000 5079

ღმრთისმსახურებისა და გულისმიერი ლოცვის შესახებ – წმინდა იოანე კრონშტადტელი

რჩევები სულიერ მოძღვრებს

***

შფოთის სული, შიში და მოწყინება კვამლად მიიჩნიე. საჭიროა, რომ ღმრთიმსახურების დროს გამუდმებით ენთოს ჩვენში გულისმიერი ლოცვა.

***

შთაასახლე შენში ქრისტეს ნათელი და ხარბად აღარ გამოედევნები მიწიერ სინათლეს. უპირველეს ყოვლისა საჭიროე იცოდე, თუ როგორ განიწმინდო გული. ამისთვის საჭიროა, რომ ის შეერთდეს ქრისტესთან. ზედმეტი ინფორმაციითა და შემეცნებით ნუ გამოიტენი თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლოცვის ღვაწლი გელის. სხვაგვარად უმნიშვნელოს დევნაში დაკარგავ ყველაზე მნიშვნელოვანს – გულისმიერ ლოცვას და სულის მდუღარებას.

***

ზიარებით მიღებული ქრისტეს მადლი ეგოისტურად არ დააკავო შენში, არამედ ეცადე სხვებსაც გაუზიარო; ამის მაგალითია ბუნება: მზე მხოლოდ საკუთარ თავში არ აკავებს სინათლეს, არამედ ირგვლივ ასხივებს და დედამიწას მოჰფენს. განსაკუთრებით სულიერი მოძღვრები უხვად უნდა ჰფენდნენ თავიანთი გონების ნათელს, ცოდნას და გამოცდილებას სხვებზეც.

Иоанн Кроншт2
წმინდა იოანე კრონშტადტელი

***

ცოცხალი რწმენის, ჯვრის და ქრისტეს სახელის ძალით გულის მთები გადაადგილდებიან, ანუ ეშმაკი, რომელიც გულს მთასავით აწევს.

***

როდესაც ლიტურგიის დროს მღვდელი გონებასა და გულს წრფელად მიაპყრობს ქრისტეს, როდესაც ის თავის ღირს ხელებს ხალხისთვის აღაპყრობს, მაშინ ტაძარში მდგომნი და მლოცველნი შინაგანად მათთან მებრძოლ სულიერ ამალეკზე(ეშმაკსა და ვნებებზე) იმარჯვებენ; ხოლო როცა მღვდელი მსახურებისას სუსტდება, თავისი გულის მხურვალებას კარგავს, ჩვევით, გულგრილად, გულის მონაწილეობის გარეშე ლოცულობს, მაშინ ტაძარში მდგომებს ბოროტების სული ამარცხებს. ქრისტეს მღვდელნო, ღმრთისმსახურების დროს იფხიზლეთ!

***

როცა შენი დამარცხების მიზნით უხილავი მტერი შენს სულს ჩამოაწვება, მას ჯოჯოხეთური შიშითა და იწროებით გმირავს ისე, რომ არ შეგიძლია მათი ბნელი ზეგავლენისგან შენი გულის გათავისუფლება და ქრისტესთვის გახსნა, – ნუ გაღიზიანდები, არამედ დაითმინე და ილოცე, ილოცე ძლიერად. ყველანაირად ეცადე, რომ ცოცხალი რწმენის მიერ შენი გული ქრისტეს გაუხსნა!

***

უნდა მოიხვეჭო შინაგანი თვინიერება და სიმდაბლე და ყველანაირი მორჩილებისთვის მზადყოფნა. მორჩილი ყველაფრით და ყველათი კმაყოფილია და არ არის ისეთი შემთხვევა, რაც მას გააღიზიანებს.

***

როცა სასულიერო შინაარსის თხზულების წაკითხვას შეუდგები, გონებით ნურასდროს აჩქარდები სხვა რაიმე საქმის, ნაკლებ მნიშვნელოვანის საკეთებლად. გახსოვდეს, რომ მთელი შენი ცხოვრება ღმრთის სიტყვის მოუკლებელი სწავლა უნდა იყოს. დაე წმინდა წიგნები და მათში ჩაღრმავება შენთვის უპირველესი და საუკეთესო საქმიანობა იყოს. იკითხე, განიბრძნე, ცხონდი და სხვებიც აცხოვნე.

