მიდიან მასთან ბავშვები და ზოგი 10, ზოგი 20 და ზოგი 30 ლირას თხოვს და ართმევენ იმ ფულს, რომლის გამოც მთელი დღე სასტიკად იშრომა, განა ასეთი ადამიანი არ წირავს საკუთარ თავს? არ გასცემს საკუთარ სისხლს?
კითხვა:
– არაქრისტიანების ცხოვება რატომაა უფრო სასიამოვნო, ვიდრე ქრისტიანების?
– რატომ ფიქრობთ, რომ ქრისტიანების ცხოვრება უფრო მძიმეა?! პირიქით, უფრო მარტივია, რადგან ისინი თავიანთ სირთულეებს ქრისტეს ანდობენ. და ვისაც არავის იმედი აქვს, რას ან ვის დაეყრდნოს? რას დაეყრდნოს ცხოვრებისეულ რთულ პერიოდებში, თუკი მან არ იცის ლოცვა, არ იცის, რომ არსებობს სხვა სიცოცხლე? და როდესაც არ უგრძვნია ქრისტეს არსებობა? როგორ გაუძლებს უსამართლობებს და დარტყმებს, როდესაც საპირწონედ ქრისტე არ ჰყავს? როდესაც გალანძღავენ, ისიც ლანძღვას დაუწყებს, ეცემა მეორე ადამიანს და მის მოკვლას მოისურვებს, ანდაც სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაამთავრებს. ერთ მაგალითს მოგიყვანთ.
როდესაც მორწმუნე მშობლები ახალგაზრდა შვილებს მარხავენ, იქ, რეალურად ვლინდება მათი რწმენა. ორი წლის წინ ლიმასოლში ერთი ახალდაქორწინებული ახალგაზრდა დავკრძალეთ, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად იყო გამგზავრებული თაფლობის თვეში და 25 დღეში გარდაიცვალა. მოასვენეს იმავე ტაძარში, სადაც ჯვარი დაიწერა და საქორწინო პიჯაკში დაკრძალეს. მისი მშობლები მორწმუნეები იყვნენ. ამ მწუხარებისაგან გალეულ ადამიანებს რომ შეხედავდი, იგრძნობდი,რომ მათ სულებში მტკიცე იმედი ცოცხლობდა.
რომ გითხრან: სიმსივნე გჭირს და სამ თვეში გარდაიცვლები.
რა თქმა უნდა, როგორც ადამიანი, წუთიერად შევიძრები, მაგრამ შემდეგ ფეხზე დავდგები და ვიტყვი: ”ქრისტე არსებობს, ცათა სასუფეველი არსებობს, მოვემზადები და ვილოცებ!” იმედი რომ არ მქონოდა რას ვიზამდი? კედელს მივახლიდი თავს: ”აწი რაღა ვქნა? რა ვუყო ჩემს გეგმებს და ოცნებებს?”
ამიტომაც, არ ვფიქრობ რომ ქრისტიანების ცხოვრება უფრო მძიმეა. უბრალოდ, ქრისტიანს აქვს უნარი, მამაცურად შეხვდეს საკუთარ სირთულეს, თვალებში ჩახედოს მას და სწორად მოიქცეს.