***

ზიარების შემდგომ განსაკუთრებით ეცადე იყო მორჩილი და მდაბალი, რათა შენს გულში შემოსულ მშვიდ და მდაბალ ქრისტეს პატივი სცე. მაგრამ თუ მორჩილების სულს დაკარგავ და შენი ეგოიზმის მიზეზით გაღიზიანდები, მაშინ მშვიდობისა და სიხარულის სული მიგატოვებს; შენს მკერდში ჯოჯოხეთური ცეცხლი აენთება და მაშინ მშვიდობის ძებნას დაიწყებ მწუხარებითა და ცრემლით და დიდხანს ვერ იპოვი.


***

ეცადე ქრისტესგან გამოითხოვო სიმტკიცე, რათა შენთან მებრძოლ უხილავ მტერთან ბრძოლაში გაგაძლიეროს. ისეთი სიმტკიცე უნდა გქონდეს, რომ მიუხედავად მათი ისრების სიმწვავისა, მათგან ჩამოწოლილი სიბნელისა, უძრავად უნდა იდგე რწმენის კლდეზე ისე, რომ არ უღალატო ქრისტეს არც აზრით, არც რაიმე უკმაყოფილო სიტყვით, არამედ აკურთხო მისი განგებულება, რომელიც ჩვენი სულისთვის დროებით დაფარულია. მოთმინების, სიმდაბლის და სიმამაცის გარეშე ეს სიმტკიცე ვერ მიიღწევა. ამიტომ იყავი დამთმენი, ვითარცა უხორცო; მორჩილი და მამაცი, როგორიც ქრისტე იყო მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე.

***

თვალი ადევნე მედავითნეებს, მათ მსახურებას, წესრიგსა და სისწორეს: მოწიწებით გალობენ და კითხულობენ თუ არა; ცდილობენ თუ არა, რომ ყველაფერი სულით აკეთონ? თუ მხოლოდ მოლაყბე ენით?

***

იმ დღეებში როდესაც ლიტურგიას აღვასრულებ, ვნებების წინააღმდეგ ჩემი უმთავრესი იარაღი წმინდა ზიარებაა. ხოლო იმ დღეებში, როდესაც არ ვმსახურობ – გულმოდგინე გულისმიერი ლოცვა.

***

ჩემი ამოცანა, როგორც მღვდლისა, არის ის რომ ლოცვა გასწავლოთ. როცა ლოცულობ, გონებით ნუ იჩქარებ რაიმე სხვა საქმისაკენ, რადგან ლოცვა მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შენი უმთავრესი საქმე უნდა იყოს. ხოლო სწორი ლოცვის სწავლა – ყველაზე მნიშვნელოვანი.

***

როცა ლოცვის დროს იგრძნობ, რომ შენი გული ნების წინააღმდეგაა, მზაკვრობს და ურწმუნოებითა და ამპარტავნებითაა აღვსებული, ნუ შეშინდები და მისი მზაკვრობისაკენ ნუ მიიდრიკები: ეს ეშმაკი გიბიძგებს სულიერი გზააბნეულობისაკენ. ასევე როცა საკუთარ თავში შფოთსა და შიშს შენიშნავ, ნურც ამით შეშინდები, ესეც წყვდიადის სულის მოქმედებაა. იყავი მტკიცე და ეცადე, რომ შენს გულში სიმდაბლე და ცოცხალი რწმენა აღზარდო. განუხრელად იმზირე ქრისტესკენ და მის წყალობას ელოდე – ის აუცილებლად გინახულებს და განდევნის მტერს. თავად მიხვდები ამას გამოუთქმელი სიმშვიდისა და გულის სიტკბოების შეგრძნებით.

***

თუ შეგინიშნავთ, რომ ლოცვის დროს ზოგჯერ თითქოსდა ლოდი გაწევთ გულზე? ეს ამ წმინდა საქმის შემაბრკოლებელი უხილავი მტრის მოქმედებაა და ლოცვაში გულმოდგინებით გადალახავ მას.

***

საჭიროა ლოცვის საწყისი წერტილი ყოველთვის იყოს საკუთარი დაცემულობის, უბადრუკობის და სიბრმავის განცდა.

წიგნიდან – წმ. იოანე კრონშტადტელი. ,,მოძღვარს” – ამონარიდები დღიურიდან. თბილისი. 2017

მთავარი ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share